მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
ფოტო: NASA/JPL/UCLA/UiO/ETH Zurich
NASA-ს მავალი Perseverance მარსზე არსებულ იეზეროს კრატერს იკვლევს, რომელშიც ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო. ახლა მისმა ინსტრუმენტმა RIMFAX ზედაპირის ქვეშ უპრეცედენტოდ ღრმა არეალი შეისწავლა და იქ ძველი დელტის ფართო სისტემას მიაგნო. ეს მიანიშნებს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი იმაზე დიდხანს მიედინებოდა, ვიდრე აქამდე მხოლოდ ზედაპირზე დაკვირვებით ვარაუდობდნენ.
ამ მონაცემების თანახმად, იეზეროს კრატერის მიმდებარედ ხანგრძლივი იყო მდინარესთან დაკავშირებული დანალექის წარმოქმნის პროცესი, წყლით პროვოცირებული ცვლილებები და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებიც. ეს მიგნება ღირებული და მნიშვნელოვანია, მაგრამ გასაკვირი სულაც არაა, რადგან ვიცით, რომ მარსი ყოველთვის ასეთი მშრალი არ ყოფილა.
იქ თხევადი წყლის აქტიურობის კვალი ადრეც აღმოუჩენიათ, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, რამდენ ხანს შენარჩუნდა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ასეთი ბუნებრივი რეზერვუარები. ამაზე პასუხი დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად იყო იქ სიცოცხლის წარმოქმნის შანსი.
სარადარო და სატელიტური მონაცემების მიხედვით შექმნილი ვიზუალიზაცია.
ფოტო: NASA/JPL/UCLA/UiO/ETH Zurich
იეზეროს დელტა დაახლოებით 3.7 მილიარდი წლის წინანდელია, როცა მარსის ზედაპირზე წყალი გვხვდებოდა და ეროზიასა თუ ქანების დანალექის ფორმირებას უწყობდა ხელს. ზოგი მინერალის წარმოქმნის პროცესი მეცნიერებისთვის ბუნდოვანი იყო, განსაკუთრებით კარბონატებისა და ოლივინის შემცველი არეალის, სახელად Margin. სწორედ მის შესასწავლად გამოიყენეს RIMFAX, რომელმაც 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში რადარით 6.1 კილომეტრი სიგრძის ზონა გააანალიზა (მავალის მიერ განვლილი გზა). სიღრმე 35 მეტრსაც აჭარბებდა.
მონაცემებში "დამალული" დელტის ლანდშაფტი გამოვლინდა და სიღრმეში რთულმა სტრუქტურებმაც იჩინა თავი — კლდოვანმა შრეებმა, რომლებიც დამრეცადაა განლაგებული. ასეთი რამ დედამიწაზეცაა და მაშინ წარმოიქმნება, როცა უფრო ფართო აუზში წყლის დინებისას დანალექი ჩნდება. მიაგნეს მდინარის სისტემისთვის დამახასიათებელ სხვა ნიშნებსაც, როგორიცაა "დამარხული" ლოდები, წყლის ნაკადით გამორეცხილი რეგიონები და სხვა.
ვარაუდობენ, რომ Margin-ის სისქე 90 მეტრამდეა. ეს არეალი დალექვისა და ეროზიის რამდენიმე ეპიზოდის კვალს უნდა მოიცავდეს, ხოლო იქ არსებული სტრუქტურები მეტრზე ნაკლები ზომიდან ასობით მეტრამდე სიგრძემდე მერყეობს. ეს მიუთითებს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი მხოლოდ ხანმოკლე პერიოდი არ შენარჩუნდა, არამედ ზედაპირზე მისი დინება არაერთ ფაზას მოიცავდა. არ გამორიცხავენ, რომ ამას სიცოცხლის წარმოშობისთვის საკმარისი დრო მიეცა და მისი ნაშთები კრატერის ქვეშ ჯერ კიდევ ინახებოდეს.
ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები