რას ამბობს ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე ალექსანდრე გეჯაძე
UNESCO-ს მიერ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანიდან რამდენიმე საათში ხელმისაწვდომი გახდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც 6 თვეა ველოდებით. შსს-მ მედიას 37-გვერდიანი დასკვნის მხოლოდ ნაწილი, 6 გვერდი მიაწოდა, რომელშიც წერია, რომ TV პირველი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.
დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც ლაშქარავამ 5 ივლისს, ჰომოფობიური ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მიიღო, თუმცა, დასკვნაში წერია, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ეს დაზიანებები არ გამხდარა.
"დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან", — წერია დოკუმენტში.
დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი ექსპერტები: კონსტანტინე ცქიტიშვილი, ალექსანდრე გეჯაძე, ეკა შონია, მედეა ჭიჭიკოშვილი, მალხაზ ჯოხაძე, მაია გოგიტაური, ნანა კიკალიშვილი და გიორგი ბურკაძე. მათგან ერთი, ალექსანდრე გეჯაძე დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელიც TV პირველმა დაიქირავა. დასკვნის გავრცელების შემდეგ, კითხვები დაისვა მისი მისამართითაც.
გეჯაძემ საპასუხოდ დღეს პრესკონფერენცია გამართა. თავდაპირველად განცხადება გააკეთა, ხოლო შემდეგ კითხვებს უპასუხა. თქვა, რომ ლექსო ლაშქარავას ცხედრის გამოკვლევამდე ექსპერტებს გადასცეს პაციენტის სამედიცინო ბარათი ნიუ ჰოსპიტლიდან. ეს სწორედ ის კლინიკაა, სადაც ლაშქარავა თავდასხმის შემდეგ მკურნალობდა.
გარდა ამისა, ალექსანდრე გეჯაძის ინფორმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოხდა ცხედრის გაკვეთის პროცესის ფოტო და ვიდეო გადაღება, ასევე, ესწრებოდა საიას იურისტი, რომლისგანაც მაკროსკოპული გამოკვლევის პროცესში კითხვის ნიშნები არ ყოფილა.
ექსპერტი ამბობს, რომ სამედიცინო ბარათის მიხედვით, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს კლინიკაში სასწრაფოდ ჩაუტარდა გამოკვლევები, გაკეთდა მაღალტექნოლოგიური ოპერაციული ჩარევა და 8 რიცხვში გაეწერა საავადმყოფოდან სტაბილურ მდგომარეობაში, ყოველგვარი პოსტტრავმული გართულებების გარეშე.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს მიიღო შემდეგი ფიზიკური დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლისა და ზედაყბის ძვლის მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, ჰემოსინუსიტი, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე. ასევე, სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერების მიხედვით, მას ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, რქოვანი ტრავმული ეროზიო და თვალის კაკლის კომიციო.
ალექსანდრე გეჯაძის თქმით, კლინიკიდან გაწერის პერიოდისთვის სისხლჩაქცევები ვერ გაიწოვებოდა, რჩებოდა ტკივილის სინდრომი და შესაბამისად, მიეცა სათანადო რეკომენდაციები ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელების თაობაზე, რაც ავადმყოფობის ისტორიაშიც ფიქსირდება.
ექსპერტი ამბობს, რომ ავადმყოფობის ისტორიის გაცნობის შემდეგ გარეგანი დათვალიერება დაიწყეს, რა დროსაც სხეულზე აღმოჩნდა 5 ივლისს მიღებული დაზიანებები და ამავდროულად, ძველი ნაწიბურები.
"ნანახი იქნა ორივე წინა მხრის მიდამოში და მუცლის წინა კედელზე, ქვემო მესამედში, ერთმანეთთან ახლოს და პარალელურად მდებარე ძველი ნაწიბურები, რომლებსაც, ბუნებრივია, არანაირი შეხება არ ჰქონია 5 რიცხვის ტრავმასთან და მიუთითებს, მაღალი ალბათობით, ემოციური მდგომარეობის ფაქტორებზე, სენსიტიურ-ემოციურ მდგომარეობაზე პიროვნების", — თქვა გეჯაძემ.
