1930-იან წლებში ბოსტონში წითლად მოთოვა — რამ გამოიწვია ეს

ფოტო: ChatGPT/NEXT.On.ge
1930-იანი წლების დასაწყისში ბოსტონელები უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ — ციდან მოწითალო შეფერილობის თოვლის ფიფქები ცვიოდა. ეს ამ რეგიონისთვის ეკოლოგიურად კრიზისულ პერიოდში მოხდა, რომელსაც "მტვრის ქვაბის" სახელით მოიხსენიებენ.
მიზეზი ხელოვნური ცვლილებების იყო, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში აგრარული მიზნით დიდი ვაკეების არასწორი გამოყენება. შედეგად ნიადაგის ზედა ფენის ნაწილაკები ჰაერში დიდი რაოდენობით გაიფანტა. ლოკალურად ამან მტვრის მძლავრი შტორმები გამოიწვია, შედარებით მოშორებით კი — ახალ ინგლისში — წითელი თოვლი.
კლიმატზე ადამიანის გავლენა რომ დიდია, ამჟამინდელი გლობალური დათბობაც მოწმობს. ნიადაგის დამუშავება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან არასათანადო პრაქტიკებს სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. "მტვრის ქვაბად" წოდებულმა პერიოდმა გვასწავლა, რომ მკაცრი გვალვის დროს მიწის აქტიური დამუშავება და მისთვის შემაკავებელი ბალახების გამოცლა ცუდი იდეაა.
ამგვარი მცენარეების გარეშე, გაფხვიერებული ნიადაგის ნაწილაკებს ჰაერში ქარი მარტივად იტაცებს და კილომეტრობის მოშორებით მიაქვს. შესაბამისად, პრობლემა მხოლოდ ადგილობრივი არაა და მასშტაბურ სახეს იღებს. სწორედ ასე მოხდა ახალ ინგლისში, სადამდეც მტვერმა დიდი ვაკეებიდან მიაღწია და ქარბუქს შეერია.

მტვრის ქარიშხალი ოკლაჰომაში.
ფოტო: Wikimedia Commons
იქ მტვერმა ფიფქები წითლად შეფერა, მაგრამ სხვა არეალებში უარესი შედეგებიც მივიღეთ. მაგალითად, ნიუ-იორკში მტვერმა მზის ნაწილობრივი დაბნელების მსგავსი ეფექტი იქონია; მტვრის შტორმებმა ფერმერების მოსავალიც გაანადგურა, რომელიც გვალვის გამო ისედაც შემცირებული იყო; ეს შტატების მოსახლეობაზეც აისახა, რადგან ხალხი თვალებისა და ყელის გაღიზიანებას უჩიოდა.
ყველაზე ძლიერი ქარიშხლების პერიოდს "შავი კვირა" უწოდეს. ამ დროს ჰანსფორდის ოლქი მთლიანად მტვრის ღრუბელში იყო მოქცეული, რასაც ქარიც ერთოდა. იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ქარი რამდენიმე საათით სუსტდებოდა, ჰაერი მაინც ნაწილაკებით იყო სავსე, რომლებიც შენობებშიც აღწევდა და სუნთქვას ართულებდა.
აქედან გამომდინარე, წითელი თოვლი მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. "მტვრის ქვაბმა" მილიონობით ამერიკელს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა აიძულა და დიდი დეპრესიის სირთულეები კიდევ უფრო გაამწვავა. საბოლოოდ, პრობლემის მოგვარებაში მთავრობა ჩაერთო — პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ქვეყნის ეკოლოგიური ბალანსის აღსადგენად სპეციალური პროგრამები წამოიწყო. სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: "ერი, რომელიც ნიადაგს სპობს, საკუთარ თავს ანადგურებს".
კომენტარები