"88 დღის შემდეგ ზუსტად ისეთი შეგრძნებაა, თითქოს პატიმარი სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა და პირველად იხილა ცა".

ასე აღწერა ერთმა ირანელმა ინტერნეტთან ხელახალი დაკავშირების შეგრძნება, მას შემდეგ, რაც ირანის მთავრობამ თებერვალში ის გათიშა. ეს შეზღუდვა სადამკვირვებლო ჯგუფმა თანამედროვე ისტორიაში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ხანგრძლივ გათიშვად შეაფასა.

"არ დაიჯერებთ, მაგრამ როდესაც ვებსაიტს დავაჭირე და გაიხსნა, მეგონა სიხარულისგან ფრენას დავიწყებდი", — უთხრა მან BBC-ის — "და როცა გავიაზრე, რომ Telegram-ით, WhatsApp-ითა და სხვა პლატფორმებით შეტყობინებების გაგზავნა კვლავ შემეძლო, ეს ენით აღუწერელი გრძნობა იყო".

ახლაც კი, როცა ვლაპარაკობ, სიხარულისგან ტირილის პირას ვარ

ტელეფონზე მიღებული პირველი შეტყობინება აპლიკაციების განახლების გრძელი სია იყო, რამაც მასში "ემოციების ტალღა" გამოიწვია.

მიუხედავად კავშირის ნაწილობრივი აღდგენით გამოწვეული შვებისა, არსებობს შფოთვაც, რომ გაძლიერდება ცენზურა ქვეყანაში, სადაც ინტერნეტზე წვდომა აქამდეც უაღრესად შეზღუდული და მონიტორინგის ქვეშ იყო.

ირანის მთავრობამ ინტერნეტი 28 თებერვალს გათიშა, მას შემდეგ რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი გამოაცხადეს. ოფიციალური პირების განცხადებით, მიზანი სადაზვერვო საქმიანობის, ჯაშუშობისა და კიბერშეტევების პრევენცია იყო.

პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად რეზა არეფმა სამშაბათს X-ზე დაწერა, რომ მთავრობამ პრეზიდენტ მასუდ პეზეშქიანის დირექტივის შემდეგ "თავისუფალი და რეგულირებული" ინტერნეტ-წვდომისკენ "პირველი ნაბიჯი" გადადგა.

ინტერნეტის გახსნა მან "ჭკვიანი სერვისების" აღდგენასა და იმ მოქალაქეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დააკავშირა, რომლებმაც "სისტემისა და ირანის გვერდით დგომა" აირჩიეს. აქვე ეს ნაბიჯი სამეცნიერო-შემეცნებითი განვითარებისთვის აუცილებლობად წარმოაჩინა.

კიდევ ერთმა ირანელმა BBC-ს უთხრა, რომ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მომხმარებელს წვდომა ჯერ კიდევ არ აქვს და ზოგი პლატფორმა კვლავ დაბლოკილია, "ინტერნეტის დაბრუნების ფაქტი თავისთავად ზეიმის საბაბია".

"საშინლად რთული იყო ის სამი თვე, რომლის განმავლობაშიც ინტერნეტი გათიშული იყო", — განაცხადა მან — "მტკივნეული იყო, რომ ირანის გარეთ მყოფ ოჯახსა და მეგობრებს ვერ ვუკავშირდებოდით".

ვიცოდით, როგორ ინერვიულებდნენ ომის დროს და ვერც ვეუბნებოდით, რომ გადავრჩით და უსაფრთხოდ ვართ

ონლაინ შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ომამდე გამოყენებულ საიტებსა და აპლიკაციებთან ხელახალი დაკავშირება შვებას ნიშნავს.

"ძალიან მიხარია, რომ ინტერნეტი აღდგება, რადგან ბიზნესი შეძლებს ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას", — უთხრა Associated Press-ს კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტმა პანტეამ.

კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებმა პანტეამ და რასტინმა განაცხადეს, რომ გათიშვამ ბიზნესს სერიოზული ზიანი მიაყენა.

ფოტო: APTN

"ონლაინ მაღაზია მქონდა და პროდუქციას ვყიდდი. ნამდვილად გვარგებს ეს ნაბიჯი. ერთადერთი პრობლემა ცენზურაა. ამის კარგ და სწორ გადაწყვეტას თუ მოიფიქრებენ, ბევრი პრობლემა მოგვარდება".

კომპიუტერული მეცნიერებების მოსწავლე სტუდენტმა AP-ს უთხრა, რომ გათიშვის დასრულება 100%-ით პოზიტიური მოვლენაა.

"ონლაინ ბაზარს ომისწინა მდგომარეობაში დაბრუნება სწყურია", — განაცხადა მან — "მაგრამ კონტროლი და დევნა, რომელიც კვლავ გრძელდება, სერიოზულ ზიანს აყენებს ონლაინ ბიზნესს. ბიზნესი ინტერნეტზეა ძლიერ დამოკიდებული, და ყოველ ჯერზე, როდესაც შეზღუდვებია, ცხოვრება უფრო რთულდება".

ეს ირანში ინტერნეტ-გათიშვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა — ინტერნეტი გათიშეს ასევე იანვრის სისხლიანი ოპერაციების დროს, რომლითაც ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით გაშლილ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს უპასუხა.

წვდომა ინტერნეტთან ირანში

ფოტო: BBC

ზოგიერთი ირანელი შეზღუდვების გვერდის ავლას ძვირადღირებული VPN-ებისა და ქვეყანაში კონტრაბანდულად შეტანილი სატელიტური ინტერნეტ-სისტემების მეშვეობით ცდილობდა.

ინტერნეტის სადამკვირვებლო ჯგუფმა Netblocks-მა აღნიშნა, რომ კავშირის აღდგენასთან ერთად, "უფრო ფართო ფილტრაციის" ნიშნები გამოჩნდა, ვიდრე იანვრის ოპერაციების დროს დაფიქსირდა.

"სერვისი კვლავ მძიმე ცენზურის ქვეშ არის — იანვრამდელ პერიოდთან შედარებით, ახალი შეზღუდვებია შეტყობინებებსა და App Store-ებზე. თავისუფალი და ღია ინტერნეტის შესახებ მოთხოვნები პოლიტიკური დაყოფის მიღმაა და უნდა გაითვალისწინონ", — განაცხადა ჯგუფმა ოთხშაბათს.

23 წლის მინა, იანვარში დაკავებული მომიტინგე, ამბობს, რომ სრული აღდგენის ნაცვლად გაზრდილი მეთვალყურეობის მოლოდინი აქვს. "ინტერნეტის გახსნის მიზეზი არ გააჩნიათ, თუ ეს არ არის გზა მოსახლეობის მიყვანისა "ინტერნეტ პრო"-სკენ (ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ დამტკიცებული შეზღუდული ინტერნეტ-პაკეტი) ან იმ გვირაბებისკენ, სადაც ჩვენი მონიტორინგი უფრო ადვილია", — განაცხადა მან — "ამას ჩვენ ფილტერნეტს ვეძახით. ეს თავისუფლების ნიშანი არ არის".

კავშირის აღდგენის შემდეგ, Proton VPN-მა განაცხადა, რომ რეგისტრაციების რაოდენობა 6000%-ით გაიზარდა.

ადამიანთა ნაწილი ამბობს, რომ სახლის ინტერნეტს უკავშირდება, მაგრამ SIM ბარათის ინტერნეტი ტელეფონზე არ მუშაობს; სხვები კი ამბობენ, რომ საერთოდ არ აქვთ სიგნალი. თეირანში მცხოვრებმა 17 წლის ერთმა ახალგაზრდამ დაწერა: "მართლა დავიღალეთ. მაღალი ფასებისგან, სანქციებისგან, სუსტი ინტერნეტისგან. ეს ჯოჯოხეთია. სიცოცხლე მეზარება".

მიუხედავად იმისა, რომ კავშირის აღდგენის შვება ყველაზე მეტად ირანში იგრძნობა, ეს მოვლენა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებსაც ახარებს, რომლებსაც ოჯახის წევრებთან კონტაქტი შეუძლიათ.

ირანული წარმოშობის ბრიტანელი კომიკოსი და ავტორი შაფარაქ ხორსანდი BBC Radio 4-ის პროგრამაში ამბობდა, რომ ახლობლებზე სხვების მოთხრობილი ამბები "ტკბილ-მწარე" მოსასმენია, რადგან თავად ჯერ კიდევ ვერ დაუკავშირდა ირანში მყოფ დეიდას.

"ირანელებისთვის ეს ისეთი ნაცნობი განცდაა — უბრალოდ კავშირის გაწყვეტა, შფოთი, პანიკა და უძლურების შეგრძნება. რთული დროა, მაგრამ ვცდილობთ", — განაცხადა მან.

"ქვეყნის გარეთ ყოფნა... უცნაურად მარტოსულ გამოცდილებად იქცევა, რადგან შენი ცხოვრება გაჩერებულია და წინ ვერ მიდიხარ, მაგრამ როგორღაც აგრძელებ".

მისი თქმით, გათიშვის პერიოდში ირანიდან მოსული ერთ-ერთი შეტყობინება ბიძის მიერ საკუთარი თავისთვის დაბადების დღის მოლოცვა იყო, რომელიც მისი "თბილი იუმორით" ცდილობდა ოჯახს ნაკლები ენერვიულა:

"ერთმა ბიძამ მოგვწერა: 'დღეს ჩემი დაბადების დღეა, და ვიცი, ვერ დამიკავშირდებით, რომ ბედნიერი დაბადების დღე მისურვოთ, ამიტომ თქვენი სახელით საკუთარ თავს ვულოცავ'", — თქვა მან.

ემოციებით ავსებულმა თქვა, რომ ირანში მყოფ ოჯახს დაკავშირებისთანავე პირველ რიგში ეტყოდა, "მთელი გულით გვიყვარს და ვიმედოვნებთ, რომ ვერანაირი სიჩუმე ვერ გააქრობს სიყვარულის ამ გრძნობას".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.