5 გზა, როგორ გავხადოთ საუბარი მეტად ნაყოფიერი
წინა წლების გამოწვევები რთულ საუბრებს მოითხოვდა. როცა დიალოგი ეფექტიანია, ის სწავლის და ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობას ქმნის. კომუნიკაციის უკეთესად წარმართვისათვის კარგად უნდა გავაანალიზოთ საკუთარი ცრურწმენები თუ ნაპრალები ცოდნაში და ყურადღება თანამოსაუბრეზე გამარჯვების სურვილიდან ურთიერთობის დამყარებაზე გადავიტანოთ.
ბოლო რამდენიმე წელი მარტივი არ ყოფილა. შესაბამისად, ადამიანთა შორის დაძაბულობამაც იმატა და ამ დროის განმავლობაში ახლობლებთან მრავალი რთული საუბრის წარმართვა მოგვიწია იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ ასეთ რთულ დროს. მუდმივი ცვლილებების პირობებში ბიზნესსაც გაუჭირდა თანამშრომლებთან და მომხმარებელთან სათანადო კომუნიკაციის დამყარება. აქტუალური საკითხების მიმართ კი საზოგადოება ორად გაიყო — რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ მედიაში მიმდინარე ცხარე დისკუსიებზე.
თუ გვინდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წარიმართოს — იქნება ეს ჩვენი პირადი ცხოვრება, ბიზნესი თუ პოლიტიკა — ამ წლიდან რაღაც უნდა შევცვალოთ. პირველ რიგში კი უნდა გადავაფასოთ ის ფორმები, რომლითაც ერთმანეთთან ვურთიერთობთ.
ეს თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარი მხოლოდ სიტყვების შერჩევა და მათი სწორად გამოყენება არაა. საუბრის ეფექტიანად წარმართვა ინტერპერსონალური უნარების ერთობლიობას მოითხოვს, რაც ჰაერში აზრების გასროლაზე ბევრად მეტია.
ცხადია, თუ ვინმესთან საუბარი არ შეგიძლია, მასთან კავშირსაც ვერ დაამყარებ. როგორც ფსიქოთერაპევტი ესთერ პერელი ამბობს, "არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე მარტოობა სხვების გარემოცვაში". ამიტომ ქვემოთ გთავაზობთ ექსპერტების მიერ ნარჩევ ხუთ სტრატეგიას, რომლებიც დიალოგის უკეთესად წარმართვაში დიდ დახმარებას გაგიწევთ.
1. დაიწყეთ საუბარი "მწვანე სიგნალებით"
ყოველთვის, როცა ვინმეს ესაუბრებით, არის შანსი, რომ აზრის ჩამოყალიბება გაგიჭირდეთ, არასწორად გაიხსენოთ მოვლენა, გამოავლინოთ პიროვნული მიკერძოება, წარმოთქვათ რაიმე შეურაცხმყოფელი ან წამოგცდეთ ის, რის თქმასაც არ აპირებდით. თქვენი თანამოსაუბრეც ზუსტად იმავე რისკების წინაშე დგას.
ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ საუბარს თან ახლავს რეპუტაციის დაზიანების საფრთხე — რაც ხსნის იმას, თუ რატომ არჩევს ამდენი ადამიანი ისეთ ზედაპირულ თემებზე ყურადღების გამახვილებას, როგორიც ამინდის განხილვაა.
მართალია, ამგვარ რისკთაგან თავის დაზღვევა შეუძლებელია, თუმცა მათთან დაკავშირებული საფასურის შემცირება იმ ტექნიკის გამოყენებით შეგვიძლია, რომელსაც კომიკოსი და პოდკასტერი პიტ ჰოლმსი "მწვანე შუქებს" უწოდებს.
ლაპარაკის დაწყებამდე ჰოლმსი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ მას აქვს "მწვანე შუქი", რათა თქვას ის, რასაც ფიქრობს. პარტნიორს შეუძლია ისაუბროს ნებისმიერ რამეზე — იქნება ეს პოლიტიკა თუ პირადი პრობლემები. შეიძლება, ჰოლმსი არ დაეთანხმოს თანამოსაუბრეს და შეკითხვაც დაუსვას, თუმცა იგი ამას პატივისცემით და განსჯის გარეშე გააკეთებს. "სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, როდესაც ვამბობ, ეს ადგილი უსაფრთხოა, იგი ამის გამო უფრო უსაფრთხო არ ხდება. თუმცა მე ამით თანამოსაუბრეებს ჩემს იმ განზრახვას ვამცნობ, რომ მისთვის კომფორტული ატმოსფეროს შექმნა მსურს", — ამბობს ჰოლმსი.
ამ ტექნიკის გამოყენებით კომუნიკაცია გაცილებით ეფექტიანია და ურთიერთობების დამყარება წვიმის წამოსვლის ალბათობაზე საუბარზე მეტად საინტერესო იდეების გაცვლითაა შესაძლებელი.
2. მოუსმინეთ გულდასმით
მართალია "მწვანე შუქები" პროდუქტიული საუბრისთვის კარგ ნიადაგს ქმნის, თუმცა ის უმნიშვნელო იქნება, თუკი არავინ მოგვისმენს. ადამიანის გონება ფიქრებით, მოგონებებით, განწყობილებებითა და ფანტაზიებითაა მოცული, რაც საუბარზე კონცენტრირებას ართულებს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი მიზანმიმართული მოსმენაა.
ბევრი ადამიანი მოსმენის პროცესს საუბრის პასიურ ნაწილად განიხილავს. ისინი ჩუმად სხედან და თანამოსაუბრეს თავიანთ თავში ინფორმაციის ჩატვირთვის უფლებას აძლევენ. და როდესაც იგი საუბარს დაასრულებს, უკვე თავად უდებენ ინფორმაციას მათ თავში. მაგრამ პასიური მოსმენისას შინაგანმა დიალოგმა, შესაძლოა, სიტყვა-პასუხის გაცვლას ხელი შეუშალოს. აი, მიზანმიმართული მოსმენისას კი თქვენი ყურადღება საუბარზე ფოკუსირდება და მასში ორივე მხარე აქტიურად ერთვება.
აქ შეგვიძლია სამსაფეხურიან გეგმას მივყვეთ. როცა თქვენი საუბრის ჯერი დადგება, ჯერ ანიშნეთ თანამოსაუბრეს, რომ მისი ნათქვამი თქვენამდე მოვიდა. შემდეგ ხაზი გაუსვით მის იმ თვალსაზრისს, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო. ბოლოს, გამოიჩინეთ თანაგრძნობა იმის ახსნით, თუ რატომ გესმით მისი გამოცდილების და როგორ გაამდიდრებს ეს მის პერსპექტივას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, მას საკითხის თქვენეული ხედვა გაუზიაროთ.
ეს მიდგომა მოითხოვს, რომ საუბრიდან ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანოთ. სხვა შემთხვევაში ვერასდროს შეძლებთ თქვენი პარტნიორის შეხედულების გაანალიზებას, რაც უხერხულობას შეგიქმნით და თქვენს უყურადღებობას მეორე მხარისთვის თვალსაჩინოს გახდის. როგორც ექსპერტი ესთერ პერელი აღნიშნავს, მიზანმიმართული მოსმენისას ჩვენ თანამოსაუბრის პერსპექტივას ვეცნობით და ვიგებთ, რა აწუხებს და რა აფრთხობს. ამგვარად, მხარეებს შორის ქრება სირცხვილის გრძნობა და იბადება ნდობა და ურთიერთპატივისცემა.
3. თქვით "კი, და ..."
რა თქმა უნდა, თქვენ ვერ დაეთანხმებით ყველაფერს, რასაც თანამოსაუბრე ამბობს. მაგრამ როდესაც თქვენ მას ჯიუტად ეწინააღმდეგებით ან ეუბნებით, რომ ცდება, თქვენ ასე არა მხოლოდ განსხვავებულ აზრს გამოხატავთ, არამედ მთლიანად წყვეტთ კომუნიკაციას.
