ტრანსგენდერი კაცის ახალი ცხოვრება ესპანეთში — ანტონ შადურის ისტორია
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
თვითგამორკვევის პროცესი არასდროს მქონია, თითქოს ყოველთვის ვიცოდი, რომ მდედრობით სქესს არ ვეკუთვნოდი, მაგრამ მახსოვს, როდის გამაჩუმეს და მითხრეს, რომ არ უნდა მელაპარაკა, არ უნდა გამომეხატა საკუთარი თავი, უნდა წამეშალა საკუთარი მე და დავმორჩილებოდი ოჯახის წევრების მითითებებს, ჩამეცვა კაბა, მოვქცეულიყავი გოგოსავით. ამიტომ, ყოველთვის ძალას ვატანდი საკუთარ თავს და ვცდილობდი, მეტად ქალური ვყოფილიყავი.
ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი გარეგნობა უნდა შეცვლილიყო, ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა, ვიცხოვრებდი იმ სხეულში, რომელშიც უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
მოწყვეტილი ვარსკვლავი და ცხოვრება აუხდენელ სურვილებთან ერთად
ხუმრობა მქონდა ასეთი — ვარსკვლავი რომ მოწყდება, ჩაიფიქრე და აუცილებლად აგიხდება ნატვრა, მეც ყოველთვის ვნატრობდი, რომ ჩემი ცხოვრება და სხეული შეცვლილიყო.
მაშინ მეგონა, რომ ჩემს სხეულში არ ვცხოვრობდი, ვიღაც სხვა ადამიანის სხეულში ვიყავი და სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დღეს რომ ვფიქრობ, ცოტა ვნანობ, ამდენი წელი საკუთარი თავის უარყოფაში რომ გავატარე. ხშირად მიფიქრია, რომ არა ამდენი გაბატონებული აზრი ქალურობასა და მამაკაცურობაზე — რომ აუცილებლად მკერდი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ქალი იყო, რომ აუცილებლად კუნთები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ მამაკაცი იყო — შეიძლება, ამდენი წინააღმდეგობის გაწევა არ დამჭირვებოდა. არც ვარსკლავების ლოდინი, როდის მოწყდებოდნენ ციდან ჩემი ოცნებების ასახდენად.
"შოკისმომგვრელი აზია" და მოციმციმე ეკრანზე ნაპოვნი საკუთარი იდენტობა
დავიბადე 1980 წელს, ადრეული ბავშვობა დაემთხვა საბჭოთა კავშირის "პერესტროიკას", მოზარდობა და გარდატეხის ასაკი კი, საბჭოთა კავშირის ნგრევასა და ბნელ და ცივ 90-იან წლებს. არანაირი ინფორმაცია მაშინ ჩვენს რეალობაში ტრანსგენდერ ადამიანებზე, ტრანზიციის პროცესზე არ არსებობდა. ძალიან ბევრი წელი თავი უნიკალური მოვლენა მეგონა, ვთვლიდი, რომ რაც მე "მჭირდა", სხვას არავის სჭირდა და ერთადერთი ვიყავი.
მერე ინტერნეტი და კომპიუტერებიც გამოჩნდა, რუსული წყაროებიდან ვიღებდი ინფორმაციებს, მაგრამ ვერ ვაიგივებდი საკუთარ თავს ვერც გეებთან, ვერც ლესბოსელებთან, ვიცოდი, რომ ქალთან რომანტიკული ურთიერთობა არ იყო ჩემი მთავარი მიზანი და ვგრძნობდი, რომ კიდევ რაღაც იყო, რაც შინაგანად არ მასვენებდა.
ერთხელაც, ტელევიზორში შემთხვევით ვნახე დოკუმენტური ფილმი "შოკისმომგვრელი აზია", რომლის მერეც გამიჩნდა იმედი და ვამბობდი, რომ გავიზრდები, წავალ ინდოეთში, გავიკეთებ ოპერაციებს და შევიცვლი სქესს, ფილმი ტრანსგენდერ ტაილანდელ ქალებზეა, მართალია, დიდად ვერ გავაიგივე მაშინ მათთან თავი, რახან ტრანსგენდერი ქალები იყვნენ, მაგრამ დაახლოებით მაინც მივხვდი, რომ მეც მსგავსი ოპერაციები მჭირდებოდა.
რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი
საქართველოდან ესპანეთში 26 წლის ასაკში, 2006 წელს წავედი, სამშობლოში ყოფნის დროს არ მახსოვს ერთი წუთიც კი, როცა ჩემს სხეულში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, სიცოცხლის და ბედნიერების ხარისხი ძალიან დაბალი იყო — სიხარულის დროსაც და ტკივილის დროსაც, ყოველთვის მახსოვდა, რომ მე მე არ ვიყავი, ჩემი სხეული სადღაც სხვაგან, გარეთ იყო და ჯერ კიდევ არ მქონდა ნაპოვნი. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო რთული ხდებოდა. რაც ასაკი მემატებოდა, ეს ყველაფერი უფრო რთულდებოდა, რადგან ემატებოდა სხვა ასაკობრივი სირთულეები და გამოწვევები, რომელიც უფრო ართულებდა ამ პროცესს.
დაშვებას ვაკეთებდი, რომ შეიძლება ქვეყანა არ დამეტოვებინა და საქართველოში მეცხოვრა ყოველთვის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი, მაქსიმუმ, 40 წლამდე მიმეღწია. თავს არ მოვიკლავდი, მაგრამ აუცილებლად მომკლავდა დარდი და მალვა. ვიცოდი, რომ უღიმღამო ცხოვრება მექნებოდა. ქამინგაუთსა და ტრანზიციაზე საქართველოში არც მიფიქრია. 26 წელი ისე ვიცხოვრე, რომ ქამინგაუთი არავისთან მქონია, არავინ ფიქრობდა, რომ რაღაც ისეთი იყო ჩემს თავს, რასაც ვმალავდი და ვერ ვამბობდი. ყველა თვლიდა, რომ უცნაური ვიყავი, ცოტა მოჰიპო და პროგრესული, განსხვავებული უმრავლესობისგან.
2006 წელს უცებ ისე მოხდა, რომ ქვეყნის დატოვება მომიწია, საცხოვრებლად ესპანეთში გადავედი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, დავტოვებდი ჩემს სამშობლოს და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წავიდოდი. აქ ვნახე პირველად ტრანსგენდერი ადამიანი და მივხვდი, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ახლოვდებოდა.
ტრანსფორმაციის ისტორია, მენტალური ჯანმრთელობა და ცვლილებები
ადრე, როცა მე დავიწყე ტრანზიციის პროცესი, ესპანეთში აუცილებელი იყო ფსიქიატრის დასკვნა. დღეს ეს გამარტივებულია, აღარავინ ითხოვს ფსიქიატრის დასკვნას, რომ შენ ნამდვილად ტრანსგენდერი ადამიანი ხარ. სავალდებულოა ენდოკრინოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევა, რომ შენი ორგანიზმი მზად არის, დაიწყოს ტრანზიციის პროცესი, რომ ჰორმონების მიღებას არანაირი უკუჩვენება არ ექნება, ამასთან ერთად, სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, გაიარო თერაპიის კურსი ფსიქოლოგთან, რომელიც იზრუნებს შენს მენტალურ მდგომარეობაზე და შეგამზადებს დიდი ცვლილებებისთვის.
სავალდებულო ენდოკრინოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ წელში დავიწყე ჰორმონების თერაპია, თავიდან უფრო ინტენსიური იყო ეს თერაპია, შემდეგ შემცირდა. ტესტესტერონების შემდეგ გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოჭრა.
ტესტესტერონი რთული ჰორმონია და ახლავს ბევრი სირთულე, სხეული განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, შემეცვალა კუნთის მასა, ვგრძნობდი, რომ იცვლებოდა ძვლები, ძალიან გამხდარი ვიყავი და მოვიმატე წონაში, შემეცვალა თავის ფორმა, გამეზარდა ცხვირი, ყურები. მეუბნებოდნენ, რომ ჰორმონების თერაპია იწვევდა ხასიათის ცვლილებებს, შეიძლებოდა, უფრო უხეში გავმხდარიყავი, არადა ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა, მეც და გარშემომყოფებიც ვამჩნევდით, რომ უფრო მშვიდი გავხდი.
ცხოვრება ტრანსფორმაციის შემდეგ
ხშირად მომისმენია და დაუსვამთ ჩვენთვის, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის კითხვები: ქალი იყავი და კაცი ხარ? რო აღარ მოგინდეს? რო გადაიფიქრო? დარწმუნებული ხარ? ჯიბრზე ხომ არ აკეთებ? ის იყავი და ის ხდები? ყველაზე მეტად ეს კითხვები მაღიზიანებს, თითქოს ვიღაც სხვა ვიყავი და ახლა სხვა ვარ. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ არაფერი ძირეული არ შეცვლილა ჩემს პიროვნებაში ამ პროცესებით, ყოველთვის ის ვიყავი, ვინც ახლა ვარ, უბრალოდ, თქვენ ახლა დაიწყეთ ამ ყველაფრის შემჩნევა, რისი ჩვენების საშუალებასაც მრავალი წელი არ მაძლევდით.
მე როგორც წარმომედგინა საბოლოო შედეგი, იმას გადააჭარბა, რაც მივიღე. ყველა ნაბიჯში ვგრძნობდი, რომ არამარტო ჩემი სხეული იცვლებოდა, არამედ იცვლებოდა ჩემი მენტალური მდგომარეობაც და უკეთესი ადამიანი ვხდებოდი, უფრო მშვიდი და უფრო კმაყოფილი ცხოვრებით, მახსოვს, გარშემომყოფი ადამიანებიც ატყობდნენ ამას და მეუბნებოდნენ, რომ ახლა გასაგები იყო, რატომ ვიყავი ასეთი გულჩათხრობილი.
საქართველოში 2019 წელს დავბრუნდი, სახელის შეცვლა მინდოდა პასპორტში და არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, იუსტიციის თანამშრომელს ცოტა კი გაუკვირდა, დაბადებით ქალი რომ ვიყავი, მაგრამ გართულება არ მოჰყოლია ამ პროცესს. საერთოდ, ყველაზე მეტი მიმღებლობა ლგბტ+ საზოგადოებიდან აქვს ტრანსგენდერ ჰეტეროსექსუალ კაცს, რადგან ემსგავსები ჰეტეროსექსუალ კაცს და, როგორც წესი, ყველაზე მეტი პრივილეგიით ჰეტეროსექსუალი კაცი სარგებლობს. სქესის შეცვლის მერე მივხვდი, რამდენად გაადვილდა ჩემი ცხოვრება, გამოხედვებში ვგრძნობ, რამდენად სხვანაირად მიყურებენ, როცა ვლაპარაკობ, სხვანაირად მისმენენ, რაც ცოტათი მიკვირს, რადგან იმავეს ვლაპარაკობ, თუმცა მათთვის უკვე კაცი ვარ და სხვანაირ პატივისცემას ვიმსახურებ.
განსხვავება ესპანურ და ქართულ საზოგადოებაში და სახელმწიფო სერვისებში, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანები იღებენ
ესპანური ლგბტ საზოგადოება ძალიან ბევრი ნაბიჯით წინ არის ქართულ ლგბტ საზოგადოებასთან შედარებით, ისინი უკვე მიღებულები და უფრო თამამები არიან. ცხოვრების მთავარი მიზანი აქ უკვე აღარ არის უფლებების მოპოვება, მათი მთავარი მიზანი ცხოვრება და ბედნიერებაა. გადარჩენაზე აქ არავინ ფიქრობს, იციან, რომ შეზღუდვები არ აქვთ და დაცულები არიან. აქაც არის ჰომოფობია, თუმცა სახელმწიფოს და საზოგადოების რეაქციები ძალიან მკაცრია ჰომოფობიის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, კანონი მოქმედებს და ჰომოფობი დაუსჯელი არ დარჩება. აქ არ მოქმედებს ქართული მიდგომა, რომ თითქოს ლგბტ ადამიანებმა რაღაცები უნდა დავთმოთ და გავითვალისწინოთ უმრავლესობის ნება. აქ ყველა ადამიანის უფლება დაცულია და არავინ არაფერს თმობს.
დღესდღეობით, ესპანეთში საუბარია სქესის პოლიტიკის გადახედვაზე, არაბინარული ადამიანების მიღებასა და მესამე სქესის დაშვებაზე, აქტივისტები ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ გაჩნდეს მესამე სქესის აღმნიშვნელი არტიკლები და ენა უფრო მეტად იყოს მორგებული თანამედროვე გამოწვევებს. ესპანეთში არსებობს თანასწორობის სამინისტრო, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს ლგბტ საკითხებზე, მისი მინისტრი ქალი კი ძალიან ცდილობს, მიიღოს კანონი, რომელიც უფრო მეტად გაამარტივებს ტრანზიციის პროცესს, სქესის მარკის შეცვლის პროცესს და ა.შ.
და რაც ყველაზე მთავარია, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ტრანსგენდერი ადამიანები ვერ ახერხებენ, მივიდნენ ექიმთან, სანამ ტრანზიციის პროცესს დაიწყებენ და ხშირ შემთხვევაში, თვითონ ინიშნავენ ჰორმონებს გამოკვლევებისა და სპეციალისტების ჩარევის გარეშე, ესპანეთში მოქმედებს ძალიან ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მორგებულია ლგბტ ადამიანების საჭიროებებს. სქესის შეცვლის პროცედურები ესპანეთის თითქმის ყველა რეგიონში უფასოა, დაზღვევა ვრცელდება, როგორც ესპანეთის მოქალაქეებზე, ასევე იმ ადამიანებზეც, ვისაც უბრალოდ ბინადრობის უფლება აქვთ ან ამ უფლების გარეშე ცხოვრობენ ესპანეთის მიწაზე.
რჩევები ტრანსგენდერი ადამიანების მშობლებს
ცოტა ხნის წინ, აქ იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როცა 6 წლის ტრანსგენდერი გოგონას მშობელმა გადადგა განათლების სისტემა და შეაწუხა ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ მისი შვილის სახელი შეცვლილიყო სასკოლო ჟურნალში. ასეთი თავდადება და შვილის დაცვა საქართველოში არ მინახავს, არა მარტო ტრანსგენდერი, არც ჰეტეროსექსუალი ადამიანების მშობლების მხრიდან.
მშობლის პირველი ინტერესი უნდა იყოს შვილის ბედნიერება და ამაზე პასუხები არ უნდა ეძებონ სოციუმში, სამეზობლოსა და სანათესაოში, ბავშვმა თვითონ იცის, როდის არის ბედნიერი და რა უნდა, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს და გავიგოთ, როგორ წარმოუდგენიათ მათ საკუთარი ბედნიერება. ბავშვი არ არის პროექტი, რომ წინასწარ გაუწერო, რა და როგორ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, ასეთ პროექტებს ყოველთვის ჩაფლავება ელოდება, ვერასოდეს იქნება ის ადამიანი ბედნიერი, რომლის ცხოვრებაც მშობლებმა გაწერეს შვილთან კომუნიკაციისა და შვილის საჭიროებების გათვალისწინების გარეშე. ის იქნება უბედური შვილი.
ისედაც ძალიან რთულია ჩვენი ცხოვრება და თქვენი უარყოფა ორჯერ და ოცჯერ უფრო ართულებს ყველაფერს. თერაპია ძალიან დამეხმარა იმაში, რომ გადამელახა უამრავი სირთულე და ერთ-ერთი სირთულე იყო ის, რომ ჩემს მშობლებთან დღემდე არ მაქვს ურთიერთობა. არ არის იმ ადამიანის ცხოვრება სრულყოფილი, რომელსაც არა აქვს ოჯახის მხარდაჭერა. ოჯახის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა დაგიპირისპირდეს და ვინც არ უნდა გაქციოს ზურგი, ოჯახის სიყვარული მაინც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბედნიერად იგრძნო თავი. ნუ მოაკლებთ შვილებს ამ მხარდაჭერას. ჩვენ, ადამიანებს, აღიარება, პირველ რიგში, ჩვენი ოჯახისა და ახლობელი ადამიანებისგან გვჭირდება, თუ ამას ვერ მივიღებთ, აზრი არ აქვს არანაირ თერაპიებსა და ფსიქოლოგების დახმარებას, ჩვენი ცხოვრება სრულყოფილი მაინც ვერ იქნება.
კომენტარები