რას წერს უკრაინული მედია საქართველოს მთავრობის პოზიციაზე
"ჩემი ომი არ არის". როგორ არ მოისურვა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის დროს" — ასე ჰქვია სვეტს, რომელიც უკრაინული მედიის, ევროპეისკაია პრავდას რედაქტორმა დაწერა. იური პანჩენკო კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების მიმართ და მათ არგუმენტებს არაგულწრფელად მიიჩნევს.
ევროპეისკაია პრავდა პირველი საინფორმაციო რესურსია უკრაინაში, რომელიც ეძღვნება ევროპულ თემატიკას. პროექტი ხორციელდება უკრაინსკაია პრავდასთან პარტნიორობით და ფინანსდება საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ევროკავშირიდან და აშშ-დან.
რას წერს ევროპეისკაია პრავდა მთავრობაზე
გთავაზობთ რედაქტორის სვეტის თარგმანს სრულად:
უკრაინის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი "ასოცირებული ტრიოს" სხვა ქვეყნებმაც შეიტანეს: მოლდოვამ და საქართველომ.
ერთი შეხედვით, გასაკვირი არაფერია: უკრაინის წინააღმდეგობამ რუსული აგრესიისადმი გახსნა ის "შესაძლებლობის ფანჯარა", რომელზეც ამდენი ხანი და ამდენს საუბრობდნენ, მაგრამ არავინ იცოდა, როდის მოხდებოდა ეს — ამან მოხსნა ტაბუ უკრაინის ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების შესახებ საუბარზე. რა თქმა უნდა, ამ მატარებელზე "შეხტომა" სხვა ქვეყნებმაც სცადეს.
გარკვეულწილად, სწორედ ეს არის უკრაინის "რეგიონული ლიდერობა", რომელიც ხსნის ევროპულ მომავალს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვისაც, მაგრამ მართლა შესაძლებელია საუბარი მათი მხრიდან პარტნიორობასა და მოკავშირეობაზე?
სამწუხაროდ, თბილისზე ასეთი თავდაჯერებულობა არ არის.
საკმარისია ითქვას, რომ სულ რაღაც ორი დღით ადრე, სანამ საქართველოს ხელისუფლება გაწევრიანებაზე განაცხადს მოაწერდა ხელს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა — კიევმა კონსულტაციებისთვის გაიწვია ორი ელჩი: თბილისიდან და ბიშკეკიდან. და ეს არ არის "ორ დღის" ემოციური ნაბიჯი.
თუ გავითვალისწინებთ რომ კიევში გამგზავრება მხოლოდ პოლონეთის გავლითაა შესაძლებელი, თბილისი და ბიშკეკი უკრაინელი ელჩების გარეშე დიდი ხნით დარჩნენ
ყირგიზეთის შესახებ გადაწყვეტილება საკმაოდ ნათელია — ამ ქვეყნის ხელისუფლება მსოფლიოში თითქმის ერთადერთია, ვინც საჯაროდ მოიწონა პუტინის "სპეციალური ოპერაცია", ანუ თავდასხმა უკრაინაზე.
მაგრამ როგორ აღმოჩნდა უკრაინისადმი ტრადიციულად მეგობრული საქართველო ამ კამპანიაში?
შეიძლება ვინმემ საყვედური თქვას, რომ საქართველოც და მოლდოვაც არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, საკითხი ასე არ დგას. თავად უკრაინა უკიდურესად არიდებს თავს სანქციებზე გადაწყვეტილების მიღებას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც პირდაპირ არ მოქმედებს ქვეყანაზე. საკმარისია გავიხსენოთ, რომ კიევი ჯერაც არ შეერთებულა დასავლური სანქციების უმეტესობას ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ!
ასე რომ, სანქციების საკითხი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ აშკარად არ არის ისეთი რამ, რასაც შეეძლო კიევი ასე გაენაწყენებინა მისი პარტნიორისგან "ასოცირებულ სამეულში".
კითხვა სხვაა. აქ კი მოლდოვასა და საქართველოს ქმედებები რადიკალურად განსხვავებულია.
ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, მოლდოვა აქტიურად ეხმარება უკრაინას, მათ შორის ლტოლვილების მიღებაში.
აი, კიევისა და თბილისის ურთიერთობაში კი ამავე დროს იყო სკანდალი, რასაც დიპლომატიური დემარში მოჰყვა.
"მამაცი ქართველი ძმები აეროპორტში ელოდებიან, რომ უკრაინის დასახმარებლად გამოფრინდნენ. იმედი მაქვს, (საქართველოს პრემიერმინისტრი) ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენას დაუშვებს. ამას ელოდება უკრაინა! ამას ელოდება ევროპა!" — დაწერა უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 28 თებერვალს გვიან საღამოს.
ამის დაჯერება შეუძლებელია, მაგრამ თბილისი დიდი ხანია ბლოკავდა იმ მოხალისეების გამგზავრებას, რომლებიც მზად იყვნენ უკრაინისთვის ებრძოლათ. კიევი შეუთანხმდა ჩარტერულ რეისზე, რომელიც მათ პოლონეთში, იქიდან კი უკრაინაში გადაიყვანდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ თანხმობა არ გასცა.
საკითხის მტკიცედ დასაყენებლად, შმიგალმა ეს განცხადება გააკეთა და პრობლემა საჯარო სივრცეში გადაიტანა, მაგრამ კიევმა კვლავ მიიღო მტკიცე "არა".
სწორედ ეს ნაბიჯი გახდა ელჩის გაწვევის მიზეზი.
"მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად პრეზიდენტმა 2 მიზეზი დაასახელა. პირველი არის ქართული მხარის ამორალური პოზიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების დაწესებაზე. მეორე არის გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნა მიღებული უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე" — განაცხადა ანდრეი კასიანოვმა, უკრაინის ელჩის მრჩეველმა საქართველოში.
ამ ნაბიჯს ოფიციალური თბილისი ძალიან სპეციფიკურად გამოეხმაურა — დაადანაშაულა ოპოზიცია, სააკაშვილის პარტია, რომელიც თითქოს ცდილობს საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირებას.
უფრო არაგულწრფელი ახსნის მოფიქრება მარტივი არ იქნება.
რა თქმა უნდა, თბილისის ამ პოზიციამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია — როგორც ოპოზიციის, ისე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. რუსული აგრესიის პირველივე დღიდან თბილისის ცენტრში და საქართველოს სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება. მოგვიანებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის ყველა შესაძლო დახმარების გაწევის მოთხოვნებს მოქმედი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა დაემატა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის იდეაც კი განხორციელდა მხოლოდ ქუჩაში შეკრებილი ხალხის ზეწოლის გამო.
დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევდნენ, რომ ეს ნაბიჯი ნაჩქარევი იქნებოდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ მოთხოვნას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა. მხოლოდ მაშინ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ შეცვალა პოზიცია და მოამზადეს და დაამტკიცეს შესაბამისი განცხადება.
თუმცა, ამ განცხადებაშიც კი საქართველოს ხელისუფლებამ თავი აარიდა უკრაინისა და მისი ბრძოლის ხსენებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
"საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, წარმატებით ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირთან დაახლოებაში სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური — ქვეყნის ყველა სფეროში აქტიურად ვნერგავთ ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს", — განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა.
თუმცა, ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გონებაში არსებობს. ბრიუსელის შეხედულება რეფორმების მიმდინარეობაზე სულ სხვაა.
ევროკავშირმა უკვე სცადა საქართველოს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში მოდერატორობა. ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა მნიშვნელოვან რეფორმებს მართლმსაჯულების სფეროსა და არჩევნების გამჭვირვალობის კუთხით. თუმცა, მემორანდუმის განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკავშირის კრიტიკის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" ხელმოწერა უკან წაიღო — და ევროკავშირმა ეს მიიჩნია, როგორც თბილისის აშკარა სურვილის არქონა რეალური და არა დეკორატიული ევროპული რეფორმების გატარებაზე.
ასე, რომ საქართველოში რეფორმების მდგომარეობა ან სიტყვის თავისუფლების დონე აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ამბიციებს.
წევრობის მსურველ სამ ქვეყანაში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, ამ უკანასკნელს აქვს აუტსაიდერის და "ცუდი მოსწავლის" იმიჯი.
და ეს, სხვათა შორის, შესაძლებელს ხდის არ გამოვრიცხოთ, რომ ევროკავშირი განსხვავებულად მოეპყრობა ქართულ აპლიკაციას, ვიდრე უკრაინულ და მოლდოვურ განაცხადს.
მაგრამ ნიშნავს თუ არა ყოველივე ხსენებული იმას, რომ საქართველოს არ აქვს ევროპული პერსპექტივის უფლება? არანაირად! რა თქმა უნდა აქვს.
იმიტომ, რომ საქართველო არა მარტო ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხია.
საზოგადოების რეაქცია კი — დაწყებული პროტესტიდან ხელისუფლების გაუბედაობის გამო, უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის კერძო ინიციატივებამდე — ამტკიცებს, რომ საქართველო იყო და რჩება ჩვენთვის მეგობრულ ქვეყნად, რომლისთვისაც ევროპული სოლიდარობა ცარიელი სიტყვები არ არის.
რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყანა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თუ თბილისი მოახერხებს არსებული შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენებას, ეს მოხდება არა მოქმედი მთავრობის წყალობით, არამედ მათ მიუხედავად.
და ბოლოს, განსაკუთრებით მტკივნეულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის დროს, უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე თბილისის მხარდამჭერი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხმა იყო. მაშინ კიევმა უზრუნველყო საჰაერო თავდაცვა, მაშინდელი პრეზიდენტი იუშჩენკო ქართველი ერის მხარდასაჭერად თბილისში გაფრინდა.
მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 13,5 წელიწადში საქართველოს ხელისუფლებისგან გავიგებდით, რომ ეს მათი ომი არ იყო. საბედნიეროდ, საპირისპირო გვესმის ქართველი ხალხისგან.
- სტატიის უკრაინული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
რას წერენ უკრაინული მედიები მოქალაქეების მხარდაჭერაზე
საქართველოს მთავრობის პოზიციისადმი კრიტიკული განწყობის მიუხედავად, უკრაინულ მედიებში, მათ შორის უკრაინსკაია პრავდაზე აქტიურად შუქდება საქართველოში მიმდინარე აქციები. გამოცემები წერდნენ, პროტესტის მასშტაბურობაზე, პოსტერებზე, რომელიც ანტიოკუპაციურ მესიჯებს აჟღერებდა და სოლიდარობაზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გამოხატავდნენ.
"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მხარი არ დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კოლექტიურ სანქციებს. ამის შემდეგ ათასობით ქართველი გამოვიდა საკუთარ ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე", — წერდა Unian.
აქციის ფოტოები და ვიდეოები აქტიურად ვრცელდებოდა ტელეგრამის არხებში. განსაკუთრებული ყურადღება გუშინდელმა საღამომ მიიქცია, როცა ზელენსკიმ შეკრებილებს პირდაპირ ეთერში მიმართა.
"ათასობით ქართველი უკრაინის მხარდასაჭერად თბილისის ცენტრში გამოვიდა", — წერდა საზოგადოებრივი რადიო.
"თბილისი! ნამდვილმა გენაცვალემ იცის რა არის "რუსული გემი" და სად არის მისი ადგილი", — ამ წარწერით გამოაქვეყნა უკრაინა 24-მა თბილისში გადაღბული აქციის ფოტოები ტელეგრამში. ამავე მედიის განახლებაში მოხვდა ფოტოები სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისიდან, წარწერით: "მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენთანაა".
ZN.UA-მ კი უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციების მინისტრის, მიხაილო ფედოროვის ვიდეო გადააზიარა, რომელშიც გუშინდელი აქციის მიმდინარეობა ჩანს.
Unian-მა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს მასშტაბურ აქციაზე სოლიდარობის გამოხატვის გამო. სხვა არხებმა კი ზელენსკის გამოსვლის ვიდეო გაავრცელეს, სადაც ჩანდა, რამდენი ადამიანი უსმენდა უკრაინის პრეზიდენტს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
კომენტარები