ომი უკრაინისთვის: დღე პირველი
მთავარი, რაც უნდა გვესმოდეს ის არის, რომ ამ დღისთვის რუსეთის ჯარი აქტიურად ემზადება ბოლო 3 თვეა და პასიურად ემზადებოდა ბოლო 14 წლის განმავლობაში, ჩვენთან ომის მერე. ეს იყო ზამბარა, რომელიც დაჭიმეს, დაჭიმეს, დაჭიმეს — გაამზადეს, შეარჩიეს მომენტი, შეარჩიეს კუთხე, მიმართულება და... გაისროლეს.
რუსეთის ჯარი იყო ყველაზე "მაგარი" პირველ დღეს, პირველ წუთს, პირველ წამს — მიზანი ეს იყო, შოკური დარტყმით ჩამოეშალა მოწინააღმდეგე.
დღის ბოლოს ყველა მეგობარი მწერდა - "სად არის 150 000 ჯარისკაცი?".
ადამიანებს შეგრძნება გვაქვს, რომ 150 000 ქვეითი უნდა უტევდეს და რომ ეს რაოდენობა უნდა "იგრძნობოდეს" ვიდეოებზე და უკრაინელების აღწერებში. მთელი ეს დროა, ყველა, ვისაც საქმეში ჩაგვეხედება, გავიძახით, რომ 150 კი არა, ნახევარი მილიონი არ არის საკმარისი იმ ფართობის დასაფარად, რომელზეც რუსები განაწილდნენ უკრაინის გარშემო. კოალიცია რომ კუვეიტის გასანთვისუფლებლად უტევდა ერაყს, მილიონიანი ჯარი მიაყენა.
სუფთად ქვეითი ჯარი რუსულ ჯარში მხოლოდ მესამედია. დანარჩენი არის მომარაგება, კვება, ინჟინრები, ოფიცრობა, მძღოლები, რაღაცის ოპერატორები და ა.შ. გვატყუებს ჩვენ ყური, "ას-ორმოცდა-ათი-ათასი" როცა გვესმის. ამას გავიძახით 2008 წლიდან მოყოლებული, ის ადამიანები, ვისაც გაგვეგება, რომ რუსული ჯარი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც წარმოგიდგენიათ: რუსები 50 ათასზე როგორც ლაპარაკობენ, მაგავე ჭრილში დასავლეთის ქვეყნები მილიონზე საუბრობენ ხოლმე. იმიტომ, რომ შეუძლებელია, მსხვილ ქალაქს შეუტიო 3000 კაცით და — თუ ის ქალაქი თავდაცვას აპირებს, მოერიო. (ხარკოვზე 3000 მოვკალითო, რომ თქვა უკრაინის სამინისტროს PR-მა, სინამდვილეში ვერ გაიგო იმ ადამიანმა და სამხედროებმა რომ უთხრეს "3000 გვიტევდა და მოვიგეთო", ამან ჩათვალა, რომ 3000 მოკლეს. უნდა ვისწავლოთ ასეთების ანალიზი ნელ-ნელა და არ ავშეაროთ სისულელე პროპაგანდა, რომელიც იმდენად სისულელე გამოუვიდა, რომ ცხადი გახდა, უბრალოდ ვერ გაიგო, თორემ ძალით ასეთ რამეს ვერ იზამდა).
150 ან თუნდაც 200 ათასი რომ განაწილდა მთელ საზღვარზე (იქედან მხოლოდ ⅓-ია უშუალოდ მებრძოლი), ამდენ მიმართულებაზე, ამდენ ფრონტზე, დაიკარგა კონცენტრაცია და დაიკარგა ერთიანი მუხტის შექმნის საშუალება.
მხოლოდ პირველი დღით ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ პირველი სამი დღის ჯამში, რაც შედეგი დადგება, ეგ იქნება 14 წელი რუსების "დაჭიმული ზამბარის" "დამსახურება", რომელმაც გაისროლა და, დამიჯერეთ, საოცარი სადესანტო ოპერაცია დადეს გუშინ ვერტმფრენებით: ეგ ოპერაცია ისტორიაში შევა, ფილმებს გადაიღებენ და თუ ვინმე გადარჩა იმ 200 კაციდან, ვინც აეროდრომზე გადმოხტა, შვილიშვილებს მოუყვებიან თავის გმირობებს, თან დამსახურებულადაც. ოღონდ მასეთ ოპერაციებს ამერიკა, რომელიც მილიონიანი კონტიგენტით იბრძოდა ვიეტნამში, ყოველ კვირას ატარებდა.
ეს ჩვენთვის იყო "საოცარი სანახავი", იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ჯერ არ მომხდარა და ჩემს თაობას ცოცხლად არ გვინახავს და სმარტფონები არ არსებობდა ვიეტნამის დროს, 10 რაკურსიდან გადასაღებად და პირველად ვნახეთ 25-ვერტმფრენიანი საბრძოლო რეიდი. ქალაქთან, რომელშიც ბევრ ჩვენგანს გვიცხოვრია. თორემ სინამდვილეში ეკონომიკურად ძლიერი და დიდი ჯარის მქონე ქვეყნებისთვის ეგეთი ოპერაციები ყოველდღიურობაა. და ერთ რეიდზე დაკარგული სამი თანამედროვე ვერტმფრენი — უზარმაზარი დანაკარგი რუსეთისთვის (რომელსაც ეს თანამედროვე ვერტმფრენები თვლით აქვს) და უზარმაზარი დემოტივატორი პილოტებისთვის, რომლებიც ბევრს იფიქრებენ, როცა მეორე მასეთ რეიდზე წამოსვლას უბრძანებენ. რეიდზე, რომელიც თან "არაფრით" დასრულდა, იჯდა ის 200 ყველაზე კარგად მომზადებული კაცი კიევის ჩრდილოეთით აეროდრომთან, დახარჯა უკრაინამ 5 საათი და გაანადგურა ბოლოს.
მოკლედ, პირველი დღე, უფრო სწორად, პირველი დღეები არის დრო, როცა რუსეთი გაიბრწყინებს, იმიტომ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერი მოიკრიბა იმისთვის, რომ ამ პირველ წუთებში გაესროლა.
რუსეთის მიზანი უნდა იყოს, სანამ ამ ტალღაზეა, მანამდე მიაღწიოს წარმატებას:
- სანამ გულში ცეცხლი გამოელიათ ჯარისკაცებს და დაღუპული ძმაკაცების შემხედვარე გული აუცრუვდათ;
- სანამ ტექნიკის უმეტესობა გაფუჭდა (ყველა ტექნიკა ფუჭდება, ყველა ქვეყნის და არმიის, მით უმეტეს, როცა ამხელა მანძილები აქვთ დასაფარი, ბრძოლის ქვეშ თანაც, მით უმეტეს, რუსულ ტექნიკაზე ვლაპარაკობთ);
- სანამ ყველა ბატალიონში დანაკარგები გაჩნდა და სტრუქტურა აირია;
- სანამ ახალი დაზეთილი ტექნიკა ისევ დასაზეთი გახდა (მძიმე ტექნიკის უმეტესობის სვლის რესურსი 500 კილომეტრია, მერე კი კაპიტალური რემონტი სჭირდება, უჰუ, არ მოგესმათ, 500კმ წინ კი არა, 500 კმ სულ, მარჯვნივ-მარცხნივ გორაობაც ითვლება… ცუდ გზაზე - კიდევ უფრო ნაკლები, რაიმეს აფეთქება ახლომახლო? - კიდევ მინუს რესურსი…);
- სანამ მოწინააღმდეგე, რომელმაც მოახერხა და არ სჯეროდა, რომ თავს დაესხმებიან და არ იყო საკმარისად მზად, გონს მოეგო;
- სანამ უკრაინელებმა ხიდები ააფეთქეს;
- სანამ ხალხი "სადღაც გარბის" და გზების დანაღმვა ვერ ხერხდება;
- სანამ უკრაინა გადაეწყო საომარ "ადათზე" და შეწყვიტა იარაღის "საწყობებში", ხოლო ჯარის "ბაზებზე" შენახვა;
- სანამ არის "წერტილოვანი კონცენტრირებული მიზნები", რომ რაკეტა დაარტყა და შედეგი მიიღო (და არა უბრალოდ სამოქალაქო მოსახლეობა გაამწარო და მოწინააღმდეგე გააცოფო);
- სანამ ჩვეულებრივ უკრაინელ მოქალაქეს იარაღი არ უკავია და საერთოდ ჯერ ფიქრობს, რა ქნას;
- სანამ კაცებს ქალები და ბავშვები მიჰყავთ პოლონეთის საზღვრისკენ და არ სცალიათ (რაც ცალკე დებილობაა და უნდა გადავეჩვიოთ, უკრაინელებიც და ჩვენც, ქალებმაც იციან აწი მანქანის ტარება, არაა საჭირო გაცილება და საცობში მწყობრად დგომა პირველ დღეს);
- სანამ ყველა უკრაინელ ოჯახს ვინმე ნათესავი არ დაეჭრა "გრადებით" დაბომბვისგან და შემოჭრილ მტერზე გაცოფება ვერ მოასწრო ჯერ...
ამიტომ რუსებს სჭირდებათ "ძალის გამამრავლებლები", რომელთა მოქმედების უმეტესობაც შეზღუდულია დროში.
ასეთი ძალის გამამრავლებლებია:
- მოულოდნელობა
- დეზინფორმაცია
- მოწინააღმდეგის შიში
- მოწინააღმდეგის დეზორგანიზებულობა
- მშვიდობიანი მოსახლეობის ფეხებში აბლანდვა
- სიჩქარეში და გაურკვევლობაში დანაკარგები
ნელ-ნელა ამ ყველაფერს დაალაგებს უკრაინა, და რაც უფრო დაალაგებს, იმავდროულად რუსეთის დაჭიმულ ზამბარას შემოეფცქვნება მუხტი. ამიტომ, რუსეთმა უნდა მოასწროს, გატეხოს უკრაინა და აიძულოს ზელენსკის ან დანებდეს, ან მთავრობასთან ერთად გაიქცეს, ან განხეთქილება მოხდეს, იმისთვის რომ უკრაინამ დე-ფაქტო წინააღმდეგობა შეწყვიტოს.
ყოველი შემდეგი დღე დაასუსტებს რუსეთს და გააძლიერებს უკრაინას.
რუსული ჯარი არის საექსპედიციო ძალა, რომლებმაც უზარმაზარ ტერიტორიაზე უნდა დააორგანიზონ შეტევა, რომლის ორგანიზების "პიკიც" იყო პირველი დღე — როცა ყველა ტანკი გამართული იყო, ყველა გრადში ყველა ჭურვი დატენილი იყო და ყველა ჯარისკაცი ჯანმრთელი იყო, ჰოსპიტალები კი — ცარიელი.
უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც მთელი მსოფლიოს "დივანის ექსპერტებმა" ვერ დავაჯერეთ მარტივი ფაქტი, რომ რუსები თავს დაესხმებოდნენ. ჩემი ორი მეგობარი იყო კიევში გუშინ და... ორივეს ეძინა! მე მეღვიძა: ღამის 3 საათზე სპეციალურად ავდექი მაღვიძარათი იმიტომ, რომ 4-ზე შეტევას ველოდი (მაგრამ არ დავფიქრდი, რომ 4-ზე უკრაინის დროით იყო და ამიტომ 3 საათი ველოდე კიდევ). შეტევას ველოდი, იმიტომ, რომ საჰაერო სივრცე დაკეტა რუსეთმა, მანამდე კი — საზღვაო, "დაგროვდა შეტევის მარკერები" (მანამდე არც ერთი ღამე არ გამითენებია "მოლოდინში", მანამდე საკმარისად არ მჯეროდა).
და უკრაინაში, კიევში, ხალხს ეძინა! - არ ველოდითო!
თბილისის გარშემო რომ ხდებოდეს ის, რაც წინა 3 თვის განმავლობაში უკრაინის გარშემო გორდებოდა, 2 კვირის ჩამჯდარი ვიქნებოდი სანგარში უკვე და იქედან ვიმუშავებდი ლეპტოპით.
გამომაშტერეს, რომ დამირეკეს გუშინ, ვაიმე, ეს რა იყო, რა აფეთქდაო, ომი დაიწყოო? — მეთქი ხო!!! - პუტინმა ტელევიზორიდან გამოგიცხადათ ომი ბიჭო, ავოიე, გაიღვიძე!
მარიუპოლის შიდა ფორუმზე, ვისაც ეღვიძა, ერთმანეთს უწერდნენ "დაიკიდეთ, დავიძინოთ, დღესაც არაფერი არ იქნებაო" — აფეთქებები ესმოდათ (ცოტა ქაოტურად დაიწყო დილას არტილერიამ მუშაობა, პუტინის განცხადებამდე ერთი საათით ადრეც იყო სროლები) და მაინც წამო, დავიძინოთო, წერდნენ!
არც ერთ ჩემს მეგობარს, არადა ორივე "დივანის სამხედრო ენთუზიასტია" — მომზადებული არ ჰქონდა საწვავი მანქანაში! - არ ჰქონდა ჩალაგებული ზურგჩანთა! (ქართველები არიან, მოდიან აქეთ). და მერე დილას დარბოდნენ კიევში, ეძებდნენ ბენზინგასამართ სადგურს, გარბოდნენ ძმაკაცის ასაყვანად და მოლდოვაში მოსახევად, იმიტომ, რომ ყველა პოლონეთისკენ გარბის და საცობებია.
რანაირად მოახერხა უკრაინამ, რომ არ სჯეროდა. რანაირად მოახერხა ზელენსკიმ, რომ თავის თავსაც და ხალხსაც ეს დააჯერა?
ამას ცალკე გამოიძიებს ისტორია: რა ჯობდა: ის რომ "ეკონომიკა კიდევ ერთი კვირა ვითომ ძაან არ იყო ჩამონგრეული, იმიტომ, რომ ზელენსკი ამშვიდებდა"? თუ — ის, რომ მომზადებულიყო ქვეყანა და რუსულ "დასხლეტილ ზამბარას" მომზადებული დახვედროდა: სანგრებში და გატენილი იარაღით?
ნებისმიერი ჯანმრთელი ქვეყანა საომარ მდგომარეობას გამოაცხადებდა მილიონი წინასწარი "ტრიგერის" მერე, მობილიზაციას დაიწყებდა და პოზიციებს გაამზადებდა, გზებს ჩაკეტავდა და ა.შ. კი, ეს არევდა ქვეყანას, გააჩერებდა ეკონომიკას, მაგრამ სხვა გზა მაგ დროს არ არის, როცა შენი მტერი "ყველა სვლას აკეთებს საჩვენებლად, რომ თავს დაგესხმება", იძულებული ხარ, აჰყვე, დაიჯერო და ყველაფერი ქნა იმის საჩვენებლად, რომ "თავს დაიცავ". და კი, თუ ეს გადაგარჩენს და არ დაგესხმება — გამოვა, რომ ტყუილად დააქციე ეკონომიკა, მაგრამ იმას ხო ჯობია, რაც ახლა ხდება?
ამაშია უბედურება: თუ კარგად ემზადები ომისთვის, მტერი არასოდეს შემოდის და ამიტომ ისე ჩანს, თითქოს ტყუილად ემზადებოდი (და დემოკრატიულ ქვეყნებში მუდმივად ემდურის ხალხი მთავრობას, რაში ვხარჯავთ ფულს და დროსო და უშვებს მარილზე) და თუ ცუდად ემზადები და ჩანს, რომ "დებილურად იქცევი და სუსტი ხარ", მტერს იმედი უჩნდება, მოვერევიო და ბოლოს მართლა გესხმის თავს.
ახლა გვაქვს ეგეთი განტოლება: მოასწრებს "გაკვირვებული უკრაინა" ძალის მოკრებას და ფეხზე სრულად წამოდგომას, თუ დანებდება რუსული დაზეთილი ტანკების წნეხის ქვეშ?..
და მეორე მხრიდან: მოასწრებს რუსეთი, დააჩოქოს უკრაინა, სანამ თავის საუკეთესო ფორმაშია, თუ გამოეცლება "პოროხი" და უკრაინა მაინც არ გატყდება?..
სწორად უნდა გესმოდეთ, უკრაინა რომ ფეხზე წამოდგება, სუფთად მებრძოლების რაოდენობის მხრივ, შანსი რუსეთს კი არა, აღარავის ექნება პლანეტაზე. ოღონდაც მანამდე არ ჩამოიქცეს
და, სწორად გაიგეთ, პირველი 2-3 დღის მერე რუსეთის ძალა კლებისკენ წავა:
- ლოჯისტიკური(მომარაგების) პრობლემები ათმაგად გართულდება
- გაწელილი ფრონტი
- დაჭრილები
- დაზიანებული საბრძოლო საშუალებები
- სისრულე და ძალა დაკარგული ბატალიონები
- მოსაგვარებელი პრობლემები დაპყრობილ სამოქალაქო ობიექტებზე
- წყობიდან თავისით გამოსული ტექნიკა
- ჩამორჩენილი არტილერია
- შეშინებული ავიაცია
- ნელ-ნელა გაფანტული დეზინფორმაციის ბოლი და ა.შ.
ამიტომ არის, რომ პირველი დღეები კრიტიკულია უკრაინისთვის. თუ უკრაინა ამ პირველ დღეებს გადაიტანს, დიდი შანსია, ყველაფერი გადაიტანოს და თუ ყველაფერს გადაიტანს, შეიძლება იქეთ გახდეს სანქციები უკრაინაზე დასადები, რუსეთიდან გამოდითო.
არა, ნუ, სწორად გამიგეთ: რუსეთი, როგორც History Channel-ის სიუჟეტში რამდენიმე წლის მერე მოყვებიან: was at it's prime გუშინ დღისით. და დამიჯერეთ Russian army was spectacular (ყურებში მესმის, როგორც იტყვის დიქტორი). არ ვხუმრობ, მილიტარისტის გადმოსახედიდან, გუშინდელი სარაკეტო იერიშები იყო "ძალიან მაგარი". სატანკო გარღვევები და დნიპროს გადაკვეთა შტურმით, იყო "ძალიან მაგარი"; მცირე ჯგუფები, რომლებიც დიდ ქალაქებში თარეშობდნენ და პანიკას თესავდნენ, იყო "ძალიან მაგარი". დეზინფორმაციული მანქანა — იყო "ძალიან მაგარი", ვერტმფრენების დესანტი — იყო "ძალიან მაგარი", მაგრამ ეგ იყო "ყველაზე მაგარი დღე" რუსებისთვის, დღე, რომლისთვისაც ამდენი ხანი ემზადნენ და დღე, როცა თავისი "სიმაგრით" უნდა ჩამოენგრიათ უკრაინა. ნუ, სინამდვილეში ნუ გადავახტებით მოვლენებს: პირველი 2-3 დღე იქნება ეგ "დღე" ჯამში, მართლა ერთ დღეში კი ვერ ჩატევდნენ ყველაფერს, მაგრამ... სულ ეგ არის.
დღის ბოლოს მილიტარისტების ფორუმებზე წერდნენ :"Russia, is that it?"-ო.
თუ უკრაინა კიდევ 2-3 დღე გაძლებს, ნელ-ნელა ამ ფრაზას ყველა გავიმეორებთ — სულ ეს იყო რუსული დათვის, დასვენებული, მომზადებული, ნავარჯიშები, ქვემეხებდატენილი, კარგად ნაჭამი და სუფთა ფორმაში ჩაცმული რუსული დათვის ტორის მოქნევა?. მილიტარისტები სულ ვამბობდით ამას: რომ კი, სულ ეს არის, რომ რიცხვები გაშინებთ თქვენ, რიცხვები, რომლებიც მილიტარისტულ სამყაროშო საკმაოდ საწყალი რიცხვებია, ხალხო, მაგრამ სინამდვილეში "ჩექმები მიწაზე" კიდევ ბევრად ნაკლებია. მაგრამ ნუ, ადამიანის ფსიქიკა ეგეთია, ვისაც არ ესმის საკითხი, მათთვის საშინლად ჟღერს და საქართველოს ზომების გამო, ნებისმიერი რიცხვი დიდია.
დაიწყეს აფხაზეთში განთავსებული ტექნიკის მატარებელზე დატვირთვა და უკრაინისკენ წაღება (რაზეც ჩვენმა მედიამ ვერ გაიგო, რა მოხდა და "ჰაიპის გულისთვის" პირიქით სტატია დაწერეს, მატარებელზე შემოდეს ტექნიკა რუსებმაო და ჩვენებმა სტატია დაწერეს, აფხაზეთში ტექნიკა ამოძრავდაო. ხო, კი, თბილისში მოაქვთ — მატარებლით). რაც მეტხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტ რუსულ ძალას "აიწოვს" დანარჩენი მიმართულებებიდან და დასუსტება თვალშისაცემი იქნება. და რამდენი "შევსებაც" არ უნდა მიიყვანოს რუსეთმა უკრაინაში - "ისეთი მაგარი" ვერ იქნება, როგორიც პირველ დღეებში იყო, იმიტომ, რომ აზელილი ჯარი, გაფანტული ფრონტი, "შეტენილი ლოჯისტიკა" და "სადღაციდან მოყვანილი მეორეხარისხოვანი ტექნიკა და ჯასრიკაცები" აღარ არის ის, რაც პირველ დღეს იყო (დღე კრებითად, სულ გავიმეორებ, ანუ - გუშინ, დღეს, ხვალ, პირდაპირი გაგებით - ხვალაც და მერე სხვა ამბავი იქნება): რუსეთის მეორე ბოლოდან წამოყვანილი საუკეთესო ბატალიონები, დაზეთილი ტექნიკა, ნაჭამი პროფესიონალი საკონტრაქტო სამხედროები, ტექნიკის საუკეთესო მოდელები და ამ ერთი დარტყმისთვის მომზადებული ყველაფერი.
სულ ეს არის: წვევამდელი 18 წლის ბავშვები არ არიან მანდ, დახეული ფორმები არ აცვიათ, რას აკეთებენ, კარგად იციან — ესაა, რაც ჰყავს რუსეთს, ყველა მიმართულებიდან მოიყვანა და მანდ მოაგროვა, ერთად ავარჯიშა, თუ რამე დააკლდათ, მიაწოდა. ეგ არის, რაც არის რუსული ჯარი.
რუსეთმა დაუშვა მთავარი შეცდომა, რომელიც თან გარდაუვალი იყო: გაფანტა ძალები, რის გამოც ვერ მოახერხა ვერც ერთ მიმართულებაზე ისეთი გამანადგურებელი "გადავლა", რომ უკრაინაში პანიკა დაწყებულიყო. არადა, რომ არ გაეფანტა — ერთ მუშტად, თუ უკრაინა დაცვას დააპირებდა და წინ ამდენივე ჯარს დაუყენებდა, ვერც მაშინ მიაღწევდა წარმატებას.
ამიტომ იყო გარდაუვალი – ალყაში უნდა მოექცია უკრაინა და ჯარი გაფანტული გამოვიდა. ამიტომ, რუსეთის მხრიდან მცირე ჯგუფებმა, პირადი ვაჟკაცობის და ტექნიკის უპირატესობის ხარჯზე უნდა მიაღწიონ გადამწყვეტ წარმატებას — არათანაბარ ბრძოლაში (არათანაბარში იმიტომ, რომ როცა უტევ, 5-ჯერ მეტი უნდა იყო, რომ "თანაბარი" ბრძოლა გამოვიდეს).
ხოდა, რუსული ტექნიკა ოდნავ ძველ რუსულ ტექნიკას საკმარისად არ ჯობია (ანუ აბრამსები გადაუვლიდა T64-ებს, მარა T72 ვერ უვლის ზედ… და მოდიფიკაციები ორივე მხარეს აზელილად ჰყავთ და რომელი რას ჯობია, თვითონ ვერ იგებენ. საერთო ჯამში — ტექნიკა ორივე მხარეს ერთი ნაგავია, ამაზე თანხმდებიან თვითონვე).
რუსი ჯარისკაცი უკრაინელზე ვაჟკაცი არ არის.
რუსი ჯარისკაცი ნაჭამი მარტო პირველ დღეს იყო, უკრაინელი სახლშია — ბევრად დიდხანს იქნება ნაჭამი.
