უკრაინული ლიტერატურა, რომელიც დაუმორჩილებლობის ამბავს გვიყვება
საუკუნეების განმავლობაში უკრაინელი მწერლები ზოგჯერ შეფარულად, თუმცა ყოველთვის შეუდრეკლად და სატირულად ეწინააღმდეგებიან უკრაინული ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობებს.
26 თებერვალს, როცა რუსულმა არმიამ კიევში შესვლა სცადა, დედაქალაქზე ციდან რაკეტები დაეშვა. თავდასხმებს შორის ჩამოწოლილ დროებით სიწყნარეში თამარა ჰუნდოროვა, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსი, ლეპტოპის წინ წყნარად დაჯდა და მოდერნისტი უკრაინელი მწერლის, ლესია უკრაინკას შესახებ ონლაინლექცია წაიკითხა.
უკრაინკას ხშირად მხოლოდ მისი ახალგაზრდული, პატრიოტული სტრიქონებისთვის იცნობენ, რომელთაც სკოლაში თითოეული უკრაინელი მოსწავლე კითხულობს. თუმცა ჰუნდოროვა მასზე საუბრობდა როგორც კომპლექსურ დრამატურგზე, ფემინისტსა და ანტიკოლონიურ მოაზროვნეზე. ლექციის ბოლოს მან ამოისუნთქა და თქვა:
უკრაინელები ხშირად უსვამენ ხაზს უკრაინელად გახდომის საჭიროებას: ეს საუკუნოვანი იმპერიული ჩაგვრის შემდეგ საკუთარი კულტურის, ენისა და ინსტიტუციების მნიშვნელობის გამყარებას ნიშნავს. თუმცა ის, რაც უკრაინელებისთვის ამ მიზნისკენ მიმავალი პროცესია, რუსეთისთვის სისუსტეა. ის უკრაინას ისტორიის შემთხვევითობას უწოდებს. მართლაც, სანამ ტანკების გაგზავნის ბრძანებას გასცემდა, ვლადიმერ პუტინმა ტელევიზიით გამოსვლისას თითქმის მთელი საათი დაახარჯა რუსების იმაში დარწმუნებას, თითქოს უკრაინა არაფერი იყო, გარდა "ანტირუსეთისა", რომელიც დასავლეთმა მათ "ისტორიულ მიწაზე" შექმნა.
უკრაინის ეროვნული იდენტობა არც შემთხვევითობაა და ის არც დასავლეთს შეუქმნია. თუმცა უკრაინელები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ იმისათვის, რომ მათი კულტურის წაშლის მცდელობები აღმოეფხვრათ. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსი გამომცემლები მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდნენ უკრაინულ ლიტერატურას, თუ ის ეთნოგრაფიული, კომედიური ან აპოლიტიკური ხასიათის იყო ("სერიოზული" ლიტერატურა რუსულად უნდა ყოფილიყო).
შემდგომმა კანონებმაც, რომლებიც 1863 და 1976 წლებში გამოიცა, ფაქტობრივად აკრძალა ნებისმიერი სახის ნაშრომის უკრაინულ ენაზე გამოქვეყნება და თითქმის სრულად განაგდო ის საჯარო სივრცეებიდან. 1930-იან წლებში სტალინმა იმ უკრაინელი მწერლების მთელი თაობა დასაჯა სიკვდილით, რომლებიც ათწლეულით ადრე უკრაინული ლიტერატურული კულტურის თავიდან აშენებას ცდილობდნენ. ამ რეპრესიებმა სასტიკად შეამცირა ქვეყნის მრავალფეროვანი ავანგარდისტული ხელოვნების განვითარების ტემპი.
