სპეკულაცია თუ გადაწყვეტილება — ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში "რეფერენდუმზე" ისევ ალაპარაკდნენ
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან მიერთების სურვილი 30 მარტს გააჟღერა, 31-ში კი თქვა, რომ "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ.
ერთი კვირის წინ რესზე გამოქვეყნდა ე.წ. პარლამენტის სპიკერისა და ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებები. ერთმა თქვა, რომ "რეფერენდუმი" უახლოეს მომავალში ჩატარდება, ხალხი რუსეთთან შეერთებაზე "საკუთარ აზრს გამოთქვამს" და არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, მეორემ კი დააზუსტა, რომ ეს 10 აპრილს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.
ბიბილოვის პრესსპიკერი, ამბობს, თითქოს ეს გადაწყვეტილება ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებული არ არის და ყველა იურიდიული პროცედურა ამის შემდეგ დასრულდება.
განცხადების გამოქვეყნებისთანავე საქმეში პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო და დე ფაქტო ლიდერების მილოცვები გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ "სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი ამას მხარს უჭერს", თუმცა მანვე აღნიშნა, რომ არც აფხაზურ საზოგადოებაში და არც პოლიტიკურ წრეებში რუსეთთან გაერთიანების განწყობები არ არსებობს. იქვე გამოჩნდა ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი, რომელმაც ბიბილოვს მხარი დაუჭირდა და ეს ინიციატივა "ერების გაერთიანებად" შეაფასა.
საქართველოს მთავრობიდან მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მოვისმინეთ. აწ უკვე ყოფილმა, მაგრამ მაშინ მოქმედმა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. სახელისუფლებო შტოს სხვა წარმომადგენლებმა კი საკითხის "იგნორირება" გვირჩიეს.
სპეკულაცია თუ რეალური გადაწყვეტილება
კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი განმარტავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები და რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და მსგავს პროცესებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
"ბუნებრივია, იქ აღარ ცხოვრობს ამ კონფლიქტის გამო აბორიგენი ძირძველი ქართული მოსახლეობა და ისინი ვერ იღებენ ასეთ რეფერენდუმებში მონაწილეობას, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ასეთ რეფერენდუმებს", — ამბობს ცოტნიაშვილი.
ოკუპირებულ ცხინვალში "რეფერენდუმის" იდეა 2016 წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა გააჟღერა. მომდევნო დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა კი 2017 წელს თქვა, რომ რუსეთთან მიერთების იდეა მოსახლეობას 1921 წლიდან აქვს. "რეფერენდუმი", როგორც ახლა, მაშინაც არჩევნების შემდეგ უნდა გამართულიყო, როცა რუსეთის პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები გაიმართებოდა. ბიბილოვმა მაშინ დააანონსა, რომ "რეფერენდუმის" იდეას არავინ უარყოფს და ეს შედეგი ადრე თუ გვიან დადგებოდა.
როგორც საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი განმარტავს, მაშინ მოსკოვმა ეს საკითხი თაროზე შემოდო, დროში გაწელა და ბიბილოვს მხოლოდ სახელის გადარქმევის "რეფერენდუმი" ჩაატარებინეს. მისივე თქმით, საფრთხე რეალურია, თუმცა კითხვის ნიშნებს ბადებს, გადაწყვეტილია თუ არა კრემლში კონკრეტული თარიღი.
"შეიძლება, აქ რამდენიმე საკითხთან გვქონდეს საქმე — კრემლმა წააქეზა ბიბილოვი თუ არა. ბუნებრივია, კრემლისგან არაფერია გამორიცხული. 2014 წლიდან აქტიური ანექსიური პროცესები მიმდინარეობს როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში. ეს არის ფაქტი. მე ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საფრთხე რეალურია და რუსეთის გადმოსახედიდან მხოლოდ დროის საკითხია.
კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, უნდათ თუ არა მათ შეიერთონ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დარწმუნებული ვარ, ეს კრემლში გადაწყვეტილია, არამედ რა დროს უნდა განახორციელონ. ჩემი აზრით, ეს საკითხი არ იყო გადაწყვეტილი და გამოვთქვამ ფრთხილ ოპტიმისტურ ვარაუდს, რომ შესაძლებელია, არც ახლა იყოს", — აცხადებს გაფრინდაშვილი.
