ომის დაწყებიდან 30-ე დღეს უკრაინა პოზიციებს ინარჩუნებს — რუსეთი კვლავ ვერ ახერხებს წინსვლას. კიევთან ახლოს უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, სულ უფრო უმცირდება შესაძლებლობა, რუსეთმა დედაქალაქის მიმართულებით ხელახალი შეტევა და რეორგანიზაცია განახორციელოს.

ბრიტანეთის დაზვერვა უკვე ამბობს, რომ, შესაძლოა, უკრაინამ ბუჩასა და ირპენში რუსული დანაყოფების ალყაში მოქცევა მოახერხოს. პარალელურად, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსების მიერ უკრაინაში გაშვებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60% წარუმატებელია.

მილიონობით უკრაინელმა უკვე დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკი მათ პრინციპულად არ უწოდებს ლტოლვილებს და სჯერა, რომ თითოეული მათგანი შეძლებს უკან დაბრუნებას. სანამ პუტინი ომს უარყოფს, ზელენსკი კი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას აგრძელებს, რომ რუსეთი მსოფლიოსგან სრულიად იზოლირებული გახდეს, გავიხსენოთ 30 ამბავი, რომელიც უკრაინაში რუსულ ომს ასახავს.

1. უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყება

24 თებერვლის დილის 5 საათზე უკრაინა ბომბების ხმებმა გააღვიძა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალური "სამხედრო ოპერაცია" უწოდა და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნა" დაასახელა. მისი მტკიცებით, ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა".

2. "კიბერომი" რუსეთის წინააღმდეგ

მომდევნო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰაკერულმა ჯგუფმა, Anonymous-მა რუსეთს "კიბერომი გამოუცხადა". მას შემდეგ მათ რამდენჯერმე გათიშეს რუსული სახელმწიფო მედიების ვებგვერდები, დაჰაკეს სატელევიზიო არხები და რუსებს უკრაინაში რუსული ომის რეალური შედეგები აჩვენეს — დაბომბილი საცხოვრებელი სახლები, დაღუპული მოქალაქეები, დაბომბილი ქალაქები.

მათი სამიზნე გახდა კრემლისა და სამინისტროების ვებგვერდები, პუტინის იახტა, გაზპრომი, მოგვიანებით კი ბელარუსი, რომელიც უკრაინაში რუსულ ომს აქტიურად უჭერს მხარს. ჰაკერებმა ბელარუსის ბანკების ვებგვერდებიც გატეხეს.

3. "ჩვენ აქ ვართ" — უკრაინის მთავრობა არსად წასულა

მას შემდეგ, რაც მედიაში აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის დატოვება ურჩია და ამერიკაში ჩასვლა შესთავაზა, ვრცელდებოდა კრემლის პროპაგანდა, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტმა კიევი დატოვა.

ამის საპასუხოდ, ზელენსკიმ 25 თებერვალს ვიდეო ჩაწერა, სადაც კიევის ქუჩებში სამთავრობო გუნდთან ერთად დგას და ამბობს, რომ არსად არ წასულან.

მთავრობის წევრები დღემდე უკრაინაში არიან და ბომბების ხმის ფონზე ესაუბრებიან უკრაინელებს, საერთაშორისო საზოგადოებას და პარტნიორებს, რომლებსაც უპრეცედენტო ერთიანობისკენ უბიძგეს.

4. მსოფლიოს გაერთიანება

24 თებერვლის შემდეგ, არაერთ ქვეყანაში მოქალაქეები უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავად გამოვიდნენ, მათ შორის, აქციები იყო რუსეთშიც. თუმცა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც დემონსტრაციები მშვიდობიანად წარიმართა, რუსეთში ათასობით ადამიანი დააკავეს.

აქციები გაიმართა საქართველოშიც, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მხარდაჭერისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

"არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები", — უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს.