უკრაინული ლიტერატურის ისტორია იმპერიალისტური ამპარტავნებისადმი დაუმორჩილებლობის ამბავს გვიყვება. ხშირად უკრაინელი მწერლები რუსეთის იმპერიის მიერ დაწესებულ შეზღუდვათა საზღვრებში ფრთხილად მუშაობდნენ იმისთვის, რომ რაიმე სახის ლიტერატურული კულტურა შეექმნათ. ხანდახან ისინი თავიანთ უკრაინელობას რუსულად დაწერილი ნაშრომების მეშვეობით გამოხატავდნენ. სხვები ღიად აკრიტიკებდნენ რუსულ იმპერიალიზმს და ისჯებოდნენ კიდეც ამისთვის. ზოგიც, უბრალოდ, იცინოდა მათ თავხედობაზე, ვინც ცდილობდა, უკრაინა უმნიშვნელოდ გამოეჩინა.
არავინ იყენებდა იუმორს უკრაინული იდენტობის გამოსაკვეთად იმაზე უკეთ, ვიდრე ნიკოლაი (მიკოლა) გოგოლი, რომელიც თავისი უკრაინული წარმოშობის მიუხედავად, მსოფლიოსთვის რუს მწერლადაა ცნობილი. სავარაუდოდ, ინსპირაცია მან მამისგან მიიღო, რომელიც ცენტრალურ უკრაინაში მდებარე პროვინციული თეატრისთვის ხალხურ უკრაინულ კომედიებს წერდა. გოგოლის ადრეული ნაწარმოებები, რომლებიც 1830-იან წლებში გამოქვეყნდა, სიცოცხლით სავსე ფერადი კომედიებია უკრაინულ სოფელში ცხოვრებაზე, მაგრამ მან ისინი სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის მკითხველისთვის რუსულად დაწერა.
მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში, შობის წინა ღამე, უკრაინელ კაზაკთა ჯგუფი სანქტ-პეტერბურგში ეკატერინე II-ს სტუმრობს. კომიკურ დიალოგში, რომელიც სავსეა კულტურული და ლინგვისტური გაუგებრობებით, პოლიტიკური ნარატივიც კრთება: კაზაკებს აინტერესებთ, რატომ გაანადგურა ეკატერინემ მათი ავტონომია (რეალური მოვლენა, რომელიც 1775 წელს მოხდა). მაგრამ იქამდე, სანამ დედოფალი პასუხის გაცემას მოასწრებს, ისტორია ისევ უსაფრთხო, კომედიურ ტონს უბრუნდება. მრავალი რუსი მკითხველი ამ შეხვედრაში ბევრს ვერაფერს შენიშნავდა იმ კაზაკებზე ხუმრობის გარდა, რომლებიც სასახლისა და დედოფლის სიდიადით არიან მოხიბლულები. უკრაინელებისთვის კი ეს პასაჟი ხალხურ ტრადიციას შეეხო კაზაკ თაღლითზე, რომელიც ძალაუფლებას არ ემორჩილება.
იმპერიისადმი ქედმოუხრელობა იყო სწორედ ის საფუძველი, რომელზეც მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების უკრაინული ლიტერატურაა აგებული. უკრაინკასა და ტარას შევჩენკოს შემოქმედებაში ეს წინააღმდეგობა გაცილებით ნათელია, ვიდრე იმპერიისადმი გარეგნულად ერთგული გოგოლის ტექსტებში. უკრაინის ეროვნული პოეტი, შევჩენკო ყმად დაიბადა და იცოდა, რომ გლეხების ცხოვრება სულაც არ იყო გოგოლისეული მხიარულებითა და იდილიით სავსე. "შენ ძლიერად იცინი", მიმართა მან სინანულით თანამემამულეს მისდამი მიძღვნილ ლექსში, "მაშინ, როდესაც მე მოვთქვამ". იმპერიასა და მის მიერ ეროვნულ უმცირესობათა ჩაგვრაზე შევჩენკოს თავდასხმები ცეცხლოვანი და უკომპრომისოა. თავის ლექსში, "კავკასია", ის წერს: "მოლდოვურიდან ფინურამდე, ყველა ენა დადუმებულია". ამ შეხედულებისთვის შევჩენკო დააპატიმრეს, სამხედრო სამსახური მიუსაჯეს და 10 წლით აუკრძალეს წერა.
