რა სიახლეები ექნებათ ქართულ გამომცემლობებს 2022 წელს
ლიტერატურის ბევრი აქტიური მკითხველი გაფაციცებით ეძებს ახალ საკბილოს მაშინაც კი, როცა სახლში ჯერ კიდევ ბლომად ეგულება წაუკითხავი წიგნები. ზოგადად, მკითხველი ძალიან ცნობისმოყვარეა და მუდმივად უნდა, რომ ახალი მწერლები, ამბები, გმირები და ლიტერატურული სამყაროები აღმოაჩინოს ან დარწმუნებული იყოს, რომ კიდევ ბევრი აქვს აღმოსაჩენი. ამიტომ თაროებზე ჯერჯერობით უყურადღებოდ დარჩენილმა წიგნებმა, თავის დროზე გულანთებულებმა რომ მოვაცუხცუხეთ სახლში, არ უნდა გვიწყინონ, თუ თვალი მათ ნაცვლად მაინც სხვაგან გვიჭირავს — ისინიც გვახსოვს, უბრალოდ არ გვინდა, უცებ რამე გამოგვეპაროს.
თუ ფილმებისა და სერიალების მოყვარულებმა წინასწარ იციან, რა სიახლეებს უნდა ელოდონ უახლოეს თვეებში, არც მკითხველების მოლოდინებია ხელწამოსაკრავი: მართალია, წიგნის მაღაზიაში მოულოდნელად რომ გადააწყდები ახალგამოცემულ წიგნს, ეგ ცალკე თავგადასავალია, მაგრამ არაფერი ჯობია იმას, როცა იცი, მაინც როგორ ლიტერატურულ მოსავალს უნდა ელოდო წლის განმავლობაში.
სწორედ ამის გასარკვევად ყველა ერთგული მკითხველის სახელით იმ დაგეგმილი სიახლეების ადრიანად გაგება ვეცადე, რომელთაც ყველაზე აქტიური და საინტერესო არჩევანის მქონე ქართული გამომცემლობები 2022 წელს შემოგვთავაზებენ.
დიოგენე
გამომცემლობა დიოგენესთვის გასული წელი შესაშურად ნაყოფიერი გამოდგა: ისეთი მნიშვნელოვანი ავტორების რომანები თარგმნეს, როგორებიც რობერტ მუზილი (ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა), აირის მერდოკი (ზღვა, ზღვა) და ბოჰუმილ ჰრაბალი (მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ) არიან; ასევე გაგვაცნეს საინტერესო დებიუტანტი ქართველი ავტორები: მინდია არაბული მოთხრობების კრებულით ყოველი ამბის დასასრული და მაგდა კალანდაძე რომანით მეორე ოთახი. დაბეჭდეს მანამდე მოთხრობებისა და ესეების კრებულების ავტორობითა და თარგმანებით ცნობილი ირმა ტაველიძის პირველი რომანი ბნელ წყლებში, რომელზეც უკვე ისეთი საქებარი შეფასებები მოვისმინე, ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ.
თუ ჯერ ხსენებული ნაწარმოებების სათანადოდ გაცნობა ვერ მოასწარით, გეტყვით, რომ სჯობს, იჩქაროთ, რადგან წინ კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს გვიმზადებენ:
- პრიმო ლევის თუ ეს ადამიანია — დიოგენემ გასულ წელს უკვე გამოსცა ამ ცნობილი იტალიელი ქიმიკოსისა და მწერლის მოთხრობების კრებული პერიოდული სისტემა, წელს კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ქართულ ენაზე წავიკითხოთ პრიმო ლევის პირველი და ყველაზე აღიარებული ნაწარმოები თუ ეს ადამიანია, რომელშიც მწერალი მეორე მსოფლიო ომის დროს აუშვიცის ბანაკში მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.
- ვ. გ. ზებალდის აუსტერლიცი — ჰოლოკოსტის შესახებ კიდევ ერთი ნაწარმოები გამოიცემა, რომელიც ამ თემაზე დაწერილ ლიტერატურულ ტექსტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება. ზებალდი დიდი გერმანელი მწერალია, რომელსაც ქართველი მკითხველი, სამწუხაროდ, დღემდე კარგად არ იცნობს, არადა დიოგენემ რამდენიმე წლის წინ უკვე თარგმნა მისი უზომოდ საინტერესო წიგნი ემიგრანტები.
- ხავიერ სერკასის სალამინის ჯარისკაცები — მეოცე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს უტრიალებს ხავიერ სერკასიც: 2001 წელს გამოქვეყნებულ რომანში სალამინის ჯარისკაცები ის ესპანეთის სამოქალაქო ომის მძიმე შედეგებს აღწერს. თანამედროვე ესპანური ლიტერატურის ამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის შემოქმედებას ქართველი მკითხველი პირველად გაიცნობს.
- სიუზენ ზონტაგის ფოტოგრაფიაზე — ზონტაგი გასული საუკუნის იმ გავლენიან მოაზროვნეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა იდეებმაც ხელოვნების, ფილოსოფიისა თუ პოლიტიკური თეორიების შემდგომ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან, რომელიც როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ ტექსტებს აერთიანებს, ესეების კრებული ფოტოგრაფიაზე ყველაზე ცნობილია.
სულაკაურის გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობისთვის გასული წელიც ტრადიციულად ნაყოფიერი იყო: ნაირ-ნაირ გამოცემებს შორის შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც თამთა მელაშვილის შაშვი შაშვი მაყვალი, ჰერმან ჰესეს თამაში რიოში მარგალიტებით და კარლ სეიგანის კოსმოსი.
გამომცემლობაში ამბობენ, რომ შარშან დაანონსებული სიახლეების ნაწილი, რომელსაც მკითხველი დიდხანს ელოდა, სულ მალე იხილავს მზის სინათლეს: ზაირა არსენიშვილის კოლაჟი მთვარის შუქზე და არუნდატი როის უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო. აი, კიდევ რას უნდა ველოდოთ წელს სულაკაურის გამომცემლობისგან:
- ზაზა ბურჭულაძის ვარდის სურნელი — ეს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, შესაბამისად, მისგან ნებისმიერი სიახლე თავიდანვე დიდი ინტერესისა და ინტრიგის აღმძვრელია. თანაც, როგორც გვპირდებიან, ახალი რომანი კვლავ ზაზა ბურჭულაძისთვის დამახასიათებელი ალუზიებით, ირონიით, სევდით, დინამიკური თხრობითა და თამამი ექსპერიმენტებით იქნება სავსე.
- ფიოდორ დოსტოევსკის იდიოტი — დანაშაული და სასჯელის, ძმები კარამაზოვებისა და იატაკქვეშეთის ჩანაწერების შემდეგ სულაკაურის გამომცემლობის რჩეულ სერიას მსოფლიო კლასიკა ლეგენდარული რუსი მწერლის კიდევ ერთი ნაწარმოები შეემატება ტრადიციულად გივი კიკილაშვილის თარგმანით.
- სალმან რუშდის ოქროს სახლი — თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ამ ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებით შემკული მწერლის შემოქმედებას ქართველი მკითხველი საკმაოდ კარგად იცნობს, უახლოეს მომავალში კი მისი 2017 წელს გამოცემული რომანის ქართული თარგმანის წაკითხვის შესაძლებლობა მოგვეცემა, რომელზეც სალმან რუშდის დიდი თაყვანისმცემელი და ქართველი მწერალი სალომე ბენიძე მუშაობს.
- მაია ლუნდეს ფუტკრების ამბავი — სერიამ ლიტერატურული ოდისეა ქართველი მკითხველი მანამდე უცნობ მრავალ ლიტერატურული დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა და მოულოდნელი ღირსშესანიშნაობები აღმოაჩენინა. ამჯერად შემდეგი გაჩერება სკანდინავიაა: თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის რომანს ფუტკრების ამბავი, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერად იქცა, თამარ კვიჟინაძე თარგმნის ქართულად.
- კლარის ლისპექტორის ვარსკვლავის დრო / ველურ გულთან ახლოს — ლიტერატურული ოდისეის ფარგლებში ცივი ჩრდილოეთიდან მზიან სამხრეთშიც ამოვყოფთ თავს: ცნობილი ბრაზილიელი მწერლის კლარის ლისპექტორის შემოქმედება ქართულად პირველად ითარგმნება, ეს საქმე კი თავის თავზე ნინო ლორთქიფანიძემ აიღო. ლისპექტორის ტექსტებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ინოვაციური" და "უნიკალური", ამიტომაც წინ ნამდვილად საინტერესო აღმოჩენები გველოდება.
