აშშ-ს შემდეგ, რუსეთს ახალ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც დაუწესებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ისაუბრა, ბრიტანეთი რუსეთის უმსხვილეს ბანკს, Sberbank-ს აქტივებს სრულიად გაუყინავს. ამის შესახებ CNN წერს.

მედიის ცნობით, ახალი სანქციები შეეხება დამატებით 8 რუს ოლიგარქსაც. ბრიტანეთი, ასევე, გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ქვანახშირსა და გაზზე. როგორც ცნობილია, Sberbank მოხვდა აშშ-ს სანქციების ახალ პაკეტშიც, ვლადიმერ პუტინის შვილებსა და სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებთან ერთად.

3 აპრილს, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩადან ფოტო-ვიდეო მასალები გავრცელდა, ევროპული საბჭოს ლიდერმა, შარლ მიშელმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მალე ახალ სანქციებს დააწესებდა.

გუშინ, 5 აპრილს ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, 4 ძირითად რუსულ ბანკთან ტრანზაქციების სრულ აკრძალვასა და სხვა შეზღუდვებს მოიცავს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა, ისინი დამატებითი სანქციების დაწესებაზე მუშაობენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში