2021 წლის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები
BBC-იმ 2021 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტოები შეარჩია და ისინი საკულტო ნამუშევრებს შეადარა. ქვემოთ სწორედ ამ კადრებსა და მათ უკან არსებულ ისტორიებს ნახავთ.
1. გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა, ტუვალუ, 2021 წლის ნოემბერი
წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნის, ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრი, საიმონ კოფე გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე ზღვაში ჩადგმულ კათედრასთან კოსტიუმში გამოწყობილი და თეძოებამდე წყალში მდგომი გამოვიდა სიტყვით. მას სურდა ეჩვენებინა, თუ რამდენად ემუქრება ზღვის დონის აწევა და აჩქარებული კლიმატის კრიზისი თავის ერს, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაც ზღვის დონესთან ახლოს მდებარეობს. "ჩვენ უმოქმედოდ ყოფნას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენ გარშემო წყლის დონე მატულობს", — განაცხადა კოფემ.
შთამბეჭდავმა ფოტომ და კოფეს ემოციურმა სიტყვებმა ტალღებითა და წყლის მოზღვავებით საფრთხეში ჩაგდებული ადამიანებისა და დასახლებების გამოსახულებების საუკუნეთა მთვლელი ისტორია მოგვაგონა. მათ შორისაა იან ასელინის შემზარავი ნახატი, წმინდა ანტონის ზღუდის გარღვევა, რომელიც აღადგენს იმ კატასტროფულ მოქცევას ნიდერლანდების სანაპიროს 1651 წლის 5 მარტის გამთენიისას რომ დაატყდა თავს. ასევე გვახსენდება გერმანელი ციფრული მხატვრის, კოტა ეზავას 2011 წლის კომპიუტერული ნამუშევარი, წარღვნა, რომლის შთაგონების წყარო სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთით მდებარე უბნების წყალში ჩაძირვის ამსახველი სურათები გახდა.
2. ქანდაკება, იტალია, 2021 წელი
მახვილგონივრული ფოტო, რომელიც, ინტერნეტის მომხმარებელთა თქმით, COVID19-ის სწრაფი ტესტის ჩატარების სცენას მოგვაგონებს, ნოემბერში სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. ტიბერიუსის ვილაში (სპერლონგა, იტალია) აღმოჩენილ I საუკუნით დათარიღებული ქანდაკებების რეკონსტრუქცია სულ სხვა რამეს ასახავს, ვიდრე COVID19-ის ინფექციის გამოვლენის პროცედურაა, თუმცა პარალელების გავლებისგან თავის შეკავება მართლაც რთულია.
ქანდაკებებით ასახულია ციკლოპ პოლიფემოსის დაბრმავება, როცა მან ოდისევსი და მისი თანამებრძოლები გამოქვაბულში გამოამწყვდია. ლეგენდის თანახმად, ოდისევსმა მოახერხა, პოლიფემოსი — რომელსაც უკვე მოესწრო ეპიკური გმირის რამდენიმე მეომრის შეჭმა — "გაუზავებელი" ღვინით დაეთრო, რის შემდეგაც მისი ერთადერთი თვალი ბასრი შუბით განგმირა. მათ, ვისაც დამოუკიდებლად ჩაუტარებია თავის თავზე სწრაფი ტესტი და შემთხვევით ცხვირის ღრუში საჭიროზე ღრმად შეუყვია ჩხირი, შეიძლება იფიქრონ, რომ პოლიფემოსი მსუბუქად გამოძვრა.
3. აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი, ქაბულის აეროპორტი, 2021 წლის აგვისტო
როდესაც 15 აგვისტოს თალიბანის მეომრები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ, კატარში მიმავალი აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი მრავალი ავღანელისთვის ქალაქიდან ევაკუაციის ბოლო იმედი გახდა. ასობით სასოწარკვეთილი ადამიანის C-17 Globemaster III თვითმფრინავში თავმოყრის ამსახველი ფოტოები წლის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ კადრებად იქცა.
განუსაზღვრელი რაოდენობის ხალხის ჭყლეტამ (სავარაუდოდ, 640-დან 830-მდე ზრდასრული და ბავშვი) შექმნა კლაუსტროფობიური სურათი, რომელიც თანამედროვე კანადელი მხატვრის, ტიმოთი შმალცის ქანდაკებას, ანგელოზები, არმცოდნელად, მოგვაგონებს. ეს ნამუშევარი საიქიოში მიმავალი სულებით დატვირთული 6 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ნავს წარმოადგენს. რომის პაპმა ფრანცისკემ 2019 წლის სექტემბერში ის ვატიკანის მიგრანტთა და ლტოლვილთა მსოფლიო დღეს საზეიმოდ გახსნა. ნამუშევარმა სახელი ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წარმოთქმული დარიგებიდან მიიღო: "სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ".
4. ასტრონავტები, ისრაელი, 2021 წელი
მარსის საწვრთნელი მისიის დროს სკაფანდრებში გამოწყობილი ასტრონავტები ისრაელის ნეგევის უდაბნოში რამონის კრატერზე მხარდამხარ მიდიან. მსოფლიოში ყველაზე დიდი "მახტეში" (დაშლილი ქანები, რომელიც არ წარმოიქმნება მეტეორის ზემოქმედებით ან ვულკანის ამოფრქვევით) — გულის ფორმის ეს კანიონი ექვსი ასტრონავტისთვის ავსტრიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან და ესპანეთიდან სიურრეალისტურ სამწვრთნელო გარემოდ იქცა. ეკიპაჟის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, სკაფანდრებში გამოწყობილებს მარსის მსგავს პირობებში შეესწავლათ უკაცრიელი რელიეფი.
უცხოპლანეტური გარემოს სიმულაციის ფოტოებმა მსოფლიო მონუსხა და ჩვენი მზის სისტემაში არსებულ ფიზიკურ სივრცეზე მეტად მოგვაგონა ერთგვარი სპირიტული სამყარო — მეტაფიზიკური სხვაგანმყოფობა, როგორც ეს ფრანგი ავანგარდისტი მხატვრის, ივ ტანგის წარმოსახვაშია.
5. მომიტინგეები, შოტლანდია, 2021 წლის ნოემბერი
ნოემბერში გლაზგოში გამართული გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) დროს "ოკეანის ამბოხის" აქტივისტებმა შოტლანდიის ქალაქ გრანჟმუთში მდებარე INEOS-ის ინტეგრირებული გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხნის გარეთ დემონსტრაცია გამართეს. ბენზინის ბოთლებისგან დამზადებული გროტესკული ნიღბების გამო "ნავთობის თავიანებად" წოდებულმა აქტივისტებმა დრამატულად აფურთხეს ზეთი და ყალბი ფული მიმოფანტეს. ამ გზით მათ გაამასხარავეს ის ინვესტორები და პოლიტიკოსები, რომლებიც, მათი თქმით, 2030 წლისთვის ტყეების განადგურების აღსაკვეთად ძალიან ნელა მოქმედებენ.
ეს შეულამაზებელი კადრი საოცრად ეფექტურია და გვახსენებს თვალსაჩინო ლაიტმოტივს, რომელსაც თანამედროვე ხელოვანები ადამიანის გარემოზე მავნე ზემოქმედების საკითხებზე ყურადღების გამახვილებისას მიმართავენ. ეს ტრადიცია იწყება იაპონელი მხატვრის, ნორიუკი ჰარაგუჩის ნავთობის აუზიდან (სერია, რომელიც 1970-იან წლებში დაიწყო) და გრძელდება აი ვეივეის ნავთობის დაღვრილი წვეთებით (2006 წელი).
6. მყვინთავი, ჩინეთი, 2021 წლის იანვარი
იანვარში შენიანგში, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ლიაონინგის პროვინციაში ფოტოზე აღბეჭდეს ქალი, რომელიც ტბის პირას დაწყობილი ყინულის ნაჭრებიდან ასევე ყინულიან წყალში ხტება. წყლის შუშისებრი ზედაპირის თავზე ქალი თითქოს ჰაერში გაყინულაო — დროისა და უდროობის, წონადობისა და უწონადობის მიღმა. მისი ჰორიზონტალური სხეული პარალელურ ხაზს ქმნის თოვლიან ბილიკთან, რომელიც ფოტოს მიწისა და ჰაერის თანაბარ ნაწილებად ყოფს.
ამ ფოტოზე ნაჩვენები გარემოს სიმკაცრე და ჩაძირვის მარადიული მოლოდინი მნახველთათვის ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ფრანგი ხელოვანის, ივ კლიაინის გედისებური ნახტომი შენობის შვერილიდან. ხელოვანისვე ცნობით, მან ეს ნახტომი პარიზის ერთ-ერთი ფანჯრიდან 1960 წელს შეასრულა. ამ შიშისმომგვრელი ნახტომის აღსაბეჭდად კლიაინმა რამდენიმე ფოტოგრაფი დაიქირავა, რომლებიც მას სურათების სერიის, ნახტომი სიცარიელეში, შექმნაში დაეხმარნენ. ნამუშევარზე აღბეჭდილი ჰაერში გაშლილი სხეულის უძრაობა მართლაც ძალიან ჰგავს ჩინელი მყვინთავის პოზას.
7. გოგო, ღაზა, 2021 წლის მაისი
2014 წლიდან მიმდინარე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ესკალაციის დროს ისრაელის მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმამ (რომელიც ჰამასის მიერ გასროლილი რაკეტის საპასუხო გახლდათ) 24 მაისს ღაზაში პატარა გოგოს სახლი გაანადგურა. გულისგამგმირავ ფოტოზე ფეხშიშველი ბავშვი ბეტონის ნანგრევებს შორის დგას და განადგურებულ ჰორიზონტს გაჰყურებს. ამგვარი სცენისთვის შეუსაბამოა სათამაშო კურდღელი, რომელიც ამოტრიალებული უყურებს ასევე თავდაყირა დამდგარ სამყაროს.
ეს კადრი მოგვაგონებს ბრიტანელი მხატვრის, პაულა რეგოს 2003 წლის ნახატს, ომი, რომელიც მან ერაყის ომის დროს პრესაში დაბეჭდილი ახალგაზრდა გოგოს ფოტოს შთაგონებით შექმნა. რეგოს ხედვაში კურდღელი — ხელოვნების ისტორიაში უდანაშაულობისა და ხელახლა დაბადების სიმბოლო — ტანჯვის ნიღბადაა ქცეული. ღაზაში გადაღებულ ამ ფოტოზე კი ტრაგიზმი მეტაფორების გარეშეა გაცხადებული.
8. ბიჭი, ინდონეზია, 2021 წელი
ინდონეზიაში, დეპოკის ქუჩებში რვა წლის ბიჭი მოწყალებას ითხოვს. მისი კანი დაფარულია ლითონისფერი საღებავისა და ზეთის ტოქსიკური ნაზავით, რომელიც მის სხეულს ერთგვარ მბზინავ სკულპტურად აქცევს. ალდი Manusia Silver-ის (იგივე "ვერცხლის კაცები") ჯგუფის წევრია — ისინი მოწყალების მისაღებად ამ სახიფათო შენიღბვას მიმართავენ. ფოტო, რომელზეც ალდი ქალაქის მანქანებით გადატვირთული ქუჩის ფონზე ბზინავს, განსაკუთრებით მრავლისმთქმელია.
ალდის ასაკის ბავშვებისთვის რობოტები, როგორც წესი, ფანტაზიის გასავარჯიშებელ სათამაშოებთან ასოცირდება. შოტლანდიელმა მხატვარმა, ედუარდო პაოლოციმ მელნითა და გუაშით დამუშავებულ ფოტოზე, მეოცნებე ბიჭი (1971 წელი), ბიჭების სწორედ ეს მისწრაფება ასახა და წარმოადგინა ბავშვი, რომელიც თავისი სათამაშო რობოტის მაგიურობას ერწყმის. პაოლოცის ფოტოზე ბიჭი და რობოტი ერთსა და იმავე მბზინავ ნივთიერებაში არიან ამოვლებულები. თუმცა, ალდის გამოსახულება ტრაგიკულ კონტრასტში მოდის ბავშვურ ინსტინქტთან, თამაშში გართული, სრულად მოსწყდე რეალურ სამყაროს.
9. კაპიტოლიუმის აღება, აშშ, 2021 წლის იანვარი
6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის როტონდაში დონალდ ტრამპის მომხრეების პოლიციასთან ძალადობრივი შეტაკების ფოტოებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. ტრამპის მომხრეები ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცებას აპროტესტებდნენ.
ზოგიერთისთვის შეიძლება მოულოდნელი იყოს იმის გაგება, რომ ამ ფოტოზე ასახული ამერიკელების შუღლი სივრცესა და დროში მეორდება. კადრს მიღმა, ოპერატორის უკან, მე-18 საუკუნის იტალიელი მოქანდაკის, ენრიკო კაუშიჩის ქვიშაქვაში შესრულებული ბარელიეფი იმალება, რომელიც ამერიკელი აბორიგენისა და კოლონიზატორი დანიელ ბუნის ხელჩართულ ბრძოლას ასახავს. მათ ფეხქვეშ კი მესამე ადამიანის გათელილი სხეულია გამოკვეთილი. დღევანდელობაში ამ ბარელიეფის ღირსებები — იქნება ეს ესთეტიკური თუ მორალური — აშშ-ის მოსახლეობაში ისევე იწვევს პოლარიზებულ დამოკიდებულებას, როგორც 6 იანვრის მოვლენები.
10. გემი Ever Given, ეგვიპტე, 2021 წლის მარტი
როდესაც 2021 წლის გაზაფხულზე ეგვიპტის სუეცის არხში უშველებელი სატვირთო გემი გვერდულად ჩაიხერგა, არა მხოლოდ საერთაშორისო გემების მოძრაობა შეჩერდა, არამედ მთლიანი მსოფლიოც სუნთქვაშეკრული ადევნებდა მოვლენების განვითარებას თვალს. 23 მარტს ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიმავალი გემი, Ever Given 20 ათასი კონტეინერის გადატანისას არხის სამხრეთ ბოლოსთან გაიჭედა. მისი კიჩო არხის დასავლეთ კედელს მიებჯინა, წვერი კი აღმოსავლეთის ქვიშიან მხარეს ღრმად ჩაეფლო. უზარმაზარი გემი ერთ ადგილას შედგა. ფოტოებმა გემთან შედარებით უსუსურად მცირე ზომის ამომთხრელი მანქანის ის სუსტი მცდელობები ასახეს, რომლებიც გიგანტური ტრანსპორტის გათავისუფლებას ემსახურებოდა.
ეს სურათები მრავალი მხიარული მიმის შთაგონების წყარო გახდა. ფოტოებმა გამოიწვია იმ ცნობილი სახუმარო გამოსახულებების ასოციაცია, რომლებზეც არათანაბარი ძალის მქონე მოწინააღმდეგეები დავითისა და გოლიათის დაპირისპირების სტილში ერკინებიან ერთმანეთს. ამის მაგალითია მე-15 საუკუნის ილუსტრაცია წიგნიდან, საათების წიგნი, რომელიც "დრეზდენის ლოცვების წიგნის ოსტატად" წოდებულ ანონიმ ფლამანდიელ განმანათლებელს ეკუთვნის.
11. ბიჭი, კენია, 2021 წელი
ნოემბერში "2021 წლის გარემოსდაცვითი ფოტოგრაფიის" კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კლიმატის ცვლილებების შეჩერების კატეგორიაში პირველი ადგილი იმ ახალგაზრდა ბიჭის ფოტომ აიღო, რომელიც ნიღბისა და რესპირატორის საშუალებით ქოთნის მცენარეს ჟანგბადის ავზის ფუნქციით იყენებს. კევინ ოჩიენგ ონიანგოს ბოლო ამოსუნთქვა კენიის დედაქალაქ ნაირობიშია გადაღებული.
სურათი არა მხოლოდ ჩვენს გაურკვეველ მომავალს განჭვრეტს, არამედ უკან, ხელოვნების ისტორიაშიც გვახედებს და წარსულის საკულტო ნამუშევრებს ახლებური ხედვის საჩვენებლად იყენებს. სუნთქვის სიმყიფე და წარმავლობა გვახსენებს თემებს, რომლებიც თან გასდევს ისეთ ნამუშევრებს, როგორიცაა ჯოზეფ რაიტის მე-18 საუკუნის შედევრი, ექსპერიმენტი ჩიტზე ჰაერის ტუმბოში (შეიქმნა ჯოზეფ პრისტლის მიერ ჟანგბადის აღმოჩენის შთაგონებით) და იტალიელი მხატვრის, პიერო მანძონის კონცეპტუალური ნამუშევარი 1960 წლიდან, მხატვრის სუნთქვა. ეს უკანასკნელი გახლდათ ავტორის მცდელობა, სამუდამოდ შეენარჩუნებინა თავისი სუნთქვა წითელ ბუშტში. შეუსაბამობა მანზონის განზრახვას ("როდესაც ბუშტს ვბერავ, ჩემს სულს შთავბერავ საგანში, რომელიც მარადიული ხდება", — განაცხადა მან) და მისი ბუშტების საბოლოო ბედს შორის (ისინი დიდი ხანია, ჩაიფუშნენ), ნათლად წარმოაჩენს ონიანგოს დამთრგუნველი სურათის სიმწვავეს.
12. ნახატი, საფრანგეთი, 2021 წლის ოქტომბერი
ფოტო, რომელზეც ფრანგი მეხანძრეების მიერ სწავლების დროს სენტ-ანდრეს ტაძრის საგანძურის ცეცხლგამძლე საბნის გადაფარებით დაცვის მცდელობაა ასახული, თავისთავად იქცა ხელოვნების ნიმუშად. ფოტოს ცენტრში წარმოდგენილი ნახატი შექმნილია მე-17 საუკუნის ფლამანდიელი ოსტატის, იაკობ იორდანსის მიერ და ასახავს ჯვარცმულ ქრისტეს, რომელსაც სხეულზე გრძელ შუბებზე წამოცმულ ძმრით გაჟღენთილ ნაჭრებს უსვამენ. ტილოს ორივე მხარეს მდგარი კიბეები ნახატზე ნაჩვენებ აღმასვლისა და დაღმასვლის სიმბოლოებს განავრცობენ. ეს ნამუშევარს ერთგვარად კინეტიკურს ხდის და ქმნის ხედვას, რომელიც ბოლომდე არც რეალურია და არც წარმოსახვითი; არც ზებუნებრივი და არც ყოფიერი.
ეს გამოსახულება გვაკავშირებს წარსულთან და ჩვენს წარმოსახვას მიმართავს იმ ნამუშევრების მრავალწლიანი ტრადიციისკენ, რომლებშიც დატეული მნიშვნელობებიც ცაში ამავალი კიბეების საფეხურებით განისაზღვრება. ამის მაგალითია ღვთაებრივი აღმასვლის კიბე (მე-12 საუკუნის ხატი წმინდა ეკატერინეს მონასტერში, სინის მთაზე), რომელიც ასახავს იესოსკენ მიმავალ ბერებს და ფრანგი-ამერიკელი თანამედროვე მხატვრის, ლუიზა ბურჟუას ნახატების სერია, კიბეები, რომლის მეშვეობითაც იგი ქმნის ორაზროვან სიმბოლოს — ერთდროულად მერყევსა და ამაღლებულს.
13. ბავშვები, ეთიოპია, 2021 წლის ივლისი
ივლისში ეთიოპიაში, ქალაქ გონდარის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ დაბათთან ერიტრეელი ლტოლვილებისთვის ასაგები ბანაკის ტერიტორიაზე ხის ქვეშ მდგომი ბავშვების ჯგუფი ფოტოზე აღბეჭდეს. ნისლის საბურველი, რომელიც სცენას ფარავს, გამოსახულებას მითოსურ ელფერს ანიჭებს. ცოცხალი თავშესაფარი გადახურულია ფოთლებით, რომელთა ყურების დროსაც თითქოს მათი შრიალით წარმოქმნილი მუსიკა ჩაგვესმის.
კადრი გვახსენებს "სიცოცხლის ხეების" ამსახველ ნამუშევრებს კულტურის ისტორიიდან — ეს გახლავთ თემა, რომელიც შთააგონებდა ყველას, ძველი ურარტუელებიდან დაწყებული, ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტით დასრულებული. კლიმტი თავისი პოეტური სიცოცხლის ხის ტოტებს წარმოაჩენს სიმბოლურ სპირალებად — სულიერი ძრავის ხვეულებად, რომლებიც მარადისობაში ტრიალებენ.
კომენტარები