ტელეფონი — უკრაინის პრეზიდენტის ყველაზე ეფექტიანი იარაღი
ზელენსკიმ მოკავშირეებთან ზარების დაუღალავად განხორციელების წყალობით მოახერხა, რუსეთის წინააღმდეგ გაუგონარი მასშტაბის სანქციებისთვის მიეღწია — წერს The Guardian.
კიევიდან, რომლის საზღვრებთანაც რუსი ჯარია მომდგარი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო ზარებით დაარწმუნა დასავლეთი, დასთანხმებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთობლივად დაწესებას. ეს სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაუჯერებელი რამ ჩანდა.
როცა იხილა, თუ როგორ რეაგირებდა ევროპული საზოგადოება უკრაინელი ხალხის გამბედაობაზე, ზელენსკი დასავლელ ლიდერებთან მუდმივ სატელეფონო საუბრებში ჩაერთო. ის თავის ტვიტერის ანგარიშს მოკავშირეების დასათანხმებლად, მათ გასამხნევებლად, დასატუქსად თუ შესაქებად იყენებს. ამ პროცესის შედეგად ერთი კვირის წინ წარმოუდგენლად მიჩნეული სანქციები ახლა ერთადერთ სწორ მორალურ გადაწყვეტილებებად იქცა. თანამდებობის პირები აღიარებენ, რომ ახალ სანქციებზე დასავლეთის დათანხმების ტემპი ადვოკატებს, ბანკირებს და თავად მათაც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ისინი მუშაობენ მძიმე ზეწოლის ქვეშ, რათა ახალი ამბების სათაურები რეალობად აქციონ.
ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის ოფისმა განაცხადა: "ჩვენ მოხიბლული ვართ მისით. შეიძლება, მან საბოლოოდ ვერ შეძლოს უკრაინის გადარჩენა ან რუსეთის შეცვლა, მაგრამ ის ევროპას ნამდვილად ცვლის".
გავიხსენოთ თუნდაც 26 თებერვლის დიპლომატია. ზელენსკიმ თავდაპირველად თქვა, რომ დიპლომატიურ ფრონტის ხაზზე კიდევ ერთი დღე ემანუელ მაკრონთან სატელეფონო ზარით დაიწყო. დღის განმავლობაში ის ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგის, შვეიცარიის პრეზიდენტ იგნასიო კასისს, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რიუტეს, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომის პაპს, ჩეხეთის პრემიერმინისტრ პეტრ ფიალას, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, ხოლო დღე ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ლაპარაკით დაასრულა.
წინა დღესაც კიევიდან მსგავსი რაოდენობის ზარები განხორციელდა. ყველა მათგანი იარაღის მოთხოვნასა და უფრო მკაცრ სანქციებზე იყო ორიენტირებული. ძნელი გასაგებია, როგორ მოახერხა ზელენსკიმ ამ ზარების განხორციელება, შიდა ფრონტის მობილიზება, ჯარის მართვა და ძილი. პირი, რომელსაც ზელენსკი მუშაობაში უნახავს, აღნიშნავს: "ის არის ძალიან პირდაპირი, გულმხურვალე და პრაქტიკული". შედეგად, ეს ზარები ზელენსკისთვის უძვირფასესი ჯილდოების მომტანი გახდა და ვითარების შემოტრიალებაში დაეხმარა.
უმეტეს შემთხვევებში ომის დროს სოციალური ცვლილებების ტემპი სწრაფდება. თუმცა, გერმანიის დამოკიდებულების 180 გრადუსით შეცვლა და უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე თანხმობის თქმა, საკუთარი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-ით გაზრდის პირობის დადება და რუსეთის SWIFT-იდან გათიშვაზე დათანხმება არა მხოლოდ ექსტრაორდინარული პოლიტიკური ცვლილებების ნაკრებია, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში დამოკიდებულებათა არსებითი გარდატეხის აღმნიშვნელიცაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი — რომელიც კვირის დასაწყისში ხაზს უსვამდა იტალიის რუსული გაზისგან მოწყვეტისთვის საჭირო გრძელვადიანი გადაწყვეტილებების აუცილებლობას — დაუყოვნებელი ზომების მიღებისადმი თავის უწინდელ პოლიტიკურ წინააღმდეგობას განუდგა.
მისი ოფისი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მან რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია და ამბობს, რომ გასულ კვირას G7-ის ლიდერების შეხვედრებზე ამ საკითხის გადაჭრა სერიოზულად არ განხილულა. თუმცა, ისინი აღიარებენ, რომ ზელენსკიმ, თავისი მონდომებით, და რუსეთმა, თავისი ქედმაღლობით, უბიძგეს დიდ ბრიტანეთს, კანადასა და საფრანგეთს, დაერწმუნებინათ სხვა ქვეყნები, ჩამოეშორებინათ რუსეთი SWIFT-ის გადახდის სისტემებისთვის. ჯერ კიდევ წყდება იმ რუსული ბანკების სია, რომლებიც სისტემას გამოეთიშებიან. თუმცა, მოსალოდნელია, რომ გაზბანკი, რომელიც ენერგეტიკულ სექტორში წარმოებულ ტრანზაქციებში გადამწყვეტ როლს ასრულებს, ამ ნუსხაში ნამდვილად მოხვდება.
თუმცა, შეიძლება ითქვა, რომ რუსეთისთვის ყველაზე დამანგრეველი ზომა, რომელიც განხილვის პროცესშია, ზელენსკის დაუღალავი ლობირებიდან პირდაპირ არ წამოსულა. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი თვლის, რომ პუტინის ეკონომიკის რღვევას რუსეთის ცენტრალური ბანკის — ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ფინანსური ინსტიტუტის აქტივების მოულოდნელი გაყინვა დაადასტურებს.
ერთი ევროპელი თანამდებობის პირის თქმით, მცირეა იმის შანსი, რომ უკრაინელი სამხედროები რიცხობრივად უაღრესად აღმატებული რუსული ძალების ხანგრძლივად შეკავებას შეძლებენ. შესაბამისად, მთავარი მიზანია, პუტინს ეს ეკონომიკურად და პოლიტიკურად იმდენად ძვირად დაუჯდეს, რომ იძულებული გახდეს, გააცნობიეროს — თავისი პირობებით ვერ გაიმარჯვებს.
კომენტარები