ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო პოლონეთის საზღვართან გაჭედილ მიგრანტებთან ჩავიდა და განუცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ სახლებში დაბრუნებაში დაეხმარება, თუმცა არა იძულებით. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

"არავითარ შემთხვევაში არ დაგაკავებთ, არ შეგიკრავთ ხელებს და თვითმფრინავში არ აგიყვანთ, რომ სახლში გაგაგზავნოთ, თუ ეს არ გინდათ", — უთხრა მან მიგრანტებს და განაცხადა, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ, დასავლეთით წავიდნენ, ისევე, როგორც დაბრუნდნენ სახლებში.

დასავლეთი ბელარუსს ევროკავშირის საზღვრებთან ლტოლვილთა კრიზისის მიზანმიმართულ მოწყობაში ადანაშაულეს, მინსკი ბრალდებას უარყოფს.

მიგრანტები პოლონელ და ბელარუს მესაზღვრებს შორის არიან გაჭედილნი. პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, მიგრანტებს პოლონეთში შესვლა არ შეუძლიათ, მაგრამ, ასევე, ბელარუსში დაბუნებაში უშლიან ხელს.

აგვისტოდან მოყოლებული ათასობით კაცი, ქალი და ბავშვი ბელარუს-პოლონეთის დასავლეთ საზღვარზე შეიკრიბა. ისინი ძირითადად ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან არიან და ახლა ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლის იმედით ძლიერ ყინვებს უძლებენ.

უფლებადამცველი ჯგუფები, მათ შორის Amnesty International და ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი, პოლონეთს იმ მიგრანტების უკანონო დევნაში ადანაშაულებენ, რომლებმაც საზღვარი ბელარუსის ტერიტორიაზე გადაკვეთეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დუდას ესაუბრა და პირობა დადო, რომ ალიანსი სოლიდარული იქნება. პიტერ სტანომ, ევროკავშირის აღმასრულებელმა სპიკერმა თქვა, რომ ლუკაშენკო "განგსტერივით" იქცევა.

მინსკი კრიზისის შექმნას უარყოფს, მაგრამ ის თვეების განმავლობაში მიანიშნებდა, რომ ამის გაკეთება შეეძლო. მაისში მან დასავლეთი გააფრთხილა: "ჩვენ შევაჩერეთ ნარკოტიკები და მიგრანტები თქვენთვის — ახლა თქვენ მათი ჭამა და დაჭერა თავად მოგიწევთ".

ამავე თემაზე: