კატალინა — იდენტობით არ უნდა განისაზღვრებოდეს ჩვენი პიროვნება, ეს ჩვენი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანი ვარ, ოღონდ, არა — ფსევდო. საკმაოდ დიპლომატიური, ადამიანური და პრინციპულიც ვარ, რაღაცებში ცოტა უნებისყოფოც, მაგრამ დიდი ნებისყოფა გამოვიჩინე, რომ ვიბრძოლე, არ დავნებდი და აქამდე მოვედი.
მკაცრი აღზრდა
ალბათ, ჩემი ბავშვობაც ისეთი იყო, როგორიც რაიონში გაზრდილი ყველა ბავშვის. პოსტშევარდნაძის პერიოდი, ქუჩური გაგება, სტერეოტიპები... მაშინაც უსამართლობის წინააღმდეგ ვიყავი, თუ ვიღაცას ჩაგრავდნენ, იმის მხარეს ვიჭერდი და "შავი" მენტალიტეტის ხალხთანაც მომდიოდა კონფლიქტები. ვფიქრობდი, რომ დრო გავიდოდა და ეს უწიგნურობა ამ ხალხს სანანებელი გაუხდებოდა.
ვერ ვეგუებოდი ოჯახში მკაცრი აღზრდის მეთოდს მშობლების მხრიდან. იმ დროსაც ვფიქრობდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ასეთი სიმკაცრით არ უნდა ჩარეულიყვნენ და დღესაც მითქვამს მათთვის, რომ, რეალურად, თავის შვილებს არ იცნობდნენ. როდესაც ჩემზე გაიგეს და ეს მათთვის შოკი იყო, მაშინ ვუთხარი, თქვენი შვილები რომ გაგეცნოთ და ჩვენ მიმართ სადამსჯელო რაზმივით არ ყოფილიყავით, ასე არ მოხდებოდა-მეთქი.
ჩემი მშობლების თაობას ეზიზღება იმ ხალხის თაობა, რომელიც დღეს თავის შვილებთან მეგობრობს. უკვირთ, სკოლაში ბავშვს თუ მასწავლებელი სცემს, ბავშვს რომ პროტესტი უჩნდება ამის მიმართ და მასწავლებელს უჩივის, რატომ უნდა უჩივლოსო — ასეთი ხისტი დამოკიდებულებები აქვთ ბავშვების მიმართ. რა იწვევს ამ გაუცხოებას? მშობლები სხვა ღირებულებებზე არიან გაზრდილი, საბჭოთა კავშირის მენტალიტეტით არიან მოწამლული. ჰგონიათ, რომ თუ ეს ფსევდო-ტრადიციული ღირებულებები ქართველმა ვაჟკაცმა სუფრასთან არ დაიცვა და მერე შვილს არ ასწავლა, ქვეყანა დაიღუპება და განადგურდება. ორკების ენაზე რომ ვთქვათ, მათი დამოკიდებულება ასეთია — "ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი!" თავის დროზე, მეც კინაღამ ჩამითრიეს ამაში, მაგრამ თავის გადარჩენა მოვახერხე.
განცდები
12-13 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, ლამაზი გოგოები რომ დადიოდნენ, მეც ისეთი მინდოდა ვყოფილიყავი და ისე გავსულიყავი გარეთ. ამის პირობები და საშუალება რომ არ მქონდა, სერიოზული დანაკლისი იყო და სიცარიელე მიჩნდებოდა. რაღაც პერიოდი მეგონა, რომ თავს დავითრგუნავდი, ვებრძოდი ამას საკუთარ თავში. სინაზე და პატარ-პატარა ფემინური მანერები მანამდეც მქონდა. ეს ვიღაცებისთვის მაშინაც შესამჩნევი იყო, ქუჩაში ბირჟაზეც უთქვამთ მოკლე შორტების გამო: "რა ბოზი ქალივით დაიზლაზნები, ცოტა წესიერად ჩაიცვი"… ეს ის პერიოდია, მახსოვს, განათლებიდან ერთხელ სკოლაში კაცი მოვიდა ყვითელი ჰალსტუხით და იმაზე დასცინოდნენ.
სერიოზულ განცდებში ვიყავი. მივხვდი, რომ რაც მე მინდოდა, იმას ვერ მოვახერხებდი. სულ იმას ვფიქრობდი, როგორ იქნებოდა ეს აღქმული იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობდი. მქონდა ბიჭთან ურთიერთობის გამოცდილებაც, ვიღაცამ ეს გაიგო და გეი ვეგონე, მერე ეს ამბავი ვიღაც "სასტავის" ყურამდე მივიდა და მაშანტაჟებდნენ — სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობდნენ, თუ არადა სახლიდან ფული მოგვიტანეო. ჩემზე 10-15 წლით უფროს ხალხზე მაქვს საუბარი. დღეს ვითომ არავის არაფერი ახსოვს.
ამ გამოცდილებამ ფსიქოლოგიური დარტყმა ვერ მომაყენა, რადგან მე ჩემს სამყაროში, წიგნებში ვეფლობოდი. რაც ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა, სპორტი იყო და მივსდევდი კიდეც, 15 წელი ვვარჯიშობდი. ფეხბურთზე დავდიოდი, "შტანგაზეც" მივლია და სავარჯიშოებზეც. ამ ბოლოს გავზარმაცდი, თორე დილის შვიდ საათზე ვდგებოდი და დავრბოდი.
განსხვავებული სამყარო ერთ ბინაში
2015-2016 წლებში ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული და მართლა ძლივს გამოვედი. დეპრესიული ფონი მქონდა — ქამინგაუთს ვერ ვაკეთებდი და ჩემი პიროვნების არარეალიზებულობას აქეთ მივყავდი. გარდა ამისა, ხალხი "თავს მესხმოდა" ჯერ კიდევ ბიჭს, რომ ცოლი რატომ არ მოგყავს, დაბერდი, შვილო, ეს, ის... ამ ყველაფრისგან უკვე თავბრუ მეხვეოდა. იქაური ხალხისთვის მე დღემდე არაპროგნოზირებად ადამიანად დავრჩი, მე თვითონ გამივრცელებია დეზინფორმაცია საკუთარ თავზე, რომ იმათ სხვა წარმოდგენა ჰქონოდათ და მე სხვა რამე მეკეთებინა ისე, რომ შეზღუდული არ ვყოფილიყავი.
როცა მორალურად განვეწყვე საბრძოლველად და მივხვდი, რომ ამას ვერ დავთმობდი, პირველი ქამინგაუთი ჩემს ერთ-ერთ დაქალთან მქონდა. ვუთხარი, შენთან ისე ვერ ვიქნები, როგორც მეგობარი კაცი, თუ გინდა, კაბა მათხოვე და გაჩვენებ, როგორი ქალურობის გამოხატვა შემიძლია-მეთქი. ჯერ ერთს ვუთხარი, მერე-მეორეს, ნელ-ნელა დავიწყე საკუთარი თავის რეალიზება ამ მხრივ. ერთმა მეგობარმა შემომთავაზა, ფსიქოლოგთან მივსულიყავი, წარსულში თავს რომ იზღუდავდი, იქიდან ხომ არ გაქვს ტრავმა, უფრო უკეთ გაერკვევი საკუთარ თავშიო. მქონდა ვიზიტები ფსიქოლოგთან, სექსოლოგთანაც ვიყავი. დავუკავშირდი ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ და უკვე 4 წელია, ურთიერთობა მაქვს მათთან.
იმ პერიოდში ქვიარ ფორუმზე ვიპოვე ჩემი რაიონელი გოგო, მაშინ ძალიან გამიკვირდა, რომ თემში ვიღაც ჩემი რაიონიდან იყო და ამაზე ასე ღიად საუბრობდა. იმიტომ გამიკვირდა, რომ ეს იქ ძალიან საშიშია — ერთი შემთხვევა მახსენდება, ფიტნესზე დავდიოდი, კუნთი რომ წამოვა და გიხარია, სახალისო ფოტო გადავიღე მაისურში და დავდე ჩემს ბიჭურ ფეისბუქზე. ნათესავები მომივარდნენ უბანში, ეს ფოტო აიღე, თმა არ გაქვს და რას იჭიმები ფეისბუქში, ვიღაცის ბავშვები და ცოლები ხედავენ ამას და უზნეობააო. ასეთი დამოკიდებულებების გამო გამიკვირდა. ამ გოგოს გავეცანი, დავმეგობრდით, მერე ხშირად ვიდეოკამერით ვლაპარაკობდით — ჯერ მაინც ჩვეულებრივ გავეცანი, მერე რომ შევატყვე დამოკიდებულებები, ავუხსენი ჩემი სიტუაცია და მითხრა, რომ ჩემი ქალური ტანსაცმელი მის ბინაში წამეღო. ჩემი ტანსაცმელი იქ გადავიტანე. სახლიდან გამოვიდოდი, საქმეზე გავდივარ-მეთქი, მასთან ავდიოდი და ჩვენს განსხვავებულ სამყაროში ვიყავით ჩაფლული, ვერავინ წარმოიდგენდა, იქ რა ხდებოდა. სხვა ადამიანი შევდიოდი და იქ სხვა ვხდებოდი.
"ჩვენი წინაპრები ვაჟკაცები იყვნენ, შენ რა გააკეთე?!"
საკუთარ თავს რომ ვაკვირდები, ამ სამსახურმა ნერვები გამიფუჭა. ერთწლიანი ჯარი მაქვს მოხდილი, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან რომ ჩამოვედი, მამაჩემმა დამაწყებინა მუშაობა და 13 წელია, აქ ვარ.
სამსახურში ჩემ შესახებ არ იციან. წლების წინ სხვა ადგილზე ვიყავი, სადაც შეამჩნიეს, რომ ტანზე ეპილაციას ვიკეთებდი და "აუ, ბიჭო, ელგებეტე გახდა, გაპიდერასტდა" და ასეთი ლაპარაკი დაიწყეს. მერე ცოტა ჰუმანურებში გადავედი, მაგრამ ფოტოსთვის წარბი გავიკეთე, უცებ ხომ არ ამომივიდა და ეს შეამჩნიეს, საიდანაც წამოვიდა ბულინგის ახალი ტალღა. ოღონდ არ დაუძაბავთ, ღადაობდნენ ჩემზე. ტრანსგენდერებზე მქონია საუბარი თანამშრომლებთან და ვიცი განწყობები. ამიტომ, იქ ძნელია ქამინგაუთი.
ოჯახთან ქამინგაუთი ისე მოხდა, რომ ჩემმა ნათესავმა გოგომ აჩვენა მათ ფოტოები, რომელშიც ქალურად მაცვია. 7 თვით ადრე, მე ვაჩვენე ერთ ოთახში შეკრებილ რამდენიმე ადამიანს ეს ფოტოები, ამან რაღაცნაირად დაიმახსოვრა და შვიდი თვის მერე თქვა. ვერც წარმომედგინა, ასე თუ მოხდებოდა, ამისთვის მზად ვიყავი და ვიცოდი, რა რისკზეც მივდიოდი, მაგრამ იმ მომენტში მოულოდნელი იყო. ამ დროს სამსახურში ვიყავი, მივედი სამსახურიდან, ბარგი ჩავალაგე, რაღაც ელემენტარული წამოვიღე და წამოვედი. ტანსაცმელიც მერე ფოსტით გამომიგზავნეს.
ერთი კვირა შოკი მქონდა. პირველი ორი-სამი დღე საშინელება იყო, საშინელი ლაპარაკი გვქონდა. ოჯახში უფრო ახლობლებზე აკეთებდნენ აქცენტს — "ესენი რას იტყვიან?! შერცხვი, თავი მოგვჭერი ამ ხალხთან, ჩვენი წინაპრები ვაჟკაცები იყვნენ, შენ რა გააკეთე?!" და ა.შ. ყველანაირი შეურაცხყოფის ატანა მომიხდა. დედაჩემს ვუთხარი, ვიღაც კრიმინალი შენს შვილს ორიენტაციის გამო მოკვლას რომ დაუპირებს, ბევრი მშობელი სიცოცხლის ფასად იცავს საკუთარ შვილს და შენ კიდე ხალხის გეშინია-მეთქი. მამაჩემს ბოლომდე არ მიუტანეს ეს ამბავი, ჯანმრთელობას უჩივის. იმაზეა გაბრაზებული, თუ ეგრე ჩაიცვა და გაერთო, სხვას რატომ აჩვენა ფოტოებიო.