- ჰარუკი მურაკამის კომანდორის მკვლელობა — ამ იაპონელი მწერლის მიმართ ქართველი მკითხველების ცხოველი ინტერესი არ ნელდება. კომანდორის მკვლელობა მისი ჯერჯერობით ბოლო, 2017 წელს გამოსული რომანია, რომელიც მალე შეემატა სულაკაურის გამომცემლობის მიერ აქამდე თარგმნილი მურაკამის წიგნების თაროს.
- იუვალ ნოახ ჰარარის 21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის — საპიენსისა და ჰომო დეუსის შემდეგ კვლავ გრძელდება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მოაზროვნის შემოქმედების ქართულად თარგმნა. ამჯერად 21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის ჯერია, რომელიც 2018 წელს გამოიცა და ჰარარის სხვა წიგნების მსგავსად მსოფლიო ბესტსელერად იქცა.
ინტელექტი
ქართულ საგამომცემლო სფეროში ინტელექტი თავისი პროდუქტიულობით გამოირჩევა და 2021 წელს ისეთი მნიშვნელოვანი გამოცემებით შეავსო მრავალი მკითხველის თარო, როგორებიცაა ოლგა ტოკარჩუკის წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა, ნიკოს კაზანძაკისის ღვთის გლახა, პეტერ ჰანდკეს მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება და ჯორჯ ორუელის საკულტო რომანის განახლებული თარგმანი ცხოველების კარ-მიდამო.
ამ წლის განმავლობაშიც ერთგულ მკითხველებს როგორც საინტერესო თარგმანებს, ისე ქართველი ავტორების ახალ ნაწარმოებებს უმზადებენ:
- ნინო ხარატიშვილის უკმარი სინათლე (მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე) და კატა და გენერალი (მთარგმნელი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი) — ქართული წარმოშობის ეს გერმანულენოვანი ავტორი საქართველოშიც ისევე შეიყვარეს, როგორც გერმანიასა და დანარჩენ ევროპაში. სულ მალე მშობლიურ ენაზე წავიკითხავთ მის ბოლო ორ რომანს: კატა და გენერალი და უკმარი სინათლე. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ინგლისურად ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობა HarperCollins გამოსცემს და ასევე რომანი წლევანდელი ბერლინალეს იმ ათ საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ.
- აბდულრაზაკ გურნას სამოთხე (მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი) — ინტელექტს მუდმივად თვალი უჭირავს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების შემოქმედებაზე და გამონაკლისი არც შარშანდელი გამარჯვებულია: უკვე ითარგმნება აბდულრაზაკ გურნას 1994 წელს გამოქვეყნებული ისტორიული რომანი სამოთხე. შესაბამისად, ქართველ მკითხველს მალე მიეცემა შესაძლებლობა, რომ გაიგოს, რით დაიმსახურა ამ ტანზანიური წარმოშობის მწერალმა ნობელის კომიტეტის მოწონება.
- ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანი ყვითელი ნახევარმზე (მთარგმნელი ანი კოპალიანი) — ეს ავტორი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმაა, რომელიც ქართულადაც გაისმა, როცა მისი რომანი იისფერი ჰიბისკუსი ითარგმნა. სულ მალე მისი კიდევ ერთი ნაწარმოები გამოიცემა, რომელიც ნიგერიაში სამოქალაქო ომის დროს დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს შეულამაზებლად აღწერს.
- მარიო ვარგას ლიოსას დეიდა ხულია და ჯღაბნია (მთარგმნელი ნინო ფიფია) და მწვანე სახლი (მთარგმნელი მაკა გოგოლაშვილი) — ინტელექტი აქტიურად გამოსცემს ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ისეთი ცნობილი წარმომადგენლის შემოქმედებას, როგორიც მარიო ვარგას ლიოსაა. ამჯერად ამ მწერლის ქართველი მკითხველისთვის აქამდეც საკმაოდ კარგად ნაცნობი წიგნის დეიდა ხულია და ჯღაბნია განახლებულ თარგმანს და ამასთანავე მისი კიდევ ერთი რომანის მწვანე სახლის პირველ ქართულ თარგმანს შემოგვთავაზებენ.