რუსებმა მთელი "ბრაზი" პირველი წამისთვის მოიკრიბეს, უკრაინელი ჯერ დაბნეულია. რომ დაეღუპება დედა და და, მერე ნახავენ, რა გიჟები არიან გაბრაზებული უკრაინელები, რომლებიც სახლს იცავენ.
რუსებს დაეხმარებათ, თუ ერთ ან ორ ფრონტზე "გადაუარეს" უკრაინელებს და ჩაბარება დაიწყო უკრაინამ იმ სექტორზე. ეს ჯარების გაერთიანების საშუალებას მისცემს. უკრაინელებს — დაეხმარება ყოველი შემდეგი გაძლებული საათი, იმიტომ, რომ მართლა ბევრი უკრაინელი სამხედრო ეჭვობს; მართლა მუშაობს ის პროპაგანდა, რომ სლავები ვართ ჩვენც, თქვენ კი არ გერჩით, ზელენსკის მოშორება გვინდა, დადე იარაღი, წადი სახლში, მერე ჩემთან ერთად იმსახურებ ერთ კვირაში უკვე რუსულ ჯარშიო. მაგრამ რაც მეტი დრო გავა, ყველა სამხედრო უფრო ირწმუნებს, რომ თუ სხვა იდგა ბოლომდე — შენც უნდა იდგე ბოლომდე, რომ არ გავრბივართ არავინ და არ დაგაღალატებენ შენი ძმები და მარტო არ დარჩები (სხვა ფრონტი არ ჩაბარდება ანუ).
კი, შეიძლება ხარკოვი ბოლოს დაეცეს, მაგრამ ამასობაში თუ მორჩა უკრაინაში "ხალხის გზებზე გრიალი გასაქცევად", თუ მოხერხდა მობილიზაცია, თუ მოესწრო უკრაინელების მხრიდან ძალების მოკრება და იარაღის დარიგება, მერე ხარკოვი თვითონ გაითავისუფლებს თავს 1-2 კვირაში.
რუსები ძალიან, ძალიან პატარა ძალებით არიან შესული რეალურად უკრაინაში, ერთი ხარკოვის დაკავებასაც შეიძლება არ ეყოს ეს ძალები. ამერიკა რომ იყოს, მთელი რუსეთის არმიის რაოდენობა ხალხი მარტო ხარკოვის მიმართულებაზე იქნებოდა საჭირო. და ამერიკული ტექნიკა და ორგანიზაცია ჯობია რუსულს, დაზვერვაც ჯობია და საერთოდ პუნქტი არ არის, რომელშიც ამერიკა არ ჯობია რუსეთს (ეს რუსებს ჰგონიათ, რომ ამერიკელებს "დუხი არ აქვთ", მაგრამ ვისაც ამერიკაში უცხოვრია, იცის, რომ ამერიკა ბევრნაირი არსებობს, და შუა და სამხრეთელი შტატების ამერიკელები რუსებზე ნაკლებად "გიჟები და დებილები" არ არიან და არც ვაჟკაცობაში ჩამოუვარდებიან. ჯარისკაცები არანაკლებ ხისთავიანები ჰყავთ ამერიკელებს, ოღონდ მილიონები, მხოლოდ საზღვაო ქვეითები რუსულ მთელ სახმელეთო ჯარზე მეტნი არიან… და ამერიკას კიდევ ჰყავს თავდაცვის ძალები, რომლებიც მილიონებში იზომება… ფული უნდა ჯარის შენახვას, ვისაც აქვს ფული - იმას ჰყავს დიდი ჯარი).
ხოდა, ამხელა ფრონტზე გაფანტული რუსული ჯარი ტოტალური სისულელეა.
თუ უკრაინა არ დანებდა პირველ დღეებში, რუსეთის მხრიდან მთელი ამ ომის "მუღამი" არის ეფექტის მოხდენა, უკრაინელების შეშინება და "ჩაბარება". რუსების ერთადერთი შანსია, რომ უკრაინა გატყდეს, სანამ რუსეთის ძალა წინასწარ გამზადებულ მაქსიმმუმზეა, ხოლო უკრაინა "დაფანტული" და დაბნეულია.
აი, ეს უნდა ვქნათ ჩვენც, ვისაც იცნობთ უკრაინელს, უნდა მიაწვდინოთ ხმა, რომ გაუძლონ — პირველი დღე იყო ყველაზე უარესი, მეორე იქნება უფრო ადვილი, იმიტომ, რომ რუსების ჯარი გაიფანტა, ტექნიკა დაზიანდა, დაჭრილები გაუჩნდათ, მომარაგება გართულდა, ფორმა გაიხა და ა.შ.. მესამე დღე იქნება უფრო ადვილი, მეოთხე უფრო ადვილი და ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ თქვენ მოძლიერდით და რუსეთი აიზილა. უნდა გადავცეთ, უკრაინული ნაწილები გონს მოვლენ, ხალხი იარაღს აიღებს ხელში და ყველაფერს შეძლებთ-თქო. ყველამ უნდა მიაწვდინოთ ხმა ნებისმიერ უკრაინელს, ვისაც შეძლებთ, რომ პროსტა გაუძელით! - პირველი დღეები გაუძელით, არ დანებდეთ, არ გაიქცეთ, თუ უკვე გაიქეცით — მიტრიალდით უკან, არა უშავს.
შიში ნორმალურია, ყველას ეშინია, პირველად რომ მოვყევი სროლაში, ამას სულ ღიად ვყვები - საშინლად შემეშინდა, სახლში მინდოდა, კომპიუტერზე თამაში მინდოდა (მართლა: ვიწექი, გარშემო ყველაფერი იბომბებოდა, სუნთქვა შეკუმშული მქონდა და მეფიქრებოდა იმაზე, რა მინდა აქ, ჩემი მეგობრები ახლა სახლში კომპთან ზიან და თამაშობენ-თქო). არ ტეხავს, არა უშავს, პირველ ჯერზე 1-2კმ-ს გაიქცევი, სულს მოითქვამ, იხვნეშებ, გულგახეთქილი ივლი,
მერე წყალს დალევ, თვალებში გამოიხედავ, მიხვდები, რომ არც ისეთი საშინელება იყო, როგორსაც ელოდი, შეგრცხვება, ასე როგორ შემეშინდაო და დაბრუნდები უკან (კი, საკუთარ გამოცდილებას ვყვები).