ჩემებს ვუთხარი, ახლა რომ მომკლათ, ეს რამეს შეცვლის-მეთქი? დედაჩემს ვკითხე, მე რომ ხვალ ავდგე და ვთქვა შენი და შენი ოჯახის ბედნიერებისთვის და პრესტიჟისთვის, რომ, არა, არ ვარ ქალი, შემეშალა და ბოდიში, ჩამოვიდე, დაგიჯდე სახლში და ბიჭის როლი შეგისრულო, რად გინდა ასეთი გამოფიტული რეალობა-მეთქი. პასუხი ამაზე ის იყო, რომ მე დედაჩემმა ასეთი გამზარდა და ახლა შენ ჩემი შეცვლა გინდა, იმ ღირებულებებს გადაუსვი ხაზი, რომელზეც ჩვენი ოჯახი იდგაო. ბოლოს რომ ველაპარაკე, მკითხა, ადრე რატომ არ მელაპარაკებოდი ამაზეო. იმის კი არ მეშინოდა, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდა ვინმე, უარყოფის შიში მქონდა და ვიცოდი, დედაჩემს იმ დონემდე ვაწყენინებდი, სახლიდან გამომაფრიალებდნენ. მერე იმაზე ფიქრი იწყებოდა, რომ ვარ კი რაღაცების დასაკარგავად მზად ამ მომენტში?! ისე, რომ ქუჩაში აღმოვჩნდე...
ახლა, როცა ფაქტის წინაშე დავდექი, დავინახე, რომ თურმე მზად ვყოფილვარ. მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ახლა რომ მითხრან, ხმას საერთოდ აღარ გაგცემთო, აღარ შევურიგდები. ახლა საკუთარ თავზე უარს არავის გამო აღარ ვიტყვი.
პატრიარქატის მათრახი
საქართველოში ქალების მდგომარეობასა და თანასწორობაზე ხშირად მიფიქრია, ჩავღრმავებივარ ამ საკითხს და მილაპარაკია სხვა ქალებთან. ჩვეულებრივ, ქალის მეობას რაც განსაზღვრავს, ის იდენტობა მაქვს მეც და ქალის სხეულში დაბადებულ ქალსაც. მე შევედი ყველა ქალის მდგომარეობაში და ყველას მიმართ სოლიდარული ვარ, ვინც პატრიარქატის მათრახი თავის მხრებზე იგრძნო. ტრაგედიად მიმაჩნია ის, რომ კაცმა იმ ტრადიციების მიხედვით, რომლებიც სადღაც ფეოდალურ საუკუნეში და მონარქების პერიოდში შეიქმნა, დამიწყოს, რომ ქალი და ცოლი უნდა იყოს კდემამოსილი.
მტრულ გარემოში მცხოვრებ ქალებს ვეტყვი, კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ წარსულს, გაიხსენონ, რა გაიარეს, რას გაუძლეს... ჰქონდეთ ურთიერთობა ახალ სოციუმებთან და არ ჩაიძირონ კლიშეებსა და ტაბუებში. პირადად მე, რამაც ძალა მომცა და არ დავნებდი, იყო იმაზე ფიქრი, რომ ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და არ ღირს, სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცე. განსაკუთრებით, იმ ადამიანების, რომლებმაც თვითონაც არ იციან თავისი ცხოვრება, ყველაზე ხშირად, ზუსტად ისინი გაკრიტიკებენ, ვისაც, რეალურად, ენა არ უნდა უბრუნდებოდეს შენი მისამართით. მან არ იცის, შენ რა გზა გაიარე, რისთვის გიღირს, რაღაცა დაკარგო და ამ დაკარგვის შემდეგ, ახალი იპოვო.
