NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები
ფოტო: NASA
NASA-მ მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნის გეგმის პირველი ეტაპის დეტალები წარადგინა. სააგენტო უკვე მუშაობს ტექნოლოგიებზე, რომლებიც მომავალში ადამიანების მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნისთვის იქნება საჭირო: მავალებზე, ზედაპირზე დასაშვებ აპარატებსა და დრონებზე.
გეგმის მიხედვით, ბაზას მთვარის სამხრეთ პოლუსთან ააშენებენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იქ წყლის ყინული შეიძლება იყოს. მომავალ მისიებში ამ რესურსს მხოლოდ სასმელად არ გამოიყენებენ, არამედ მისგან ჟანგბადისა და საწვავის მიღებაცაა შესაძლებელი.
პროექტი სამ ეტაპადაა დაყოფილი; პირველი ფაზა 2026-2029 წლებს მოიცავს და მოსამზადებელი პერიოდია. ამ დროის განმავლობაში NASA მთვარეზე სხვადასხვა რობოტულ მისიას გაგზავნის, რათა ტექნოლოგიები რეალურ პირობებში გამოცადოს და უკეთ შეისწავლოს გარემო, სადაც ბაზა უნდა აშენდეს.
ამ ეტაპზე ათეულობით ექსპერიმენტი და დაშვებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება სპეციალური მავალებიც, რომლებიც ზედაპირს შეისწავლის და ტვირთის გადატანას შეძლებს. პროექტში კერძო კომპანიებიც მონაწილეობს. მაგალითად, ჯეფ ბეზოსის Blue Origin მთვარეზე დასაშვებ აპარატებს გაგზავნის, მავალებს კი Astrolab-სა და Lunar Outpost-ში ქმნიან. Firefly Aerospace სპეციალურ დრონებზე მუშაობს, რომლებიც რთულად მისადგომი რეგიონების შესასწავლად გამოიყენება.
NASA-ში ამბობენ, რომ მათი მიზანი მთვარეზე ასტრონავტების მოკლევადიანი ვიზიტები აღარ არის. სააგენტოს სურს, რომ ადამიანებმა იქ რეგულარულად, საბოლოოდ კი პრაქტიკულად მუდმივად შეძლონ ყოფნა (მესამე ფაზა, 2030-იანი წლებიდან). სწორედ ამიტომ, პროექტის მეორე ეტაპზე, 2029-იდან ადრეულ 2030-იან წლებამდე, უკვე საცხოვრებელი მოდულების, ენერგოსისტემებისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავენ.
ბაზაზე იმუშავებენ როგორც ადამიანები, ისე რობოტები. განიხილება ბირთვული ენერგიის გამოყენებაც, რადგან მთვარეზე ღამე დაახლოებით ორი კვირა გრძელდება და მზის პანელები ამ დროს საკმარის ენერგიას ვერ გამოიმუშავებს.
NASA-ს წარმომადგენლების თქმით, მთვარე ერთგვარი საცდელი პლატფორმა უნდა გახდეს — ადგილი, სადაც ადამიანები ისწავლიან, როგორ იცხოვრონ დედამიწის ფარგლებს გარეთ. მიღებული გამოცდილება კი მომავალში მარსის მისიებისთვის გამოგვადგება.
ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყანა და კერძო კომპანია მთვარის პროგრამებზე აქტიურად მუშაობს. მაგალითად, ჩინეთი 2030 წლისთვის მთვარეზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს, NASA კი იმედოვნებს, რომ პროგრამა Artemis-ის ფარგლებში ასტრონავტები იქ ამ ათწლეულის ბოლომდე დაბრუნდებიან.

კომენტარები