ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მოცულობა. პანდემიის გათვალისწინებითაც კი, რუსეთის წილი ქართულ ტურიზმში საკმაოდ დიდია.

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებს — ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებით დაწყებული, ჰიბრიდული ომით დასრულებული. სწორედ ჰიბრიდული ომის ნაწილია რუსული კაპიტალის ქართულ ეკონომიკაში ჩანერგვის მცდელობა. რაც უფრო მეტად იზრდება ქართული ბიზნესის დამოკიდებულება რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე, იზრდება, მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების საკითხიც — განსაკუთრებით ახლა, როდესაც აგრესორი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან სანქციების ალყაშია მოქცეული.

ეკონომიკური დამოკიდებულება დიდწილად განსაზღვრავს გარკვეულ პოლიტიკას და გავლენას ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღებაზე

ანტონ ვაჭარაძე

ქართულ ბიზნესში მყოფი რუსული კაპიტალის შესახებ კვლევა IDFI-მ ჩაატარა. ანგარიში საქართველოში მოქმედ სატელეკომუნიკაციო, საბანკო, სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორებში რუსული კომპანიების საქმიანობას ეხება.

კვლევის ერთი ნაწილში შპს გრუზვინპრომია განხილული, რომელიც საქართველოში მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიას ფლობს. გრუზვინპრომის 100%-იანი წილის მფლობელი Bolero & Company არის, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.

ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიები და კავშირები ქართულ ოცნებასთან

Bolero & Company-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ კომპანია საქართველოში უმსხვილეს სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც ასევე შედიან კომპანიები:

Bolero & Company წერს, რომ ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს. მათივე ინფორმაციით, ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შპს გრუზვინპრომი წარსულში სახელმწიფო კომპანია იყო, რომელიც კარიჭაშვილის ფირმამ, Bolero & Company-მ 2015 წელს აუქციონის წესით 31 105 000 ლარად იყიდა. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. აუქციონის ჩატარების მომენტისთვის შპს გრუზვინპრომის ვალდებულებები 15 107 866, ხოლო საწესდებო კაპიტალი 67 740 281 ლარი იყო.

როგორც ჩანს, კომპანია კახეთში მდებარე ქარხანასთან ერთად რუსულ ფილიალსაც ფლობს, რადგან გრუზვინპრომის რუსულ ვებგვერდზე ორი მისამართია მითითებული — გურჯაანი და მოსკოვი.

რუსული წყაროების მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილი რუსეთში დაარსებული სამი კომპანიის დამფუძნებელია. ამჟამად სამივე კომპანია ლიკვიდირებულია. ესენია:

  • შპს აბსოლუტ-მ;
  • შპს დინასტია;
  • შპს ვინოდელოვ გრუზიი.

სახელმწიფო ტენდერები

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, კარიჭაშვილის ერთ-ერთი კომპანია, შპს უნივერსალ სფირიტსი იყო ერთ-ერთი იმ 10 ფირმას შორის, რომელმაც 2020 წელს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა, ჯამში 5,7 მილიონი ლარის ღირებულების 19 კონტრაქტი მიიღო.

აქედან 18 ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო კომპანია აკურასთან. ორგანიზაციის ინფორმაციით, უნივერსალ სფირიტსი 2015 წლიდან იღებს გამარტივებულ საჯარო კონტრაქტებს და მას მონაწილეობა საჯარო ტენდერებში არ მიუღია.

შემოწირულობები "ოცნებისთვის"

კარიჭაშვილის ქართულ ოცნებასთან კავშირებზე მისი კომპანიების მხრიდან მმართველი პარტიისა და არჩევნებზე მათი მხარდაჭერილი კანდიდატისთვის შეწირული თანხებიც მეტყველებს.

ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები:

გრუზვინპრომის მფლობელობა და კავშირები — IDFI-ის ინფოგრაფიკა

ფოტო: IDFI

კავშირები მამაცაშვილსა და ივანიშვილთან

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესებისა, ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს კომპანიას სახელად — Melikishvili Inn, ბიზნეს პარტნიორთან უჩა მამაცაშვილთან ერთად, რომელსაც კარიჭაშვილის მსგავსად რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.

Bolero & Company-ის ოფიციალურ ვებგვერდზე იმის შესახებაც არის საუბარი, რომ კომპანიის მფლობელობაშია ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ინტერესების შესახებ ჯერ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საუბრობდა. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც Pandora Papers-ის დოკუმენტები გასაჯაროვდა, რომლის მიხედვითაც, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი კომპანიის კვალი ბიძინა ივანიშვილთან მიდიოდა.

ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ინტერესები ფოთის პორტში

Pandora Papers-ის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (ოფშორი) 12 კომპანია დააარსა. მათ შორის, ერთ-ერთია Brightstone Finance Limited, რომლის კვალი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველ კომპანიასთან მიდის.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აზრით, თიზ-ში გასაიდუმლოებული წილი ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს, არ შემდგარიყო ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ეს შავი ზღვით ტვირთების გადაზიდვებში ფოთის მონოპოლიას ბოლოს მოუღებდა. უნდა ითქვას, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მომგებიანობა პირდაპირ კავშირშია ფოთის პორტში ტვირთბრუნვასთან.

