სანამ უკრაინის პრეზიდენტი გახდებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელევიზიაში მსახიობი იყო. მან კომედიური სერიალი, ხალხის მსახური, შექმნა და მასში მთავარ როლსაც ასრულებდა. მის პერსონაჟს, სკოლის ისტორიის მასწავლებელს, თავისი მოსწავლე ფარულად უღებს ვიდეოს, რომელშიც ის თავის ქვეყანაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ ემოციური სიტყვით გამოდის. მისი ცოდნის გარეშე, ვიდეო ინტერნეტში ხვდება და ვირუსულად ვრცელდება. მასწავლებელს, კამპანიის ჩაუტარებლად და სურვილის გამოუთქმელადაც კი, უკრაინის პრეზიდენტად ირჩევენ. რიგითი ადამიანი, რომელიც ამ თანამდებობისთვის საჭირო არანაირ გამოცდილებას თუ ცოდნას არ ფლობს, ქვეყნის გმირი წინამძღოლი ხდება.

კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან, ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე, რადგან ისინი ამ საქმის ყველაზე საშიში ნაწილის ექსპერტები არიან: მათ ხალხის ემოციებზე მანიპულირება შეუძლიათ. უკრაინაში კი, ამასთან, ნებისმიერ აუთსაიდერს, რომელიც ძალაუფლებაში მოდის, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით ეპყრობიან, რადგან ხალხს უჩნდება ეჭვი, რომ ის რომელიღაცა ჩრდილოვანი ძალის ინტერესებს იცავს. მას შემდეგ, რაც ზელენსკი რეალურად აღმოჩნდა პოლიტიკური კარიერის კიბეზე, მსგავსი ეჭვები მუდამ თან სდევდა. ზოგისთვის მისი მმართველობა ჰგავდა დილეტანტის საქმიანობას, რომელიც თავის მაქსიმუმს ცდილობს — მსახიობია, რომელიც, უბრალოდ, თავის როლს ასრულებს.

მაგრამ რეალურ ცხოვრებაში — ისევე, როგორც იმ მხატვრულ სამყაროში, რომელიც თავად შექმნა — ტანმორჩილი და ჩახლეჩილხმიანი ზელენსკი ურთულესი ცხოვრებისეული გამოცდის წინაშე დადგა. გასული საზარელი კვირის განმავლობაში მან თავისი ნამდვილი ხასიათი გამოავლინა.

25 თებერვალს ზელენსკიმ ევროპის ლიდერებს ვიდეოკონფერენციისას უთხრა, რომ იყო შანსი, მათ ის ცოცხალი ვეღარ ენახათ. მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ ის მიზანშია ამოღებული. მას არანაირი საფუძველი არ აქვს იმის საფიქრელად, რომ ვლადიმერ პუტინი მის მოკვლას არ შეუკვეთავს — რუსეთის მმართველმა ხომ მსგავსი ბრძანება თავისი არაერთი ყველაზე მამაცი კრიტიკოსისა და მტრის წინააღმდეგ გასცა. ზელენსკის ბედი იმდენად ნათელია, რომ ვაშინგტონმა მას კიევიდან გამოყვანა და ემიგრირებული მთავრობის ფორმირება შესთავაზა. ზელენსკიმ უსაფრთხოების ეს პირობა ერთი ხელის მოსმით უარყო. მან განაცხადა, რომ ერჩივნა, ვაშინგტონს კიევი წინააღმდეგობის გაწევისთვის საჭირო იარაღით მოემარაგებინა. "ბრძოლა აქ მიმდინარეობს. მე შეიარაღება მჭირდება და არა — გასეირნება", — განაცხადა მან.

მისი მზაობა, შეეწიროს თავის ქვეყანას, იმ ახალი უკრაინის არსებობის დამამტკიცებელი საბუთია, რომლის ხალხიც მას ახლა გაერთიანებული ძალებით იცავს. რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე, მეტალურგიული ღუმელების პირქუშ, ინდუსტრიულ ქალაქ კრივოი-როგიში დაბადებულმა ზელენსკიმ ჭვარტლს თავი ბენი ჰილის მსგავსი ფიზიკური კომედიის ნიჭის ქონის წყალობით დააღწია. თავის მეგობრებთან ერთან მან იუმორისტული დასი ჩამოაყალიბა, რომელმაც პოსტსაბჭოთა სამყაროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მან რუსეთში გართობის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია და შეეძლო, ამით დაკმაყოფილებულიყო. მაგრამ 2014 წელს, მას შემდეგ, რაც პუტინი მის სამშობლოში შეიჭრა, ზელენსკიმ უკრაინის დასუსტებულ არმიას ფული გადაურიცხა — ამ ნაბიჯით ის რუსეთის მთავრობის თვალში მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩაეწერა.