საინტერესოა ისიც, რატომ წამოჭრა ეს საკითხი ბიბილოვმა ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. არსებობს კითხვები, არის ეს რუსეთის მორიგი სპეკულაცია, თუ ბიბილოვის წინასაარჩევნო სტრატეგია. გაფრინდაშვილი არ გამორიცხავს, რომ "რეფერენდუმი" ახლა არ ჩატარდეს.
"ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ 10 აპრილს ე.წ. არჩევნების შემდეგ აქვთ დაგეგმილი. შეეძლოთ, მაგალითად არჩევნების დღეს დაემთხვიათ", — ამბობს ის.
ცოტნიაშვილის განმარტებით, "რეფერენდუმის" თემა სწორედ ბიბილოვის წინასაარჩევნო ციებ-ცხელებამ გამოიწვია. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ შესაძლოა, დე ფაქტო პრეზიდენტი ამით ყურადღების გადატანას ცდილობდეს ისეთ "პოზიტიურ მოვლენაზე", როგორიც რუსეთთან გაერთიანებაა.
"ამას აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა ოსურმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს შედარებით დაცულად. მათ ეს განცდა აქვთ, როდესაც თავს წარმოიდგინენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, თუმცა ბუნებრივია, როგორც მისი ოპონენტები ამბობენ, ეს ამ ეტაპზე სპეკულაციაა", — ამბობს ცოტნიაშვილი.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საკითხს გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი იყო. გაუგებარია რატომ, თუმცა მან თქვა, რომ ამაზე რუსეთის რეაქციას უნდა დაველოდოთ. პარლამენტის წევრის განცხადებით, ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და უსაფრთხოების მაღალი რისკები გაითვალისწინოს.
საზოგადოებისგან მკვეთრი რეაქცია მოყვა ქართული ოცნების თავმჯდომარის შეფასებას. ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველო რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს განცხადებებს, რომელსაც არ სცნობენ და აღიარებენ, მით უკეთესი იქნება განცხადების ავტორებისთვის, ამიტომ უმჯობესია "იგნორირება". სავარაუდოდ, პრემიერმინისტრი მოსაზრებას იზიარებს, რადგან ამ თემაზე არცერთხელ უსაუბრია.
განსხვავებულად უდგებიან საკითხს ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება არ მოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ამის შედეგია განცხადებება შესაძლო ანექსიაზე. დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ არ აპირებენ, ჩვენი ტერიტორიების ანექსიის მშვიდად ყურებას "მხდალი მთავრობის პირობებში". ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების არგაღიზიანების პოლიტიკა, სინამდვილეში, სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკაა.
- არანაირი სამართლებრივი ეფექტი არ აქვს — პაპუაშვილი ოკუპირებული ცხინვალის "რეფერენდუმზე"
- ჩვენი ეფექტური რეაქციაა საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება — იონათამიშვილი ოკუპირებული ცხინვალის "რეფერენდუმზე"
პაატა გაფრინდაშვილის ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკა მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით არასაკმარისი და არაადეკვატურია.
"ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული იქნება, თუ ანექსირებული, ეს არსებითად საერთაშორისო სამართლისთვის არაფერს ცვლის. თუმცა სამწუხაროდ, თუ ხდება ამა თუ იმ ტერიტორიის ანექსირება, შემდეგ ეროვნული ამოცანა — რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, რეალური კეთილდღეობა და მომავალი ჰქონდეს იმ ხალხს — რთულდება.
ამიტომ არ შეიძლება მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება იყოს ხელისუფლების მხრიდან, რომ იქ რეფერენდუმი ჩატარდება და ანექსია მოხდება, დღევანდელი სიტუაციიდან არაფრით განსხვავდება, არაა სწორი. ამას ვუწოდებ რბილად ინფანტილურ დამოკიდებულებას", — ამბობს ის.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი ამბობს იმასაც, რომ საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკას საქართველო წარმატებით ართმევს თავს, ანუ არ იცვლება იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკანონოდ აღიარა. თუმცა მისივე თქმით, 2014 წლიდან გააქტიურებულ ანექსიის საფრთხესთან ხელისუფლებამ მოქნილი და ძლიერი ანტიანექსიური პოლიტიკის განვითარება ვერ შეძლო.
ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება მას შემდეგ, რაც აგრესორი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, შედარებით არაეფექტურია, ამიტომ ქვეყნები, რომელთა დღის წესრიგში ოკუპაციის პრობლემა დგას, ამ საფრთხეებზე ყველა პლატფორმაზე უნდა საუბრობდნენ. მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის განწყობებიც.
"მუდმივი აქტიური საინფორმაციო პოლიტიკა უნდა ჰქონოდა ჩვენს ხელისუფლებას, მთლიანობაში მთელ საზოგადოებას. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ ხალხს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ველაპარაკოთ მუდმივად, რუტინულად მათთვის გასაგებ ენაზე, იმ თემებზე, რაც მათ აინტერესებთ, დაუღალავად ველაპარაკოთ, აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს. დღეს თანამედროვე სამყაროში ეს კომუნიკაცია არის შესაძლებელი.
მაგალითად, დღეს აფხაზური და ოსური სოციალური და მედიასივრცე გაჯერებულია იმით, რომ თბილისი ომით აპირებს ამ ტერიტორიების დაბრუნებას, რაც რასაკვირველია, საფუძველშივე მცდარია", — ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
ბიბილოვის პოლიტიკური სტრატეგია
2 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩავიდა და ოკუპირებული ოლქის ლიდერს შეხვდა. უკრაინაში რუსული აგრესიისა, ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელ ე.წ. არჩევნებისა და "რეფერენდუმის" წინ გამართულმა შეხვედრამ, კითხვები გააჩინა.
კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი ამბობს, რომ ბიბილოვის ეს ვიზიტიც წინასაარჩევნო პოპულისტური ნაბიჯია, რადგან ადგილობრივები აკრიტიკებენ ოსური სამხედრო დანაყოფის გაუქმების გამო. ასევე, ინიციატივის გაზიარების მცდელობა იმ ერთეულთან, რომელიც, შესაძლოა, იმავე ნაბიჯის გადადგმას აპირებდეს.
"მას ამუნათებს ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან გააუქმა ოსური სამხედრო დანაყოფი და მისი ინიციატივით შეუერთდა რუსულ არმიას, რომელთა შემადგენლობა გაემგზავრა უკრაინაში, ომში. მოსახლეობა ამაზე ძალიან წუხს, რომ პრაქტიკულად გენოფონდი ახალგაზრდა ოსების დადგა რისკის ქვეშ, რომლებიც შეიძლება დაიღუპონ უკრაინაში. ხალხი წუხს იმაზე, თუ ვინ დაიცავს შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთს შეტევის შემთხვევაში.
ამ ფონზე გადადგა მან ეს, შეიძლება ითქვას ჰეროიკული ნაბიჯი და ამავდროულად, სოლიდარობა გამოუცხადა მსგავს კვაზი ავტონომიურ ერთეულს, რომელიც ასევე გეგმავს ამ ომის ფონზე პროცედურულად იმავე ნაბიჯების გადადგმას, რასაც ყირიმი. შესაძლებელია, საკუთარი ინიციატივის მათთან გაზიარების სურვილიც ჰქონდეს, რომ გაამყაროს ეს წინასაარჩევნო პროვოკაციული განცხადება", — განმარტავს კონფლიქტოლოგი.
პაატა გაფრინდაშვილის განცხადებით, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება სოხუმსა და ცხინვალზე თავსმოხვეული პოლიტიკაა. მიმდინარე ომისას მსგავსი პოლიტიკის რეალურ შედეგი ვნახეთ მაშინ, როცა ოსმა სამხედროებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ საომარი მოქმედებები.
ამ მოვლენებამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, საპასუხოდ ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკამ აღიარა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.
