მაინც რას ნიშნავს ტერმინები, რომლებიც უკრაინაში ომის ირგვლივ გამუდმებით გვესმის

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ომთან დაკავშირებული ტერმინები

რუსეთის მიერ უკრაინაში ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე შეჭრამ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, დასავლეთის სანქციების ტალღა ააგორა და ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

მოვლენების უწყვეტი ნაკადისთვის თვალყურის დევნება შემაძრწუნებელი და თავგზის ამბნევი შეიძლება იყოს.

უკრაინაში ომი გრძელდება და თქვენ მიერ აქამდე მოსმენილი ან წაკითხული ტერმინების ნუსხას აქ განვმარტავთ — რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რატომ არის მნიშვნელოვანი.

DPR და LPR

ფოტო: news.24tv

ეს არის დონბასის რეგიონში, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ორი რეგიონის აკრონიმი: თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (DNR) და თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა (LPR).

სეპარატისტული ტერიტორიები დაბალი ინტენსიურობის ომის წერტილები 2014 წლიდან არიან. ამ წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა რეგიონის მასშტაბით სამთავრობო შენობები დაიკავეს. რვაწლიანი კონფლიქტის შედეგად 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური კიევის და დასავლეთის პოზიციით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკები უკრაინის ნაწილია. თუმცა, ამავდროულად, უკრაინის მთავრობა აღნიშნავს, რომ ეს ორი რეგიონი, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ის DPR-თან ან LPR-თან პირდაპირ საუბარზე უარს აცხადებს.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დადგენილებებს ხელი მოაწერა და თავის ჯარებს რეგიონში შესვლა უბრძანა. ამას კრემლი "სამშვიდობო ოპერაციას" უწოდებდა. ეს ნაბიჯი დასავლეთმა უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო სამხედრო ოპერაციის პრელუდიად შეაფასა.

სამი დღის შემდეგ ქვეყანაში რუსული ჯარები შეიჭრნენ.

დაბომბვა

რუსული დაბომბვისგან განადგურებული შენობა უკრაინის ქალაქ მიკოლაივში.

ფოტო: Louai - Barakat / Sipa / Rex / Shutterstock

რუსეთი უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად, უმეტესწილად, იყენებს ტაქტიკას, რომელიც უკრაინის მთავარი ქალაქების დაბომბვას ეყრდნობა.

დაბომბვა გულისხმობს დიდი ტყვიამფრქვევიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნას, რასაც რუსეთი ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ იყენებს. ამგვარ შეტევას და საჰაერო თავდასხმებს ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ რუსული ძალები განურჩეველ დაბომბვაში დაადანაშაულა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა: რუსული ჯარები "ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ უბნებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანადგურებენ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ სიცოცხლეს".

ჰუმანიტარული დერეფნები

სახელდახელოდ გაკეთებულ ბილიკზე კაცს ქალი ზურგით გადაჰყავს, რათა კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ირპინიდან გაიქცნენ.

ფოტო: Oleksandr Ratushniak / AP

ჰუმანიტარული დერეფნები არის ომის დროს საბრძოლო ზონებიდან გამოსასვლელი (ან პირიქით, შესასვლელი) დემილიტარიზებული ბილიკები, რაც ადამიანების კონფლიქტის ზონიდან გამოყვანის ან მათთვის დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა. მათი მიზანი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირებაა.

უკრაინამ მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს, მოსთხოვონ პუტინს ასეთი დერეფნების გახსნა, რათა "აღკვეთონ ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა" უკრაინის ქალაქებში.

თუმცა რუსი თანამდებობის პირების მიერ განხილული ჰუმანიტარული დერეფნები ამ აღწერას, უმეტესწილად, არ შეესაბამება. უკრაინის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დერეფნების გახსნის შესახებ კრემლის ცალმხრივი შეთავაზება შეაფასა როგორც მიუღებელი ფუჭი ინიციატივა — მარშრუტების უმეტესობა რუსეთის ან მისი მტკიცე მოკავშირე ბელორუსისკენ მიდიოდა და ხალხის აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებში გადაადგილებას მოითხოვდა.

უკრაინის ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნებით გამოყვანის მცდელობა არაერთხელ ჩაიშალა. უკრაინა რუსეთს ამ გზებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

"ჰუმანიტარული დერეფნებით ევაკუაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულად დაცვის შემთხვევაში. უკრაინული მხარე ამისთვის მზადაა", — ესაა უკრაინის ოფიციალური პოზიცია.

ნატო

ზელენსკისა და სტოლტენბერგის საერთო პრესკონფერენცია ბრიუსელში, 2021 წლის 16 დეკემბერი.

ფოტო: Getty Images

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ნატო, ჩრდილოეთ ამერიკის ორი და ევროპის 28 ქვეყნის თავდაცვითი ალიანსია. ოფიციალურად, მისი მიზანი არის "პოლიტიკური და სამხედრო გზებით თავისი წევრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტირება". კავშირი 1949 წელს შეიქმნა, როდესაც ცივი ომის ესკალაცია დაიწყო. მისი თავდაპირველი მიზანი საბჭოთა კავშირის საფრთხისგან დასავლეთის დაცვა იყო.

