როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ პანდემიის დასრულების მერე?
პანდემია საზოგადოებებს ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ მასშტაბებზე გვთავაზობს გაკვეთილებს, რომლებსაც The New Yorker-ის ჟურნალისტი, დრუვ ხულარი იკვლევს და სვამს კითხვას — როგორი იქნება რეალობა, რომელშიც პანდემიის დასრულების მერე ამოვყოფთ თავს?
1909 წელს ფრანგმა ეთნოგრაფმა, არნოლდ ვან გენეპმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით, გადანაცვლების რიტუალები. მან გამოიკვლია რიტუალები, რომლებსაც სხვადასხვა კულტურაში ადამიანის ერთი ცხოვრებისეული ეტაპიდან მეორეზე გადასანაცვლებლად მიმართავენ. იქნება ეს დაბადება, სქესობრივი მომწიფება, უნივერსიტეტის დამთავრება, რელიგიური ინიციაცია, ქორწინება, ორსულობა, დაწინაურება თუ წელიწადის დროების ცვლილება — ჩვენ მუდამ ამა თუ იმ ფაზის ზღურბლზე ვდგავართ. როგორ მწყემსავენ საზოგადოებები ინდივიდებს წინარე ეტაპიდან შემდგომისკენ?
ვან გენეპი ამტკიცებდა, რომ სხვადასხვა კულტურასა თუ ეპოქაში გადანაცვლების რიტუალებს საფუძვლად გარკვეული უნივერსალური პრინციპები უდევს. მათგან პირველი არის "პრელიმინალური" ფაზა, რომლის დროსაც "განშორების რიტუალები" ინდივიდს ადრინდელი მოსაზრებების, გრძნობებისა და პერსპექტივებისგან ათავისუფლებს — შენი ძველი ვერსია კვდება. შემდეგ მოდის "ლიმინალური" ფაზა — ცვალებადი გარდამავალი პერიოდი, რომელიც ერთდროულად არის დამაბნეველი და ორაზროვანი, დესტრუქციული და შემოქმედებითი. ამ ეტაპზე "გარდასახვის რიტუალები" ახალი და განსხვავებული მომავლის შესაძლებლობას ბადებს. დაბოლოს, "პოსტლიმინალურ" ფაზაში "გაწევრიანების რიტუალები" ადამიანს საშუალებას აძლევს, სახეცვლილი დაუბრუნდეს საზოგადოებას. ამგვარად, შენი ახალი ვერსია ყალიბდება. "ცხოვრება თავისთავად ნიშნავს განცალკევებას და გაერთიანებას, ფორმისა და მდგომარეობის ცვლას, სიკვდილს და ხელახლა დაბადებას", — წერს ვან გენეპი, — "ეს არის მოქმედება და უძრაობა, ლოდინი და შესვენება, შემდეგ კი მოქმედების განსხვავებული გზით ხელახლა დაწყება".
ვან გენეპის დაკვირვებები ანთროპოლოგიის იმ დროისთვის ახალწარმოქმნილი სფეროს ორიენტირებად იქცა. ანთროპოლოგები რიჩარდ ჰანტინგტონი და პიტერ მეტკალფი მოგვიანებით წერდნენ: "ცერემონიალური ქცევის ელემენტები აღარ აღიქმებოდა ცრურწმენების ეპოქის გადმონაშთებად, არამედ ისინი ადამიანის სოციალური ცხოვრების უნივერსალური ლოგიკის გასაღებად იქცნენ". მომდევნო საუკუნის განმავლობაში მეცნიერებმა ვან გენეპის თეორიული ჩარჩო არა მხოლოდ ცალკეულ პირებს, არამედ არეულობებსა და გარდაქმნებში ჩაფლულ საზოგადოებებსაც მოარგეს. შიმშილობები, ომები, პოლიტიკური რევოლუციები, ეკონომიკური კრიზისები, სამოქალაქო უფლებების დამცველთა მოძრაობები — საზოგადოებებიც გადადიან ცხოვრების ერთი წესიდან მეორეზე. ისინი ხშირად უარყოფის, რესტრუქტურიზაციისა და ხელახლა დაბადების ინტენსიურ პერიოდებს გადიან.