მალევე გავრცელდა ცნობები, რომ აფხაზებისა და ოსების დანაყოფები სამხედრო მოქმედებებში იყვნენ ჩართული. თავდაპირველად ამაზე მხოლოდ სოციალურ ქსელებში წერდნენ. მოგვიანებით, პარლამენტში მოხსენებისას, შინაგან საქმეთა მინისტრსაც ჰკითხეს — ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ინფორმაცია ამაზე არავის აქვს და ვერავინ დაადასტურებს. თუმცა, ინფორმაცია უკრაინულ მხარეს აღმოაჩნდა.
18 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვადასხვა ადგილებიდან, მათ შორის, სომხეთიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დამატებით ჯარებს აგზავნის.
ბიბილოვმა ეს 20 მარტს დაადასტურა. ასევე, თქვა, რომ არ გაუცია ბრძანება მე-4 სამხედრო ბაზისთვის, მაგრამ "როდესაც მეგობარი სამიზნეა, ისინი მათ გვერდით იბრძოლებდნენ". სიტუაცია მალევე შეიცვალა და უკრაინაში გაგზავნილი ოსი სამხედროები ცხინვალის რეგიონში დაბრუნდნენ. ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო მათი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს.
ოსეთის "გაერთიანების" იდეა
ბიბილოვს 2 რეფერენდუმის ჩატარება სურს, აქედან მეორე ჩრდილოთ ოსეთთან მიერთების საკითხზე. ოსეთის "გაერთიანების" იდეა ახლა არ გაჩენილა. როგორც ზაზა ცოტნიაშვილი განმარტავს, 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნას თავისი ბოლშევიკური საფუძველი ჰქონდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ორგანიზმში ყოფილიყო ხელოვნურად ჩადებული ნაღმი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში რუსული იმპერიული ინტერესებიდან გამომდინარე ააფეთქებდნენ.
"საბჭოთა კავშირის პერიოდშიც იყო ამაზე საუბარი. საქართველოს შემადგენლობაშიც მოიაზრებოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება. შემდგომ რუსეთის შემადგენლობაშიც იყო განხილვა ამ საკითხზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე უფრო პოლიტიკური სპეკულაციაა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის და დაზღვეული არაფრისგან არ ვართ. უბრალოდ, ამ გადაწყვეტილებებს ცხინვალში არ იღებენ, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მოსკოვში", — აცხადებს კონფლიქტოლოგი.
პაატა გაფრინდაშვილი ხაზს უსვამს, რომ სსრკ-ს დაშლის შედეგად მიღებულ საზღვრებზე სამართალმემკვიდრე სწორედ რუსეთია და ამ პროცესის შედეგად მიღებული საზღვრებიც სწორედ რუსეთმა აღიარა.
"პუტინი საყვედურობს ხოლმე სხვებს, ქართველებს, ბალტიისპირეთს, უკრაინელებს საბჭოთა კავშირის დაშლას და ამას უწოდა მან სწორედ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. ყველას "ავიწყდება", რომ რუსეთი იყო ინიციატორი სსრკ-ს დაშლის. სამართალმემკვიდრე სწორედ რუსეთია სხვებთან ერთად. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიღებულ სიტუაციას, ჩვენ მივიღეთ ამ პროცესის შედეგად საზღვრები, რომელიც პირველად სწორედ რუსეთმა აღიარა", — განამრტავს ის.
რას ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები
საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მყარი და უცვლელია. როგორც ევროპული ქვეყნები, ისე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ხედავენ.
თემის გააქტიურებისთანავე ლიეტუვამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნებისმიერი რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო და ბათილი იქნება. მათ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაყოფის არანაირის მცდელობის შედეგებს არ აღიარებს და არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ნაწილია.
პარალელურად კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმს პატივისცემით მოეკიდებიან და ირწმუნება, რომ რუსეთს არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამასთან დაკავშირებით.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოკუპირებულ რეგიონში აგიტაცია ძლიერდება.
ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის იმდენივე წელია ებრძვის ოკუპაციას, რამდენსაც დამოუკიდებლობიდან ითვლის, ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს. გაურკვეველია, რამდენად სწორია "იგნორირების პოლიტიკა" მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეულობით ათასი დევნილი გყავს, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეებს კი იტაცებენ და ხანდახან ცოცხლები ვეღარ ბრუნდებიან.
კომენტარები