ხოდა აი, უკრაინელები რომ თვალებში გამოიხედავენ, ე, მანდ ინანებს პუტლერი რაც ჩაიდინა,
მარა მაქამდე უნდა გაძლოს უკრაინამ. გაიხსენეთ, ვის იცნობთ უკრაინელს, თუნდაც "ისე გამარჯობის დონეზე" და მისწერეთ, დაურეკეთ, ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ზუმში — ორი სიტყვით აუხსენით, რატომ უნდა გაძლოს, ის კი არა, რომ "მიდი ბიჭო შენ იცი!" - ეგ ვალის მოხდად ჟღერს. არა, აუხსენით, რომ რუსეთი იყო ყველაზე ძლიერი პირველ დღეს, იმიტომ, რომ ემზადებოდნენ მაგისთვის და თქვენ იყავით ყველაზე სუსტი პირველ დღეს, იმიტომ რომ ვერ გაგაგებინათ პლანეტამ, მოემზადეთო. მაგრამ ამიერიდან რუსეთი სულ დასუსტდება და აიზილება, და თქვენ მოძლიერდებით ყოველწამიერად და არ იფიქროთ დანებება, პირიქით — მონაწილეობა მიიღეთ ფეხზე წამოდგომაში-თქო,
კიდე გავიმეორებ — რომ მომზადებულიყო უკრაინა, რომ აეწია პანიკა, გამოეცხადებინა მობილიზაცია, ექნა ყველაფერი, რაც უნდა ქნა, როცა შენი ქვეყანა ალყაშია, შეიძლება ეს სულ არ მომხდარიყო.
ამაშია უბედურება — ტყუილად აწიაო პანიკა, მერე ვიტყოდით და დავცინებდით.
და რო არ აწია პანიკა, ამით გამოვიდა, რომ "მოიწვია რუსეთი" და დახვდა მძინარე.
ესაა მთავარი ამ სიტუაციაში მოკლედ, დანარჩენი ლირიკაა. ლირიკაა ის, რომ მაგარი ოპერაციები ჩაატარა რუსეთმა; ის, რომ უკრაინამ მაინც "მოაგვარა იმ ოპერაციის შედეგები" ძირითადად და ა.შ. ამას ყველა ერთად ვუყურებთ, ჰოლივუდია ოფიციალურად, ნამდვილი მსხვერპლი არ იყოს ნეტა მხოლოდ.
რუსები ნელ-ნელა მიხვდებიან ყველაფერს და "პროპაგანდის გამო" რომ უნდოდათ, გადაგვიღეთ კამერებზეო, ახლა აღარ მოუნდებათ… სადაც ჩავიდნენ, ხალხს ყველგან უთხრეს - კი, კი, გადაგვიღეთო (იმიტომ, რომ მათი მიზანია, უკრაინა გატყდეს და ყველამ ნახოს, რომ რუსები ყველგან არიან).
ნელ-ნელა გასაგები გახდა, რომ ასეთი ქმედებები ინფორმაციის მოპოვების უზარმაზარი წყაროა უკრაინელებისთვის და რაც დრო გავა, დაალაგებს უკრაინის დაზვერვა, როგორ დაამუშავოს უფრო სწრაფად ინფორმაცია, რომელიც ასე სმარტფონებიდან მოდის. სხვის ტერიტორიაზე შეტევას 21-ე საუკუნეში ეგ ჰქონია მინუსი — კი, შენ გვყავს 1-2 დაქირავებული აგენტი, რომელიც საშენოდ აგროვებს ინფორმაციას, მაგრამ მეორე მხარეს მთელი ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს "დაუქირავებელ აგენტებად". მიხვდებიან ამას რუსები და დაიწყება ინტერნეტის გათიშვა, ამიტომ იყო აქამდე ინტერნეტი — რუსებს პროპაგანდა სჭირდებოდათ, რომ უკრაინელებს შეშინებოდათ, მაგრამ რომ მიხვდებიან, რომ არ გაუვიდათ — გაუთიშავენ მასობრივად.
უკრაინის ტექნიკის ვიდეოები არსად არ იდება, იმიტომ რომ უკრაინელები (და სხვებიც) ერთმანეთს უმეორებენ, ჩვენი ჯარის ვიდეოებს ნუ ვდებთო (მთავრობამ ღალატადაც გამოაცხადა თან) და რუსებს უნდოდათ, "გადაგვიღეთო".
უკრაინული ჯარის კადრები თუ გვაქვს, იმიტომ გვაქვს, რომ ვინც იღებდა, იმასაც რუსული ტექნიკა ეგონა. გადაიღო, ფუ რუსებიო და მერე გაირკვა, რომ უკრაინული ტექნიკაა და აერია. მეტი ვერ ვნახეთ ჩვენ და ესეც ცუდ საქმეს უწევს უკრაინის საბრძოლო სულისკვეთებას — ისე ჩანს, თითქოს მარტო რუსები არიან და უკრაინა გაიქცა. მეც კი მომივიდა ეს რაღაც მომენტში
მაგრამ უბრალოდ — უკრაინის მოსახლეობა იღებს თავისი ჯარის ვიდეოებს და არ დებს, მტრის "ჩაკატავებას და გადაგვიღეეეეეთ" მოძახებულს –— კი ბატონო.
რამდენადაც გამოჩნდა: რუსეთი არ აპირებს ძირითადი ქალაქები ალყაში მოაქციოს, დაიპყროს და გაწმინდოს. ამაზე უამრავი დრო წავა, უზარმაზარი ძალა დაიხარჯება და არ ექნება შედეგი. რუსეთი ცდილობს, შევარდეს უკრაინის შიგნით, ქალაქის შემოგარენში გაჩერდეს, დანარჩენი ძალებით უკან მოიტოვოს ქალაქები და შევარდეს შუაგულ უკრაინაში. ამით შექმნას სრული არეულობა და უიმედობის შეგრძნება, რომ სადაც არ უნდა გაიხედო, რუსები არიან.
