ყვარელში მუდმივმოქმედი კინოთეატრი არ არსებობს, მაგრამ გასული წლის აგვისტოდან, ევროკლუბის ინიციატივითა და ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით, აქტივიზმის კინოკლუბმა ეს ფუნქცია წარმატებით შეითავსა. კინოკლუბში ყოველ შაბათს ადგილობრივებისთვის კინოჩვენებები და ლექცია-დისკუსიები იმართებოდა — სწორედ ასე იქცა კინოკლუბი ადგილად, სადაც ადამიანებმა ძველი თუ ახალი საინტერესო ფილმების ნახვა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვა შეძლეს.

სუფრაჟისტები, ნარინჯისფერი რევოლუცია, სელმა, უდაბნოს ყვავილი, დიქტატორის ჩამოგდება — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფილმებისა, რომლებიც გასული წლის ნოემბრამდე ყვარლის ევროკლუბში ადგილობრივებმა იხილეს. ფილმის ჩვენებებს, მოწვეულ სპიკერებთან ერთად, საჯარო დისკუსიებიც ახლდა — დისკუსიები ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე: სამოქალაქო აქტივიზმზე, დემოკრატიულ მმართველობაზე, ადამიანის უფლებებსა და ავტორიტარიზმის საფრთხეებზე. პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო — თავისუფლების, როგორც ღირებულების გავრცელება და ამ ღირებულების მხარდაჭერა როგორც ახალგაზრდებში, ისე უფროსი ასაკის ადამიანებში.

ფოტო: ყვარლის ევროკლუბი

ფილმის ჩვენება და დისკუსიები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, აგვისტო-ნოემბერში კვირაში ერთხელ იმართებოდა. შეხვედრას, ასაკის შეუზღუდავად, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დისკუსიაზე დამსწრეებმა არაერთი საინტერესო ბლოგი დაწერეს პროექტის შესახებ, რაც პროექტის შედეგსა და მდგრადობაზე მეტყველებს.

წაიკითხეთ პროექტის ფარგლებში დაწერილი ბლოგები:

ბრძოლა საარჩევნო უფლებებისთვის: ქართული მოძრაობა და მისი ლიდერები

დისკრიმინაციული ქცევის ანატომია

ერთი დღე ყოველკვირეული თავგადასავლებიდან ყვარლის ევროკლუბში

ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი, ნიკა გურინი ამბობს, რომ აქტივიზმის კინოკლუბის პროექტი ყვარლის სინამდვილეში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

ფოტო: ყვარლის ევროკლუბი

დღევანდელობაში აქტივიზმის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკლუბის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ადამიანებს გავაცნოთ აქტივიზმის მნიშვნელობა. ვასწავლოთ მათი როლი თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებაში, გავაცნოთ მათი უფლებები — გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან დემოკრატია მუშაობს გამართულად მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ჩართული ვართ პროცესებში,

აცხადებს ნიკა გურინი.

მისი თქმით, ამ პროექტის ფარგლებში თორმეტი ძალიან საინტერესო კინოჩვენება და ლექცია-დისკუსია ჩატარდა — ასევე საინტერესო სპიკერების მონაწილეობით.

"აგვისტოში, პროექტის გახსნის დღეს, ერთ-ერთმა მონაწილემ აქტივიზმის სადემონსტრაციოდ მოიტანა ავღანეთში მცხოვრები ქალების ფოტო. ფოტოზე ქალები ქუჩაში იდგნენ თამამად და თალიბანის მიერ ხელისუფლების დამხობას აპროტესტებდნენ. ეს იმდენად შთამბეჭდავი კადრებია, რომ შეუძლებელია, ოდესმე დაგავიწყდეს, რის წინაშე იბრძოდნენ ეს ადამიანები და რამხელა გამბედაობას მოითხოვდა მათი მხრიდან ქუჩაში გასვლა და პროტესტი. მაშინ მონაწილეებს ვუთხარით, რომ ამ შეხვედრების ფარგლებში ჩვენ სწორედ ასეთ ისტორიებს გავაცნობდით. გავაცნობდით აქტივისტების ბრძოლას, რომელმაც პოზიტიური ცვლილებები მოიტანა საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით', — აღნიშნავს ნიკა.

ევროკლუბის დამფუძნებლის თქმით, შაბათობით, 3-4 საათის განმავლობაში, საინტერესო დისკუსიები იმართებოდა და დამსწრეები მომდევნო შეხვედრებზეც ყოველთვის ბრუნდებოდნენ.

"სწორედ ასეთი სივრცეებია საჭირო საზოგადოების განათლებისა და განვითარებისთვის. ევროკლუბის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით ღია საზოგადოების ფონდს მხარდაჭერისთვის და კორპორაცია ქინძმარაულს, რომელიც აქტივიზმის კინოკლუბის შეხვედრებს სივრცეს უსასყიდლოდ უთმობდა", — აცხადებს ნიკა გურინი.

ფოტო: ყვარლის ევროკლუბი

"2021 წლიდან საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს ახლადშექმნილ არაპარტიულ მოძრაობებსა და აქტივისტურ ჯგუფებს. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ამ ჯგუფების შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდული ქსელების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით, როგორც რეგიონებში, ასევე — ურბანულ ცენტრებში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, გვეთანამშრომლა ყვარლის ევროკლუბთან და დაგვეფინანსებინა ის აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს აქტივიზმისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობასა თუ პოპულარიზაციას საქართველოს რეგიონებში. ამ მხრივ, ფონდისა ყვარლის ევროკლუბის თანამშრომლობა ნამდვილად სანიმუშო და წარმატებული იყო.

ამ პროექტის ფარგლებში, ყვარლელ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, გაემართათ საინტერესო კინოჩვენებები და ემსჯელათ შესაბამის პრობლემატიკაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ვიმედოვნებთ, საშუალება გვექნება, სამომავლოდაც ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო აქტიურად დავეხმაროთ ყვარლის მოსახლეობას, მიიღონ უფრო სიღრმისეული ინფორმაცია აქტივიზმის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ", — აცხადებს გიორგი ჩიტიძე, ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა შემდეგი შეხვედრები:

  • ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: "გაბედე მოქმედება". ლექცია-დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართა არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის (ICNC)-ის დოკუმენტური ფილმის, დიქტატორის ჩამოგდება კინოჩვენება.
  • კინოჩვენება და დისკუსია: "ქალები აქტივიზმის წინა ხაზზე". ქალების როლი სამოქალაქო აქტივიზმში და ის ცვლილებები, რომლებიც მათმა ბრძოლამ მოიტანა. შეხვედრას თამარ კაპანაძე — იურისტი, საჯარო სამართლის მაგისტრი და სამოქალაქო აქტივისტი უძვებოდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ფილმის უდაბნოს ყვავილის კინოჩვენება, რომელიც სომალელი გოგონას, ვარის დირიეს ისტორიას მოგვითხრობს.
  • ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ისტორიკოსისა და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია თემაზე — დროთა მიჯნა და საქართველოს ადგილი ცვალებად სამყაროში. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ნარინჯისფერი რევოლუციის ჩვენება.
  • საჯარო ლექცია და კინოჩვენება — ყველა იარაღზე უფრო ძლიერი. შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი მელაძე უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა გაიმართა. არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის (ICNC)-ის დოკუმენტური ფილმი ყველა იარაღზე უფრო ძლიერი: ინდოეთი და ნეშვილი ჩვენება.
  • დისკუსია და ფილმის ჩვენება: აქტივიზმი თანასწორობისთვის — რას გვასწავლის ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლის ისტორია. შეხვედრას ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, თამარ გურჩიანი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ფილმის სუფრაჟისტები ჩვენება. ფილმში მოთხრობილია ქალთა უფლებებისათვის მებრძოლთა რეალური ისტორია, ფემინიზმის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე.
  • დისკუსია და ფილმის ჩვენება თემაზე: სამოქალაქო წინააღმდეგობის გამოცდილება მეოცე საუკუნის საქართველოში. შეხვედრას ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ფილმის ბრძოლა ალჟირისთვის კინოჩვენება. ფილმი ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას მოგვითხრობს 1954–1960 წლებში.
  • არჩევნების წინა დღეს კინოკლუბმა უმასპინძლა ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას, თემაზე: სამოქალაქო ჩართულობა და არჩევნები. შეხვედრას ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის (ICNC)-ის დოკუმენტური ფილმის ყველა იარაღზე უფრო ძლიერი — ნაწილი 2 ჩვენება.
  • დისკუსია და კინოჩვენება თემაზე: დისკრიმინაციული ქცევის ანატომია. შეხვედრას უძღვებოდა კლინიკური ფსიქოლოგი მაია ცირამუა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ფილმის ღვარძლი, რომელსაც თესავ ჩვენება.
  • დისკუსია და კინოჩვენება თემაზე: უშედეგო აქტივიზმის გამომწვევი ფაქტორები ქართულ რეალობაში. დისკუსიას უძღვებოდა კონსტიტუციონალისტი გიორგი ჩიფჩიური. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ფილმის სელმა კინოჩვენება. ფილმის მართინ ლუთერ კინგის მიერ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლების ისტორიას მოგვითხრობს, რომლებსაც ის ალაბამას შტატის ქალაქ სელმაში მართავდა.
  • ილიაუნის რექტორის, ფილოსოფოს გიგა ზედანიას საჯარო ლექცია თემაზე: უნდობლობა. სამოქალაქო სივრცის მთავარი პრობლემა საქართველოში. ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა ფილმის Z ჩვენება. ფილმი 1960-იან წლებში საბერძნეთში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ასახავს.
  • პროექტის ფარგლებში გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე: ადამიანის უფლებები საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობისას. შეხვედრას სისხლის სამართლის სპეციალისტის, ირაკლი ჩომახაშვილი უძღვებოდა.

აქტივიზმის კინოკლუბის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა დეკემბერში, ადამიანის უფლებათა კვირეულში. ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, ფილმის Nasrin (ნასრინი) კინოჩვენება მოეწყო. 2020 წელს გადაღებული ფილმი ირანელ აქტივისტსა და უფლებადამცველ ნასრინ სოთუდეს შესახებ მოგვითხრობს. ფილმი გადაღებულია ირანში მამაცი ადამიანების მიერ, რომლებიც ამ ფილმის გადასაღებად დაპატიმრების რისკის ქვეშ იყვნენ. ნასრინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი უფლებადამცველი აქტივისტისა და პოლიტპატიმრის, ნასრინ სოტუდეჰისა და ქალთა უფლებათა დაცვის გამბედავი მოძრაობის საოცარი პორტრეტია. დისკუსიას ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი გიორგი ჩიტიძე და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე უძღვებოდნენ.


რა არის ევროკლუბი?

ფოტო: ყვარლის ევროკლუბი

ევროკლუბი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც 2019 წლის ნოემბერში, ქალაქ ყვარელში, ევროკავშირის რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის, EU NEIGHBOURS east-ის მხარდაჭერით დაფუძნდა. ევროკავშირის მთავარი მისიაა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა და დასავლური ღირებულებების პოპულარიზაცია. 2021 წლის მაისიდან ევროკლუბი თავის სივრცეში აერთიანებს ამერიკულ თაროს, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერილი, ამერიკული სივრცეების ქსელის ნაწილია.

ევროკლუბი ადგილობრივებს სთავაზობს სივრცეს დისკუსიებისთვის, ლექცია-სემინარებისთვის, ფილმის ჩვენებებისა და სხვა შეხვედრებისთვის. ასევე, აღსანიშნავია საგანმანათლებლო მიმართულება — მოქალაქეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ევროკლუბში მიმდინარეობს უფასო ინგლისურის კურსები მოზრდილებისთვის, ინგლისური სასაუბრო კლუბი ბავშვებისთვის, პროფესიული გადამზადების კურსები და სხვა. ასევე, ევროკლუბის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაცია. ღია ბიბლიოთეკების პროექტით ევროკლუბი მხარს უჭერს ლიტერატურის გავრცელებას დედაქალაქისგან მოშორებულ ქალაქებსა და სოფლებში. პროექტის ფარგლებში ყვარელში, ხულოსა და ქედაში ევროკლუბმა ღია ბიბლიოთეკები მოაწყო ქალაქის ქუჩებში.