"იმ ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებდი" — როგორ იხსენებენ 17 მაისს დაზარალებულები
დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო უპრეცედენტო ძალადობა ლგბტ დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოსთან შეთანხმებით. ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აქციის დარბევიდან 8 წლის შემდეგ, დარბევის დროს დაზარალებულებს ვკითხეთ, რა ახსოვთ და რას ნიშნავს მათთვის სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება.
"იმედი გვქონდა, რომ კორდონს არ გაარღვევდნენ"
აქტივისტი ნათია გვიანიშვილი იმ ავტობუსში იჯდა, რომელსაც ერთ-ერთი მღვდელი თავს ტაბურეტით დაესხა.
ამბობს, რომ მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ. დილიდან იმედიანად მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, რათა პარლამენტის წინ ჰომოფობია და ტრანსფობია გაეპროტესტებინათ. ადგილი უკვე დაკავებული დახვდათ იმ მიზეზით, რასაც აპროტესტებდნენ — ტერიტორიაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ შეკრებილნი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიან აქტივისტებს თავისუფლების მოედანთან არსებულ პუშკინის სკვერში გადასვლა შესთავაზა.
"ძალიან შემაშინა კონტრდემონსტრანტების რაოდენობამ, იმიტომ, რომ მართლა ძალიან ბევრნი იყვნენ. იყო ძალიან ბევრი ვერბალური აგრესია, თუმცა, მეორე მხრივ, იმედი გვქონდა, რომ კორდონს არ გაარღვევდნენ, დემონსტრაციას ჩავატარებდით და დავიშლებოდით და შესაბამისად, ისინიც დაიშლებოდნენ. დემონსტრაციის დაწყებამადე სადღაც 15 წუთით ადრე მოხდა კორდონის გარღვევა. შემდეგ გავიგეთ, რომ კორდონი კი არ გაირღვა, პოლიციამ გახსნა რაღაც მომენტში, იმისთვის, რომ მღვდლები გამოეტარებინათ", — გვიყვება აქტივისტი.
ის, ასევე, იხსენებს, რომ თავად პოლიციელებსაც არავითარი თავდაცვის საშუალება არ ჰქონდათ, შესაბამისად, კორდონი მალე გაიხსნა.
"და ჩვენ გაგვრეკეს ავტობუსებისკენ. ვინც წინა ავტობუსებს ვერ დაეწია, მოგვდგნენ ჩვენ და პარალელურად ვაჩნაძის ქუჩაზე ხდებოდა კიდევ ერთი დარბევა, რომლის შესახებაც მაშინ ჩვენ არ ვიცოდით. აღმოჩნდა, რომ იქ აქტივისტების ჯგუფი გაიჭედა და ვერ ამოაღწიეს პუშკინის სკვერამდე. ჩვენც ისე გავასწარით, რომ არ დავზიანდით მაინც და მაინც, თორემ ძალიან საშიში იყო", — ამბობს ნათია.
აქტივისტი, ასევე, იხსენებს, რომ მათდამი აგრესია გამოხატა ავტობუსის მძღოლმაც, რომელსაც აქტივისტები მშვიდობიან ტერიტორიაზე უნდა გაეყვანა.
"ერთი-ორჯერ შეგვაგინა, მერე კარები გახსნა. ჩვენ ჩამოგვსვა ორთაჭალის დასაწყისში, ფონიჭალაში არ ავუყვანივართ და მერე ტაქსით ავედით მეგობრებთან სხვა უბანში. მთელი ეს გამოცდილება იყო ძალიან ტრავმული. ჩვენი ავტობუსი იყო ის ავტობუსი, რომელსაც მღვდელი დაესხა თავს ტაბურეტით. ეს იყო ეს მომენტი, როცა ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩერდა ავტობუსი, წინ ვერ მიდიოდა ამ ხალხის გამო, ერთი-ორჯერ მძღოლის გადათრევა სცადეს და რაღაც მომენტში ავტობუსის მძღოლის მხრიდან ამოვიდა მღვდელი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტები ვეგონეთ. 5 ქალი ვიყავით იმ მომენტში ავტობუსში და ერთ-ერთს ჰქონდა დიდი კამერა, რომელიც იღებდა, რა ხდებოდა გარშემო. ჩათვალეს რომ ჟურნალისტები ვართ და ჟურნალისტებს არაფერს დავუშავებთო", — ამბობს ნათია.
ის, ასევე, საუბრობს გრძელვადიან და მოკლევადიან ტრავმებზე, რომელიც 2013 წლის 17-მა მაისმა დაუტოვა.
"არის ტრავმები, რაც შედარებით მოკლე ხანს გამიგრძელდა. მაგალითად, საჯარო ტრანსპორტში შესვლის შიში, იმის პარანოია, რომ ყველა მე მიყურებს და შეიძლება ჩამარტყას რამე. ესენი მქონდა რამდენიმე თვის განმავლობაში. უფრო გრძელვადიანად დამიტოვა იმის ცნობიერება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ვეზიზღებოდე; ფიქრი, ამ საზოგადოებაში არის თუ არა ჩემი ადგილი და უფრო იქეთკენ ვიხრებოდი, რომ, ალბათ, არ არის. ეს გააძლიერა უფრო იმანაც, რომ სახელმწიფომ საერთოდ არ გამოიძია ეს შემთხვევა. 2012 წლის ინციდენტი არ გამოიძია წინა მთავრობამ და ეს უკვე ახალმა მთავრობამ", — ამბობს აქტივისტი.
ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ამბობს, რომ სახელმწიფოს მოუწევს სასამართლოს დასკვნის გაზიარება და კომპენსაციის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას არ ეთანხმებოდეს. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ ეს თემის წევრებისთვის მატერიალურადაც მნიშვნელოვანია.
"იმ ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებდი"
ცხოვრების უსაშინლეს გამოცდილებას იხსენებს ლგბტ აქტივისტი შორენა გაბუნია. 8 წლის წინანდელი მოვლენები მას ფოტოგრაფიული სიზუსტით ახსოვს. მაშინ იდენტობის კომუნიკაციების მენეჯერი იყო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად ჩართული პირი ამ აქციის ორგანიზებაში.
"მაშინ იყო ასეთი შეთანხმება, რომ გავდიოდით რაღაც კონკრეტულ საათზე. გაფრთხილებული იყო შსს და ყველა შესაბამისი უწყება ჩვენ მიერ. ეს იყო მდუმარე აქცია იმ ადამიანთა პატივსაცემად, რომლებიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამო ცოცხლები აღარ არიან და დავიშლებოდით 10 წუთში. გვეუბნებოდნენ, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, მაგრამ დილიდან დაიწყო მობილიზება", — იხსენებს შორენა.
ის სამსახურში 08:00-09:00 საათისთვის წავიდა. დილიდანვე ნერვიულობდნენ და ამის საფუძველი წინა წლის გამოცდილებითაც იყო. გარდა ამისა, რაც დრო გადიოდა, რუსთაველზე მით მეტი ხალხი იკრიბებოდა.
"საოცრად გამძვინვარებულები იყვნენ და აი, უნდა გავსულიყავით აქციაზე, ვემზადებით და გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენს უსაფრთხოებას პარლამენტის წინ ვერ უზრუნველყოფენ და ამიტომ, შემოგვთავაზეს ალტერნატიული სივრცე აქციის ჩასატარებლად პუშკინის სკვერში. არ მოგვეწონა ეს, მაგრამ სხვანაირი ალტერნატივა აღარ იყო და აქციის დაწყებამდე მოკლე ხანში იძულებული გავხდით, რომ პუშკინის სკვერში წავსულიყავით. მივედით, კონტრაქციის მონაწილეების აქცია გადაკეტილია სადღაც თავისუფლების მოედნის მეტროსთან. ვაწყობთ პოსტერებს და ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი მორბის და ყვირის, მოდიანო. გასაგები იყო ვინ მოდიოდა", — გვიყვება შორენა.
ამ დროს მიხვდნენ, რომ პოლიციის კორდონი გაირღვა და გამძვინვარებული ბრბო მათკენ მოდიოდა.
"იქვე, თავისუფლების მოედანზე, წრეზე იყო გამზადებული ყვითელი ავტობუსები. რამხელა სტრესი იყო, იმ ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებდი. როგორც ცხოველებს შერეკავენ ხოლმე, ისე შეგვრეკეს და მორბოდა ეს გამძვინვარებული ბრბო, გვესროდნენ რკინის ლითონის საგნებს, ქვებს ჭახა-ჭუხი გაუდიოდა. ჩვენ ამ ავტობუსმა ჩაგვიყვანა ზემო ფონიჭალაში. გადმოვედით ავტობუსიდან და ცოტა ხანში მოდის პატრულის მანქანა, რომელსაც მთლიანად აქვს მოგლეჯილი კარი და წარმოიდგინეთ, ჩვენს რას გვიზამდნენ. დაგვანაკუწებდნენ, ხელში რომ მოვხვედროდით. მერე პოლიციამ რიგრიგობით ჩაგვსვა თავიანთ მანქანაში და ასე დაგვარიგეს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში", — იხსენებს აქტივისტი.
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის სამართლიანობის განცდაა, თუმცა ვერც წინა და ვერც ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ხედავს, რომ ამ კუთხით უკეთესობისკენ რაიმე შეიცვლება.
"ერთი მხრივ, კარგია ეს მოგება, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი სირცხვილია"
თინა ბილიხოძე ერთ-ერთია, ვინც 8 წლის წინ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე იდგა. ლურჯი, წარწერიანი მაისურით გამოვიდა. ცისარტყელას ფერებით უნდა დამდგარიყვნენ და უხმოდ, ფლეშმობი უნდა მოეწყოთ. პოლიციას კი ისინი უნდა დაეცვა.
"გამოვიძახე ტაქსი და უკვე გზაში ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მეუბნება — სად ხარ, უკვე არეულობა დაიწყო და ფრთხილად იყავიო. რომ მივედი, მეგობრები დავინახე, არსად არ გვიშვებდნენ, ვხედავდით კონტრაქციის მონაწილეებსაც და მახსოვს, ჩემკენ თითი გამოიშვირეს და მიყვიროდნენ: აი, ელჭიპიტი, მასონები, მართლმადიდებლობის მტრები. მე ამ დროს დასახმარებლად მივმართე პოლიციას. ვიღაც ჩინოსანმა პოლიციელმა დაუძახა ვიღაც სხვა პოლიციელს და უთხრა, რომ ესენი მეტროში შეიყვანეო და უსაფრთხოდ მიიყვანეო. ამ დროს მეგობრები მირეკავენ: "თინა, ცოცხალი ხარ?". პოლიციელმა შეგვაგდო თავისუფლებს მეტროში და ერთი ბიჭი გამოგვეკიდა. პოლიციელთან ერთად, ჩვენთან ერთად ვაგონში შემოვიდა. ავლაბრის მეტროში ამოვედი. მერე პოლიციელმა გაგვიჩერა ტაქსი და ასე გაგვარიდეს სიტუაციას", — იხსენებს თინა.
ამბობს იმასაც, რომ ფიზიკურ შეხებას რამდენიმე წამით გადაურჩა.
რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ?
ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ყველა აპლიკანტის მიმართ (35 პირი და 2 ორგანიზაცია) განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3); დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციასთან) ერთობლიობაში.
სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ლგბტ დემონსტრანტების ბრბოსგან დასაცავად ხელისუფლებამ ზომები ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საქმის კურსში იყო. გარდა ამისა, სასამართლო ამბობს, რომ არსებობდა მტკიცებულებები, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომ მზადდებოდა ძალადობა.
"რეალობისა და რისკის მასშტაბის სრულად გაცნობიერების მიუხედავად, იმის ნაცვლად რომ უფრო ეფექტიანი ზომები მიეღო და აპლიკანტებს მშვიდობიანი დემონსტრაციის გაგრძელების საშულება ჰქონოდათ, პოლიციამ ისინი ადგილიდან გაიყვანა. ეს დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩატარების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომები ხელისუფლების პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა", — ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ეს არ არის პირველი საქმე, რომელშიც საქართველოს სახელმწიფოს ლგბტ აქტივისტებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 2015 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის დროს პოლიციამ გეი უფლებების დამცველთა მცირე ჯგუფი თავდასხმისგან სათანადოდ ვერ დაიცვა. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ინციდენტის ზედმიწევნით გამოძიება ვერ შეძლო.
17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წელს აქტივისტები მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა აქცია დაარბიეს. ერთი წლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა. მშვიდობიან აქტივისტებს რამდენიმე წელია არ ეძლევათ საშუალება გააპროტესტონ ჰომოფობია, მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები ატარებენ აქციებს, სადაც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და კვლავ დაუსჯელები რჩებიან.
კომენტარები