და ალბათ — ბოლოს თავს დაესხას კიევს. ალბათ, მთელი ეს ძალები, რომლებიც უკრაინის გზებზე "დაგრიალებენ", 2-3 დღეში კიევის გარშემო შეიკრიბებიან (თუ მანამდე არ ჩავარდა ხალხი პანიკაში და არ დანებდნენ). მიზანი არის, რომ კიევი გატყდეს, რადგან ეგრე ჩაბარდება ქვეყანაც. რამენაირად უნდა აიძულონ ზელენსკი, ან მისი გარემოცვა, მოხდეს განხეთქილება მთავრობაში, შიში, პანიკა და ან გაიქცეს ზელენსკი და მისი გარემოცვა, ან ერთმანეთს დაცხონ, ან ვინმე აუჯანყდეს და ა.შ. ამასობაში კითხვა ეგ არის რომ "სადღაც უკან ჩარჩენილი ხარკოვი" - იბრძოლებს? - თუ ჩაბარდება?
რაც უფრო მეტი "ხარკოვი" ჩაბარდება - უფრო გატყდება სხვა ქალაქებიც.
არადა, არ აქვთ არანაირი მიზეზი ჩასაბარებლად, მინიმალური ძალები არიან ყველგან მიმდგარი, გარეუბნებში. მხოლოდ "საბრძოლო სულისკვეთების" ტესტია რა ეს ყველაფერი.
უნდა "გაიტანონ" 2-3 დღე, და ის "შემოვარდნილი ჯარი", რომელიც დაგრიალებს უკრაინის შიგნით ისეთ ადგილებში, სადაც არავინ ელოდა, დარჩება მომარაგების გარეშე (ახლაც ეგრეა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ აქვთ ტყვიაწამლისა და საწვავის მარაგი დარჩენილი).
თუ 2-3 დღეში გატეხეს უკრაინა, მათი ეს ტაქტიკა ძალიან გამართლებული გამოდგება, იმიტომ რომ მტრის გასატეხად სწორი იყო და თან წაღებული მარაგი ეყოთ. თუ ვერ გატეხეს - დიდი კატასტროფა იქნება რუსებისთვის და ერთი კვირის მერე უამრავ მიგდებულ რუსულ ტექნიკას ვნახავთ უკრაინის შუაგულში, და ორი კვირის მერე — ტყეებიდან გამოსულ მშიერ ტანკისტებს, ძონძებში და დაჟანგული ავტომატებით).
ახლა, დღეიდან წავა "საჰაერო მომარაგება" შევარდნილი ნაწილებისთვის. გზებზე ის მარკერები სავარაუდოდ ეგ არის: გზის მონაკვეთები, სადაც შეიძლება თვითმფრინავი ან ვერტმფრენი დაჯდეს, ანუ, რუსებმა სადაც გაიარეს, გზად ფერადი მარკერები დატოვეს (უკრაინის მთავრობა ხალხს ეუბნება, იპოვეთ და მიწა მიაყარეთო). ყველა გზა, სადაც მარკერი დასვეს, არის "გაზიპინებული ტრასა"... სავარაუდოდ მინიშნება ან უკან მომავალი ეშელონებისთვის "აქ გავიარეთო და გზა დანაღმული არ არისო", ან საჰაერო მომარაგებისთვის, "აქ დაჯდომა შეიძლებაო". (დრონიდან ეგ მარკერი კარგად გამოჩნდება და საკმარისი ინფორმაციაა, თუ იცი რას ნიშნავს)
მოკლედ ყველაზე რთული იქნება ეხლა ეს ჰიბრიდული ომი:
- დეზინფორმაცია;
- რუსები, რომლებიც გამოჩნდებიან "ყველგან" და გააკვირვებენ მოსახლეობას;
- რუსები, რომლებიც არ ხოცავენ (მასიურად) მოსახლეობას და გამოიყურებიან, როგორც "რას ერჩი, მოდი ჩავბარდეთ";
- იერიშები, რომლებიც მოხდება მოულოდნელ ქალაქებზე და სოფლებზე;
დესანტები; - და ლოკალურად უკრაინულ მცირე შენაერთებზე "გადავლა".
და ამავდროულად გამოჩნდება "სახრჩობელა, რომელიც იკვრება კიევის კისერზე". არადა, მარიუპოლი არ დაცემულა, ხარკოვი არ დაცემულა, დნეპრი არ დაცემულა, საერთოდ - არც ერთი დიდი ქალაქი არ აუღიათ, ალყაშიც კი არ გრძნობენ თავს ეს ქალაქები. რუსები მაგ თამაშს აწვებიან, რომ მოსახლეობას არ ეხებიან. გშია? - გამოდი, ჭამე, ნათესავებთან გინდა? - მიბრძანდი. რამე პრეტენზია გაქვს? - გაესაბრეთ ჩვენს მენეჯერ ოფიცერს, ქალბატონო. შედეგად, ქალაქი არაა ალყაში და ალყაში მყოფი ქალაქის პრობლემები ჯერ არ უდგას. და თუ პირველ შოკს გაუძლებენ უკრაინელები, მიხვდებიან, რომ დასანებებლად მიზეზი არ აქვთ. იფიქრებენ, ვიყოთ ასე, რას გვიშლიან, დასანებებელი რა გვჭირსო.
ერთი ეგაა, რომ როცა სამოქალაქო ხარ და ცხოვრებაში ომი არ გინახავს, პირველი წუთები ძაან ძნელია. გგონია, რომ თუ დანებდები, ყველაფერი უცებ მორჩება და დაბრუნდება როგორც იყო. ყველას ეგ შოკური სინანული აქვს გულში, რა იქნებოდა, ეს რომ არ მომხდარიყოო. ვერ იჯერებენ და უნდათ, ხვალინდელი დღე ისეთივე გათენდეს, როგორიც გუშინ იყო და ტვინი ატყუებთ, რომ დანებებით ეგ შესაძლებელია.
არადა არა, რომც დანებდნენ, მთელი წელი საშინელი სიდუხჭირე ექნებათ და ბოლოს სანქციებში ამომპალი რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდებიან. კიევი კიდევ ჰო, და ხარკოვის დონის ქალაქები რუსეთში ოფიციალური კლოაკაა. რუსეთის წინაშე ახლა დანებება სინამდვილეში ძალიან დებილური არჩევანია, შოკი უნდა მოინელო უბრალოდ, აღარაფერი იქნება კარგად. უნდა შეეგუო, რომ შენი ბრალი არ არის, მტერმა "გაჩუქა" ეს უბედურება და მიზნად უნდა დაისახო, ისე მოიშორო ეს მტერი, რომ უარეს დღეში ჩავარდეს თვითონ და მორჩა.
