ალი ბაქოში, ბინაგადის რაიონში ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა გადარჩენისთვის ბრძოლას ჰგავს — საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, მათთვის, ვისაც ბევრი აქვთ სათქმელი, თუმცა ჯერ ვერ ახერხებენ.

16 წლის ბიჭი სკოლაში არსებულ ბულინგს, ჰომოფობიასა და დისკრიმინაციას შეეწინააღმდეგა. გამოსავალს დუმილში ვეღარ ხედავდა და 23 ნოემბერს საჯარო პოსტში თქვა ის, რასთან გამკლავებაც სულ პატარა ასაკიდან უწევს.

მე-8 კლასში იყო, როცა ლგბტქ+ დროშა სკოლაში მიიტანა და დერეფანში გაშალა. თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც იმედოვნებდა. ალი On.ge-ს უყვება, რომ მხარდაჭერის ნაცვლად, ყოველდღიურად ახალი შეურაცხმყოფელი რეპლიკები და სიძულვილით მაცქერალი თვალები შერჩა.

"როცა დროშა გავშალე, დერეფანში მყოფმა მოსწავლეებმა გამკიცხავად შემომხედეს, თუმცა ახლოს არავინ მოსულა. ერთ-ერთს ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, შემეშინდა და დროშა დავკეცე, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, ფანჯარაზე დავკიდე. ძალიან ბევრი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ სკოლისა და ოჯახისგან ზეწოლის გამო, მათი წაშლა მომიწია", — ამბობს ის.

დროშის გაშლის გამო, გაკიცხეს თანაკლასელების მშობლებმა, უთხრეს, რომ მათ შვილებზე "ცუდ გავლენას" ახდენდა. მომდევნო დღეს სკოლიდან სახლშიც მიაკითხეს, რასაც მშობლების საყვედური და მისი დასჯა მოჰყვა — ტელეფონი წაართვეს და სოციალური ქსელების გამოყენება აუკრძალეს.

"მეორე დღეს სკოლის ფსიქოლოგმა დამიბარა და სისულელეები მელაპარაკა. შემდეგ, რამდენიმე ადამიანი დანით დამემუქრა, მაბრალებდნენ, რომ "ამ რაიონის რეპუტაციას ვლახავდი". ჩემი კლასელების ოჯახის წევრებიც კი მირეკავდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. სწორედ ამის გამო მომიწია ფოტოების წაშლა", — იხსენებს ის.

ამის შემდეგ დაიწყო უწყვეტი ბულინგი. ემუქრებოდნენ და დასცინოდნენ ყველგან — სკოლაში, ქუჩაში, სოციალურ ქსელში. იმის გამო, რომ ბინაგადი ძალიან პატარაა, ამ მოვლენების შესახებ ყველამ იცოდა, შესაბამისად, სწრაფად იზრდებოდა ჰომოფობთა წრეც.

"ძალიან ბევრი თავდასხმა ხდებოდა ჩემს სოციალურ ქსელებში, ჩემს მაკიაჟიან ფოტოებს ავრცელებდნენ და მისამართს აწერდნენ — ბევრ მუქარას ვიღებდი. ქუჩებში მოდიოდნენ, მაბულინგებდნენ. იყო დრო, როცა სკოლაში დიდხანს არ დავდიოდი. ზოგჯერ, რეპეტიტორთან მივდიოდი, იქ მოსწავლეებს არ ვიცნობდი, მაგრამ თვითონ მცნობდნენ და დამცინოდნენ", — ჰყვება ალი.

მასწავლებლების სიძულვილის სამიზნე

ვიფიქრე, ჩემი მასწავლებელი მაინც გამიმაგრებდა ზურგს, მაგრამ ასე არ მოხდა.

შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სახელებით მიმართავდნენ არა მხოლოდ თანატოლები, თანაკლასელები ან სკოლის სხვა მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც. ის ადამიანები, რომლებიც ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე არიან პასუხისმგებელნი, სულაც არ მალავდნენ, რომ ჰომოფობები იყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ალის გვერდში დასდგომოდნენ და მაგალითი ასე მიეცათ აღსაზრდელებისთვის, პირიქით, ძალადობას ახალისებდნენ კიდეც.

"ფიზიკის მასწავლებელმა მე-9 კლასში დამიწყო "ქალაჩუნათი" მომართვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ციოდა და შარფს ვატარებდი. ასევე, აზერბაიჯანში ერთი ინფლუენსერია, სახელად სამირალდო, რომელიც თავისი ფემინური მანერებითაა ცნობილი. მასწავლებელმა, შეურაცხყოფის მიზნით, "სამირალდოთი" მომართვა დამიწყო", — გვითხრა მან.

ერთხელ, გაკვეთილზე ყელსაბამი ეკეთა, როცა იგივე მასწავლებელი მიუვარდა, ყელსაბამი გაუტეხა და მისი ტარების გამო უსაყვედურა. ალი იხსენებს, რომ ეს მის მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია და რადგან აქსესუარები სხვებსაც ჰქონდათ. შეეპასუხა, თუმცა გვეუბნება, რომ მასწავლებელს ეს არ ადარდებდა.

"მას შემდეგ კი, რაც ეს საკითხი საჯარო გავხადე, რუსულის მასწავლებელმა სხვა მოსწავლეებს ჩემი ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ ჩვენი განათლების რეპუტაციასა და მენტალობას ვანგრევ, შეურაცხყოფა მომაყენა. ჩემმა დამრიგებელმაც, ასევე, როცა ვუთხარი, რომ საჩივრის დაწერას ვგეგმავდი, დამიყვირა, კლასში არავითარი საჩივარი არ იქნებაო. მიუხედავად იმისა, რომ ვიფიქრე, ჩემი მასწავლებელი მაინც გამიმაგრებდა ზურგს, ასე არ მოხდა", — გვიყვება ის.

გვიყვება, რომ არაერთხელ უთხოვია დახმარება, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია. მეტიც, მისი თქმით, ისიც უთხრეს, რომ ვერაფერს გახდებოდნენ და ჯობდა, თავადაც ანალოგიურად ეპასუხა — ძალადობაში მონაწილეობისკენაც წაახალისეს. ალი იხსენებს, რომ როცა ერთ-ერთი ინციდენტის მოსახსენებლად დირექტორის ოფისში შევიდა, ყურადღება არავინ მიაქცია.

"დირექტორის ოფისში რომ შევედი, ჩემ თვალწინ ეწეოდნენ, სხვათა შორის. ვუთხარი, რომ ბისექსუალი ვარ და ისიც, რომ ამის გამო მაბულინგებდნენ, საერთოდ არ აღმიქვეს სერიოზულად, მოწევა გააგრძელეს და გაიცინეს კიდეც. მითხრეს, რომ სკოლის დიპლომს მაინც მომცემდნენ და შემეძლო, საერთოდ აღარ მივსულიყავი სკოლაში.

შემდეგ სხვა ოთახში გავედით. იქ დამრიგებელმა დაიწყო "კაცი ასეთი არ უნდა იყოს", "ასეთი კაცის მიღება არ შემიძლია", "კაცი არ უნდა იყენებდეს ჩანთებს, ასე არ უნდა იცვამდეს". ამის ატანა აღარ შემეძლო და ოთახი დავტოვე", — ამბობს ალი.

სწორედ ამის შემდეგ დაწერა ყველაფერი სოციალურ ქსელში. მეორე დღეს სკოლიდან ფსიქოლოგი გაგზავნეს, რომელიც იქ ერთადერთი მიზნით იყო მისული — მანიპულირებისთვის, რომ ალის ამაზე საჯაროდ აღარ ესაუბრა.

"სხვა ფსიქოლოგიც მოვიდა განათლების სამინისტროდან, მითხრა, რომ ბევრი არაფერი იცოდა — მხოლოდ ის, რომ ერთი მოსწავლე იყო, სახელად ალი, რომელსაც თუ დისტანციური სწავლა დასჭირდებოდა, ამას მოაგვარებდნენ.

მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, რომ ლგბტ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი იყო. გარკვევით ვუთხარი, რომ ონლაინ განათლება არ მინდოდა. მითხრეს, რომ სხვა სტუდენტებს დაელაპარაკებოდნენ, მაგრამ ეს არ უქნიათ", — გვეუბნება ის.

რატომ გადაწყვიტა ლაპარაკი

გაჩუმება პასუხი არ არის, არასდროს ყოფილა და არც იქნება.

გვიყვება, რომ აზერბაიჯანის მსგავს ქვეყანაში, სადაც "კანონი არაფერს ნიშნავს" და სხვების აზრები უფრო დაფასებულია, ჰომოფობიაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როცა ყველაზე ცუდი შედეგი დგება. არ უნდა, რომ ეს ნორმად იქცეს, ამიტომ საჯაროდ საუბრის აუცილებლობას ხედავს.

"ადამიანს, რომელიც ბულინგს განიცდის, არ უნდა უწევდეს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ან რაიმე სახით საკუთარი თავის დაზიანება. გაჩუმებაც ერთგვარი ზიანია, თუმცა ამჯერად ფიზიკურზე ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩემი ლაპარაკი სხვებისთვის მაგალითი იქნება", — გვეუბნება ის.

იმედი აქვს, რომ ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს, სამართალი აღდგება, რაც ბულინგისა და ძალადობის სხვა მსხვერპლებისთვის იმედი იქნება — ისინი იფიქრებენ, რომ თუ იბრძოლებენ, ყველაფრის მიღწევას შეძლებენ.

"მას შემდეგ, რაც ჩემი ისტორია გავაზიარე, უამრავი მოსწავლისგან მივიღე მხარდასაჭერი შეტყობინება, მათ შორის, მასწავლებლებისგანაც. ათობით ადამიანი საუბრობდა, რომ მსგავსი ბულინგი მათაც გამოუცდიათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ამ საკითხებზე ხმამაღლა ისაუბროს. ისიც კი მითხრეს, რომ მათი ხმა ვარ და იმას გადმოვცემ, რაც თავად არ შეუძლიათ. მადლობა გადამიხადეს ამისთვის, მეც მადლობელი ვარ მათი, რადგან საკუთარი ისტორიები გამიზიარეს", — ამბობს ალი.

მისი თქმით, რეალურად კავკასიის რეგიონში და მათ შორის, აზერბაიჯანში ჰომოფობია და დისკრიმინაცია ძალიან მწვავედ დგას, თუმცა რადგან მასზე ბევრი არ საუბრობს, ხალხი ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა.

"ბულინგი მომავალს ანგრევს. ეს რომ გადავწყვიტოთ, გამბედავები უნდა ვიყოთ. მე მესმის არასრულწლოვანთა სიტუაციები, იმიტომ, რომ ოჯახისა და კანონიერი მეურვეების მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც არ უნდა მოხდეს, მჯერა, რომ ყოველთვის არის გზა, ყველა რთულ სიტუაციაში შეგვიძლია ვიპოვოთ მეთოდი, რომ ეს უკეთესობისკენ შევცვალოთ".

აპირებს, ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოს და ყველას აჩვენოს, რომ როცა ბულინგს განიცდი, ხმის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მისი თქმით, გაჩუმება პასუხი არ არის, არასდროს ყოფილა და არც იქნება.

გეგმები

ყველა გამოცდილება ნეგატიური არ ყოფილა. გამომდინარე იქიდან, სოციალურ ქსელებში საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბრობს, ბინაგადის გარეთ ბევრი ადამიანი გაიცნო. პოზიტიური რეაქციებიც მიუღია, რაც ძალიან აბედნიერებს.

"როცა ჩემი ცისარტყელას პირბადე მიკეთია, ზოგი ადამიანი მოდის და მეუბნება "ოჰ, რა ლამაზია", "სად შეიძინე", "შენ ალი მალიკოვი ხარ?". იმის გამო, რომ ჩემს იდენტობას არ ვმალავ, ეს მაძლევს საშუალებას წვდომა მქონდეს სხვადასხვა თემთან, ბევრი ქვიარ ადამიანი იყოს ჩემ გარშემო და უფრო მეტ ქვიარ დისკუსიებში ჩავერთო.

დავუმეგობრდი ძალიან ბევრ გაბედულ ადამიანს. ეს დამეხმარა, რომ სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენელი გამეცნო. გადავწყვიტე, რომ ეს თემი არის ჩემი ოჯახი, მინდა მათთვის ვიბრძოლო და ცნობიერება ავამაღლო", — ამბობს ის.

სამომავლოდ გეგმავს, რომ ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლოს, განსაკუთრებით, კვლევები და ქვიარ ისტორია აინტერესებს. სკოლაში არ დაბრუნებულა, თუმცა, მისი თქმით, მიზნების მისაღწევად ბრძოლას არ შეწყვეტს.