8 მიზეზი, რატომ არის თინა ჩცდ-ის საუკეთესო პერსონაჟი
ჩემი ცოლის დაქალების განვლილ სეზონებში პერსონაჟთა მრავალფეროვანი გალერეა ვიხილეთ — სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე გმირებმა სერიალს განსაკუთრებული ხიბლიც შესძინეს, თუმცა, ამასთან ერთად, წარმოაჩინეს ბევრი განზოგადებული პროტოტიპი: არარეალიზებული დედა, "არისტოკრატიული" წარმომავლობის ქედმაღალი და სნობი ქალი, გულკეთილი და მიამიტი მეზობელი, ემოციურად მოძალადე პარტნიორი და სხვა.
თინა ბრეგვაძეს განზოგადებული პროტოტიპი ნაკლებად ჰყავს — იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მას რადიკალ ფემინისტ პერსონაჟად განიხილავს, გმირი სწორხაზოვანი არაა. წლების განმავლობაში ვიხილეთ მისი როგორც მტკიცე ხასიათი, ასევე დაუცველი მხარე, რამაც დაგვარწმუნა, რომ ნაკლოვანებების მიუხედავად, იგი სერიალის საუკეთესო პერსონაჟია.
სტატია შეიცავს სპოილერებს ჩცდ-ის განვლილი სეზონებიდან.
1. სიმართლე მისთვის უფრო დიდი მეგობარია
ალბათ ბევრს გვიკვირს, როგორ შეიძლებოდა, თინას ისეთი მეგობრები ჰყოლოდა, როგორებიც ნინა და კატო არიან. მიუხედავად მათდამი ერთგულებისა, არასდროს არ უყოყმანია, ეთქვა თუ არა ის, რაც უნდოდა. თინას ერთ-ერთი საუკეთესო თვისება სწორედ პირდაპირობაა — იგი მიკიბ-მოკიბვის, ქარაგმებისა და მინიშნებების გარეშე ამბობს სიმართლეს ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც ეს საჭიროდ მიაჩნია. მისი მეგობრებისგან განსხვავებით ზურგს უკან არავისზე ულაპარაკია, პირისპირ კი ყველას ეუბნებოდა იმას, რასაც ფიქრობდა: რომ ზაზა მოძალადეა, დედამისის მეგობრის შვილი — სტერეოტიპულად მოაზროვნე მიზოგინი, ხოლო დედამისი — მიამიტი.
2. პრინციპული გადაწყვეტილებების ერთგულია
ნელიკოს აზრით, თინას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ურთიერთობებს ვერ აწყობს. რეალურად კი, პრობლემა არა თინაში, არამედ მის პარტნიორებშია, რომლებიც ცალმხრივ კომპრომისებს უმიზეზოდ მოითხოვდნენ. ეს ყველაზე აშკარად მერაბის შემთხვევაში გამოჩნდა — როცა თინამ თავისი პროფესიული მიზნების მისაღწევად საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა, მისი პარტნიორი დარჩენას მხოლოდ იმიტომ მოითხოვდა, რომ ამ დათმობით "სიყვარული გამოეხატა". თინასთვის კი, სიყვარულის ამ ბუტაფორიულ გამოხატვაზე უფრო მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემა იყო — რაც ურთიერთობებში ალბათ უმთავრესია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ურთიერთობებშიც არსებობს პირადი სივრცის ზღვარი, რომლის მიღმაც პიროვნული დამოკიდებულებები და მისწრაფებებია. თავისი პარტნიორებისგან განსხვავებით, თინა ამ ზღვარს ყოველთვის იცავდა — ეს მაშინ დავინახეთ, როცა დემნამ ყოფილი ცოლის დასახმარებლად ბინის გაყიდვა გადაწყვიტა.
3. ულაპარაკო თანაგრძნობის უნარი აქვს
მაშინ, როცა ქეთი ქორწინებაში დაწყებული ახალი ურთიერთობისთვის უკლებლივ ყველა მეგობარმა და დედამისმაც კი გაკიცხა, ერთადერთი, ვინც საკითხს ფრთხილად მიუდგა, თინა იყო. როდესაც ქეთის ემოციურად ყველაზე მეტად უჭირდა, დახმარების ხელი მხოლოდ თინამ გაუწვდინა — რომ აღარაფერი ვთქვათ წლების განმავლობაში მისი, როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალის, მოტივირებაზე, რომ ხმა აემაღლებინა. თინას კიდევ ერთი საუკეთესო თვისება სწორედ ულაპარაკო ემპათიის უნარია; განსჯის და, მით უმეტეს, გაკიცხვის გარეშე აკეთებდა სხვებისთვის იმას, რაც შეეძლო.
4. რჩევების მიცემის მიუხედავად, სხვის საქმეში არ ერევა
ყველაფრის მიუხედავად, სამეგობროში სწორედ თინა იყო ის, ვისაც რჩევის მისაღებად ყველაზე ხშირად აკითხავდნენ. მერე რა, რომ ისინი თითქმის არასდროს ითვალისწინებდნენ რჩევებს — თინა ყოველ ჯერზე მაინც დაუღალავად ცდილობდა მეგობრებისთვის იმის დანახვებას, რისი დანახვაც მათ ზოგჯერ არ სურდათ. თუმცა, საგულისხმოა, რომ იგი ყოველთვის თავს იკავებდა სხვების საქმეში უხეში ჩარევისგან — ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა დათოს ქორწინებაში დაწყებული ახალი ურთიერთობის შესახებ ნინამ გაიგო. იმის მიუხედავად, რომ გულგატეხილ მეგობარს თინამ რჩევაც მისცა და იგი ანუგეშა კიდეც, ნინას თხოვნის მიუხედავად, კატეგორიულად მოითხოვა, წყვილს პირისპირ, სხვების თანდასწრების გარეშე ესაუბრა.