2020 პანდემიის დაწყების და "პრელიმინალური" ფაზის წელი იყო — ვაქცინის გარეშე ნორმალურობიდან უბედურებისკენ მიმავალი თავბრუდამხვევი პერიოდი. ცხოვრების ჩვეულ გზებს მოწყვეტილები, განშორებას, დანაკარგსა და გარდაქმნებს განვიცდიდით. 2021 წელი "ლიმინალურ" ფაზას მიეკუთვნებოდა — არც სავსებით ნორმალურს, მაგრამ არც მთლად ანომალიურს. ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობა და ქორწილების, რესტორნების, მოგზაურობისა და სპორტის დაბრუნება — ეს ყველაფერი ვაქცინის შექმნის რთული პროცესის, ინფექციების აფეთქების, ახალი ვარიანტების გამოჩენის, ბუსტერის დოზებისა და რეგიონული ტალღების პარალელურად თანაარსებობდა.
დღეს ომიკრონმა, შესაძლოა, კვლავ "ლიმინალურ" ფაზაში გვაგრძნობინოს თავი, თუმცა, რეალურად, ჩვენ მალე გადავინაცვლებთ "პოსტლიმინალურ" პარადიგმაში. ომიკრონის მაღალი გადამდებობა, ვაქცინაციისა და ბუსტერის მიღების მაჩვენებლების ზრდასთან ტანდემში, შეიძლება ნიშნავდეს, რომ უახლოეს თვეებში მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი გამოიმუშავებს კოვიდის მიმართ გარკვეული დონის იმუნიტეტს. რეინფიცირებისა და წერტილოვანი აფეთქებების შემთხვევები მაინც იქნება, მაგრამ ინდივიდუალური და კოლექტიური იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად დაავადება უფრო მსუბუქი და ნაკლებად გამანადგურებელი გახდება.
მეოცე საუკუნის გრიპის პანდემიებიდან თითოეული დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა. ახლა, კორონავირუსთან ბრძოლის დაწყებიდან ოცდაორი თვის გასვლის შემდეგ, ომიკრონი ახერხებს, დააჩქაროს პანდემიის ბოლო ეტაპი. შესაძლებელი ხდება, პასუხი გავცეთ ჩვენი თავებისადმი დასმულ რამდენიმე დიდ შეკითხვას: როგორი დამოკიდებულება გვექნება საკუთარი თავისა და იმ სოციალური ქსელების მიმართ, რომლებშიც ვარსებობთ? ვინ ვიქნებით ამ გარდასახვის შემდეგ?
კორონავირუსი, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის კრიზისია და ჩვენს დამოკიდებულებებში ყველაზე აშკარა ცვლილებებიც ჯანმრთელობას ეხება. ზოგიერთი ჩვენგანი უფრო ხშირად ფიქრობს საკუთარ ასაკსა და სამედიცინო მდგომარეობაზე. ჩვენ ვეცნობით ბუნდოვან სამეცნიერო ჟარგონს — PCR ტესტებით დაწყებული, mRNA-ით დამთავრებული. დეტალურად განვიხილავთ სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის საჭირო კომპრომისებს. ვიკვლევთ საფრთხეებს, რომლებსაც ვუქმნით სხვებს (და პირიქით) და ადამიანებს თავიანთი არჩევანის გამო განვსჯით.
ადამიანებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იფიქრონ და გააკეთონ ამ ყველაფრის საპასუხოდ — ერთი სოციალური ჯგუფის წევრთა ქცევა შეიძლება გაუგებარი ჩანდეს მეორისთვის. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ჯანმრთელობა ვიწრო ინდივიდუალური ხედვიდან უფრო ფართო, სოციალურზე გადავიდა. სამსახურში წასვლა, კონცერტზე დასწრება, სადილად ხალხის მოწვევა და ფრენისთვის უსაფრთხოების კონტროლის პროცედურის გავლა — ეს ის აქტივობებია,რომლებიც, თუ ხველა, სიცხე ან უბრალოდ სურდო გაწუხებს, შენს ეთიკურ პრინციპებზე ბევრის მთქმელი გახდა. შენარჩუნდება თუ არა ეს მოცემულობა მას შემდეგ, რაც COVID-19-ის მწვავე საფრთხე შემსუბუქდება? ჩვენ, შეიძლება, დავუბრუნდეთ იმ დროს, როცა ერთმანეთს გაციებას, გრიპს და სხვადასხვა გასტროენტეროლოგიურ ინფექციას ვდებდით ან, შეიძლება, გავითავისოთ ექიმის ფიცის ის ნაწილი, რომელშიც სხვებისთვის ზიანის მიყენების გაუმართლებლობაზეა საუბარი.
იმის გააზრება, რომ ჩვენ სხვების ავადმყოფობაზე პასუხისმგებლები ვართ და, ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ გადადების წყაროდ ყოფნა — პანდემიის უფრო ზოგად პარადოქსს ასახავს. მას შემდეგ, რაც COVID-19 გამოჩნდა, ჩვენ გამოვცადეთ როგორც უძლურება, ისე ძლიერება. ჩვენი ცხოვრების მრავალი ასპექტი კონტროლს მიღმა დარჩენილმა მოვლენებმა ჩაანაცვლა. ამავდროულად, ზოგჯერ იძულებულები ვხდებოდით, მიგვეღო თანმიმდევრული გადაწყვეტილებები და დაგვესახა საკუთარი სამოქმედო გეგმა.
მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკელებმა რეკორდული რაოდენობით დატოვეს სამუშაო ადგილები. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იძულებით მოხდა — სამედიცინო დაუცველობის ან სკოლების მასობრივად დაკეტვის გამო. სხვა შემთხვევებში კი ასეთი არჩევანი პანდემიის ქაოსით პროვოცირებულმა პრიორიტეტების გადაფასებამ გამოიწვია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ადამიანებმა მწვავე ისტორიული ვითარების ფონზე დიდი ცვლილებები გადაიტანეს. ამ კრიზისში — ისევე, როგორც "გადანაცვლების რიტუალში" — ჩვენ პასიურად არ წარმოვთქვამთ ჩვენს სტრიქონებს. სანაცვლოდ, ჩვენ თავად ვწერთ მათ და ვდებთ აღთქმებს, რომლებმაც, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნონ ძალა.
ერთ-ერთი კითხვა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ ესაა: შეგვიძლია თუ არა, ცვლილებები ინდივიდუალურის გარდა სოციალურ დონეზეც განვახორციელოთ. პანდემიის თანმდევი სასკოლო პროცესის შეფერხებები არა მხოლოდ ახალი ვირუსის, არამედ წლების განმავლობაში არასრულფასოვანი ინვესტირების შედეგია, რამაც დაბალი ანაზღაურების მქონე მასწავლებლები, ხალხმრავალი საკლასო ოთახები და განიავების ცუდი სისტემებით აღჭურვილი შენობები მოგვცა. ჩვენ ასეთ მაგალითებს პანდემიური გამოცდილების მრავალ ასპექტში წავაწყდით.
ათწლეულების განმავლობაში საბაზისო მეცნიერებებში ჩადებულმა ინვესტიციებმა ამერიკელ მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ ვირუსის გენური თანმიმდევრობის დადგენიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში ეფექტიანი ვაქცინა შეექმნათ. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში უგულებელყოფილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ამ პერიოდში ვირუსის შეკავების შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა. ჩვენ შევიტანეთ რეალური ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში. შევძლებთ კი, რომ ცვლილებები ჩვენს საზოგადოებებზეც გავავრცელოთ და ინსტიტუციების მდგრადობა და მოქნილობა გავზარდოთ?
პანდემიამ მსგავსი კითხვები მთელ მსოფლიოს დაუსვა. COVID-19-ის გამოჩენა გაეროს შექმნის სამოცდამეთხუთმეტე წლისთავს დაემთხვა. ეს პერიოდი ასევე გამოირჩეოდა ნაციონალიზმის მკვეთრი ზრდით და სკეპტიციზმის გაღრმავებით იმ საერთაშორისო შეთანხმებების მიმართ, რომლებიც არეგულირებენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამყაროს. საერთაშორისო თანამშრომლობის მრავალშრიანი სისტემა ვირუსამდეც სუსტდებოდა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ამერიკელები სულ უფრო და უფრო ეჭვქვეშ აყენებდნენ გლობალიზაციას და იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ ლიდერებს არ შეეძლოთ, გამკლავებოდნენ მის უარყოფით შედეგებს — უთანასწორობას, სამუშაო ადგილების გაქრობას, სოციალურ ატომიზმს. კორონავირუსმა აჩვენა, რომ ახლა, გლობალიზაციის პირობებში საზღვრები ღიაა არა მხოლოდ პროდუქტისა და ხალხისთვის, არამედ — პათოგენებისთვისაც.
მარტში აშშ-ის დაზვერვის ეროვნულმა საბჭომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ამტკიცებს, რომ უახლოეს წლებში მსოფლიო გლობალური კრიზისების — პანდემიების, კლიმატის ექსტრემალური ცვლილებების, ტექნოლოგიური შეფერხებების წინაშე მზარდი სიხშირით აღმოჩნდება. ამავდროულად მიმდინარე საერთაშორისო დანაწევრება და დაძაბულობა კი საპასუხო ქმედებების განხორციელებაში შეგვიშლის ხელს. მოხსენებაში მომავლის რამდენიმე შესაძლო ვარიანტია განხილული. ოპტიმისტურ სცენარში, რომელსაც "დემოკრატიების აღორძინება" ჰქვია, მსოფლიოში ისადგურებს ახალი სახის წონასწორობა, რომელიც ხასიათდება ტექნოლოგიური პროგრესით, მზარდი შემოსავლებითა და აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ წარმართული პასუხისმგებლობიანი დემოკრატიული მმართველობით. სხვა ვარიანტში — "დინებას მიყოლილი მსოფლიოს" სცენარში — საერთაშორისო სისტემა "მიმართულების არმქონე, ქაოსური და არასტაბილურია"; გლობალური პრობლემები დიდწილად იგნორირებულია და მრავალშრიანი ინსტიტუციები გავლენას კარგავენ.
როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეებზე პანდემიით გამოწვეულმა ჯანდაცვის კრიზისმა მანამდე არსებული კრიზისები გამოკვეთა. პანდემიაზე ეფექტიანი რეაგირება ერებს შორის კოორდინაციას მოითხოვს. ამას ემსახურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის ყველაზე დიდი დამფინანსებელი დიდი ხანია, ამერიკაა. 2019 წელს შეერთებულმა შტატებმა 400 მილიონ დოლარზე მეტი გადაურიცხა ჯანმოს, მაგრამ 2020 წლის აპრილში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეწყვეტდა მის დაფინანსებას. იმავე წლის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში აშშ ასევე უარს ამბობდა მსოფლიოში ვაქცინების გავრცელების მთავარ გლობალურ მექანიზმთან — COVAX-თან შეერთებაზე. დღეს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მოსახლეობის ცხრა პროცენტზე ნაკლებს აქვს ვაქცინის ერთადერთი დოზა მიღებული. დელტასა და ომიკრონის მსგავსი შემაშფოთებელი ვარიანტების მატება ნაწილობრივ განპირობებულია აშშ-ისა და სხვა მდიდარი ქვეყნების წარუმატებლობით მსოფლიოს ვაქცინირების საქმეში.
ცოტა ხნის წინ G-20-მა (იმ ცხრამეტი ქვეყნისა და ევროკავშირისგან შემდგარი ფორუმი, რომლებიც ერთად მსოფლიო წარმოების ოთხმოცდაათ პროცენტზე არიან პასუხისმგებელნი) წარადგინა საკვანძო ნაბიჯები მომავალ ინფექციურ საფრთხეებზე გლობალური პასუხის გასაცემად. ეს ნაბიჯებია: ჯანმოს უფრო მაღალი და თანმიმდევრული დაფინანსება, მთავრობებსა და ჯანმოს შორის უფრო ეფექტიანი თანამშრომლობა მონაცემთა შეგროვების, ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და ვაქცინის შემუშავების საკითხებზე და ახლად წარმოქმნილი პათოგენების აღრიცხვის გლობალური ნორმების დაწესება. გაერთიანდებიან თუ არა ქვეყნები მსგავსი ცვლილებების განსახორციელებლად? ეს დიდწილად დამოკიდებულია მათ მზაობაზე, იმოქმედონ მრავალმხრივად — დაინახონ, რომ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოებასთანაა გადაჯაჭვული. ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე თავად ვირუსი. მეორე მსოფლიო ომის მსგავსად, COVID-19-მა ისტორიაში შექმნა გზაგასაყარი, რომელიც ან უფრო დიდი ერთობისკენ წაგვიძღვება, ან — არეულობისკენ.
1954 წელს მკვლევარმა მუზაფერ შერიფმა სოციალურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ექსპერიმენტი ჩაატარა. შერიფი დაინტერესდა ჯგუფური კონფლიქტის დინამიკით: რამდენად ადვილად ყალიბდება ლოიალობა, რა არის საკმარისი მეტოქე ფრაქციებისთვის ჩხუბის დასაწყებად, რა შეიძლება გაკეთდეს ურთიერთობების გამოსასწორებლად. შერიფმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ოკლაჰომაში, რობერსის მღვიმის საშტატო პარკში მოწყობილ საზაფხულო ბანაკში 22 მეხუთეკლასელი ბიჭი მიიწვია. ყველა ბიჭი თეთრკანიანი, საშუალო ფენის წარმომადგენელი, პროტესტანტი და ორმშობლიანი ოჯახის წევრი იყო. შერიფმა და მისმა გუნდმა ისინი ორ ჯგუფად გაანაწილეს. ამ ჯგუფებიდან თავდაპირველად არცერთმა არ იცოდა, რომ მეორე ჯგუფი ბანაკის მოპირდაპირე ბოლოში მდებარე ქოხში იყო განთავსებული.
კვლევის პირველ ფაზაში, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდა, ჯგუფებმა საკუთარ თავებს "არწივები" და "ჩხრიალა გველები" უწოდეს და ჯგუფის შიგნით საერთო ინტერესებისა და აქტივობების წყალობით დაახლოვდნენ. აქტივობებს შორის იყო ლაშქრობა, ცურვა და საგანძურზე ნადირობა ჯილდოს სახით 10 დოლარის მისაღებად. მეორე ფაზაში ჯგუფები ერთმანეთის წინააღმდეგ ისეთი შეჯიბრებების სერიაში ჩაერთნენ, რომელშიც მხოლოდ ერთი მხარე რჩება გამარჯვებული. ეს შეჯიბრებები იყო ბეისბოლი, ჭიდილი, ამერიკული ფეხბურთი. მკვლევრები, რომლებიც ბანაკის მრჩევლებად მსახურობდნენ, არეულობების პროვოცირებას ახდენდნენ. მაგალითად, მათ ერთ ჯგუფს პიკნიკზე მისვლა დააგვიანებინეს. ადგილზე მისულებს კი დააჯერეს, რომ მათი საჭმელი მეორე ჯგუფმა შეჭამა. დაძაბულობა ნელ-ნელა მატულობდა. "არწივებმა" "ჩხრიალა გველების" დროშა დაწვეს. "ჩხრიალა გველები" კი "არწივების" ქოხს დაესხნენ თავს. ჩხუბის შესაწყვეტად მკვლევრების ჩარევა გახდა საჭირო. განხეთქილება სახეზე იყო.
მესამე ეტაპის მიზანი მტრობის განმუხტვა გახლდათ. პირველი ეტაპის მსგავსად, მკვლევრებმა არაკონკურენტული აქტივობების სერია მოაწყეს. ბიჭებმა ერთად ისადილეს, ფილმს უყურეს და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ამის შედეგად დიდად არაფერი შეცვლილა. კონფლიქტი აღმოიფხვრა მხოლოდ მაშინ, როდესაც ბანაკის მცხოვრებლებს საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობა დასჭირდათ: მათ გაჩერებული საკვების ვაგონის ამუშავება, კარვის გაშლა და კინოს საღამოს მოსაწყობად ფულის შეგროვება მოუწიათ.
