"მე დამადანაშაულებდნენ, ამიტომ გავჩუმდი" — რას ჰყვებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები
თეკლა 17 წლის იყო, როდესაც 5-6 წლით უფროსმა ბიჭმა, რომელიც მოსწონდა, სახლში მოტყუებით აიყვანა და გააუპატიურა.
"იმ ღამეს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, ცოტა დავლიე, ალბათ 2 ჭიქა. დამირეკა და შემომთავაზა შეხვედრა. დავთანხმდი. უნდა მოსულიყო, თუმცა, მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ტაქსი უნდა გამოეგზავნა, სახლში მეგობრები არიან და მინდა, გაგაცნოო. არ მიფიქრია არაფერი, რადგან მანამდე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ არ ვიყავი სქესობრივი კავშირისთვის მზად, თანაც 17 წლის ვიყავი, თვითონ ჩემზე 5-6 წლით უფროსი. სახლში მის გარდა არავინ დამხვდა. შემიყვანა ოთახში, ცოტა ვისაუბრეთ, შემდეგ წყალი ვთხოვე, დავლიე და ძილიც მომერია. მომენტალურად გავითიშე. სულ ორი ჭიქა მქონდა დალეული, ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო გავითიშე. წელსქვემოთ ტკივილმა მომიყვანა გონს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ვთხოვდი გაჩერებულიყო".
თეკლამ საკუთარ თავს დააჯერა, რომ დამნაშავე თავად იყო. შეეშინდა და გადაწყვიტა, რომ ურთიერთობა, რომელიც მისი მხრიდან მხოლოდ მოძალადის სექსუალურად დაკმაყოფილებას მოითხოვდა, შეენარჩუნებინა. კაცი მასზე არამხოლოდ სექსუალურად, ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა.
"მისთვის ნათქვამი მქონდა, რომ ყოველ შეხვედრაზე არ მინდოდა მსგავსი ურთიერთობა მქონოდა. ამით თითქოს ვცდილობდი, თავი დამეცვა, რომ იგივე რამ არ მომხდარიყო, თუმცა მეუბნებოდა, რომ თავად სიამოვნების მიღება უნდოდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ჩემი სურვილის მიუხედავად, კიდევ ორჯერ იყო მსგავსი შემთხვევა".
გაუჭირდა, მაგრამ ამის შემდეგ მოიკრიბა ძალა და მოძალადეს თავი დააღწია.
"გავაანალიზე, რომ არ ვიმსახურებდი ამ ყველაფერს, ჩამოვშორდი და მისი მცდელობების მიუხედავად, შევხვედროდი და დავლაპარაკებოდი, აღარასდროს მინახავს".
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად საკუთარ ისტორიებზე ვერ საუბრობენ. ისინი დუმილს ირჩევენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი საზოგადოების რეაქციაა — ხშირად მოგვისმენია ნორმად ქცეული ფრაზები, რომ "ქალის ბრალია", "ქალმა აცდუნა", "ქალმა გამოიწვია" და სხვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალების გაუპატიურების მიზეზი თავად მსხვერპლის "წინდაუხედაობაა".
On.ge-სთან საკუთარი გამოცდილების გაზიარება სწორედ იმ ქალებმა გადაწყვიტეს, რომლებმაც რთული გზის შემდეგ მოახერხეს დაჯერება, რომ პრობლემა მათში არ არის, დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ. თუმცა უჭირთ ამაზე ისაუბრონ საჯაროდ, საკუთარი სახელითა და გვარით. სწორედ ამიტომ, სტატიაში რესპონდენტების სახელი შეცვლილია.
სალომე 25 წლის იყო, როცა ერთ-ერთ პატარა ქალაქში მასზე სექსუალურად იძალადეს.
"ერთი კაცი მყავდა გადაკიდებული რამდენიმე წელი. თავიდან საჩუქრებს მიგზავნიდა, შეხვედრას მთხოვდა, მაგრამ შეყვარებული მყავდა და, რა თქმა უნდა, არ მინდოდა მასთან კომუნიკაცია. მარტო ვცხოვრობდი და ერთ საღამოს გვიან მივედი სახლში. კარის საკეტი დაზიანებული დამხვდა, ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. პირდაპირ აბაზანაში შევედი და რომ გამოვედი, მისაღებში დივანზე ეს კაცი დამხვდა. ძალიან მთვრალი იყო. დაპირებებით და ლაპარაკით რომ ვერ დამითანხმა, მომვარდა და იძალადა".
იყვირა, მაგრამ მოძალადემ დაარტყა და გააჩუმა. სალომემაც, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქალმა, იფიქრა, რომ ვერაფერს შეცვლიდა.
"პოლიცია რომც მოსულიყო და დაეკავებინათ, ფული ჰქონდა, კარგი ნაცნობები ჰყავდა და მაინც გამოძვრებოდა. პატარა ქალაქში კი, ხომ იცით როგორც ხდება, ისევ მე გამოვიდოდი დამნაშავე, ისევ მე დამადანაშაულებდნენ, ამიტომ გავჩუმდი".
ძალადობის დეტალები არ ახსოვს. ერთადერთი, რაც დაამახსოვრდა მოძალადის სუნამოს სუნია.
"მსგავს სუნს რომ ვიგრძნობ, სულ მაქვს გულისრევის შეგრძნება. როცა ძალადობდა, ვფიქრობდი იმაზე, როგორ გამემწარებინა, როგორ მეტკინა მისთვის ისე, როგორც იმ მომენტში მე მტკიოდა. შეგრძნებით თითქოს არაფერი მიგრძნია, თითქოს სხეულიდან გამოვედი. არ ვიცი, რთულია ასე სიტყვებით გადმოსცე ეს ყველაფერი".
გადაწყვიტა მოძალადეს ისე დაპირისპირებოდა, როგორც შეეძლო. მეგობარ ბიჭს, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, სთხოვა, რომ მოძალადის ბიზნესების ფინანსური მონიტორინგი ჩაეტარებინა. გვიყვება, რომ ბევრი დარღვევა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მოძალადეს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ქონება დაუყადაღეს და ქვეყნიდან გაიქცა. ამ ამბის შემდეგ სალომე მას აღარასდროს შეხვედრია.
"შეიძლება ვიღაცამ გამაკრიტიკოს, პოლიციაში რატომ არ წახვედიო, მაგრამ ვიცოდი, ეს შედეგს ვერ მოიტანდა, მე ჩემი გზით გადავუხადე სამაგიერო, ასე ვთქვათ".
ანა 13 წლის იყო, როცა ოჯახის ნათესავმა სცადა, სექსუალურად ეძალადა. ქალი ახლა 21 წლისაა და ამბობს, რომ მშობლების დამსახურებით, თავი არასდროს უგრძნია დამნაშავედ.
"2013 წელს, ქორწილიდან ვბრუნდებოდით სახლში. მანქანაში ვიყავით მე, ბიძაჩემი და ოჯახის ნათესავი, რომელსაც 3 შვილი და ცოლი ჰყავს. მგზავრობისას ბიძაჩემს ჩაეძინა, რა დროსაც ამ კაცმა დამიწყო ხელების ფათური არასასიამოვნოდ. თავიდან ვიფიქრე, რომ როგორც ბავშვს, ისე მეფერებოდა. შემდეგ გავიწიე, კარისკენ გადავჯექი, მაგრამ იქაც მომაწვდინა ხელები წინა სავარძლიდან. ნელ-ნელა ზემოთ დამიწყო ხელების ფათური და ვუკბინე".
სახლში მისვლისას მეორე სართულზე აირბინა, კიბეებზე ფეხის ხმა ესმოდა და ოთახში დაიმალა. მოახერხა და მოძალადეს დაემუქრა, რომ ყველაფერს დედას მოუყვებოდა, მასაც შეეშინდა და გაიქცა.
"დედას მოვუყევი ყველაფერი, თუმცა მოძალადემ, რა თქმა უნდა, იუარა. საბედნიეროდ, ოჯახის წევრებმა მე დამიჯერეს და არა მას. ვიცოდი, რომ თუ დედაჩემს არ ვეტყოდი, კიდევ გაიმეორებდა და საფრთხე შემექმნებოდა. თავიდან ცოტა ხნით საკუთარ თავშიც შემეპარა ეჭვი, ძალიან წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ მე დამნაშავე არ ვიყავი".