ნახეთ ფოტოები, როგორ გააპროტესტა და დაგმო რუსული ომი მსოფლიომ:

საქართველო, თბილისი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რუსეთი, მოსკოვი

ფოტო: Daniil Danchenko/NurPhoto/Getty Images

იტალია, რომი

ფოტო: Alessandra Benedetti/Corbis/Getty Images

ავსტრალია, სიდნეი

ფოტო: Bianca de Marchi/AAP

5. დამწვარი რუსული პასპორტი

24 თებერვალს საქართველოში უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართა, სადაც რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა და განაცხადა, რომ უარს ამბობს მოქალაქეობაზე. მას შემდეგ პროტესტი მსგავსი ფორმით კიდევ რამდენიმე ადამიანმა გამოხატა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან/ნეტგაზეთი

6. სანქციები და საერთაშორისო მხარდაჭერა

არ დააყოვნა მსოფლიოს პასუხმაც. წამყვანმა ქვეყნებმა ჯერ პუტინის მიერ ომის დაწყება დაგმეს, შემდეგ კი რუსეთს სანქციები გაუმკაცრეს. 24 თებერვალსვე ევროკავშირმა რუსეთს ტექნოლოგიურ და საფინანსო ბაზართან წვდომა შეუზღუდა. მას შემდეგ, ქვეყნებმა რუსეთს დაუკეტეს საჰაერო სივრცე, სანქციები დაუწესეს ბანკებს, რუს მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახის წევრებს. ამ სიაში მოხვდნენ ვლადიმერ პუტინი, დმიტრი პესკოვი, სერგეი ლავორვი და ყველა ის ოფიციალური პირი, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ ომს ან უშუალოდ მონაწილეობენ მის წარმართვაში.

თუმცა სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა საქართველომ. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, სანქციები "არ მუშაობს". ის იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არაა.

ნახეთ ვრცლად: რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქცია ერთად ანუ მსოფლიოს პასუხი პუტინს

7. მტრის შესაჩერებლად შეწირული სიცოცხლე

უკრაინელმა ჯარისკაცმა რუსი ოკუპანტების შესაჩერებლად ხიდი ააფეთქა, რასაც თავადაც შეეწირა. უკრაინის სახმელეთო შეიარაღებული ძალების განცხადებით, ამ გმირული საქციელით მან შეაჩერა მტრის გადაადგილება და თანამოძმეებს თავდაცვის საშუალება მისცა. ზელენსკიმ მას გმირის წოდება მიანიჭა.

8. კადიროვის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ჩეჩენი მებრძოლები

ომის დაწყებიდან ორ დღეში რუსულ ომში ჩაერთო რამზან კადიროვის არმიაც. შეჭრის გასამართლებლად კადიროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის თავდასხმაზე პუტინის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის მტრებს, რომ ეს ქვეყანა რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ.

"პრეზიდენტმა [პუტინმა] სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მის ბრძანებებს ნებისმიერ შემთხვევაში შევასრულებთ" — განაცხადა მან.

თუმცა, უკრაინაში სხვა ჩეჩენი მებრძლებიც არიან, რომლებიც უკრაინის დასაცავად იბრძვიან.

9. რუსეთის SWIFT-დან გათიშვა

საერთაშორისო პარტნიორებზე დმიტრო კულებასა და ვოლოდიმირ ზელენსკის უწყვეტი ზეწოლის შედეგად, 27 თებერვალს ევროკავშირმა SWIFT-დან რუსული ფინანსური ინსტიტუტების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. სია 2 მარტს გამოქვეყნდა და მასში 7 რუსული ბანკი მოხვდა.

10. უკრაინის მოქალაქეები ოკუპანტების წინააღმდეგ

ამ ერთი თვის განმავლობაში უკრაინელებმა სიმამაცის არაერთი მაგალითი აჩვენეს, რამაც შეაფერხა ოკუპანტების წინსვლა და ქალაქების რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადასვლა. ასეთი შემთხვევა იყო 27 თებერვალს ქალაქ კორიუკოვკაშიც, სადაც მოქალაქეებმა რუსულ ტანკებს ჩაუხერგეს გზა.

"აიღეთ მაგალითი კორიუკოვკასგან!" — წერდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები.

11. "რუსულო გემო, იძი ნა ხ*ი"

ეს ფრაზა, რომელმაც რუსეთის საინფორმაციო ომი გაანადგურა, უკრაინელ მესაზღვრეებს ეკუთვნის. სწორედ ასე უპასუხეს მათ რუსების მოთხოვნას დანებების შესახებ. ოკუპანტებმა მესაზღვრეები დაბომბეს და ამ დრომდე ტყვედ ჰყავთ, თუმცა მათი გმირობა ანტიოკუპაციური პროტესტის წყაროდ იქცა.