- ერეკლე დეისაძის საქართველოს მოქალაქე — ამ ქართველმა ხელოვანმა უკვე ბევრს დაამახსოვრა თავი პოეტური, პროზაული და მუსიკალური შემოქმედებით, რომელშიც მწვავე სოციალური საკითხებია წინ წამოწეული. სულ მალე მისი ახალი რომანი გამოვა და ავტორის წინა შემოქმედებას თუ გავითვალისწინებთ, საინტერესო შედეგს უნდა ველოდოთ.
- ზაზა ხალვაშის პირადი ჩანაწერებისა და სცენარების 4 წიგნი — ზაზა ხალვაში თანამედროვე ქართული კინოს ძვირფასი შემოქმედი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, 2020 წელს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი კინოხელოვნებიდან ყველაზე ცნობილი ფილმი ნამეა, რომელსაც ბევრი 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმადაც მიიჩნევს. მალე სწორედ ამ გამოჩენილი რეჟისორის ჩანაწერებისა და სცენარების გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა.
პალიტრა L
ეს გამომცემლობა, ალბათ, ყველაზე უკეთ ახერხებს, რომ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისა და ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი საკითხავი შეარჩიოს: მაგალითად, გასულ წელს გამოსცეს ლაზიერის გამბიტი, რომლის მიხედვითაც ნეტფლიქსმა ამავე სახელწოდების ძალიან პოპულარული სერიალი გადაიღო. ასევე შემოგვთავაზეს ბერნარდინ ევარისტოს ბუკერის პრემიით დაჯილდოებული რომანი გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი. ჩემთვის პირადად კი გასული წლის აღმოჩენად იქცა ახალგაზრდა ქართველი მწერლის მარიამ გურგენიშვილის სადებიუტო რომანი მარგალიტები.
ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ 2022 წელს პალიტრა L-სგან:
- ჯოშ მალერმანის ჩიტის სახლი — ლაზიერის გამბიტისა არ იყოს, ნეტფლიქსს მილიონობით მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე ფილმიც აქვს წარმოებული და მათ შორისაა ჩიტის სახლი (BirdBox), რომელშიც მთავარ როლს სანდრა ბულოკი ასრულებს. მალე ქართულ ენაზე სწორედ ამ ფილმის პირველწყაროს წაკითხვა შეეძლებათ პოსტაპოკალიფსური ისტორიების მოყვარულებს.
- ჯორჯ რ.რ. მარტინის შვიდი სამეფოს რაინდი — ჯორჯ მარტინს ჟანრული ლიტერატურის მოყვარულებთან ერთად სერიალების მილიონობით მაყურებელიც აღმერთებს: მისი წიგნების სერიის მიხედვით გადაღებული სამეფო კარის თამაშები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუდ იქცა. შვიდი სამეფოს რაინდი სწორედ HBO-ს ამ გახმაურებულ სერიალში აღწერილ მოვლენებამდე იმავე სამყაროში საუკუნით ადრე განვითარებულ ამბებზე მოგვითხრობს.
- სტივენ კინგის ბნელი კოშკი და სალემის ლოტი — ჟანრული ლიტერატურის კიდევ ერთი გამორჩეული ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის მსოფლიოში აღიარებული ნაწარმოებები ითარგმნება ქართულ ენაზე: ბნელი კოშკის სერიის ბოლო, მეშვიდე ნაწილი და საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები სალემის ლოტი.
- მედლინ მილერის აქილევსის სიმღერა — ეს სიახლე განსაკუთრებით მითოლოგიით გატაცებულ მკითხველს გაახარებს: ჰომეროსის ილიადაში მოთხრობილი ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაცია უაღრესად პოეტური და შთამბეჭდავია. თანაც ამერიკელი მწერლის მედლინ მილერის კიდევ ერთი ბესტსელერი კირკე უკვე ითარგმნა ქართულად და მრავალმა მკითხველმა ამ ავტორის წერის სტილის შეყვარებაც მოასწრო.
- კოლსონ უაითჰედის ნიკელის ბიჭები — კოლსონ უაითჰედი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი წარმომადგენელია, რომელსაც უკვე ორჯერ გადაეცა პულიცერის ლიტერატურული პრემია: პირველად 2017 წელს რომანისთვის მიწისქვეშა რკინიგზა და მეორედ 2020-ში ნიკელის ბიჭებისთვის. პირველი წიგნი პალიტრა ელმა უკვე თარგმნა ქართულად, მეორე რომანი კი წლის ბოლომდე გამოიცემა.
- ტანეჰასი კოუტსის წყალზე მროკავი — უაითჰედის მსგავსად ტანეჰასი კოუტსიც აშშ-ში რასიზმის პრობლემებზე წერს. მისმა 2019 წელს გამოქვეყნებულმა სადებიუტო რომანმა წყალზე მროკავი მალევე მიიქცია საყოველთაო ყურადღება და სულ ცოტა ხანში ქართველი მკითხველიც შეძლებს ამ სამეცნიერო ფანტასტიკისა და ისტორიული ჟანრის ელემენტებით გაჯერებული რომანის გაცნობას.
გამომცემლობა მელანი
სულ ცოტა ხნის წინ ქართულ საგამომცემლო სივრცეს ახალი საინტერესო ხედვის გამომცემლობა შეემატა მელანის სახით, რომელმაც მკითხველს უკვე წარუდგინა ისეთი მნიშვნელოვანი გამოცემები, როგორებიცაა ქეთი ნიჟარაძის ტექსტების კრებული მზიანი მხარე და ბერტოლტ ბრეხტის პოეტური კრებული ცუდი დრო პოეზიისათვის.
იმისათვის, რომ მკითხველების ფართო წრემ უკეთ გაიცნოს მელანის მიზნები ქართულ ლიტერატურულ პროცესებში, გთავაზობთ გამომცემლის, ნინო ლეჟავას ხედვას:
"გამომცემლობა მელანი შეიქმნა გაბედული მიზნებით — გააძლიეროს კრიტიკული ხმები, გაავრცელოს ფემინისტური შეხედულებები და აღმოაჩინოს ახალი ან უსამართლოდ მივიწყებული შთამაგონებელი ავტორები. ამ მიზნების მიღწევას მელანი ეცდება როგორც ორიგინალური გამოცემებით, ისე უცხოენოვანი ტექსტების თარგმანებით.
ახალი გამომცემლობა მელანის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ მაღალი ხარისხის, ადგილობრივად შექმნილი დიზაინის პოლიგრაფიული გამოცემები შეუთავსოს ავტორების შრომის ღირსეულ ანაზღაურებას; მათ შორის ქალი ავტორების წახალისებისა და წინ წამოწევის გზით. ფემინისტი ავტორების პოპულარიზაცია და გენდერულად თანასწორი საგამომცემლო და ლიტერატურული გარემოს განვითარებაში წვლილის შეტანა აგრეთვე შედის ახლად დაარსებული გამომცემლობის მიზნებში".
მართალია, ეს გამომცემლობა ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ საინტერესო საკითხავს 2022 წელსაც შესთავაზებს მკითხველს:
- რობერტ ზეეტალერის მთელი ცხოვრება — ალბათ, ეს ავტორი ქართველი მკითხველების დიდი ნაწილისთვის ჯერ უცნობია, თუმცა მისი ნაწარმოებები უკვე მრავალ ენაზე ითარგმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო ლიტერატურულ წრეებში. მალე გერმანისტ დავით კაკაბაძის თარგმანით ქართულადაც გამოიცემა რომანი მთელი ცხოვრება, რომლის ისტორიული სიუჟეტის ერთი მონაკვეთი კავკასიაშიც ვითარდება და ჩვენც მოგვეცემა შესაძლებლობა, რობერტ ზეეტალერის მწერლური ოსტატობა აღმოვაჩინოთ.