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარის დირექტორის, ბაია პატარაიას განმარტებით, სექსუალური ძალადობა საქართველოში ძალადობის ყველაზე ტაბუდადებული ფორმაა, რადგან საზოგადოებისთვის ის ითვლება მსხვერპლის სირცხვილად. ამასთან, მართლმსაჯულების სისტემა მსხვერპლი ქალების მიმართ ნაკლებადმგრძნობიარეა, რაც კიდევ ერთი მიზეზი ხდება იმისა, რომ ქალები კვლავ გაჩუმდნენ.
"სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სხვა ტიპის ძალადობასთან შედარებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ქალები იშვიათად მიმართავენ სამართალდამცავ უწყებებს. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ძალადობა ქვეყანაში არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ ეს ძალადობა არის ძალიან ტაბუირებული, ითვლება მსხვერპლის სირცხვილად. ასევე, ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე მსხვერპლი ქალის მიმართ და ქალებს ძალიან მძიმე გამოცდილების გადატანა უწევთ პოლიციაში, პროკურატურასთან ურთიერთობაში, სასამართლოში და ამიტომ, თავს არიდებენ, რომ განაცხადონ საკმაოდ მძიმე ძალადობის შემთხვევების შესახებ", — ამბობს პატარაია.
სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა სწორედ დუმილის დარღვევაა. იმ ქალების როლი, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვებიან, ძალადობის სხვა მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განუზომლად დიდია.
ბაია პატარაიას ვკითხეთ, რა მიაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სექსუალურ ძალადობასთან მიმართებაში. ის მიიჩნევს, რომ პირველი, რაც უნდა შეიცვალოს, საქართველოს კანონმდებლობაა.
"ჩვენი კანონმდებლობა არ შეესაბამება სტამბულის კონვენციას, არც საუკეთესო პრაქტიკას და არც საერთაშორისო პრაქტიკას. საკმაოდ დიდი ხანია, რაც საერთაშორისო ტრიბუნალებმა და სასამართლოებმა გადაწყვიტეს, რომ გაუპატიურებაში მთავარი საკითხი არის თანხმობის არარსებობა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს საკმარისად არ ითვლება და გარდა იმისა, რომ ქალი გააუპატიურეს, მსხვერპლს სთხოვენ დაამტკიცოს, რომ ფიზიკურად უწევდა წინააღმდეგობას და განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას ან იძულებას მოძალადის მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად გაუმართლებელი მოთხოვნა", — ამბობს ბაია.
საქართველოს კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის სექსუალურ დანაშაულს იცნობს, თუმცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა გაუპატიურების დეფინიციას ენიჭება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, გაუპატიურება არის "პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით". ანუ, საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომლებსაც ფიზიკური ძალადობაც ახლდა თან ან მოძალადემ მსხვერპლის უმწეობა გამოიყენა. ამ ჩანაწერის შეცვლას უფლებადამცველები არაერთი წელია ითხოვენ.
თავისუფალი ნებით თანხმობის გარეშე ნებისმიერი სექსუალური ქმედება ძალადობაა. შენი, როგორც ქალის, სურვილი გადამწყვეტია და არავის აქვს უფლება იქამდე განახორციელოს ქმედება, სანამ არ იტყვი, რომ თანახმა ხარ. გარდა ამისა, შეგიძლია გადაიფიქრო და ნებისმიერ დროს თქვა "არა" — თუ პარტნიორი არ გაჩერდება, ეს გაუპატიურებაა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსზე თანხმობა არ უნდა იყოს მიღებული ძალადობით, მუქარით ან ისეთი გარემოთი, რაც ჭეშმარიტი ნების გამოხატვის შესაძლებლობას ზღუდავს. ასევე, თუ მსხვერპლი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალური თანხმობის გამოხატვა შეუძლია, მასთან სქესობრივი კონტაქტი არის დანაშაული.
კომენტარები