მაგალითად, 27 თებერვალს რუსების ეკიპაჟი საწვავის შევსებას ითხოვდა, რაზეც ქართველი მეზღვაურების უართან ერთად მიიღეს რჩევა, რომ "ნიჩბები მოესვათ". მეზღვაურებმა იქვე დაამატეს: "დიდება გმირებს, დიდება უკრაინას".

12. კუპიანსკის მერის მიერ ოკუპანტებისთვის ჩაბარებული ქალაქი

28 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქის, კუპიანსკის მერმა, გენადი მაცეგორამ ქალაქი რუს ოკუპანტებს ჩააბარა.

მაცეგორას თქმით, როდესაც რუსეთის შეტევა დაიწყო, პროკურატურამ, სამხედრო მოსამსახურეებმა და ტერიტორიული თავდაცვის განყოფილებამ ქალაქი დატოვა და მხოლოდ ის და პოლიციის თანამშრომლები დარჩნენ. მისი ნაამბობით, როცა რუსული არმია ქალაქს მიადგა და მოლაპარაკებებისთვის შეხვედრა შესთავაზა, დათანხმდა, რომ მსხვერპლი აერიდებინა.

თუმცა, სულ სხვა მაგალითი აჩვენეს ქალაქებმა, რომლებმაც ოკუპანტების მსგავს მოთხოვნას ზევითხსენებული ცნობილი ფრაზით უპასუხეს. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ოკუპანტებთან თანამშრომლება დასჯადია.

13. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები

27 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები დააანონსა. მან თქვა, რომ მათი დელეგაცია რუსეთთან შესახვედრად ბელარუსის საზღვარზე ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე ჩავიდოდა.

მხარეებს შორის პირველი შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართა. მას შემდეგ იყო რამდენიმე წარუმატებელი რაუნდი, რადგან უკრაინა თავის მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს არ თმობს, რაც თავის მხრივ, კრემლისთვის წითელი ხაზია.

ფოტო: BELTA/Reuters

ფოტო: BELTA/Reuters

14. ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნა

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას მოაწერა ხელი.

ფოტო: Facebook

15. Starlink-ის ინტერნეტი უკრაინაში

მას შემდეგ, რაც რუსებმა ინტერნეტისა და ქსელების ჩახშობა დაიწყეს, უკრაინამ იოლონ მასკს დახმარება სთხოვა. ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ ქვეყანას Starlink-ის ინტერნეტს მიაწვდიდნენ და 1-ელ მარტს პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა.

"მადლობა ილონ მასკს და თავისუფალი უკრაინის ყველა პარტნიორს! ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ფრონტზე!" — დაწერა ტელეგრამზე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა.

16. ზელენსკის ვიდეომიმართვები საერთაშორისო პარტნიორებს

ზელენსკის ომის 30 დღის განმავლობაში ვიდეო მიმართვები ჰქონდა პარლამენტებში, აქციებზე — ერთვებოდა საკუთარი კაბინეტიდან, ქუჩებიდან, საერთაშორისო მედიებს ინტერვიუებს აძლევდა ბუნკერიდან.

მან ვირტუალური სიტყვით გამოსვლების ციკლი პირველ აპრილს ევროპარლამენტიდან გახსნა და საერთაშორისო პარტნიორებს უთხრა, რომ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებდა, სინათლე კი — სიბნელეზე.

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი კაბინეტი საერთაშორისო ტრიბუნად აქცია, რისი დახმარებითაც ხმა მსოფლიოს ყველა წერტილს მიაწვდინა ხმა.

17. გაეროში სიტყვით გამოსვლისას მარტო დარჩენილი ლავროვი

მაშინ, როცა ზელენსკის ევროპარლამენტარები ფეხზე რამდენჯერმე წამოუდგნენ და ოვაციებით შეხვდნენ მის გამოსვლას, გაეროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლისას დიპლომატებმა დარბაზი დატოვეს.