ცივი ომის დასრულების შემდეგ არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გაწევრიანდა ნატოში, რასაც პუტინი საფრთხედ აღიქვამს. უკრაინა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ დიდი ხანია იმედოვნებს, რომ ალიანსს შეუერთდება. ამას რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ნატოს ალიანსის ყველაზე ცნობილი ასპექტია მისი ხელშეკრულების მე-5 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ "ერთ ან ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე".

ვინაიდან უკრაინა ნატოში არ არის, ალიანსი არაა იძულებული, დაიცვას ქვეყანა ისე, როგორც ანალოგიურ შემთხვევაში ნატოს წევრ ქვეყანას დაიცავდა. მართლაც, ალიანსის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ თავიანთი ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ აპირებენ. თუმცა, უკრაინის ბევრი მეზობელი ნატოს წევრი არის და თუ რუსეთის თავდასხმა ერთ-ერთ ამ ქვეყანაზეც გავრცელდება, მე-5 მუხლმა, შეიძლება, აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრების ომში უშუალო მონაწილეობა გამოიწვიოს.

ასევე, ალიანსს შეუძლია, მე-5 მუხლის გამოყენების გარეშე მიიღოს კოლექტიური თავდაცვის ზომები. ამის მაგალითია ბოლო კვირებში გაზრდილი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები მის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამასთან, ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა ბალტიისპირეთში ნატოს მეტად მყარი განლაგება ითხოვა.

ფრენის აკრძალული ზონა

ფოტო: Sarah Grillo / Axios

ფრენის აკრძალული ზონა არის ტერიტორია, სადაც ზოგიერთ თვითმფრინავს განსაზღვრული მიზეზების გამო ფრენა არ შეუძლია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ამ ტერმინით ძირითადად იგულისხმება ზონა, სადაც რუსულ თვითმფრინავებს აეკრძალებათ ფრენა იმ მიზნით, რომ უკრაინაზე საჰაერო თავდასხმები ვეღარ განახორციელონ.

ზელენსკიმ მოუწოდა ნატოს, დაეწესებინა ფრენის აკრძალული ზონა. მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ეს ვარიანტი ალიანსის მიერ არ განიხილება. უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის დაწესების შემთხვევაში, ნატოს, დიდი ალბათობით, მისი დაცვის უზრუნველსაყოფად ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რამაც კონფლიქტის ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს.

ნატოს ფრენის აკრძალული ზონები არაწევრ ქვეყნებში — მათ შორის ბოსნიასა და ლიბიაში — ადრე უკვე დაუწესებია. თუმცა, ეს ყოველთვის საკამათო ნაბიჯად მიიჩნევა, რადგან სახმელეთო ძალების სრულად შეყვანის გარეშე კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.

პუტინს ნათქვამი აქვს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დააწესებს ფრენის აკრძალულ ზონას, რუსეთის მიერ შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილედ განიხილება. უკრაინის გამო ნატოს მიერ ამ ნაბიჯის გადადგმამ, შესაძლოა, რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამოქმედოდ განაწყოს.

ჯაველინები და სტინგერები

უკრაინელი ჯარისკაცი ჯაველინით

უკრაინელი ჯარისკაცი ჯაველინით

ფოტო: Gleb Garanich / Reuters

აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად სამხედრო აღჭურვილობას უგზავნიან. მათ შორისაა პორტატიული ანტისაჰაერო რაკეტები, რომლებიც სტინგერების სახელითაა ცნობილი. მას ხმელეთზე მყოფი ჯარისკაცები მათ თავზე მფრინავი თვითმფრინავების ჩამოსაგდებად უშვებენ. ისინი ქვეით ჯარს საშუალებას აძლევს, უკრაინის ცისთვის ბრძოლაში ჩაერთონ.

უკრაინულ ძალებს ასევე ეგზავნება პორტატიული ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, მათ შორის ამერიკული წარმოების ჯაველინის რაკეტები. მათაც სახმელეთო ჯარები უშვებენ და მიზანში იღებენ ტანკების მსგავს მძიმე საბრძოლო მანქანებს. ისინი საკვანძო ადგილებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონების შენელებასა და გაჩერებას ემსახურებიან.

აშშ სტინგერების სხვადასხვა თაობას აწარმოებს. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინელებისთვის უახლესი მოდელები არ მიეწოდებინათ, რადგან იარსებებდა ამ ტექნიკის რუსეთის ხელში ჩავარდნის შანსი.

