რუსეთნმა ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი და მისი მოკავშირეები, მათ შორის, პოლიტიკოსი ლიუბოვ სობოლი "ტერორისტების" სიაში შეიყვანა.

როგორც გამოცემა Rain წერს, პირებს, რომლებიც ამ სიაში არიან შეყვანილები, საბანკო ანგარიშები ეყინებათ. მათივე ცნობით, ამ სიაში მანამდე მოხვდნენ ნავალნის სხვა თანამოაზრეები, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით, ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკა შარიტეში წაიყვანეს. გერმანელი ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იგივე ვერსია საფრანგეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიებმა დაადასტურეს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ, ნავალნის მოწამვლის ვერსიას უარყოფენ და გერმანიისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ ნავალნი ცოლთან ერთად მოსკოვში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტშივე დააკავეს. რუსულმა სასამართლომ ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალა და 2 წლითა და რვა თვით ციხეში გაუშვა.