ჟურნალისტების კითხვის შემდეგ მან დააზუსტა, რომ ეს არ იყო პოსტინექციური ნაწიბურები, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ნემსის გაკეთების შედეგი არ იყო.
გეჯაძემ თქვა ისიც, რომ გარეგანი დათვალიერებისას მიაქციეს ყურადღება საზარდულის მიდამოებს, სადაც, მისი ინფორმაციით, იყო პოსტინექციური ნაწიბურები და სისხლჩაქცევები.
"გარეგანი დათვალიერებისას მივაქციეთ ყურადღება საზარდულის მიდამოებს, როგორც მარცხნივ, ასევე, მარჯვნივ, და მარცხნივ ნანახი იქნა კარგად, მკაფიოდ გამოხატული პოსტინექციური, ძველი, ხანდაზმული ნაწიბური და ამავდროულად, როგორც ამ ლოკაციაზე, ასევე, მარჯვენა საზარდულის პროექციაზე სისხლჩაქცევები. ანუ საეჭვო უბნები. მაშინაც ვთქვი მე, თავიდან რომ გამოვედი და პირველი ინფორმაცია მივეცი საზოგადოებას, რომ გვაინტერესებდა ამ უბნების წარმოშობა. ყოველ შემთხვევაში, მარცხენა საზარდულის არეში ნაჩხვლეტი ჭრილობა არანაირ ეჭვს არ იწვევდა, რამეთუ მისი ზომებიც აღწერილია და ვიდეოზეც გადაღებულია", — თქვა მან.
ჟურნალისტების კითხვას ამ ნაწიბურების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გეჯაძემ უპასუხა, რომ ერთი ნაწიბური არაერთჯერადი დ ხანდაზმული იყო, თუმცა კონკრეტული ვადა ვერ დაასახელა, რადგან, მისი თქმით, მოთეთრო ფერის ნაწიბურის ზუსტი ხანდაზმულობის ვადის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. მისივე თქმით, შეისწავლეს სხვა ნაწიბურიც, ასევე, სისხლჩაქცევა და ტოქსიკოლოგების შეფასებით, ერთის შემთხვევაში ხანდაზმულობა არის გარდაცვალებამდე 4 საათი, ხოლო მეორეს შემთხვევაში — 1.
ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ცხედრის შინაგანი გამოკვლევის პროცესში ნახეს ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი კლასიკური სურათი და ჩაატარეს სისხლის, შარდისა და შინაგანი ორგანოების კვლევები.
ექსპერტი ამბობს, რომ ჩატარებული კვლევის შედეგები, დასკვნის პროექტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ წარუდგინა 30 დეკემბრამდე 7,8 ან მაქსიმუმ 10 დღით ადრე და ზუსტი თარიღი არ ახსოვს. მისივე ინფორმაციით, გაეცნო დოკუმენტს და გარკვეულ მომენტებთან დაკავშირებით, რაც ვიწრო პროფილურ ცოდნას საჭიროებდა, მიიღო კონსულტაციები იმ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ორი ექსპერტისგან, სადაც თავადაც მუშაობს — ვექტორი.
"გავაანალიზე და შევისწავლე რა მთლიანად ეს მონაცემები, მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაცია ორგანიზმის, რამაც შედეგად განაპირობა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით დადგა სავალალო შედეგი", — აცხადებს გეჯაძე.
მისივე ინფორმაციით, სისხლის და შარდის ქიმიური გამოკვლევით, არ აღმოჩნდა ალკოჰოლი, საძილე ან ფსიქოტროპული პრეპარატი, ხოლო აღმოჩნდა მარიხუანას ნივთიერება და ანტიეპილეფსიური პრეპარატი.
ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა ექსპერტიზის ასეთი პასუხის მიღება იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვალების შემდეგ მოხდა რაიმე მანიპულაცია ცხედარზე, გეჯაძე უარყოფითად პასუხობს.
დღესვე ექსპერტმა თქვა, რომ ლექსო ლაშქარავა ტრავმა, იზოლირებულად აღებული, არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.