- ეკა ქევანიშვილის ჰერბარიუმი — ეკა ქევანიშვილს ბევრი უკვე კარგად იცნობს თავისი ლექსებითა და მოთხრობებით, მალე კი დოკუმენტური პროზის საინტერესო ნიმუშსაც წარმოგვიდგენს: "ამ წიგნს, რომელიც ავტორმა და გამომცემელმა ერთად ჩაიფიქრეს, საფუძვლად უდევს ჰერბარიუმის იდეა, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ქალებისათვის თითქმის ერთადერთი სამეცნიერო და ესთეტიკური თვითგამოხატვის სფერო იყო. ამერიკელი პოეტის, ემილი დიკინსონის და კიდევ უამრავი ქალის მსგავსად, ეკა ქევანიშვილიც დიდი ხანია, აგროვებდა და აშრობდა მცენარეებს ჯერ მშობლიურ რაჭაში და შემდეგ სხვა ადგილებიდანაც", — ვკითხულობთ გამომცემლობის მიერ გავრცელებულ მოკლე აღწერაში.
გამომცემლობა ზოლიანი კატა
ჯერ სულ რამდენიმე წელია, რაც წიგნის მაღაზიების თაროებზე ზოლიანის კატის ლოგოიანი წიგნები გამოჩნდა, მაგრამ განსაკუთრებით დახვეწილი გამოცემებით მალევე მოიგო მრავალი მკითხველის გული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამომცემლობები აქტიურად გამოსცემენ საბავშვო ლიტერატურას, ისეთმა პატარა გამომცემლობამ, როგორიც ზოლიანი კატაა, მაღალი ხარისხით, გემოვნებიანი არჩევანითა და შთამბეჭდავი ილუსტრაციებით მაინც შეძლო თავისი ნიშის დაკავება. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გამომცემლობა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის მიმართულებაზე არ მუშაობს.
გასული წლის არაერთ საინტერესო გამოცემას შორის აღსანიშნავია ირაკლი კეიდიას ფენტეზის ჟანრის გრაფიკული რომანი ანუნაკები. ქართული ლიტერატურა არც ფენტეზის ჟანრითაა განებივრებული და არც გრაფიკული რომანებით, ამიტომ ეს ამბავი მკითხველებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
2022 წლის იანვარიც განსაკუთრებული სიახლეებით დაიწყო: ყველასათვის საყვარელი მოთხრობის შვლის ნუკრის ნაამბობის ახალი ილუსტრირებული გამოცემა დაიბეჭდა, რომლის სადა და ზღაპრულ ნახატებზეც მხატვარმა ანკა ბოჭორიშვილმა იზრუნა. ასევე სულ ახლახან გამოიცა ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის ოლგა ტოკარჩუკის მცირე მოთხრობა გზააბნეული სული, რომელიც პოლონელი მხატვრის იონა კონცეხოს შთამბეჭდავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული. მერწმუნეთ, ასეთ კოხტა გამოცემას იშვიათად გადააწყდებით, ამიტომ ხელიდან არ უნდა გაუშვას არცერთი ასაკის მკითხველმა.
კიდევ რამდენიმე სიახლე, რომელსაც ზოლიანი კატა წლის ბოლომდე გამოსცემს:
- შელ სილვერსტანის უშურველი ხე — საბავშვო ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერის წაკითხვას, რომელიც გამოცემიდან (1964 წელი) დღემდე პოპულარობას არ კარგავს, ქართულენოვანი ბავშვებიც შეძლებენ. თანაც მას ლუის კეროლის საკულტო ნაწარმოების ელისი საოცრებათა ქვეყანაში მთარგმნელი, გიორგი გოკიელი გადმოაქართულებს.
- ამირანი — ზოლიანმა კატამ აქამდე არაერთ ქართულ მოთხრობას, ზღაპარსა და თქმულებას შთაბერა ხელახლა სული, იქნება ეს წიქარა თუ ვაჟა-ფშაველას ია. ამჯერად ამირანის ისტორიას შემოგვთავაზებენ სპეციალურად პატარებისთვის განახლებული გამოცემით, რომელიც გიორგი ჯინჭარაძის საოცარმა ილუსტრაციებმა კიდევ უფრო ზღაპრულად აქცია.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებითაც არა მხოლოდ ამ სტატიაში წარმოდგენილი გამომცემლობები, არამედ ფორმატის შეზღუდვის გამო ამ ჩამონათვალის მიღმა დარჩენილი სხვა გამომცემლობებიც გაანებივრებენ მკითხველებს მთელი წლის განმავლობაში.
კომენტარები