თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჯორჯიან ეარვეისის პირდაპირი რეისი გაუქმდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა TV პირველს განუცხადა, რეისი რუსეთმა საქართველოში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გააუქმა, თუმცა ის ფიქრობს, რომ ფრენის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა "თავისი როლი ითამაშა".

"მილიონი რეისი ინიშნება ჩარტერული და ამდენი აჟიოტაჟი არ არსებობს. ამ აჟიოტაჟმა თავისი როლი შეასრულა. გაუქმდა ნებართვა ამ რეისის შესრულებაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო თბილისსა და საქართველოში. რუსეთმა გააუქმა. ყურადღება ზედმეტად მიიპყრო, ამან თავისი როლი ითამაშა. ეს აჟიოტაჟიც გაითვალისწინეს ალბათ", — ამბობს გაიაშვილი.

On.ge დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თამაზ გაიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა, რომ უკვე გავრცელებული განცხადებებით გვეხელმძღვანელა.

26 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჯორჯიან ეარვეისმა პირდაპირი ფრენა ჩანიშნა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ კომპანიამ პოსტი Facebook-გვერდიდან აიღო. ჯორჯიან ეარვეისი სოციალურ ქსელში მომხმარებლებეს პასუხობდა, რომ პირდაპირი ავიარეისი 28 იანვარს შესრულდებოდა, ხოლო რეგულარული ავიარეისები თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით, პარტნიორ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.