ფოტო: Salvatore Di Nolfi/AFP/Getty Images

18. რუსი ტყვეები

რუსეთის დანაკარგი ყოველ დღე იზრდება — უკრაინის მონაცემებით ერთ თვეში ოკუპანტების 16 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. პირველი მარტის შემდეგ, უკრაინულ მედიებში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს უკრაინელები საკვებს აწვდიან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალებასაც აძლევენ.

ერთ-ერთ ვიდეოში დაკავებული ეუბნება დედას, რომ კარგად ექცევიან და სთხოვს ცხელ ხაზზე დარეკოს, რათა ტყვეების სიაში ჩაწერონ, ასევე რამდენიმე პირთან დაკავშირებას სთხოვს. საუბრის დასასრულს ის ცრემლებს ვერ იკავებს, როცა მშობლები ეუბნებიან, რომ უყვართ და უნდა გამაგრდეს. უკვე 2 მარტს უკრაინამ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ გაათავისუფლებდნენ ყველა ტყვეს, თუ მათ დედები წასაყვანად კიევში ჩააკითხავდნენ.

19. შეტყობინება რუსებს კიევის ციდან

პირველ მარტს Skypix drone shows-ის ფეისბუქზე გავრცელდა ფოტო წარწერით, "რუსულო გემო, იძი ნა ხ*ი". უკრაინსკა პრავდამ დაწერა: "კიევის ღამის ცაზე ათობით დრონი გაანათეს — ახლა რუსი დამპყრობლები შორიდან დაინახავენ, რომელი მიმართულებით უნდა წავიდნენ".

ფოტო: Skypix drone shows

20. რუსული ომის გაპროტესტებისთვის მოსკოვში დაკავებული ბავშვები

2 მარტს მოსკოვში დააკავეს ბავშვები, რომლებმაც საელჩოსთან ყვავილები და პლაკატი "არა ომს" მიიტანეს.

21. მარიუპოლი — რუსული ომის ცხელი წერტილი

მარიუპოლის მერის მოადგილე უკვე 3 მარტს საუბრობდა, რომ ქალაქში სიტუაცია კრიტიკული იყო. უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი რუსებმა თავიდანვე ამოიღეს მიზანში და ის მათი ომის ერთ-ერთ ცხელ წერტილად აქციეს.

ოკუპანტები 30 დღეა ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას — საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, სასურსათო მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს.

5 მარტს მარიუპოლში სროლას 18 თვის ბავშვი ემსხვერპლა.

11 მარტს რუსებმა სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. მათი მტკიცებით, რომ იქ უკრაინელების სამხედრო ბაზა იყო.

ფოტო: Evgeniy Maloletka

ფოტო: AP Photo

ფოტო: AP Photo / Evgeniy Maloletka

16 მარტს ოკუპანტებმა მარიუპოლში თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. თეატრის ეზოში დიდი ასოებით ეწერა "ბავშვები", თუმცა ამას ოკუპანტები არ შეუჩერებია. ადგილობრივების ინფორმაციით, თეატრის დაბომბვას 300-მდე მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

22. ჩერნობილის და ზაპორპოჟიეს ატომური ელექტროსადგურები

რუსებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ომის დაწყებიდან მალევე დაიკავეს. ამას შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან თავდასხმა მოჰყვა, რამაც სადგურთან ხანძარი გააჩინა. ხანძრის ლიკვიდირება იმ დღესვე მოხდა და არც რადიაციული დონის ცვლილება არ დაფიქსირებულა, თუმცა გაჩნდა ბირთვული საფრთხე.

მას შემდეგ, ზელენსკი ევროპას მოუწოდებს, რომ "გაიღვიძოს" — მან ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა "ბირთვულ ტერორად" შეაფასა და აღნიშნა, რომ სადგურების აფეთქება ყველაფრის დასასრული იქნება.

"უკრაინაში 15 ატომური ელექტროსადგურია. თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული. ეს არის ევროპის ევაკუაცია. არ დაუშვათ ევროპის სიკვდილი ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგად. [...]

არცერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არ გაუსროლია ატომური ელექტროსადგურების მიმართულებით. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში. აგრესორმა სახელმწიფომ ბირთვულ ტერორს მიმართა", — განაცხადა მან და აღნიშნა ისიც, რომ არსებობს ელექტროსადგურის დანაღმვისა და ამით მსოფლიოს შანტაჟის საფრთხე.

