ჯარისკაცის თქმით, სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს
18 წლის ეთნიკურად იეზიდის, ვლე ფეროიანის განცხადებით, ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფეროიანის ნათესავებმა საზოგადოებას 2 თებერვალს, მას შემდეგ მიმართეს, როცა მასთან კონტაქტს ვეღარ ახერხებდნენ. ჯარისკაცი მათ მომდევნო დღეს დაუკავშირდა და აცნობა, რომ გაიქცა და თავი ახლომდებარე ტყეს შეაფარა. მისი თქმით, სახლში ბრუნდებოდა, რადგან სცემეს და ტუალეტის დალაგება აიძულეს.
კაპანის სამხედრო დანაყოფის მეთაურმა ეს ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ფეროიანს მხოლოდ გამოყოფილი სივრცის დალაგება დაევალა. მისი თქმით, მეთაურმა თავისი ოთახის დალაგებით სხვებს პირადად მისცა მაგალითი, თუმცა ფეროიანმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა და დანაყოფი დატოვა.
ფეროიანის ბაბუა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი და კიდევ ერთი იეზიდი ჯარისკაცი ეთნიკური წარმომავლობის გამო გახდნენ ძალადობის სამიზნეები — უკრძალავდნენ საწოლებში დაძინებას, სამზარეულოში ჭამას და ღამით გარეთ დარჩენას აიძულებდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დეპუტატი, ტაგუჰი ტოვმასიანი ფეროიანის ნათესავებსა და სამხედრო დანაყოფის მეთაურს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მათ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ჰქონდათ.
"ყველა მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჯარში მსგავსი ინციდენტები მიუღებელია და უნდა აღიკვეთოს", — დაწერა მან საკუთარ Facebook-ზე.
მისივე თქმით, ნებისმიერი დავალება კანონის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად უნდა გაიცეს, რაც წამებას, არაადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას კრძალავს.
"უცნაური ის არის, რომ ინციდენტი ფერიუანის გაწვევიდან რამდენიმე საათში მოხდა. ახალწვეული ჯერ კიდევ უნდა მიეჩვიოს სიტუაციას, მას გარემოსთან შეგუებაში უნდა დაეხმარონ. ამის ნაცვლად, მოთხოვნები წაუყენეს, რომელიც მისი აზრით, მიუღებელი და გაუგებარი იყო, ამის გამო მას უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა მოუწია", — უთხრა დეპუტატმა რადიო თავისუფლებას.
RFE/RL უფლებადამცველი ჯგუფის, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამლეის წარმომადგენელს, არმინე სადიკიანსაც ციტირებს — მისი თქმით, ბოლო წლების მანძილზე სამხედრო სამსახურში იეზიდების წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაციის შემთხვევების შესახებ არ სმენია.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არმან სარგისიანმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ კაპანის სამხედრო პოლიციის გამოძიების დამთავრებას დაელოდონ.
"მე დავიჯერებ გამოძიების შედეგებს. თუ ძალადობის ინციდენტი იყო, შედეგი იქნება. თუ აღმოჩნდება, რომ დამნაშავე მეთაური ან მისი რომელიმე კოლეგა იყო, მათი ქმედებები შესაბამისად შეფასდება", — თქვა მან და აღნიშნა, რომ სიმართლის დადგენა "ყველას", მათ შორის, მის ინტერესშია.
პარალელურად, ოჯახი იმედს გამოთქვას, რომ მინისტრი ფეროიანს კვლავ იმავე სამხედრო დანაყოფში არ გადაანაწილებს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები