სანქციების თავიდან ასარიდებლად რუსმა მილიარდერებმა შესაძლოა, კრიპტოვალუტები გამოიყენონ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთს ძლიერი სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანია, ქვეყანას ბიზნესის დოლარებსა და სხვა მნიშვნელოვან ვალუტებში წარმოება შეეზღუდოს. ასევე, იგი მოიცავს რუსეთის ხუთი ბანკის შეზღუდვას, დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის გზით. შეზღუდვები შეეხება რუსეთის მაღალი წრის საზოგადოებასა და მათი ოჯახის წევრებსაც. ეს ყველაფერი კი იმ სანქციებს ემატება, რომლებიც ოკუპანტს კვირის დასაწყისში დაუწესდა.
ასევე: განახლებადი: რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქცია ერთად ანუ მსოფლიოს პასუხი პუტინს
თუმცა, სანქციებს, შესაძლოა, ნაკლები წონა ჰქონდეს ქვეყანაში, რომელიც კრიპტოვალუტის ლეგალიზებისგან დგამს ნაბიჯებს და სადაც ციფრულ აქტივებს უკვე ფართოდ ფლობენ. ზოგადად, ქვეყნები სანქციების თავიდან ასაცილებლად ფიზიკურ მეთოდებს იყენებენ. ამის მაგალითს წარმოადგენენ ვენესუელა და ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც საწვავის გადასატანად ამ უკანასკნელს გემიდან გემზე გადასცემენ, თუმცა ციფრული აქტივები, როგორიც კრიპტო და დეცენტრალიზებული მიმოცვლაა, შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი გზა აღმოჩნდეს.
"ბიტკოინის ქსელში რაიმე სახის ცენზურას ვერც დიქტატოები შეხვდებიან და ვერც ადამიანის უფლებათა დამცველები", — განაცხადა მეთიუ სიგელმა, ციფრული აქტივების კვლევის ხელმძღვანელმა VanEck-ში.
აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ცალკეული ფიზიკურ პირებისა და კომპანიებისთვის დაწესებულმა სანქციებმა, შესაძლოა, ისინი დასავლეთ სამყაროსგან გარიყოს. მილიარდერები, რომელთა ნაწილი უკვე სამიზნეში ამოიღეს, სავარაუდოდ, შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას კრიპტოვალუტის გამოყენებით შეძლებენ. ეს უკანასკნელი, ტრანზაქციების ანონიმურობისთვის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს. ციფრული ვალუტის გამოყენებით, შესაძლოა, მილიარდერებმა პროდუქტისა და სერვისების შეძენა, ასევე რუსეთის გარეთ აქტივებში ინვესტირებაც შეძლონ, და, ამავდროულად, იმ ბანკებსა და დაწესებულებებს დააღწიონ თავი, რომლებიც სანქციებს იცავენ და რომლებსაც მათი ტრანზქციებისთვის თვალის დევნება შეუძლიათ.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ფულის ევოლუცია — კრიპტოვალუტები
"თუ ორ ადამიანს ან ორ ორგანიზაციას ერთად უნდა ბიზნესის წარმოება და ბანკები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ, იგივეს გაკეთება ბიტკოინით შეუძლიათ", — ამბობს მატი გრინსპენი, საფინანსო საკონსულტაციო კომპანია Quantum Economics-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. "თუ მდიდარ ადამიანს აწუხებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა, სანქციების გამო მისი ანგარიშები გაიყინოს, ამის თავიდან ასაცილებლად მას საკუთარი ქონების ბიტკოინებში შენახვა შეუძლია".
ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა ტრანზაქციებიც მესამე მხარის გავლით ხორციელდება, რომლებსაც, თავის მხრივ, მათი დაბლოკვა, გაყინვა და თვალყურის დევნება შეუძლიათ, კრიპტოვალუტები პოტენციურად, შესაძლოა, ერთი პირიდან პირდაპირ მეორეს გადაეგზავნოს, ნებისმიერი სახელმწიფო სანქციების თუ შეზღუდვების მიუხედავად, მესამე მხარის მეთვალყურეობის გარეშე.
გარდა ამისა, კრიპტო მფლობელებს შეუძლიათ რამდენიმე მიმოცვლაში კრიპტო საფულეების ქსელის შექმნა სხვადასხვა მისამართებით, რაც განსაკუთრებით რთულს ხდის მათი ტრანზაქციებისთვის ან ნებისმიერი აქტივობისთვის თვალის დევნებას და კიდევ უფრო რთულია რომელიმე ტრანზაქციის დაკავშირება მის წყაროსთან. დამატებით, მათ შეუძლიათ კრიპტოვალუტის ისეთი მიმოცვლის არჩევა, რომელიც სანქციების დამწესებელთა იურისდიქციით გათვალისწინებული არაა და, შესაბამისად, მათ არც რეგულაციების დაცვა სჭირდებათ.
თუმცა, აქტივების კრიპტოდან ისევ ტრადიციულ ვალუტაში გადაყვანა, ექსპერტების თქმით, მარტივი არაა, რაც სავაჭრო ნაღდ ფულს ნაკლებ ხელმისაწვდომს ხდის. იმისთვის, რომ იმ ბანკებს, ან თუნდაც ცენტრალიზებულ ბირჟებს აარიდონ თავი, რომლებიც სანქციებს იცავენ, ფიზიკურმა პირებმა თუ კომპანიებმა უნდა დაარწმუნონ ის სერვისები, რომლებსაც ბიზნესისთვის იყენებენ, რომ მათთვის ციფრული გადახდა დაუშვან, რაც, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს.
მდიდარი რუსები, რომლებიც სანქციები შეეხოთ, "ის ადამიანები არიან, ვინც კრემლის პოლიტიკით პირადად ისარგებლეს, ამიტომ ეს ტკივილი მათაც უნდა გაიზიარონ", — განაცხადა ბაიდენმა ხუთშაბათს. "ჩვენ კორუმპირებული მილიარდერების მიმართ ამ ზომების მიღებას შემდეგ დღეებშიც გავაგრძელებთ".
ხუთშაბათამდე სანქცირებულ არცერთ მილიარდერს აქამდე საჯაროდ არ განუცხადებია, არიან თუ არა კრიპტო მფლობელები.
კრიპტო ინვესტიციების კომპანია ProChain Capital-ის პრეზიდენტის, დევიდ ტეივილის თქმით, არსებობს გზები, რომელთა გამოყენებითაც, ცენტრალიზებულ მიმოცვლაში, მთავრობებს რეგულაციების დაწესება კრიპტო მფლობელებზეც შეუძლიათ.
კროპტო მიმოცვლის კომპანია FTX US-ის პრეზიდენტის, ბრეტ ჰარისონის თქმით, ის ვარაუდი, რომ ფულის გათეთრება კრიპტოვალუტის საშუალებით უფრო მარტივია, მცდარია. იგი განმარტავს, რომ კრიპტო მიმოცვლას წვდომა აქვს გარკვეულ ტექნოლოგიებზე, რაც სანქცირებული ქვეყნების მოქალაქეების საფულეების თვალის დევნებისა და სკრინინგის საშუალებას იძლევა.
ასევე, რთული იქნება კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტად გარდაქმნა ცენტრალიზებული მიმოცვლის გზით ბანკებისგან თავის არიდების გარეშე — არსებითად, ეს მათთვის ხარჯვას ართულებს.
კომენტარები