ფოტო: On.ge

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წინააღმდეგ ივანიშვილის მოტივებიდან ერთ‐ერთი მისი პირადი ეკონომიკური ინტერესი იყო. როგორც ცნობილია, ივანიშვილმა საკუთარი კაპიტალის ძირითადი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში დააგროვა. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანზაცები ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ქართული ოცნების მხრიდან რუსული ინტერესების გატარებას უკავშირდებოდა.

"რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში", — მამუკა ხაზარაძის თქმით, ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა მას 2017 წელს გამართულ შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ შეჩერებული ანაკლიის პორტის პარალელურად ფოთის პორტი კიდევ უფრო ვითარდება. 2022 წლის 29 იანვარს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური ოფიციალურად გაიხსნა. პროექტი პეის ჯგუფისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის მიხედვით, პეის ჯგუფში შემავალი კომპანიის შპს მფლობელებმა და მათმა ბიზნეს პარტნიორებმა 2017-2018 წლებში ქართულ ოცნებას და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში 620 ათასი ლარი შესწირეს.

ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის კვლევის მნიშვნელობა

ქართულ ეკონომიკაზე რუსული გავლენების შესახებ კვლევის მნიშვნელობაზე IDFI-ის მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელს, ანგარიშის ერთ-ერთ ავტორს, ანტონ ვაჭარაძეს ვესაუბრეთ. ვაჭარაძე ამბობს, რომ კვლევის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაამძაფრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა. მისი თქმით, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ ეკონომიკური დამოკიდებულება ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

"ეს კვლევა პირველად 2015 წელს ჩატარდა. გვინდოდა გვენახა კონკრეტული აქტორები, კომპანიები და პირები, რომლებიც ისევ აქტიურად არიან ამ პროცესებში ჩართულნი. შუა გზაში წამოგვეწია უკრაინის მოვლენები და კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ამ კვლევამ, რადგან ეკონომიკური დამოკიდებულება დიდწილად განსაზღვრავს გარკვეულ პოლიტიკას და გავლენას ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღებაზე", — ამბობს ვაჭარაძე.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ რუსეთი მინიმუმ არასანდო პარტნიორია და ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა ფაქტებით — იქნებოდა ეს ემბარგოები, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია, თუ ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები.

"სექტორები, რომლებშიც რუსეთზე დამოკიდებულება მაღალია, არასდროს არიან დაზღვეულნი, რომ თუნდაც ერთ დღეში, ან ერთ საათში პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიცვლება და თითქმის მთელს სექტორს ამით საფრთხე დაემუქრება. სამწუხაროდ, ხშირად ეს გაკვეთილად არ ჩანს, რადგან ღვინის ემბარგოს შემდეგ, როდესაც ვაჭრობა აღდგა, დღეს ისევ მაღალ ნიშნულზეა და თითქმის მთავარი საექსპორტო ქვეყანა ისევ რუსეთია, უდიდესი პროცენტული წილით", — ამბობს ანტონ ვაჭარაძე.

ექსპერტის აზრით, რუსეთთან ვაჭრობის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი ისიც არის, რომ ამ ქვეყანაში არ არის ხარისხის კონტროლის იმგვარი მექანიზმები, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ევროკავშირის ბაზარზე.

იოლ ფულსა და გასაღების დიდ ბაზარს დახარბებული კომპანიები ისევ ირჩევენ რუსეთთან ვაჭრობის გზას. შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადი კარგად იყვნენ და შემდეგ მწარედ ინანონ

ანტონ ვაჭარაძე

IDFI-ის მკვლევარი ქართულ ბიზნესში არსებული რუსული კაპიტალის მსხვილ მოთამაშეებზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ წიაღისეულის სფეროში 3 000-ზე მეტი კომპანიიდან 120-ში რუსული კომპანიების პირდაპირი ინტერესები და გავლენებია.

"აღსანიშნავია მინერალური წყლების გიგანტი, ბორჯომი, რომელიც სანქცირებულ რუს მილიარდერს ეკუთვნის. საირმის წყალიც იმავე მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ და კიდევ RMG, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი დიდი კომპანიაა", — აღნიშნავს ანტონ ვაჭარაძე.

მისივე თქმით, ანგარიშის საშუალებით კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ საზოგადოებას, ბიზნეს-სფეროებსა და მთავრობას, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება და რუსული კაპიტალის ქართულ ბიზნესში ზრდა რისკების შემცველია. ვაჭარაძე იმასაც ამბობს, რომ ამ კომპანიებისა და მათი პარტნიორების მმართველ პარტიასთან გარკვეული კავშირებიც კი უკვე საგანგაშოა.


რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა ასობით მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა. სანქციებით გარშემორტყმულ რუსეთთან ვაჭრობა დასავლური ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კიდევ უფრო არაპოპულარული გახდა.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები რუსულ ენერგიასა და სხვა პროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებაზე ღიად საუბრობენ, საქართველო რუსეთის ათასობით მოქალაქისთვის სანქციებისგან გაქცევის სივრცედ იქცა.

მასალა მომზადებულია პროექტის – "საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამისვ"ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.