ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძიძემ ლელოს ერთ-ერთი ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე საუბრისას, თქვა, რომ როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა სცემს მას პასუხს. მისი განმარტებით, "მონანიება", შეიძლებოდა გამხდარიყო პოლიტიკური გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი.

"როდესაც შენ აღიარებ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, ამით უპირისპირდები არა სისტემას უსამართლოდ, არამედ გამოხატავ გარკვეულ სინანულს, რაც შეიძლება გახდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი. ძალიან მარტივადაა აქ საქმე. ბადრი ჯაფარიძემ სხვა რამ არჩია , მან არჩია, დაპირისპირებოდა სისტემას და გახსოვთ, რომ ჩვენ გვაბრალებდნენ, პოლიტიკურ გუნდს აბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას. ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება და როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა ბუნებრივია სცემს მას პასუხს", — თქვა მან.

როგორც კობახიძე ამბობს, რომ დომოდათ პოლიტიკური დევნა, ისინი ამას 4-5 თვის წინ გააკეთებდნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც პარლამენტში შეტანილი ჰქონდათ განცხადება, მანდატებს სეუწყვეტდნენ. მისი თქმით, სამართლებრივი საფუძვლით პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

"მონანიება სამართლებრივადაც არის ხოლმე შემსუბუქების საფუძველი. მით უფრო, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, რა თქმა უნდა, მონანიება და სისტემის წინააღმდეგ არ დაპირისპირება, შეიძლება, გახდეს შენი პოლიტიკური გადაწყვეტილები შეცვლის საფუძველი. თუ პირი ინანიებს სასამართლოც კი იღებს ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებას, თუ არის მონანიება, შეიძლება, მან შეამსუბუქოს სასჯელი პირის მიმართ", — ამბობს კობახიძე.

გუშინ, პალიტრანიუსის ეთერში კობახიძემ თქვა, რომ აღიარების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, მათი გადაწყვეტილება განსხვავებული იქნებოდა.

15 თებერვალს პარლამენტმა ჯაფარიძეს, სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტა. მისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზად მმართველი გუნდი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას არ ეთანხმება.