23. კულებასა და ლავროვის უშედეგო შეხვედრა

ომის მე-15 დღეს უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ანტალიაში შეხვდნენ. მომლაპარაკებლად ანუ მესამე მხარედ თურქეთი ჩაერთო, რომლის ინიციატივითაც ორი ქვეყნის მინისტრი ანტალიაში ჩავიდა. ლავროვმა და კულებამ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციები გამართეს და აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიაღწიეს.

ფოტო: Reuters

ფოტო: Reuters

24. გატაცებული მერები

11 მარტს ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს, რასაც დნიპრორუდნის, ბერისლავისა და სკადოვსკის მერების გატაცებები მოჰყვა.

მელიტოპოლის მერი ტყვეობაში 6 დღე ჰყავდათ, თუმცა რუსების მოთხოვნები მას არ შეუსრულებია.

25. 10 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი და დევნილი

ბოლო ინფორმაციით, სახლების დატოვება 10 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია, მათ შორის 3,6 მილიონი ადამიანი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა, ხოლო 6,5 მილიონი მოქალაქე ქვეყნის შიგნით გადაადგილდა.

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook

ფოტო: Efrem Lukatsky/AP Photo

ფოტო: Andreea Alexandru/AP Photo

26. პრემიერმინისტრების ვიზიტი კიევში

მაშინ, როცა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ჩასვლის აუცილებლობას ვერ ხედავს და თავს იმართლებს, რომ იქ "საჰაერო სივრცე ჩაკეტილია", 15 მარტს კიევს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები ეწვივნენ.

ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ შმიგალს შეხვდნენ. დენის შმიგალმა თქვა, რომ მათი ვიზიტი ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება.

27. ბომბსაცავიდან პოლონეთის სცენამდე

21 მარტს ბავშვმა, რომელიც უკრაინაში ბომბსაცავში შეკრებილებს უმღეროდა, პოლონეთში ათასობით მხარდამჭერის წინაშე უკრაინის ჰიმნი შეასრულა.

28. დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

18 მარტს უკრაინაში 2 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში 24 მარტს გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასობით მოქალაქე შეიკრიბა, რათა დაღუპულებისთვის პატივი მიეგოთ. მათ შორის იყო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

29. NATO-სა და G7-ის სამიტები

რუსეთის ომის 1 თვის თავზე მსოფლიოს ლიდერები NATO-სა და G7-ის სამიტებზე შეიკრიბნენ. ბრიუსელში შეკრებილებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც NATO გააკრიტიკა.

ფოტო: POOL/AFP VIA GETTY IMAGES

ფოტო: John Thys/Agence France-Presse — Getty Images

"მინიმუმ 20 ათასი ტანკი გყავთ, უკრაინამ გთხოვათ თქვენი ტანკების 1% მოგეცათ, ან მოგეყიდათ, მაგრამ ჩვენ ამაზე მკაფიო პასუხი არ მიგვიღია", — თქვა მან ვიდეო ჩართვაში.

სამიტის შემდეგ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO რუსეთის საპასუხოდ ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვას გააძლიერებს.

ზელენსკი ჩართვა ჰქონდა G7-ს სამიტზეც. მან თქვა, რომ თავისუფლება შეიარაღებული უნდა იყოს, რათა სიცოცხლემ სიკვდილი დაამარცხოს.

30. არასაფრენი ზონა უკრაინაში

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ, უწყვეტად ითხოვს არასაფრენი ზონის დაწესებას, თუმცა უშედეგოდ. 24 მარტს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ ფართომასშტაბიანი ომის რისკის გამო, NATO არც ჯარების და არც თვითმფრინავების გაგზავნას არ აპირებს.

NATO უარზეა ჩაკეტოს უკრაინის თავზეც ცა, რადგან სტოლტენბერგის თქმით, ეს რუსეთთან ომში ჩაბმას ნიშნავს, რაც მეტ მსხვერპლსა და ნგრევას გამოიწვევს.

ამას აკრიტიკებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მან არაერთხელ შეახსენა ლიდერებს, რომ უკრაინაში ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება, ცის დახურვას კი ამის შეჩერება შეუძლია. მან NATO-ს უთხრა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ამიერიდან დაიღუპებოდა, დაიღუპებოდა მათ გამოც.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში