ტიტანების შერკინება: ჰანა არენდტისა და ისაია ბერლინის "ერთი ნახვით შეძულების" ისტორია
"თითქმის ყველა ასპექტით ისინი ერთმანეთისთვის და, ამავდროულად, ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ შექმნილნი", — ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი, ნორმან ლებრეხტი გასული საუკუნის ორი დიდი მოაზროვნის, ჰანა არენდტისა და ისაია ბერლინის ურთიერთობაზე გვიყვება.
კოვიდამდელ იდილიურ პერიოდში გერმანიის ერთ პატარა ქალაქში ჩავფრინდი, რათა ორი ფილოსოფოსის სიყვარულის ისტორიით შთაგონებული ოპერა მენახა; სიყვარულის, რომელიც ოდნავადაც არ იყო პლატონური... ჰანა არენდტი უმამოდ დარჩენილი, 18 წლის, ინტიმური ურთიერთობების გამოუცდელი გოგო იყო, მარტინ ჰაიდეგერი კი — თავის სფეროში სახელგანთქმული, 30 წელს გადაცილებული ცოლიანი კაცი და ორი შვილის მამა. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო კლასიკური ურთიერთობა #MeToo-ს სცენარით, როდესაც ნდობითა და ვალდებულების გრძნობით ბოროტად სარგებლობენ.
ჰაიდეგერი ცხოვრებასა და ცნობიერებას ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავდა. თავის სტუდენტებს ის ეუბნებოდა, რომ არისტოტელე დაიბადა, იმუშავა და მოკვდა, ახლა კი მოდით მის იდეებს დავუბრუნდეთო. ჩემ მიერ ნანახი ელა მილჩ-შერიფის ოპერა, სიყვარულის ბანალურობა, ირეკლავს ჰაიდეგერის ხედვას, რომ ადამიანი, როგორც ცალკეული ინდივიდი, უინტერესოა. თუმცა თავად მის და კიდევ სხვა ბევრის შემთხვევაში, იდეები მათი დამბადებლების ზედმეტად ადამიანური ნაკლოვანებებისგან ყალიბდება და ეს ორი მხარე ერთმანეთისაგან ვერ განცალკევდება. ამიტომ უდავოა, რომ დადგა დრო, ჰანა არენდტი — ტოტალიტარიზმის ეს უდიდესი ფილოსოფოსი — ახალგაზრდობისას განცდილი იმ ზეგავლენის გათვალისწინებით გადავაფასოთ, რომელიც მან ნაციზმის ინტელექტუალ აპოლოგეტად ქცეულ ბრწყინვალე ქამელეონთან, ჰაიდეგერთან ურთიერთობისგან მიიღო.
"ბანალურობა" — ეს ის სიტყვაა, რომელიც არენდტის სახელთან გადაიჯაჭვა. The New Yorker-ისთვის გაკეთებული იმ ჩანაწერების სერია, რომელშიც მოაზროვნე იერუსალიმში 1960-იანი წლების დასაწყისში გამართულ ადოლფ აიჰმანის სასამართლო პროცესს აანალიზებდა, "ბოროტების ბანალურობის" სათაურით იბეჭდებოდა. აიჰმანი ჰიტლერის ჰოლოკოსტის მთავარი აღმასრულებელი ფიგურა იყო — ჩინოვნიკი, რომელმაც მილიონობით ქალი, კაცი და ბავშვი გაწირა სასიკვდილოდ. ჰიტლერისეული გერმანიიდან დევნილი არენდტის თვალით დანახული აიჰმანი კი არარაობა, მოსაწყენი ბიუროკრატი გახლდათ: "არც გარყვნილი, არც სადისტი... უბრალოდ, შემაძრწუნებლად ნორმალური". არენდტის აზრით, კანონითა და ლოგიკით, ის არც დაჭერის ღირსი იყო, არც გასამართლების და არც სიკვდილით დასჯის.
მისმა ამ პოზიციამ აღაშფოთა მორალისტი ფილოსოფოსები და მათ არენდტის ლინჩის წესით გასამართლების მოყვარული ბრბოს საკბილოდ ქცევა სცადეს. თუმცა მას არც წარბი შეუხრია და არც უკან დაუხევია. "ტკივილი", — უთხრა მან თავის ერთგულ მეგობარს, მერი მაკარტის, — "ეს ყოფიერების მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა".
სამანტა როუზ ჰილის წიგნში, ჰანა არენდტი, რომელიც სერიის, "კრიტიკული ბიოგრაფიების" ნაწილია, არენდტი წარმოჩენილია "მომთხოვნ, თვითკრიტიკულ და თავდაჯერებულ" ფემინისტ გმირად, რომელიც ყოველთვის მზადაა, წინააღმდეგობა გაუწიოს ფილოსოფიის სფეროზე კაცთა ბატონობას. თუმცა ხაზგასასმელია, რომ ამერიკულ აკადემიაში მოღვაწეობის შუა პერიოდიდან ის საკუთარ თავს პოლიტიკურ მწერლად მოიხსენიებდა და არა — ფილოსოფოსად.
"რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გაქებენ, თუმცა გაცილებით უკეთესია, როცა შენი ესმით", — ამბობდა არენდტი. ბარდის კოლეჯში ჰანა არენდტის სახელობის პოლიტიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ცენტრის დირექტორის ასისტენტი, სამანტა ჰილი ამბობს, რომ არენდტის ნაშრომები ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილი გახდა — "ისეთი რამ, რასაც შეგვიძლია მივმართოთ, რათა გაგების ხელოვნებას დავეუფლოთ". თუმცა ამ შეფასებას ყველა არ იზიარებს.
ჰანა არენდტი 1975 წელს გარდაიცვალა, თუმცა ამხელა დროითი დისტანციის მიუხედავად, მაინც არსებობენ თვალები, რომლებიც მასზე საუბრისას დღემდე სიძულვილით ინთებიან. კეი ჰირუტის ნოვატორული კვლევა, რომელიც ჰანა არენდტისა და ისაია ბერლინის ურთიერთობას ეძღვნება, 1941 წლის ნიუ-იორკში მათ პირველ შეხვედრას აღწერს როგორც "ერთი ნახვით შეძულების" ამბავს, რომლის გაგრძელებაც უარესი აღმოჩნდა. 1958 წელს, როდესაც ლონდონის გამომცემლობამ, Faber & Faber ბერლინს ჰკითხა, ღირდა თუ არა არენდტის წიგნის, ადამიანური მდგომარეობა, გამოცემა, მან გამანადგურებელი პასუხი გასცა: "არ შემიძლია, რომელიმე ბრიტანულ გამომცემლობასთან რეკომენდაცია გავუწიო ორი მიზეზის გამო: არ გაიყიდება და არ არის კარგი".
ეს შეფასების მხოლოდ დასაწყისი იყო. მას შემდეგ, რაც ბერლინი მთლიან ნაშრომს მიწასთან გაასწორებს, ბოლოს ის სიტყვა "კარგ-ს" უბრუნდება და მის მნიშვნელობას განმარტავს. ის ამბობს: "მორალურ სიქველეზე საუბრისას, დოქტორი არენდტის აზრით, ქრისტიანული მოთხოვნა, იყო კარგი, სრული აბსურდია. არის თუ არა ასეთივე აბსურდული, მოვითხოვოთ წიგნისგან, იყოს კარგი? ვიმედოვნოთ, რომ არენდტი სწორედ ასე ფიქრობს. ამ შემთხვევაში, ის არ იქნება წინააღმდეგი, თუ მის წიგნს ცუდს ვუწოდებთ". ავტორთა დაბეჭდვის საწინააღმდეგოდ დაწერილ მსგავს წერილთა გრძელ სიაში ეს უკანასკნელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ისეთ მძაფრ კრიტიკად, რომლის ფონზეც ყველა დანარჩენი ლამის ქებად მოჩანს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კეი ჰირუტა თავის წიგნში, ჰანა არენდტი და ისაია ბერლინი: თავისუფლება, პოლიტიკა და ადამიანობა, გვანახებს, რომ ამ ორი დიდი მოაზროვნის ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელი ურთიერთობა საინტერესოა არა მხოლოდ მათ შორის არსებული მძაფრი სიძულვილის გამო, არამედ იმითაც, რომ ეს წყვილი ზუსტად იმდენადვე ჰგავს ერთმანეთს, რამდენადაც განსხვავდება. ორივე ებრაულ ოჯახში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე გაიზარდა: არენდტი — პრუსიაში, კიონინგსბერგში (დღევანდელი კალინინგრადი რუსეთში), ხოლო ბერლინი — ლატვიის დედაქალაქ რიგაში. არენდტის მშობლები რელიგიისადმი გულგრილები იყვნენ, ბერლინმა კი პატარაობიდანვე ბევრი იცოდა საკუთარ ლუბავიკელ რაბინ წინაპრებზე. არენდტს ბავშვობის წლები მოუწამლა მამის სიფილისით სიკვდილმა და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ, რის გამოც საცხოვრებლად ბერლინში გადასვლა მოუწია. ისაია ბერლინი კი ამ დროს სანქტ-პეტერბურგში საკუთარი სახლის ფანჯრიდან აკვირდებოდა ბოლშევიკურ რევოლუციას, რის მერეც ლონდონის კერძო სკოლაში სასწავლებლად სიამოვნებით წავიდა.
არენდტი მარბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ის მხოლოდ გერმანულად ლაპარაკობდა და როცა გადასახლებაში წასვლა მოუწია, ინგლისურის ათვისება გაუჭირდა. ბერლინი კი, რომელმაც ენა რუსულად აიდგა, თავისუფლად ლაპარაკობდა ლათინურ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე, ივრითსა და იდიშზე. ის ცხოვრებით ტკბებოდა, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის, კოვენტ გარდენის საბჭოს წევრად მსახურობდა და მახვილგონივრულ ესეებს წერდა ვერდის ოპერებზე. არენდტი არც ტრივიალური დროსტარებით და არც ამაღლებულ თემებზე საუბრებით იყო განებივრებული. ბერლინი ოქსფორდის პროფესორი იყო, არენდტი კი ნიუ-იორკის სოციალური კვლევის ინსტიტუტში ასწავლიდა და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტსა და ვასარის კოლეჯში ლექტორად მუშაობდა, თუმცა ოფიციალური თანამდებობა არასდროს მიუღია. ასე რომ, თითქმის ყველა ასპექტით, ისინი ერთმანეთისთვის და, ამავდროულად, ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ შექმნილნი.
ჰირუტა ოსტატურად აღწერს 1941 წლის პირველი შეხვედრის კონტექსტს: არენდტი ღარიბი დევნილი იყო, რომელიც ამერიკის სიონისტთა ორგანიზაციის სტიპენდიის ხარჯზე ნაქირავებ ორ ოთახში უმუშევარ ქმართან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. ბერლინი კი ჩერჩილის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი იყო ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, სადაც ინფორმაციის შეგროვება და პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა ევალებოდა.
ხელის პირველი ჩამორთმევისთანავე არენდტმა ბერლინი სიონისტთა მისიის უგულებელყოფაში დაადანაშაულა. ბერლინმა კი, რომელიც სიონისტთა მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ხაიმ ვაიცმანის ძველი მეგობარი გახლდათ, არენდტი "ფანატიკოსად" მონათლა.
რვა წლის შემდეგ, როცა არენდტი ტოტალიტარიზმის საწყისებზე ასრულებდა მუშაობას და მისი სხვა ნაშრომებიც უკვე ფართო აუდიტორიისთვის იყო ცნობილი, ჰარვარდის ისტორიკოსმა, ართურ შლეზინგერ უმცროსმა ის და ბერლინი ერთად მიიწვია ჰარვარდის კონფერენციაზე, რაც საოცრად არასწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. არენდტი ბრიტანელი ფილოსოფოსისთვის "ზედმეტად პირქუში, პომპეზური, ტევტონური და ჰეგელიანური იყო", — დაასკვნა შლეზინგერმა, რომელმაც მოგვიანებით ბერლინს ქება შეუთვალა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ყოველკვირეულ ლიტერატურულ ჟურნალ Times Literary Supplement-ში არენდტს საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუმსახურებლად დაფასებული მწერალი უწოდა. მეორე შეხვედრისას ბერლინი გაოცებული დარჩა იმით, რომ არენდტი ახალშექმნილი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვიდა: "ის ისრაელს დაესხა თავს".
აქ შეიძლებოდა, აზრთა სხვაობა დასრულებულიყო, რომ არა აიჰმანის სასამართლო. ისრაელის დაზვერვამ აიჰმანი ბუენოს-აირესში დასავლეთ გერმანიის დახმარებით დააკავა და გენოციდის ბრალდებით გადაიყვანა ისრაელში. არენდტი, რომელსაც 1933 წელს გესტაპოს დაკავების საკანში ღამეები გაეტარებინა და დედამისის გერმანიიდან გაყვანა ბოლო წამებში მოახერხა, იმ სურვილს აჰყვა, რასაც თავად "წამყვანი ნაცისტის ცოცხლად ნახვის უკანასკნელი შესაძლებლობა" უწოდა.
რვათვიან პროცესს არენდტი მხოლოდ ერთი კვირა დაესწრო 1961 წლის აპრილში. მან ნანახს "იაფფასიანი თეატრი" უწოდა და სასამართლოს გამართვის აუცილებლობა და კანონიერი საფუძველი ეჭვქვეშ დააყენა. "ყოველივე ეს იმედისწამრთმევად ბანალური, აღუწერლად სულმდაბლური და გულისამრევად საზიზღარია", — უთხრა ქმარს შინ დაბრუნებულმა. მისი ჩანაწერები მხოლოდ ორწლიანი პაუზის შედეგ, 1963 წლის თებერვალსა და მარტში დაიბეჭდა The New Yorker-ში და მერე მალევე წიგნადაც გამოიცა. აუდიტორიის რეაქცია დინამიტის აფეთქებას ჰგავდა. მანჰეტენის ერთ-ერთ ცენტრალურ სასტუმროში კრიტიკოსების, ირვინგ ჰოუსა და ლიონელ აბელის მიერ ორგანიზებული დისკუსია იმაში გადაიზარდა, რასაც მერი მაკკარტიმ "პოგრომი" უწოდა, ხოლო პოეტმა რობერტ ლოუელმა ეს თავყრილობა "ოჯახიდან განდევნილი წევრის ჩაქოლვას" შეადარა.
არენდტის განცხადებებს შორის განსაკუთრებული აღშფოთება იმის მტკიცებამ გამოიწვია, რომ ებრაელი წარჩინებულებისგან გარკვეული სახის მხარდაჭერის გარეშე აიჰმანი მილიონობით ადამიანს ვერ მოკლავდაო. ეს ნაკლებად სარწმუნო განცხადება უგულებელყოფდა იმ ტოტალურ კონტროლს, რომელიც აიჰმანს ამ ადამიანებსა და მათზე დამოკიდებულ პირებზე ჰქონდა. არენდტმა, როგორც ყოველთვის, ახლაც დაიცვა თავისი თითოეული სიტყვა. მათი დაწერიდან ათი წლის შემდეგ მან თქვა: "მე შემაძრწუნა აიჰმანის აშკარა ზედაპირულობამ, რომელიც შეუძლებელს ხდიდა, მისი უდავო ბოროტებისთვის გვეძებნა ღრმა მოტივი. ქმედებები ნამდვილად მონსტრული იყო, თუმცა მათი შემსრულებელი [...] სრულიად ჩვეულებრივი და ბანალური გახლდათ — არც დემონური და არც მონსტრული".
ვეჭვობ, ამ აღქმას ზურგს სხვა რამ უმაგრებდა — ჰაიდეგერისეული კედელი ცხოვრებასა და ცნობიერებას შორის. ჰილი გვიყვება, რომ 1946 წელს არენდტი გერმანიაში თავის მასწავლებელთან ჩავიდა, რომელიც 1933 წელს ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანებისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის რექტორობის შემდეგ საერთაშორისო დონეზე რეაბილიტაციას ცდილობდა და რომელმაც არენდტს საკუთარ ცოლთან დაშორება და მასზე დაქორწინება შესთავაზა. არენდტმა უარყო მისი შემოთავაზება, თუმცა ვერ განუდგა მას და ვერ აღიარა, რომ ეს ბრწყინვალე მოძალადე ჰიტლერს ხოტბას ასხამდა და თავისი გამოჩენილი კოლეგები ნაცისტ მგლებს მიუგდო საძიძგნად. არენდტმა მის აჩრდილს ვერასდროს დააღწია თავი და 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქების სტატია გამოაქვეყნა. სწორედ ჰაიდეგერის ამორალურობამ დაუბინდა მას თვალსაწიერი, რაც აიჰმანის საქმისადმი მის დამოკიდებულებაზეც აისახა.
სახალხო აღშფოთების ტალღა რომ აგორდა, ბერლინმა არენდტის კრიტიკისაგან თავი შეიკავა და მისი აზრებისადმი პირად საუბრებში გარკვეული სიმპათიაც კი გამოხატა. მაგრამ მან ასევე წააქეზა ჟურნალი, Encounter, გამოექვეყნებინა ბრუტალური მიმოწერა არენდტსა და ებრაული მისტიციზმის მკვლევარს, გერშომ შოლემს შორის, რომელიც მას საკუთარი ხალხის არასაკმარის სიყვარულში ადანაშაულებდა. არენდტმა უპასუხა, რომ არასდროს შეეძლო, ჰყვარებოდა ხალხი და რომ მას მხოლოდ მეგობრების სიყვარულის უნარი ჰქონდა. საბოლოოდ კი ბერლინი დაეთანხმა შოლემს იმაში, რომ არენდტს არ გააჩნდა გული და რომ მისი მონათხრობი აიჰმანის საქმეზე "თითქმის სრულიად ირონიული და ბოროტული ტონით" ხასიათდებოდა.
ამ ამბავში სხვა ბევრ უცნაურობასთან ერთად შეგვიძლია, ერთი საინტერესო ფაქტიც აღმოვაჩინოთ: ჰანა არენდტს ადამიანების თავის მიმართ სიძულვილში გაერთიანების ექსტრაორდინარული უნარი ჰქონდა. შოლემისა და ფრანკფურტის სკოლის სოციოლოგის, თეოდორ ადორნოს წერილებში იდეალური ჰარმონია იკითხება არენდტის მიუღებლობის ასპექტში. არენდტს საინტერესო ესე ეკუთვნის მათ მეგობარზე, ვალტერ ბენიამინზე და მას სურდა, რომ მისი ნააზრევის ღრმად მცოდნის სახელი დაემკვიდრებინა. "ჰანა არენდტი ის შემთხვევაა, როდესაც სრულიად უკომპრომისო ვარ", — აცხადებს ადორნო წერილში, — "ამ ქალისადმი არა მხოლოდ პირადი ზიზღის გამო, არამედ, უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ბენიამინს მისდამი".
ფილოსოფიის სამყაროში ჰანა არენდტი აუთსაიდერია, რომლის ხმაც ნებისმიერ ფასად უნდა ჩაეხშოთ და მისგან თავი მაქსიმალურად შორს დაეჭირათ. ამ დროს კი ბერლინი, ადორნო და მათი მოძმენი საპატიო მაგიდას შემომსხდარნი პორტვეინს მიირთმევდნენ და აჩუმებდნენ ყველა ქალს, რომელიც მათ სფეროში ფეხის შედგმას გადაწყვეტდა. ამ წრისთვის დამახასიათებელი გინოფობია დროდადრო ჩაგვრის ფორმასაც კი იღებდა.
რომ შევაჯამოთ, არენდტს ყველაზე მეტად სწორედ ამ საშინელი სიტყვის — "ბანალურობის" გამო დაიმახსოვრებენ, რომელმაც საბოლოოდ შეიცვალა მნიშვნელობა და ბოროტებასთან დაკავშირდა. ბერლინმა, თავის მხრივ, უამრავი ნაშრომი დატოვა — იქნება ეს კარლ მარქსის ბიოგრაფია თუ ესეები თავისუფლებაზე. მისი იგავი ზღარბსა და მელაზე დღემდე რჩება ვახშამზე თავშესაქცევ ინტელექტუალურ გასართობად. "მელამ ბევრი რამ იცის, ხოლო ზღარბმა — ერთი და დიდი რამ", — ჩაიქირქილებდა ხოლმე იგი. როგორი ეკლიანიც უნდა ყოფილიყო არენდტი, მან ერთი დიდი რამ იცოდა: ინდივიდის თავისუფლებამ უნდა დაძლიოს იდეოლოგია — მაშინაც კი, თუ ინდივიდი მიუტევებელია. ბერლინი, რომლის ლოიალური დამოკიდებულება სიონიზმის, ინგლისისა და ოპერისადმი ურყევი გახლდათ, მზად იყო, აიჰმანის შემთხვევაში მიზნისთვის მიეცა საშუალების გამართლების უფლება. თუმცა რომ შევაჯამოთ, ამბის ბოლოს მელა ყოველთვის სულაც არ რჩება გამარჯვებული.
კომენტარები