უკვე ერთი თვეა, რაც პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ყველა თანხმდება, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმამ მსოფლიოს დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა. ომმა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა — მათ შორის არიან ბავშვებიც. პუტინის აგრესიის შედეგად, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა.

ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი სანქციების ალყაში მოაქცია, რის გამოც აგრესორი ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვანი დარტყმების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთის ბაზარი ასეულობით კომპანიამ დატოვა, გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, გაყინული რეზერვების ფონზე კი ქვეყანა დეფოლტის რისკის წინაშე დადგა. ევროპა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებაზე კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა.

ამ სტატიაში რიცხვებით გაჩვენებთ და მოგიყვებით პუტინის აგრესიის შედეგად დაღუპულებისა და დაჭრილების, ლტოლვილების, სამხედრო და ეკონომიკური დანაკარგებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიოში არსებული რეალობა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

დაღუპულები

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან 22 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 977 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 594 — დაიჭრა. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, დაჭრილია 172, ხოლო დაღუპულია 128 ბავშვი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 15 800 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

ლტოლვილები

ბოლო მონაცემების მიხედვით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 4 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა. უკრაინელმა ლტოლვილებმა თავი, ძირითადად, პოლონეთს შეაფარეს.

Statista-ის ინფორმაციით, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • პოლონეთი — 2,2 მილიონი;
  • რუმინეთი — 555 ათასი;
  • მოლდოვა — 371 ათასი;
  • უნგრეთი — 324 ათასი;
  • სლოვაკეთი — 256 ათასი;
  • ბელორუსი — 4,9 ათასი;
  • რუსეთი — 271 ათასი.

სამხედრო დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 530 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 597 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 280 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 108 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 124 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 1 033 ერთეული;
  • გემები/ნავები — 4 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 50 ერთეული.

ეკონომიკური დანაკარგი

პუტინის ომმა რუსეთი მსოფლიოში ყველაზე მეტად სანქცირებულ ქვეყნად აქცია. სანქციები შეეხო როგორც ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს, ისე რუს ოლიგარქებსა და კრემლთან დაახლოებულ პირებს, მათი ოჯახის წევრებს.

რა ელის რუსეთის ეკონომიკას?

მსოფლიოს წამყვანი ბანკები და სარეიტინგო სააგენტოები ელოდებიან, რომ მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის ორნიშნა ვარდნა დაფიქსირდება.

Barclays-ის მიხედვით, წელს ამ ქვეყნის ეკონომიკას 12,4%-იან ვარდნა ელოდება. ხოლო მომდევნო წელს, ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა 3,5%-ით შემცირდება. Goldman კი მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის 10%-ით შემცირებას პროგნოზირებს.

"არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სანქციები გრძელვადიანი იქნება", — თქვა Barclays-ის ეკონომისტმა ბრაჰიმ რაზგალაშმა.

ბანკის ანგარიშში წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის შენელება თანდათანობით დაჩქარდება 2022 წლის შუა პერიოდიდან, როდესაც სანქციების შედეგები სრულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

"რუსეთის ექსპორტი უფრო ძლიერად არის შეფერხებული, ვიდრე თავდაპირველად ვივარაუდეთ", — ამბობენ Goldman-ის ეკონომისტები, რომლებსაც კლემენს გრაფი ხელმძღვანელობს. Goldman-ში ვარაუდობენ, რომ რუსეთის გაზის ექსპორტი შეუფერხებლად გაგრძელდება, თუმცა ნავთობის მიწოდების 20%-მდე შემცირებას პროგნოზირებენ.

Goldman-ის შეფასებით, მეორე კვარტალში რუსეთის ექსპორტის 20%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო წლიურად კლება 10% იქნება. ბანკი მიმდინარე წელს იმპორტის 20%-ით ვარდნას ელოდება.

Barclays-გან განსხვავებით, Goldman მომავალი წლებისთვის რუსეთის ეკონომიკის "ნელ აღდგენას" ვარაუდობს. ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 2,4%-ით, ხოლო 2024 წელს 3,4%-ით გაიზრდება.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრისთანავე რუბლმა გაუფასურება დაიწყო და პიკს მარტის პირველ კვირაში მიაღწია. იმ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულებამ 150 რუბლს გადააჭარბა. ამჟამად, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, რუბლი დოლართან მიმართებით 30%-ით არის გაუფასურებული და ერთი დოლარი დაახლოებით97 რუბლად ივაჭრება.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ბაზარი 240-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა. მათ შორის არიან უმსხვილესი ფირმები, ენერგეტიკის, ფინანსური, კვების ინდუსტრიისა და სხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიები. რუსეთის უმსხვილესი ბაზრიდან გავიდნენ: Shell, BP, Exxon Mobil; Deutsche Bank, Goldman Sachs, Bain, American Express, Mastercard and Visa, Citigroup, McDonald’s, Starbucks, PepsiCo, Yum Brands, Heineken, Netflix, The Walt Disney Company, Sony and Warner Bros და სხვები.