საძირკველი არ გვაქვს და სახლის აშენება გვინდა
იმედი მაქვს, რომ რამე შეიცვლება და ამ ქვეყნის სათავეში მოვა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვიარ თემის საჭიროებებს გაითვალისწინებს. ქვიარ საზოგადოებას უნდა დაანახოს სახელმწიფომ, რომ რეალურად მიმდინარეობს რაღაც რეფორმები. ქვიარი ყოველთვის ფიქრობს, რა დარტყმას მიიღებს და რა პრობლემების წინაშე დადგება რაღაცის დაკარგვის მერე. როცა სახელმწიფოსგან დაინახავს, რომ მის უკან მდგომი ოჯახის წევრი, ნათესავი ან ვინმე რაღაცამ შეცვალა... ცნობიერების ამაღლების კუთხით უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ტრენინგები და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად რეგიონებშიც, განათლების სისტემაში უნდა მოხდეს ცვლილებები, შეიცვალოს მასწავლებლების მიდგომები სკოლაში, იყოს ხელმისაწვდომი ფსიქოლოგთა მომსახურება, ჯანდაცვას მიაქციონ ყურადღება — ცვლილებების მთელი ჯაჭვია და ეს ყველაფერი თუ მოხდება, მერე იქ ხალხსაც შეეცვლება წარმოდგენები. სოციალური გარემოს გაუმჯობესებაც მოახდენს ამაზე გავლენას.
კარგი იქნება, დიდმა კომპანიებმა რაღაც კვოტა გამოყონ, მაგალითად, 10 ადამიანიდან, 4 ქვიარი დაასაქმოს, თუ ამ ვაკანსიებზე იქნება შესაბამისი დაინტერესება, მერე ვიღაც რომ არ გავარდეს და სექსმუშაკი არ გახდეს ქუჩაში. იქნებ, კარგი ჟურნალისტი, კარგი კულინარი ვარ, ხელოვანი ვარ ან ხეზე ვმუშაობ — ყველას უნდა მიეცეს განვითარების საშუალება. მხოლოდ პრაიდის ჩატარება და ქუჩაში დროშების ფრიალი რეალიზების ვერანაირ შანსს ვერ გამიჩენს. ხალხი ისევ არასწორი აზროვნებით დარჩება, ისევ ვიღაც გამოიყენებს ამას სათავისოდ, რუსული პროპაგანდა ისედაც მომძლავრებულია, ვიღაც ადგება და ამ ხალხის რელიგიურ გრძნობებს ისევ ჩვენ წინააღმდეგ მიმართავს.
აუცილებელია, ჰუმანიზმი იყოს ამ ქვეყანაში და ხალხმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები იპოვოს. აქ არ ვგულისხმობ იმ ხალხს და დაჯგუფებებს, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან და უბრალოდ ადამიანები ეზიზღებათ, ჩვენ მათ ჭკუას ვერ ვასწავლით და ახლიდან ვერ გავზრდით.
მომავალი
ეტაპობრივად მივდივარ წინ და წინ. ამ ოთხ წელში იმდენი რამე გავაკეთე — მზად აღმოვჩნდი რაღაცების და ვიღაცების დასაკარგად, ამის პარალელურად, ახალი საძირკველი ჩავყარე, სხვა წრეები აღმოვაჩინე, სხვა ურთიერთობები ჩამოვაყალიბე და შევქმენი. რაც ადრე წარმოუდგენელი მეგონა და რისიც მეშინოდა, თურმე, არ ყოფილა საშიში. ერთი წლის წინ, ვიღაცას რომ ეთქვა, სახლიდან წამოხვალ, მარტო იცხოვრებ და მერე შემოგირიგდებიან, პოლიტიკოსებთანაც დაიწყებ საუბარსო, ვეტყოდი, რომ სისულელე იყო.
მე მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, ამაზე რომ ვფიქრობდე, ამ ქვეყნიდანაც წავიდოდი. მე ვერ ვიცხოვრებ საერთო სივრცეში ბედნიერად, თუ სხვები უბედურები იქნებიან. ნახევარი ქვეყანა გირჩის რაღაც რელიგიურ ორგანიზაციაში იმიტომ შედიოდა, რომ ჯარისთვის თავი აერიდებინა, ხვალ იმის მშობლები გამოვლენ და ჩემნაირს, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავიარე, გინებას დაუწყებენ, რომ საქართველოსთვის უვარგისები ვართ. მე ყველა პროცესში შემიძლია მონაწილეობის მიღება, როგორც კარგ მოქალაქეს და საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ არ ვართ ურჩხულები.
იდენტობა არ უნდა განსაზღვრავდეს ჩვენს პიროვნებას, ეს ჩვენი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.