ზელენსკიმ თავისი საპროდიუსერო კომპანია კიევში გადაიტანა და უკრაინული ენის სრულყოფილად დაუფლება დაიწყო. ეს არ ყოფილა სამშობლოს მიწისადმი "სისხლის ყივილის" გრძნობის შედეგი. ეს იყო მიზანმიმართული ნაბიჯი, გვერდში ამოსდგომოდა იმ ქვეყანას, რომლადაც მის თვალში უკრაინა გარდაიქმნებოდა — კოსმოპოლიტური ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთის ავანპოსტად; ადგილად, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ებრაული წარმოშობის, ვოდევილური წარსულის მქონე ადამიანი პრეზიდენტად აერჩიათ. ის, რომ გარკვეულწილად აუთსაიდერი, ზელენსკი ერის წინამძღოლი გახდა — და მზადაა, მისთვის თავი გაწიროს — ალბათ ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა იმის, რომ მისი ხედვა ახდა.

როცა ზელენსკიმ ვაშინგტონს ემიგრაციაში გაყვანის შეთავაზებაზე უარი უთხრა, ეს არ ყოფილა თავისთავად ნაგულისხმევი გადაწყვეტილება. როცა გერმანია საფრანგეთს თავს დაესხა, შარლ დე გოლი ლონდონში წავიდა. ან უფრო ახალი მაგალითი ავიღოთ: ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ქაბულიდან გასაფრენად მზად ვერტმფრენში იმ წამს ავიდა, როგორც კი ხმა დაირხა, რომ ქალაქში თალიბანი შევიდა. და, მართლაც, ვინ გაამტყუნებს მათ? ადამიანთა უმრავლესობა არჩევს, მტრებმა მათი ცხედარი შუქნიშნის ბოძზე არ ჩამოკიდოს — ეს ერთგვარი ისტორიული კანონზომიერებაა, რომლის გონებიდან გადაგდებაც ძნელია.

უკრაინაში ქვეყნის ლიდერის სამშვიდობოდ გაყვანა მოსალოდნელი გადაწყვეტილება იქნებოდა. სწორედ ასე მოიქცა მისი წინამორბედი ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა მოსკოვში გაქცეულმა პრეზიდენტმა უკან მდიდრული მანქანებითა და სირაქლემებით სავსე სასახლე დატოვა. უკრაინული დემოკრატიის წარსული წარუმატებლობის მიზეზი ის ნაპრალი იყო, რომელიც ელიტასა და დანარჩენ ხალხს შორის არსებობდა. სწორედ ელიტა იღებდა სარგებელს სახელმწიფოსგან, ისინი აგროვებდნენ საეჭვო გზებით მოპოვებულ ქონებას საფრანგეთის ვილებში და კვიპროსის საბანკო ანგარიშებზე მაშინ, როცა მათი თანამოქალაქეები სტაგნაციაში იყვნენ. ზელენსკიმ ეს ნაპრალი ამოავსო. მას არ ელოდება კერძო ვერტმფრენი. ამგვარად, თავისი თანამდებობით ხელმისაწვდომი უპირატესობებით სარგებლობის ნაცვლად, ის იმავე ტერორს და დანაკარგებს იტანს, რომლის გაძლებაც მის თანამოქალაქეებს უწევთ.

ერთი კვირის წინ სულაც არ იყო ცხადი, რომ მთელი სამყარო უკრაინას გვერდში დაუდგებოდა. არც ის იყო ცხადი, რომ უკრაინელები ქვეყნის დაპყრობის მცდელობას გაერთიანებული წინააღმდეგობით აღუდგებოდნენ წინ. რა თქმა უნდა, მრავალი მიზეზი არსებობს, რატომ შემობრუნდა ამ მიმართულებით მოვლენები. მაგრამ რთულია უახლოესი წარსულიდან სხვა ისეთი მაგალითის გახსენება, როცა ერთმა ადამიანმა სრულად ამოაყირავა კოლექტიური მოლოდინები იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდა და ხალხისადმი მსახურების ისეთი შთამაგონებელი მაგალითი დაგვანახა, რომ ყველასთვის თვალსაჩინო გახდა კონფლიქტის ნამდვილი არსი.

25 თებერვალს ზელენსკიმ გამოაქვეყნა სმარტფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ქუჩაში დგას, სახეს წვერის თხელი ფენა უფარავს და სახელმწიფოს მმართველი პირები ჰყავს გარშემო შემოკრებილი — პოლიტიკური ელიტისთვის დამახასიათებელი მიუვალობისგან შორს. "ჩვენ ისევ აქ ვართ", — უთხრა მან თავის ხალხს. და მე ვლოცულობ, რომ ეს ხვალაც ასე იყოს.