"მთლიანობაში, მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე რაიმე დასკვნების გამოტანა ამ ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის საფუძველმოკლებულია და ამავდროულად, ხელის შეწყობის ფონიც გამორიცხულია ამ შემთხვევაში, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე. ხელის შემწყობ ფონში ვგულისხმობ იმას, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე, ამ ტრავმის ნარჩენმა მოვლენებმა ხომ არ შეუწყო ხელი ფატალურ გამოსავალს. ცალსახად გამოვრიცხავ ამ სიტუაციას", — ამბობს ის.
გეჯაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ გადასცა ექსპერტიზის დასკვნა დამკვეთს, TV პირველს მას შემდეგ, რაც 30 დეკემბერს ხელი მოაწერა. მისი განმარტებით, მას 30 დეკემბრამდე გაუგზავნეს დასკვნის პროექტი, რომელსაც ხელი მოაწერა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან დასკვნის გადაცემა 3 იანვარს მოითხოვა. გეჯაძე აღნიშნავს, რომ 4 იანვარს დასკვნა უკვე ჰქონდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ჰქონდა უფლება, მიეცა დამკვეთისთვის.
"დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი იყო სამხარაულის ცენტრი. მე ვიყავი მიწვეული ტელეკომპანია პირველის მიერ. შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე უფლება არ მქონდა, რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის. ეს გამოიწვევდა ალბათ გარკვეულ კომუნიკაციას გამოძიებასთან ტელევიზიისთვის, იტყოდნენ, რომ ექსპერტიზა... მე მოვიქეცი კანონის ფარგლებში. არანაირი ინტერესი, არანაირი მიზანი ამ ინფორმაციის დამალვის მე არ მქონია", — თქვა მან.
ალექსანდრე გეჯაძემ არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვალებიდან მეორე დღეს ექსპერტიზას სავარაუდო მიზეზი სცოდნოდა. სწორედ 12 ივლისს შსს-მ თქვა, რომ ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი "შესაძლოა ეს გამხდარიყო". უწყებაში ამბობდნენ, რომ ნარკოტიკული საშუალებები გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს.
"რამდენი ხანი სჭირდება ამ ნივთიერებების ქიმიურ კვლევას, ნარკოლოგიურ შესწავლას, აქ მე სპეციალისტი არ ვარ და რა დროა საჭირო, შეიძლება თუ არა ამ დროში მოესწროს დასკვნების დადება, ეს ყველაფერი ჰკითხეთ ტოქსიკოლოგებს, ნარკოლოგებს, ქიმიკოსებს, ვინც ჩაატარა ეს კვლევა".
გუშინ, 7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულაი აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.
რამდენიმე საათში გავრცელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. უწყების მიერ გავრცელებულია დოკუმენტის მხოლოდ ნაწილი — 6 გვერდი 37-დან და იქ წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაცია გახდა. უფრო ზუსტად, ამის შედეგად გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, შსს-ს მიერ ექსპერტიზის დასკვნის არაპროპორციული მოცულობით გავრცელება გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს.
საია იცავს ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს, როგორც 5 ივლისს მასზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდთან მიმართებით, ასევე, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებიათ ლაშქარავას ოჯახისა და ადვოკატებისთვის. საია ხაზს უსვამს, რომ ეს არის დასკვნის ფრაგმენტი, ასევე, აღნიშნავს, რომ ლაშქარავა გარდაცვალების დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ოჯახთან შეთანხმების გარეშე გადაასვენეს.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის, ხელისუფლების უმოქმედობისა და ძალადობის წახალისების გამო ღირსების მარში ვერ შედგა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში და დაარბიეს. ასევე, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და სწორედ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად ლექსო ლაშქარავას, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ხელისუფლება ცდილობს ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას დაუკავშიროს. ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების კადრები გაავრცელა. ვიდეოს გავრცელება საზოგადოებრივი ინტერესით ახსნეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კადრების გასაჯაროების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდა. ინსპექტორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.
შსს 5 ივლისის საქმეს ამ დრომდე იძიებს. ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
კომენტარები