აღმოაჩინეს ლოკოკინა, რომელიც პიკასოს ნახატიდან გადმოსულ არსებას ჰგავს

ფოტო: Gojšina et al
მეცნიერებმა აზიაში ლოკოკინას ახალი სახეობა აღმოაჩინეს და მას Anauchen picasso უწოდეს.
მსგავსი სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ — ისინი სწორედ ცნობილი კუბისტი მხატვრის, პიკასოს, ნამუშევრებიდან გადმოსულ არსებებს ჰგვანან. მათი ზომა სულ რაღაც 3 მილიმეტრამდეა, ანუ ძალიან პატარა ზომისანი არიან.
მალაკოლოგებმა, მოლუსკების მკვლევრებმა, ლოკოკინას აქამდე უცნობ სახეობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიაგნეს. მან მათი ყურადღება უჩვეულო ფორმით მიიქცია, რომელიც სხვა მსგავსი მუცელფეხიანი ცხოველებისგან გამოარჩევს. განსხვავებული მახასიათებლების გამო მოლუსკს სახელი პიკასოს პატივსაცემად შეურჩიეს, რადგან Anauchen picasso-ს ნიჟარა კუბისტური ვიზუალის მქონეა.
საქმე ისაა, რომ, ჩვეულებრივ, ლოკოკინების ნიჟარებს გლუვი სიმრგვალე აქვს. მათგან განსხვავებით, Anauchen picasso-ს სხეულის ეს ნაწილი მკვეთრად კუთხიანი ფორმისაა და მასში მართკუთხა ფორმები იკვეთება. გუნდის თანახმად, ის ტიპური ლოკოკინას "კუბისტურ ინტერპრეტაციას" მოგვაგონებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოკოკინების ნიჟარების ზომა 5 მილიმეტრზე ნაკლებია, ისინი მშვენიერები არიან! მათი ნიჟარები საოცრად რთული სტრუქტურისაა, მაგალითად, ღიობის მიმდებარედ კბილის მსგავსი რამდენიმე შვერილი ბარიერს ქმნის, რომელიც, სავარაუდოდ, მტაცებლებისგან იცავს", — ამბობენ ავტორები.
მათ კამბოჯაში, მიანმარში, ლაოსში, ტაილანდსა და ვიეტნამში ე.წ. მიკროლოკოკინების სულ 46 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ არსებების ნაწილს ღიობი ზემოთ ან ქვემოთ აქვს მიმართული. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი ნიჟარას თავდაყირა ატარებს. სწორედ ღიობები და ბარიერებია ის მთავარი ინდიკატორები, რომლებითაც სახეობები გამიჯნეს.
ახალაღმოჩენილი სახეობებიდან ზოგი ადრე იყო ნაპოვნი და ფლორიდის საბუნებისმეტყველო მუზეუმში ინახებოდა. გარემო, სადაც ასეთი ნიმუშები შეაგროვეს, ახლა დიდწილად განადგურებულია, რისი მიზეზიც გაუტყეურება და კირქვის კარიერებია. ეს ლოკოკინების ენდემურ სახეობებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში ZooKeys გამოქვეყნდა.
კომენტარები