დღეს იქნება ალბათ ყველაზე მნიშნველოვანი დღე. დღეს რამდენიმე დიდ ქალაქზე სერიოზული შეტევა წავა. რადგან კიევი არ გაიქცა პირველ დღეს, ახლა უნდა აგრძნობინონ ხალხს, რომ "დაგამარცხებთ და გადაგივლით, გააგდეთ მთავრობა, დაყარეთ იარაღი!". დღევანდელ დღესაც თუ გადაიტანს უკრაინა, ხვალ ექნებათ საშინელი განცდა, რომ "იმედი აღარ არსებობს"(დღევანდელი დანაკარგების გამო). და ზეგიდან იქნება გაბოროტებული უკრაინისა და ჩასვრილი რუსეთის დასაწყისი, მაგრამ ზეგამდე უნდა იცხოვროს უკრაინამ და ძალიან 50/50-ზეა სამწუხაროდ.
იმიტომ, რომ. რუსეთმა იცის, რასაც აკეთებს, იცის, რაც ემუქრება, თუ დროზე არ გატეხა და ყველაფერს იზამს ეს ორი დღე, რომ მეოთხე დღე და "ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავი" არ დადგეს.
გავმეორდები: მიაწვდინეთ რიგით უკრაინელებს ხმა, უბრალო ჰაერზე სიტყვებით კი არ გაამხნევოთ, ჰკითხეთ, როგორ არიან, უთხარით, რომ რუსეთის ჯარი პირველ დღეებში არის ყველაზე ორგანიზებული და ძლიერი და აწი უფრო გაადვილდება, თუ გაძლებთ-თქო და თქვენ აწი იქნებით უფრო ძლიერები და თავბედს აწყევლინებთ იმათ, თუ ძალას მოიკრებთ-თქო.
დანარჩენები ვაგრძელებთ იმ წარმოუდგენელ სამყაროში კიდევ ერთი დღე ცხოვრებას, სადაც ევროპის შუაგულში მილიონი კუთხიდან გადაღებული ჰაერ-სადესანტო ოპერაცია ვნახეთ. ცხოვრებაში არ მეგონა, Ka-52-ის საბრძოლო იერიშს თუ ვნახავდი აირ-მობილური ბატალიონის ფარგლებში და მერე თან "ჰეფი ენდს" - მის ჩამოგდებას...
3 წლის წინ რო ეთქვა ვინმეს - 1000 ლარზე დავენიძლავებოდი, შანსი არაა-თქო.
ეხ… ის, რაც პუტინმა და რუსებმა ქნეს (უმოქმედობით პუტინის წინააღმდეგ) — არასოდეს უნდა ეპატიოთ.
P.S. დასავლეთის ჩაჯმულ პოზიციაზე საუბარიც არ მინდა. გასაგებია, რომ მათი პოზიციაა რომ თქვენი შექმნილია ეგ შარი, კოლექტიურად - ჩვენი ყველას შექმნილია ეს შარი, პუტინი სტალინს აკოპირებს, რომელიც ეგერ გორელი იყო საერთოდ — და თქვენვე მოაგვარეთ, ჩვენ იარაღს მოგცემთ მაქსიმუმ და მილიარდ დოლარებიან დახმარებებსო.
დაიბანა ხელი ამერიკამაც, გერმანიამაც, საფრანგეთმაც და თავისი გამართლება აქვთ, რომ მათ თავის დროზე უამრავი იომეს, რომ დალაგებულიყვნენ და საქართველო და უკრაინა არ უგზავნიდნენ დახმარებებს მაშინ, და ახლა თქვენ დალაგდით თქვენით, ნუ გაგვიჭირეთ საქმეო. ეს იყო ჩემთვის ბაიდენის "რას ვუზამ პუტინს? რას და ინსტაგრამზე ანფოლოუს გავუკეთებ!". პასუხები.
კოლექტიური დასავლეთის პოზიციაა, რომ უკრაინამ (და ჩვენ ხურდაში) თავისით უნდა მოაგვაროს პუტინის პრობლემა დიდწილად, ისინი მარტო "ხელს მიაშველებენ". მაგრამ გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი "თავის საუკეთესო ფორმაში იყო" და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, უმეტესობამ კიდევ ვერ დაინახეთ, რა მაგარი ოპერაციები ატარეს და მე ხო დავინახე არა? - იმავდროულად, გუშინ დავინახე, რომ მართლები ვიყავით ყველანი, როცა ვამბობდით "სულ ეს არის" რუსეთის ძალა-თქო? (კი, მეც სულ მეგონა, რომ რაღაც არ ვიცი და სინაააამდვილეეეეშიიიი რუსეთი ბევრად მაგარია, ვიდრე მეჩვენება, მაგრამ თურმე — არა). გუშინვე გავიგეთ, რომ თუ უკრაინა არ დანებდება, უდავოდ თავისით მოიგვარებს პუტინის პრობლემას. (ნუ ის, რომ ბრიტანეთი მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებს, სანგრებში არაფერს ცვლის სამწუხაროდ, ასე რომ, სულ ერთია დიდწილად, არც ამერიკული სანქციებია მთლად სისულელე, ყველაფერი ცოტ-ცოტა საქმეს იზამს, მარა უკრაინელებს ახლა სანგარში სჭირდებათ ევროპელის ჩექმა - რომ ევროპა გვერდით არ გადგეს და "რავიცით, რაღაცას არკვევთ მანდ ერთმანეთში ჩვენ თავი დაგვანებეთო" არ ქნას, მარა ქნეს და ეგ არის).
ხოდა უკრაინა გუშინ იყო ყველაზე სუსტი, რაც შეიძლება ყოფილიყო და რუსეთი იყო ყველაზე ძლიერი, რაც რამის ძალა შესწევდა — კარგად გაიაზრეთ ეს (გავმეორდები ეს "გუშინ" რეალურად არის კრებითი და ეხება პირველ 2-3 დღეს, უბრალოდ მანძილების და ფართობების გამო ჯერ შეხება არ ყოფილა ყველგან, სადაც შეიძლება რომ მოხდეს).
კომენტარები