სომხეთის ოპოზიციონერებმა და მთიანი ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა ფაშინიანი 24 დეკემბერს მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკეს.

ფაშინიანმა 2-საათიანი ონლაინ კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი სადავო რეგიონის ირგვლივ არსებული კონფლიქტის განხილვას დაუთმო. მისი მტკიცებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "მოლაპარაკებების მემკვიდრეობა" გადმოეცა, რომელმაც შეუძლებელი გახადა კონფლიქტის გადაწყვეტა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის კონტროლის ქვეშ შენარჩუნება.

ფაშინიანმა, ასევე, ისაუბრა მთიანი ყარაბაღის ყოფილ აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელების საკითხი "არასოდეს არ ყოფილა სადავო არცერთი მთავრობის ან მომლაპარაკებლის მხრიდან".

მან გაიხსენა სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის სიტყვები, რომ "არცახი [მთიანი ყარაბაღი] არასოდეს არ იქნება აზერბაიჯანის ნაწილი", მაგრამ მას არ უთქვამს, რომ "მისი მოლაპარაკებები არცახის სომხურად შენარჩუნებას ეხებოდა" — რაშიც გულისხმობდა იმას, რომ კონფლიქტის დასრულება ყოფილი საბჭოთა რეგიონის ტერიტორიაზე სომხებისა და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრებას ნიშნავდა.

"ვიტყვი, რომ ამას არც მე ვეთანხმები, რადგან არცახი არ შეიძლება იყოს მთლიანად სომხური მიწა", — თქვა ფაშინიანმა.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საკანონმდებლო საქმიანობა და რეფერენდუმები აზერბაიჯანელებისა და სომხების წარმომადგენლობით კვოტებს გაითვალისწინებს.

"ამ კონტექსტში, შეუძლიათ თუ არა, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანელებს, თავის მხრივ, გაზარდონ თავიანთი თვითგამორკვევის უფლება? და ამ შემთხვევაში, რა სახის ურთიერთობები შეიძლება წარმოიშვას?", — იკითხა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში სერიოზული ცვლილებები 2016 წელს გაჩნდა — აპრილის 4-დღიანი ომამდე და შემდეგ. მისი თქმით, იმ დროს შემოთავაზებული საბოლოო რეზოულია იყო მინსკის ჯგუფის კონფლიქტის დოკუმენტის გადაცემა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის, რომელმაც მთიანი ყარაბაღი 1993 წლის რეზოლუციაში აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა.

განწყობის ცვლილება?

პრემიერმინისტრის განცხადებები აშკარად ეწინააღმდეგებოდა მის ქმედებებს 2020 წლის ომამდე. 2019 წელს მთიან ყარაბაღში ვიზიტის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ "არცახი სომხეთია და მორჩა" — და მაინც, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, ფაშინიანს რეგიონში ერთი ვიზიტიც არ განუხორციელებია.

ფაშინიანის ბოლო განცხადებებს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან კრიტიკის ტალღა მოჰყვა.

"მხოლოდ არცახის ხელისუფლებას შეუძლია არცახის მოსახლეობის სახელით ილაპარაკოს", — იმავე დღეს საკუთარ Facebook-ზე დაწერა მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიკ არუთინიანმა.

არუთინიანის თქმით, "არცახის სომხების თვითგამორკვევის უფლების სრული აღიარება" იყო მთიანი ყარაბაღის მთავარი "ნიშნული" და "ეს არ არის დათმობისა და განხილვის საგანი".

"თუ რომელიმე სომეხს უნდა არცახის მხარდაჭერა, მათ მთიანი ყარაბაღის სომხების სურვილები და მიზნები უნდა გაითვალისწინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა შეუშალონ ხელი".

27 დეკემბერს მთიანი ყარაბაღის პარლამენტს საგანგებო სხდომა ჰქონდა, სადაც ფაშინიანის განცხადებებს "სახიფათო და შემაშფოთებელი" უწოდეს.

"არცახის ბედი არასოდეს ყოფილა და არც იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის მონოპოლია", — თქვა პარლამენტმა.

პარლამენტმა გაიხსენა სომხეთის უმაღლესი საბჭოს 1992 წლის გადაწყვეტილება, რომელიც მთიანი ყარაბაღის მიმართ სომხეთის დამოკიდებულებას განსაზღვრავს და ხაზს უსვამს სომხეთის ვალდებულებას, რომ "მხარი დაუჭიროს" და "დაიცვას" მთიანი ყარაბაღი, ასევე, "ნებისმიერი საერთაშორისო ან შიდა დოკუმენტი, რომელშიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აზერბაიჯანის ნაწილად არის მიჩნეული, მიუღებლად მიიჩნიოს".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.