ლესია უკრაინკა კი იმპერიალისტურ შეზღუდვებსა და სტერეოტიპებს იმ ნაშრომებით ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც კოლონიალიზმს აკრიტიკებდნენ და ფემინისტურ იდეებს განასახიერებდნენ. მისმა დრამებმა, რომლებიც ესპანეთში, ტროასა და ბაბილონში მიმდინარეობდა, ევროპული და მსოფლიო კულტურის ელემენტები შეიტანა ლიტერატურაში, რომელიც იძულებით ჩაკეტილობაში იმყოფებოდა. ამის გამო ზოგიერთი უკრაინელი ინტელექტუალი მას უკრაინული თემების უგულებელყოფისთვისაც კი აკრიტიკებდა. თუმცა მას უკრაინის ისტორიაზე პიესა, დიდგვაროვანი ქალი აქვს დაწერილი.
დრამა მეჩვიდმეტე საუკუნეში ვითარდება — მას შემდეგ, რაც კაზაკმა ლიდერმა, ბოგდან ხმელნიცკიმ მოსკოვთან ალიანსის შესაქმნელად ცნობილ და ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რათა უკრაინა პოლონეთის კონტროლისგან გაეთავისუფლებინა. ოქსანა, კაზაკი ქალი, რომელიც მოსკოვის სამეფო კარზე მომსახურე დიდგვაროვან უკრაინელთან ქორწინებას თანხმდება, ცდილობს დათრგუნოს თავისი შიშები "უცხო მიწაზე" ცხოვრების შესახებ: "არც ისეთი უცხოა ეს მიწა, ხომ? რელიგიური ხედვები იგივეა და მე, ასე თუ ისე, უკვე მესმის მათი ენა".
მაგრამ ის ცდება. მოსკოვში ოქსანას უფლება არ აქვს, კაცებს ისე ესაუბროს როგორც თანასწორი. ის იძულებულია, ხალხში სახე დაიფაროს და მარტოს არც სახლის დატოვება შეუძლია. მისი უცხოელობა ქალს ინტერესის საგნად აქცევს. როგორც ეს ჰუნდოროვამ ალყაში მოქცეული კიევიდან აღნიშნა, მას ეპყრობიან როგორც ეგზოტიკურ ობიექტს, რომელსაც შეიძლება უყურო, მაგრამ არ უსმინო — დაახლოებით ისე, როგორც უკრაინული კულტურა იყო ფერად ორნამენტად გადაქცეული უკრაინკას პერიოდის იმპერიალისტურ კულტურულ წარმოდგენებში.
ოქსანა დეპრესიაში ვარდება, თუმცა სახლში დაბრუნება არ შეუძლია, რადგან უკრაინა ქაოსსა და კონფლიქტშია გახვეული: "მოსკოვის ჩექმის ქვეშ უკრაინა სისხლისგან იცლება, ამას ეძახით მშვიდობას? განადგურებულ ნასახლარს?" პიესის გზავნილი, რომ მოსკოვთან ალიანსი ტრაგედია იყო უკრაინისათვის, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იმპერიალისტურ ისტორიოგრაფიას. ნაწარმოები იმპერიის დაცემამდე არც გამოქვეყნებულა და არც სადმე დაუდგამთ. აღსანიშნავია, რომ უკრაინკას საბჭოთა პერიოდის გამოცემები ასევე არ შეიცავს ამ პიესას.
უკრაინის მიერ 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა შთაგონების დიდ წყაროდ იქცა მწერალთა და მოაზროვნეთა ახალი თაობისთვის — მათ შორის ჰუნდოროვასთვის. როდესაც ისეთმა გლობალურმა დისკურსებმა, როგორიც პოსტკოლონიალიზმი და ფემინიზმია, ახლად ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ უკრაინაში შეაღწიეს, ადგილობრივმა ინტელექტუალებმა მაშინვე ამოიცნეს უკრაინკას ნააზრევი ამ "ახალ" იდეებში.
მაგალითად, ოქსანა ზაბუჟკომ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი რომანისტი და უკრაინკას ბიოგრაფია, ეს თემები თავის 1996 წელს გამოცემულ რომანში, უკრაინული სექსის საველე კვლევა, გაშალა. დამოუკიდებელი უკრაინის პირველი რეალური ბესტსელერი ქალ პოეტსა და კაც მხატვარს შორის დამოუკიდებლობის პირველ დღეებში გათამაშებული მღელვარე რომანის შესახებ მოგვითხრობს.
პროტაგონისტისთვის ეროვნული იდენტობის დასაცავად და რუსიფიკაციის საწინააღმდეგო ბრძოლა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადულიცაა. ეს ინტიმური საკითხებია, რომლებიც პარტნიორის არჩევასა და ბავშვის ყოლის სურვილზე ახდენს გავლენას.
და ჩვენ შევძლებთ მის (ბავშვის) დაცვას, ხომ ასეა? ღმერთო, მაინც რამდენი ვართ, უბედური უკრაინული ინტელიგენცია, მთელი ისტორიის განმავლობაში ძალით შეკავებული — სულ ერთი მუჭა და მიმოფანტული: მომაკვდავი სახეობა, მომაკვდავი კლანები, გიჟებივით და მუდმივად უნდა ვმრავლდებოდეთ.
თუმცა როგორც დიდგვაროვან ქალში, აქაც პროტაგონისტი, რომელიც პირადი და ეროვნული გათავისუფლებისთვის იღვწის, იმედგაცრუებული რჩება კაცის მიერ, რადგან ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს იმპერიული ჩრდილიდან გამოსვლას. უკრაინკას პიესაში ოქსანას ქმარი მსახურია — ის მორჩილად ასრულებს ცარისთვის უკრაინულ სიმღერებსა და ცეკვებს. ზაბუჟკოს რომანის მხატვარი კი განადგურებულია არასრულფასოვნების კომპლექსით, რაც ხშირად ახასიათებთ დაჩაგრული ერის შვილებს. ამ ნაშრომებში ქალი გმირები უკრაინული იდენტობის ძლიერი შეგრძნებით განისაზღვრებიან, კაცი პერსონაჟები კი იმას ცხადყოფენ, თუ რა ხიფათი ახლავს თან იმპერიის მორჩილებას.
ლექციის მიმდინარეობისას, როდესაც ის უკრაინკას უბედურ ოქსანაზე საუბრობდა, ჰუნდოროვამ უცებ მოიშორა მოზომილი აკადემიური ტონი. მისი ხმა გამკაცრდა მაშინ, როდესაც კულტურათა საბედისწერო შეჯახება დიდგვაროვან ქალში, სადაც ოქსანას უხმოდ ანივთებენ, დღევანდელ ომთან დააკავშირა. რუსეთის საუკუნოვანი უარი, დაინახოს უკრაინა ან გაიგოს მისი ხმა და მიიღოს მისი ისეთად არსებობა, როგორადაც უკრაინას სურს, რომ იარსებოს, სწორედ ის საძირკველია, რაზეც პუტინის აგრესიაა დამყარებული. იმ დღეს კიევის ქუჩებში მყოფებმა ამ შეჯახების ძალადობრივი გამოხატულება იხილეს. თუმცა, როგორც უკრაინკადან ზაბუჟკომდე მწერლების ნაწარმოებები გვიჩვენებს, ძალადობა მხოლოდ შთააგონებს უკრაინელებს, იპოვონ უფრო ძლიერი, ახლებური და უკომპრომისო გზები უკრაინელებად გახდომისთვის.
კომენტარები