კასეტური და ვაკუუმის ბომბები

ფოტო: Sergei Savostyanov / Getty Images

ნატოს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების დროს კასეტური ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულა. ამ ტიპის ბომბები აფეთქებისას სამიზნეს არა მხოლოდ წერტილოვან დარტყმას აყენებს, არამედ შეიცავს მრავალ შედარებით მცირე ზომის ბომბს, რომლებიც ვრცელდება ფართო ტერიტორიაზე. დასახლებულ პუნქტებში გამოყენებისას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამოწვევის რისკის გამო, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტიპის იარაღის გამოყენებას გმობს.

გაეროში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარმომადგენელმა უკრაინაში აკრძალული იარაღის — მათ შორის "კასეტური საბრძოლო მასალისა და ვაკუუმის ბომბების" გამოყენებისთვის მზადებაში დასდო რუსეთს ბრალი.

ვაკუუმის ბომბი (იგივე თერმობარული იარაღი) იყენებს გარშემო არსებულ ჟანგბადს, რათა გამოიწვიოს მაღალტემპერატურული აფეთქება და წნევის ტალღა, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის დესტრუქციული ეფექტი აქვს.

Human Rights Watch-ის ცნობით, თერმობარული იარაღი რუსეთმა წარსულში ჩეჩნეთში გამოიყენა, რასაც შემაძრწუნებელი შედეგები მოჰყვა. CNN-ის ჯგუფმა თებერვლის ბოლოს უკრაინის საზღვართან რუსული თერმობარული რაკეტის მრავალჯერადად გამშვები ტექნიკა შენიშნა.

ომის დანაშაულები

ფოტო: Dimitar Dikloff / AFP

ჟენევის კონვენცია, რომელსაც 1949 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეწერა ხელი, ადგენს გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც ომის დროს სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან.

ნიდერლანდებში მდებარე ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ამგვარი სტანდარტების მძიმე დარღვევისთვის სამართლებრივი დევნის დაწყება შეუძლია. მას აქვს ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი თუ აგრესიის დანაშაულებისა და გენოციდის სპეციფიკური განსაზღვრებები.

ჰააგის სასამართლომ უკვე დაიწყო აქტიური გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულების შესახებ. მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობის და ადამიანთა კონკრეტული ჯგუფების სამიზნეში ამოღება და ჟენევის კონვენციის დარღვევა.

კიევში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურ ზაპოროჟიეზე თავდასხმით ომის დანაშაული ჩაიდინა. "ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ომის დანაშაულია", — დაწერა საელჩომ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, — "პუტინის მიერ ევროპის უდიდესი ატომური სადგურის დაბომბვა მის მხრიდან ტერორს კიდევ ერთი ნაბიჯით აძლიერებს".

სანქციები

ფოტო: Jeff J Mitchell / Getty Images

სანქციები არის ეკონომიკური ჯარიმები, რომლებიც გამოიყენება ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის, კონკრეტული კომპანიების ან ადამიანების საწინააღმდეგოდ. უკრაინაში პუტინის ომის დაწყებიდან დღემდე დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები რამდენიმე ტალღად დაუწესეს, რამაც მისი ეკონომიკა შეარყია.

ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული ზომები მოიცავდა რუსეთის ორი უმსხვილესი ბანკისთვის, Sberbank-ისა და VTB-ისთვის აშშ დოლარში ვაჭრობის აკრძალვას და SWIFT-იდან შვიდი ინსტიტუტის გათიშვას. SWIFTარის გლობალური კავშირის სერვისი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს და ხელს უწყობს სწრაფ და უსაფრთხო გადახდებს. SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა რუსული ბანკების დასავლური ფინანსური სისტემიდან იზოლირებას ნიშნავს.

შედეგად, რუსული ვალუტის და უცხოურ ბირჟებზე მოვაჭრე რამდენიმე რუსული კომპანიის ღირებულება მკვეთრად დაეცა.

სანქციების სამიზნე კრემლთან დაკავშირებული საკვანძო პირებიც გახდნენ. დასავლურმა ქვეყნებმა მათ ქონება ჩამოართვეს და აქტივები გაუყინეს.

SWIFT

ფოტო: Getty Images

დასავლეთის ყველა სანქციიდან, რომელიც მოსკოვს აქამდე დაუწესდა, ყველაზე საზიანო ალბათ ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვაა.

მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება, ანუ SWIFT, 1973 წელს დაარსდა და ტელექსი ჩაანაცვლა. მას ახლა 11 ათასზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი უსაფრთხო ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებს.

SWIFT მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრანზაქციებით თავად არაა დაკავებული. მისი დანიშნულებაა, ბანკებს მისცეს საშუალება, ერთმანეთისგან საზღვრებს გარეთ ფინანსების უსაფრთხოდ გადაგზავნის შესახებ ინსტრუქციები მიიღონ. გლობალურად მიღებული ალტერნატივის არარსებობის გამო, ის საერთაშორისო ფინანსური კომუნიკაციისთვის აუცილებელ სისტემად იქცა.

SWIFT-ისგან მთელი ქვეყნის გათიშვა ეკონომიკური სანქციების "ბირთვულ იარაღად" მოიაზრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…