5. საკუთარი უფლებების დასაცავად არასდროს იხევს უკან
თინას ყველაზე სახასიათო თვისება მისი სულიერი სიმტკიცეა. ამდენი სეზონის განმავლობაში ეს პერსონაჟი ერთადერთხელ ვნახეთ "წყობიდან გამოსული" — მაშინ, როცა გაიგო, რომ დედამისის ავადმყოფობას უმალავდნენ. თუმცა, ყველა სხვა შემთხვევაში პირად ცხოვრებაში გაჩენილ პრობლემებს დამოუკიდებლად უმკლავდებოდა. მარტო იგერიებდა ვერსკისნაირ აბეზარ "თაყვანისმცემლებს" და ავთოს უფროსისნაირ მოძალადეებს. მეტიც — მაშინ, როცა ამ საქმეში სხვა ერეოდა, ღიზიანდებოდა. ცხადია, დახმარების თხოვნა არასდროსაა მოსარიდებელი, თუმცა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის სახის შექმნა ეკრანზე მაინც მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოებისთვის, სადაც მსგავსი მისაბაძი მაგალითები ხშირად არ ჩნდებიან.
6. სხვების ნებართვით, იცავს მათ უფლებებს, ვისაც ეს არ შეუძლია
თინა ყველაზე საიმედო დასაყრდენი არა მხოლოდ თავისი მეგობრებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც იყო. ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში — მაშინ, როცა მისი მშობლებსაც კი არ სჯეროდათ — ტასომ სწორედ თინას დაურეკა და სკოლაში შექმნილ პრობლემასთან გამკლავებაში დახმარება სთხოვა. თუმცა, ტასო ერთადერთი არ იყო, ვის დასაცავადაც თინას ენერგია არ დაუზოგავს — მათ შორის იყო ნია, პეტრეს უმცროსი და და ახალგაზრდა გოგო სოფლიდან, რომელსაც ძალით აქორწინებდნენ. ამ შემთხვევებში თინამ თავისი შესაძლებლობებისა და უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ღონე იხმარა, რომ სხვების ინტერესები დაცული ყოფილიყო. მეტიც — ეს ასწავლა მათ, ვისაც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრა. "საკუთარი აზრის ქონა გატუტუცება არ არის. გაადამიანებაა", — პასუხობს თინა ნიას დედას, როცა ეს უკანასკნელი თავისი შვილის "გათამამებაში" ადანაშაულებს.
7. ბავშვებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი აქვს
იმის მიუხედავად, რომ თინას შვილი არ ჰყავს, ჩანს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა გამორჩეულად კარგად გამოსდის. მისი და ნიას მეგობრობა ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, არანაკლებ საინტერესო მომენტები გამოჩნდა ტასოსა და ჯეკოსთან ურთიერთობისას. "უბრალოდ, მათი ინტერესებიდან გამოვედი" — სწორედ ასე უხსნის თინა ნინას, როგორ მოახერხა ბავშვების დარწმუნება, რომ სახლში ლეკვი არ დაეტოვებინათ. ეს ფრაზა საგულისხმოა, რადგან თინა იაზრებს, რომ ადამიანის ინტერესების გათვალისწინება, მისი ასაკის მიუხედავად, მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მისთვის მიუღებელია ამ ინტერესების შელახვა მაშინ, როცა ხელჩასაჭიდი არაფერია; მაგალითად, როდესაც ტასოს სკოლაში ქურდობაში ადანაშაულებდნენ და მშობლები, ყოველგვარი სამხილის გარეშე, ამ ბრალდებას ემხრობოდნენ, თინამ ბავშვს ის კითხვა დაუსვა, რაც მას სტრესის გარეშე თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალებას მისცემდა — "როგორ გგონია, რატომ არ სჯერათ შენი შენთვის ახლობელ ადამიანებს?"
8. დაბოლოს — ცდილობს, რომ იყოს კარგი შვილი
ჩცდ-ში თინას საუკეთესო პერსონაჟად დასახელების გამო, ცხადია, ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ არ ერგო ეს ტიტული კეთილშობილ და უანგარო ნელიკოს. თუმცა, ამ პერსონაჟისადმი ჩემი დიდი სიმპათიის მიუხედავადაც, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ნელიკო მაინცდამაინც არ მეგობრობს გონივრულ გადაწყვეტილებებთან. მიზეზი კი სწორედ ისაა, რომ უმეტესად გულით მოქმედებს და არა ტვინით. ამაზე თანხმდებიან მისი ყველაზე ახლობელი ადამიანებიც. ოჯახში ნელიკოს მეტისმეტ გულუბრყვილობას სწორედ თინა აბალანსებს, რომელსაც საკმარისად მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს, რათა გულის აჩუყების გამო დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. და, მიუხედავად იმისა, რომ თინას დედის ხშირად ქარაფშუტული ქცევა და მისი გამუდმებული შენიშვნები ქორწინების დაჩქარებაზე დიდად არ მოსწონს, მშობლის გადაწყვეტილებებს მაინც პატივს სცემს.
კომენტარები