როდესაც თანამოსაუბრის აზრს არასწორად ვთვლით, ჩვენ ვწყვეტთ მის მოსმენას. შესაბამისად, აღარც მეორე მხარეს აქვს ჩვენი მოსმენის სურვილი, რადგან ხედავს, რომ თავად არ ვუგდებთ ყურს. შედეგად, საუბრის ყველა მონაწილემდე მხოლოდ გაბრაზებული ხმები აღწევს.
ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, მსახიობი და მწერალი, ალან ალდა იმპროვიზაციის ხელოვნებიდან სესხულობს ტექნიკას, სახელად "კი, და ...". ეს წესი მსახიობებს სთხოვს, გაუპროტესტებლად მიიღონ პარტნიორის წინადადება და განავრცონ იგი. მაგალითად, თუ მსახიობი ამბობს, რომ იატაკი წყალია, მისი პარტნიორი ამ მოცემულობას უნდა მოერგოს და საუბარი განაგრძოს — წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სცენას გააფუჭებს.
ამ ტექნიკის გამოყენებით თქვენ დიალოგს სიცოცხლეს უხანგრძლივებთ, რადგან მას თანამშრომლობითს ხდით. ამგვარად საუბარი ნაკლებად იქცევა ვინმეს დარწმუნების საშუალებად და მეტად — თანაშემოქმედების აქტად. "ვფიქრობ, კომუნიკაცია თანამშრომლობაა. თქვენ უნდა იფიქროთ თქვენს პარტნიორზე და დაეხმაროთ მას. დიალოგი არ არის სხვის ცარიელ ტვინში ჩემი აზრების ჩადების საშუალება", — ამბობს ალდა.
მაშასადამე, მოლაპარაკებისას წარმოქმნილი უთანხმოების მოსაგვარებლად შეხედულებებსა და ღირებულებებზე თავდასხმა სრულიად უადგილოა. სანაცვლოდ, იგი სწავლის შესაძლებლობად უნდა განვიხილოთ, რადგან არავინ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.
4. გააანალიზეთ საკუთარი სუსტი წერტილები
ჰარვარდის სამართლის სკოლის ლექტორის, შეილა ჰინის თქმით, არსებობს სამი ძირითადი სუსტი წერტილი — სახის გამომეტყველება, ხმის ტონი და სხეულის ენა — რომლებზეც კონტროლის არქონა მხარეთა შორის კავშირის გაწყვეტის ერთ-ერთი მიზეზია ხოლმე. ეს ჩვენგან გაცემული ის სიგნალებია, რომელთაც ყველა ხედავს ჩვენი საკუთარი თავების გარდა.
თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ თანამოსაუბრის გადაჯვარედინებულ ხელებზე, გაწბილებულ მზერაზე და მთქნარებაზე, თუმცა იმავე მზერას საკუთარი თავისკენ ვერ მიმართავთ. სარკეში ჩახედვისას თქვენ იცით, როგორ გამოიყურებით, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მოქმედებისას საკუთარი თავის ანალიზი არ შეგიძლიათ.
ჰინი იმოწმებს კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენი ტვინის ნაწილი სხვა ადამიანების საუბრის ტონისა და ემოციის გასაანალიზებლად აქტიურდება. ჩვენი საუბრისას კი ტვინის ეს ნაწილი აქტივობას წყვეტს. თვითაღქმის ეს ნაკლოვანება შეიძლება კოგნიტიური მიკერძოებით გამწვავდეს. მაგალითად, ატრიბუციული მიკერძოებისას ადამიანები ინდივიდის კონკრეტულ ქცევას მის პიროვნულ მახასიათებლებს უკავშირებენ, ხოლო საკუთარი თავის მიმართ ამგვარ კორელაციას გამორიცხავენ.
პერელი გვიხსნის, თუ როგორ ვლინდება ატრიბუციული მიკერძოება საუბარში: "თუ შენ გაღიზიანებული მესაუბრები, ჩავთვლი, რომ ცუდი პიროვნება ხარ ან ცუდი ხასიათი გაქვს. ხოლო თუკი მე ვიქნები ის, ვინც ასე საუბრობს, ამისთვის სპეციფიკური მიზეზი მექნება: მაგალითად, ის, რომ დილით საცობში მოვხვდი და ცუდი დღე მქონდა. შენ ცუდი ადამიანი ხარ, მე კი, უბრალოდ, ცუდ პირობებში ამოვყავი თავი. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება კონფლიქტს გაამძაფრებს".
ნუ იფიქრებთ, რომ ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი და მიუკერძოებელი რაციონალური პერსპექტივა. უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ამიტომ უნდა დავუშვათ იმის ალბათობა, რომ თანამოსაუბრეს ჩვენთვის რაღაცის სწავლება შეუძლია. ამგვარი პოზიცია მაღალი ემოციური ინტელექტის მაჩვენებელია.
თუ ატყობთ, რომ თანამოსაუბრე თავდაცვაზე გადადის, დაფიქრდით, რა გარემოებებს შეიძლება მოეხდინა გავლენა მის ასეთ ქცევაზე. ამის შემდეგ კი კითხეთ, თავად თუ სურს ამ მიზეზთა თქვენთვის გაზიარება. იყავით ღია უკუკავშირისთვის და საუბრის გაღრმავებისთვის.
5. ისაუბრეთ ურთიერთობების დასამყარებლად და არა — გამარჯვებისთვის
როდესაც საუბარი რთულდება, მხარეების აღქმაც იცვლება და თითოეული თანამოსაუბრე საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამ ცვლილებას არა მხოლოდ საბრძოლო მდგომარეობაში მოჰყავს მხარეები, არამედ ფიზიკურად შეუძლებელს ხდის, რომ მათ ერთმანეთს გაუგონ.
"როდესაც ადამიანები ვერ თანხმდებიან, მათ მოსმენის უნარი მხოლოდ ათი წამის განმავლობაში უნარჩუნდებათ. ათი წამი მხოლოდ სამი წინადადებაა! ამის მერე კი ადამიანის გონება საპასუხო არგუმენტის მომზადებაზე ერთვება", — ამბობს პერელი. შედეგად ვიღებთ "კოროზიულ ციკლს", რომელშიც მოსაუბრეები არაფრად აგდებენ ერთმანეთის ნათქვამს და ერთსა და იმავე გაცვეთილ ფრაზებს იმეორებენ.
წიგნში, რთული საუბრები, ჰინი და მისი თანაავტორები გვირჩევენ, რომ კამათი პრობლემის გადასაჭრელ სესიად ვაქციოთ, რისთვისაც ისინი რამდენიმე ტაქტიკას გვთავაზობენ:
- არ გამოიყენოთ უსარგებლო ტერმინები. მოტივების განსჯის ნაცვლად, შედეგებზე კონცენტრირდით.
- მოერიდეთ ორაზროვან ფრაზებს და იპოვეთ შუალედი უკიდურესობებს შორის.
- იფიქრეთ მეცნიერივით. შეამოწმეთ თქვენი აღქმის სანდოობა.
- არ მიიჩნიოთ თქვენი დასკვნები ჭეშმარიტებად. ამის ნაცვლად, ისაუბრეთ პერსპექტივებზე.
- გამოიყენეთ ურთიერთზრუნვის პრინციპი. სჯობს, ყური დაუგდოთ თანამოსაუბრის არგუმენტებს იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ მისგან მოელოდეთ აზრის შეცვლას.
გისურვებთ უკეთეს საუბრებს 2022-ში (და მომდევნო წლებშიც)
ეფექტიანად კომუნიკაციის უნარი მუდმივ წვრთნას საჭიროებს. რაც უნდა კარგად გამოგდიოდეთ საუბრები, ყოველთვის იქნება გამოწვევები, რომლებიც კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას შეგძენთ.
თუკი გადაწყვეტთ, რომ მეტად ნაყოფიერი საუბრები გქონდეთ, უკეთესი ურთიერთობების დამყარებას შეძლებთ და იმ ადამიანებსაც აღმოაჩენთ, რომლებსაც შეიძლება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ჰქონდეთ. მართალია, საუბრისა და ურთიერთობების სწავლა მუდმივი პროცესია, თუმცა კარგი იქნება, თუ მის დაწყებას მომავლისთვის არ გადადებთ და პირველ ნაბიჯებს 2022-შივე გადადგამთ.
კომენტარები