ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებას კავკასიური ცარცის წრეს უწოდებს. მისი მტკიცებით, დოკუმენტში ბევრი რამ არ მოსწონდათ, თუმცა მასზე ხელის მოწერით ქვეყანას გაუწიეს ანგარიში.

"ჩვენ ქვეყანას გავუწიეთ ანგარიში და ამიტომ მოეწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. ეს იყო კომპლექსური პროცესი და კომპლექსური დოკუმენტი. ძალიან ბევრი რამე არ მოგვწონდა. საბოტაჟიდან, ამ რეჟიმიდან ქვეყნის გაყვანა რომ გვინდოდა, ამიტომ მოვაწერეთ საბოლოო ჯამში, ხელი ამ შეთანხმებას. ანუ, ეს იყო კავკასიური ცარცის წრე", — თქვა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე განცხადებით, "ოცნებამ" მთავარ მიზანს მიაღწია, რადგან ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. კობახიძის თქმით, ახლა ვეღარავინ ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

"დამთავრდა ამაზე საუბარი. თქვენ გახსოვთ, რა საუბრები იყო მაშინ, 2 პარტია იყო მხოლოდ შემოსული, ჯამში, 6 დეპუტატი პარლამენტში. ამის შემდეგ ყველა შემოვიდა და პოლიტიკური კრიზისზე, როგორც ასეთზე, ამ საპარლამენტო მოცემულობიდან გამომდინარე, ვეღარავინ საუბრობს. ამით ჩვენ ვითარება რადიკალურად შევცვალეთ, ქვეყნის სასარგებლოდ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ეს", — ამბობს ის.

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო ბარიერზე, ფრაქციების შექმნასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. პროექტის მიხევდით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა ყოფილიყო, ხოლო ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, მაჟორიტარები.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.