ინვესტირება, როგორც დამოუკიდებლობისა და განვითარების წყარო — სოფო ჭყოიძის რჩევები
თანამედროვე ეკონომიკის სწრაფად ცვალებადობის პირობებში, ინვესტირება აღარ არის მხოლოდ ბანკირების საქმე. ის ყოველი ჩვენგანისთვის შეიძლება იქცეს პირადი განვითარებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ინვესტიციის კულტურა საქართველოში ჯერ არ არის მყარად დამკვიდრებული, ამიტომ, რაც მეტი ადამიანი გაუზიარებს საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას — წარმატებებსა და შეცდომებს, მით უფრო ადვილად ჩამოყალიბდება ჯანსაღი საინვესტიციო გარემო.
ვესაუბრეთ სოფო ჭყოიძეს — Pulsar.AI-ს, ქართული AI სტარტაპის თანადამფუძნებელს და Impel-ის ვიცე პრეზიდენტს, რომელიც ამერიკის ბაზრისთვის ინოვაციურ Conversational AI პროდუქტებს ქმნის.
როგორ დაიწყეთ ინვესტირება? რა იყო თქვენი ინსპირაცია?
ზოგადად, რამდენიმე ტიპის ინვესტირება არსებობს, მე ვისაუბრებ იმ ტიპის ინვესტიციებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებს და აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ესენია:
აქციები და ობლიგაციები — ინვესტიციები, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში, საფონდო ბირჟებზე განთავსებულ კომპანიებში. ვინც ამ ეტაპზე ფიქრობს ინვესტიციის დაწყებას, ვურჩევდი თანხის ინვესტიციას ინდექს ფონდებში (index funds), როგორებიცაა: S&P 500, Vanguard 500 Index Fund, Fidelity Nasdaq Composite Index ETF. მსგავსი აქციები აერთიანებს რამდენიმე ასეულ კომპანიას და ნაკლებად სარისკოა.
უძრავი ქონება — ვფიქრობ, ეს ისეთი ხელშესახები ფიზიკური აქტივია, რომელიც საქართველოში ისტორიულად იზრდება, აგენერირებს ყოველთვიურ შემოსავალს და გამოიყენება უზრუნველყოფისთვის.
ერთ-ერთი საინტერესო კვლევა, რომელიც მეხმარება საქართველოს უძრავი ბაზრის პერსპექტივის დანახვაში, არის თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული ყოველთვიური კვლევა. მისი გამოწერა ყველას შეუძლია. ასევე, შესაძლებელია საფონდო ბირჟაზე REIT-ების (Real Estate Investment Trusts) შეძენა, რომლებიც აძლევს ფიზიკურ პირს ინვესტირების საშუალებას დივიდენდის გენერირებად აქციებში (მაგ:. REALTY INCOME CORP(NYSE:O).
კერძო კაპიტალი (Angel Investment, Private Equity investment) — მსგავსი ტიპის ინვესტიცია სჯობს განხორციელდეს სტარტაპებში, რომლებსაც სურთ კაპიტალის მოზიდვა სხვადასხვა ვენჩურული ფონდისა და ე.წ. ანგელოზი ინვესტორებისგან.
ეს საკმაოდ სარისკო ინვესტიციაა და მოითხოვს კომპანიის შეფასების სიღრმისეულ ცოდნას. საჭიროა, არამარტო კომპანიის, ასევე გუნდის, პროდუქტისა თუ ბაზრის ანალიზი. როგორც ინვესტორი, ფულადი სახსრებითაც ეხმარები კომპანიას და განვითარებაშიც ხელს უწყობ, პირადი კონტაქტებითა თუ გამოცდილებით.
კრიპტოვალუტა — ვფიქრობ, ყველაზე მაღალრისკიანი ინვესტიციაა, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს დივერსიფიცირებული, იმისთვის, რომ პოტენციური ზარალი ინვესტორისთვის კრიტიკული არ აღმოჩნდეს. ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტებია ბიტკოინი და ეთერიუმი. ბევრი საბროკერო კომპანია არსებობს, მათ შორის, საქართველოში, რომლებიც აძლევს საშუალებას მომხმარებელს, ინვესტიცია დაიწყოს მინიმალური თანხით.
გირჩევთ, დაიწყოთ ინვესტიცია თანხით, რომლის დაკარგვა თქვენთვის არ იქნება კრიტიკული. კრიპტო კი საკმაოდ მაღალრისკიანია, თუმცა, ადაპტაციისა და გამოყენების შემთხვევაში, დიდი მოგება მოაქვს.
რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ან ინვესტიცია?
პირველი ნაბიჯი ინვესტიციის ტიპებისა და პლატფორმების მოკვლევა იყო, საკმაოდ ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პლატფორმა არსებობს, რომლებიც არ არის ერთნაირად სანდო. განსაკუთრებით, კრიპტოვალუტის შესაძენად ბევრი თაღლითური კომპანია არსებობს და მნიშვნელოვანია სიღრმისეული კვლევა. ბოლო დროის ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემა უკავშირდება FTX-ს, რომლის მენეჯმენტის გუნდმა და დამფუძნებელმა მიითვისეს მომხმარებლის აქტივები და კომპანიას ლიკვიდურობის პრობლემები შეუქმნეს.
“ჩემი პირველი ინვესტიცია ყველაზე მაღალრისკიანი იყო — ის ეხება კრიპტოვალუტას, ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯებიც კრიპტო აქტივების ციფრულ საფულეს უკავშირდება.”
რომელი ტიპის ინვესტირებას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?
საინვესტიციოდ ჩემი ყველა გეგმა გრძელვადიანია, რადგან მოკლევადიან ინვესტიციებს, მომგებიანობისთვის, დიდი დრო და რესურსი სჭირდება, პერიოდულად აუცილებელია მისი ანალიზი და შეფასება.
“რადგან ტექნოლოგიების სფეროში ვარ და ჩემი ყოველდღიურობა ნაწილობრივ უკავშირდება ტექნოლოგიური კომპანიების სიახლეების გაცნობას, ჩემი საინვესტიციო პორტფელიც უმეტესად ტექნოლოგიური კომპანიებისგან შედგება. და კიდევ ვყიდულობ იმ კომპანიების აქციებს, რომელთა პროდუქტებსაც აქტიურად და ყოველდღიურად ვიყენებ.”
რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ინვესტირებისას დაგიშვიათ? და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი?
ცხადია, ინვესტირების დროს იმის მოლოდინი, რომ ყველა ინვესტიცია გაამართლებს არასწორია, საწყის ეტაპზე, მეც არაერთი შეცდომა დავუშვი. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გაკვეთილი იყო კორექციის პერიოდის დროს აქტივების გაყიდვა, იმის შიშით, რომ აქციების ფასი კიდევ უფრო შემცირდებოდა, ვერ ვიფიქრე, რომ ეს იყო მოკლევადიანი პერიოდული კორექცია, რომელიც არ იყო საგანგაშო. ეს ის შეცდომაა, რომელიც გაკვეთილად გამომადგა, მასწავლა, რომ ეკონომიკური წნეხი არის მოკლევადიანი და უმნიშვნელო გრძელვადიან პერიოდში.
რომელი აქციების შეძენას ურჩევთ დამწყებებს? როგორი უნდა იყოს საინვესტიციო სტრატეგია დამწყებებისთვის?
როგორც უკვე აღვნიშნე, ინვესტიციის დაწყება კარგია ინდექს ფონდებით — S&P 500, Dow Jones Industrial Average, Nasdaq Composite. გირჩევდით, გაეცნოთ იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ფონდებში იყრის თავს. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობასა და პლატფორმას, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინვესტირება ძალიან მოქნილი და მოხერხებული გახდა. ინვესტიციის განხორციელება შესაძლებელია პირდაპირ მობაილ ბანკიდან ზედმეტი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. გირჩევდით, რომ თქვენი ყოველთვიური შემოსავლის 5-10 პროცენტი გადაანაწილოთ ინვესტიციებად სხვადასხვა კომპანიაში.
თუ აქციებით ვაჭრობა გაინტერესებს და გსურს, იპოვო თანამოაზრეები, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.
კომენტარები