Bloomberg-ის ინდექსის თანახმად, რომელიც მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს აერთიანებს, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით რუსი ოლიგარქების ქონება 64 მლრდ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ყველაზე დიდი დანაკარგი გენადი ტიმჩენომ განიცადა, რომელმაც 2022 წლის იანვართან შედარებით 10,6 მილიარდი დოლარი დაკარგა.

რუსი მილიარდერების ქონების შემცირება არსებული სანქციების ფონზე მათი კომპანიების აქციების ვარდნამ გამოიწვია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული რუსული კომპანიების აქციებით ვაჭრობა ამ დრომდე შეჩერებულია. ვიდრე ეს მოხდებოდა, ზოგიერთი კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის ნულამდე დაეცა.

რა ელის უკრაინის ეკონომიკას?

ბუნებრივია, ეკონომიკური თვალსაზრისით, მიმდინარე ომი უკრაინასაც აზიანებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, შესაძლებელია, რომ წელს უკრაინის ეკონომიკა მესამედზე მეტით შემცირდეს. საფინანსო ინსტიტუტი წერს, რომ მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკის 25%-დან 35%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი.

BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, კირილო შევჩენკომ თქვა, რომ სანქციების შედეგად გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

რამდენიმე დღის წინ Bloomberg-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები სანქცირებული რუსი მაგნატების ქონების ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას განიხილავენ. როგორც გამოცემა წერს, იდეა ადრეულ ეტაპზეა და გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. ევროკავშირი კი აცხადებს, რომ ქმნის "გაყინვისა და ჩამორთმევის" სამუშაო ჯგუფს, რათა წევრ ქვეყნებს სანქციების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიაროს.

ახალი დღის წესრიგი მსოფლიოში

24 თებერვალს მსოფლიოს დღის წესრიგი რადიკალურად შეიცვალა. ომის დაწყებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგაც კი რთული სათქმელია, როდემდე გაგრძელდება პუტინის აგრესია უკრაინაში. დასავლეთს კარგად ესმის, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, რადგან ამის ალტერნატივა ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების მატარებელია. სავარაუდოდ, ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთს სანქციების ომი ამის გათვალისწინებითაც გამოუცხადა. უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის — პრეზიდენტი ზელენსკი დასავლეთისგან მეტ აქტიურობას ითხოვს.

დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის შემოღებულ შეზღუდვებში ეროვნული ბანკის გაყინულ რეზერვებსაც შეხვდებით და პუტინის რიგითი პროპაგანდისტებისთვის დაწესებულ სანქციებსაც. აქ აღსანიშნავია აშშ-ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ემბარგო დაადოს რუსულ ნავთობსა და გაზს.

"დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია" — თქვა ბაიდენმა 8 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე. ბორის ჯონსონის თქმით კი, დიდი ბრიტანეთი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წლის ბოლომდე ჩამოშორდება.

რუსეთს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ახლა ჰაერივით სჭირდება. 2011-2020 წლებში რუსეთის მთავრობის წლიური შემოსავლების დაახლოებით 43% სწორედ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე მოდიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის გაზი ევროპის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებდა, პუტინი ამ უპირატესობას ევროპის წინააღმდეგ ყოველთვის იარაღად იყენებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით კი Nord Stream 2-ის ლიცენზირების პროცესი შეჩერებულია და ევროპა რუსული ენერგიის დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაზე აქტიურად მუშაობს.


როგორც ჩანს, პუტინმა უკრაინელი ხალხის გამძლეობა, სულისკვეთება, ერთიანობა და თავგანწირვა ჯეროვნად ვერ შეაფასა. უმძიმესი ერთი თვის შემდეგაც კი უკრაინა მყარად დგას, იბრძვის და არ ნებდება. ჰოლოგრამად ქცეული პუტინის ადგილსამყოფელი უცნობია. პრეზიდენტი ზელენსკი კი, სიცოცხლის რისკის ფასად უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და უკრაინასთან ერთად მსოფლიოს ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის.