ადამიანები ცხოველთა სამყაროში გამორჩეულები ვართ. და მაინც, რა გამოგვარჩევს ასე? ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ჩვენი ევოლუციური უპირატესობა ჩვენი ემოციების სიღრმეში იმალება.

ახალ კვლევაში არქეოლოგებმა და ანთროპოლოგებმა წამოაყენეს არგუმენტი, რომ ადამიანების სოციალური და ემოციური კოგნიტიურობა საშუალებას გვაძლევს, განვავითაროთ რთული სისტემები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ჩვენი თანაგრძნობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარია ის, რაც ჰომო საპიენსის სახეობას აძლევს საშუალებას შექმნას კულტურები და იყოს დომინანტი დედამიწაზე.

ყველა ცხოველს აქვს თავისი ნიშა, განსაკუთრებული თვისება, რომელიც მას საშუალებას აძლევს გადარჩეს მოცემულ ჰაბიტატში. ავაზა, რომელიც ძალიან სწრაფია, ღია სავანაში დღისით მტაცებლის როლს იკავებს. მაგალითად, ღრმა ზღვის Anglerfish, რომელიც თავის ბიოლუმინესცენტურ სატყუარას თითქმის სრულ სიბნელეში იყენებს, იმდენად ექსტრემალურ ნიშას ავსებს, რომ სხვა არსებებს არ შეუძლიათ მასთან კონკურენცია.

ადამიანისთვის განსაკუთრებული უნარი შეიძლება სოციალური ურთიერთობების მართვა იყოს — სხვების ემოციებისა და დამოკიდებულებების აღქმა. ბევრი პრიმატი ამას კარგად ახერხებს, მაგრამ ჰომო საპიენსი ამ მხრივ განსაკუთრებულია, ამიტომაც ხშირად სოციალური ინტელექტის მწვერვალად მიიჩნევა.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ჩვენმა სულ უფრო რთულმა და მრავალმხრივმა სოციალურმა უნარებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი სახეობის ბიოკულტურულ ევოლუციაში. ამან საშუალება მოგვცა, რთული ურთიერთობები ჩამოგვეყალიბებინა, რაც თანამშრომლობისა და იდეების გაცვლის საშუალებას გვაძლევდა. რაც მთავარია, საკმარისად ჭკვიანები ვართ, რომ ეს კავშირები ჩვენი უშუალო ნათესავების მიღმაც გავავრცელოთ — ტომების, კლანების, სავაჭრო ქსელებისა და ცივილიზაციების გაერთიანებით.

ახალი ნაშრომის თანახმად, ამის მისაღწევად ემოციური ინტელექტი ფუნდამენტური იყო. ეს უნარი ადრეულ ადამიანებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთის კეთილდღეობისთვის გრძელვადიანი ვალდებულებები აეღოთ, აეტანათ იმედგაცრუება, კოლექტიურად დაეგეგმათ, მსხვერპლი გაეღოთ და სხვების ნდობა დაემსახურებინათ.

"ადამიანის ევოლუციის კონტექსტში, მიგვაჩნია, რომ ემოციების რეგულირების პროგრესული უნარი მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამას ეჭირა გადამწყვეტი როლი ადამიანის ევოლუციაში", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

მკვლევრების თქმით, ემოციური ინტელექტისა და თანაგრძნობის კვალი არქეოლოგიურ ჩანაწერებშია. ბევრ შემთხვევაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმული ადამიანების ნეშტები, რომლებსაც დამოუკიდებლად გადარჩენა არ შეეძლოთ. მაგალითად, ნეანდერტალელი, რომელიც ცნობილია როგორც შანიდარ I, ათწლეულების განმავლობაში ცოცხლობდა მძიმე ტრავმული დაზიანებების მიუხედავად: მას ხელი პარალიზებული ჰქონდა და ნაწილობრივ დაბრმავებული იყო. იმისათვის, რომ ზრდასრულ ასაკამდე მიეღწია, მის მიმართ ჯგუფის სხვა წევრებს უნდა გამოეხატათ თანაგრძნობა. არქეოლოგიური ჩანაწერების მიხედვით, მან ასე წლები იცოცხლა, რაც ნიშნავს, რომ მასზე დიდი ხნის განმავლობაში სხვა ინდივიდები ზრუნავდნენ.

ასევე ბევრი მინიშნება არსებობს იმაზე, რომ ჰომო საპიენსის გარდა ადამიანის სხვა სახეობაც კრძალავდა თავის მკვდრებს.

დარვინიზმის პოპულარულ ინტერპრეტაციებში (ხშირად არასწორ ინტერპრეტაციებში) თანაგრძნობა და მგრძნობელობა ზოგჯერ სისუსტეებად არის წარმოჩენილი, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას დაუნდობელ, კონკურენტულ სამყაროში, სადაც მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან. ამის ფონზე, ეს ახალი ნაშრომი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე არასდროს ყოფილა მხოლოდ ეგო ან დაუნდობლობა. ჩვენი ღრმა ემოციები და ემოციური ინტელექტი იყო ის, რამაც თანამედროვე ადამიანი დღევანდელ რეალობამდე მოიყვანა.

კვლევის წაკითხვა ჟურნალ Archaeological Science-ში შეგიძლიათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.