რობერსის მღვიმის ექსპერიმენტის დასკვნები სემინარებისა და ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როგორც ჩანს, ის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ერგება. აქამდე არასოდეს ყოფილა ასე ცხადი, რომ ჩვენი საქმე, ქცევა და ბედი განუყოფლად არის დაკავშირებული ჩვენს გარშემომყოფებთან. ვირუსის გასაკონტროლებლად ერთობლივი მუშაობა უნდა ყოფილიყო საბოლოო საერთო მიზანი. და მაინც, ვირუსის პირისპირ მდგომი ადამიანები ვერ შეთანხმდნენ, რომ პირბადე გაეკეთებინათ. ამერიკა კი პანდემიასთან ბრძოლისას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოლარიზებულ ერად რჩება.
როგორც ჩანს, რობერსის მღვიმის ექსპერიმენტი ამბავს სრულად არ ჰყვება. როგორც ჯინა პერი თავის წიგნში, დაკარგულ ბიჭები, განმარტავს, შერიფმა თითქმის იდენტური ექსპერიმენტი ერთი წლით ადრე — 1953 წელსაც ჩაატარა. მან ბიჭების მსგავსი ჯგუფი ნიუ-იორკში მდებარე ბანაკში მიიწვია და ისინი "პანთერების" და "პითონების" ჯგუფებად დაყო. მკვლევრებმა ამჯერადაც მოაწყვეს კონფლიქტების გამომწვევი ინტრიგების სერია: მათ მოიპარეს ტანსაცმელი, გაძარცვეს კარვები და გატეხეს ერთ-ერთი ბიჭის უკულელე. ამჯერად ბიჭებმა ისინი გამოიჭირეს — ცდისპირები მიხვდნენ, რომ მათით მანიპულირებას ცდილობდნენ. შედეგად, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ, ისინი უფროსების წინააღმდეგ ამხედრდნენ.
"იქნებ, უბრალოდ, გინდოდათ გენახათ, როგორი იქნებოდა ჩვენი რეაქცია", — ივარაუდა ერთ-ერთმა ბიჭმა მკვლევართან საუბრისას. ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მათი ტანსაცმელი სამრეცხაოში შემთხვევით დაიკარგა. ორივე მხარე ერთად მუშაობდა ამობრუნებული კარვის გასასწორებლად. ექსპერიმენტი იმდენად წავიდა ხელიდან, რომ შერიფმა ალკოჰოლის სმა დაიწყო და სასოწარკვეთილების მომენტში ასისტენტს კინაღამ მუშტი უთავაზა. ექსპერიმენტი ნაადრევად შეწყდა. შერიფს დასკვნები არ გამოუქვეყნებია.
სოციალური მედიის ყველგანმყოფობა, საკაბელო ახალი ამბებით გაჟღერებული ანალიზი და პოლიტიკოსების პოპვარსკვლავებად ქცევა ჩვენც მანიპულაციების მსხვერპლად გვხდის. ჩვენ მიერ ერთმანეთის მიმართ გამოხატული ბრაზი ნაწილობრივ გამოწვეულია იმ ძალებით, რომლებიც განხეთქილების გაღვივებით და ჩვენს ყველაზე ძირეულ ინსტინქტებზე აპელირებით ცდილობენ პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის მოპოვებას. ძალაუფლებაში მყოფი ხალხი მიზანმიმართულად იყენებს სიმართლის მხოლოდ ნახევარს, რაც კონფლიქტის კაკოფონიას კვებავს. ისინი ჩვენი უთანხმოების შესაბამისად კი მოქმედებენ, მაგრამ, ამასთან, ამ უთანხმოების შემქმნელნიც თავად არიან. ჩვენთვის უცნობია, როგორი იქნება "პოსტლიმინალური" ცხოვრება, მაგრამ სიმართლისთვის თვალის გასწორება, შესაძლოა, პირველი ნაბიჯი იყოს განხეთქილების აღმოსაფხვრელად.
კომენტარები