"სახლში ვარ, ვინც ნერვიულობდით, ჩემებს ნუ ეტყვით", — წერს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე საკუთარ Facebook-გვერდზე. ასე პასუხობს ბუაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე მას ჰკითხა, "სახლში იციან, აქ რომ ხარ?".

დღეს თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა — მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლები დაამტკიცეს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

"ერთი რამ იცოდეთ, შეურაცხყოფის მიყენებას არავინ არ გაგიტარებთ და ყოველთვის მიიღებთ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, იცოდეთ, დაიმახსოვრეთ", — ასე მიმართა კახა კალაძემ საბა ბუაძეს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა.

ბუაძემ კალაძეს უთხრა, რომ თბილისის ისტორიაში "ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერია", რის შემდეგაც საუბარში სხდომის თავმჯდომარე ჩაერთო და ოპოზიციის წარმომადგენელს "შეფასების" ნაცვლად, კითხვის დასმისკენ მოუწოდა. სწორედ ამ დროს განაცხადა დედაქალაქის მერმა, რომ ბუაძეს "შეურაცხყოფის მიყენებას არავინ არ" გაუტარებდა.

გაიგეთ მეტი: