ვარდების რევოლუცია ჟურნალისტების თვალით
2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა. ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები ვარდებით ხელში პარლამენტის პლენარულ დარბაზში შეიჭრნენ და შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვეს. მან დარბაზი დაცვის დახმარებით დატოვა. ამით, ფაქტობრივად, ოფიციალურად გაფორმდა ვარდების რევოლუცია.
ყველაფერი სამი კვირით ადრე, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო, რომლის შედეგებს მაშინდელი ოპოზიცია არ აღიარებდა და ხმების გადათვლას ითხოვდა. სამი კვირის განმავლობაში პარლამენტის, მთავრობის კანცელარიისა და თბილისის საკრებულოს შენობების მიმდებარედ, ასევე რესპუბლიკის მოედანზე აქციები არ წყდებოდა. ჟურნალისტები, რომლებიც ამ პროცესებს აშუქებდნენ, On.ge-სთან 18 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ.
დიანა ტრაპაიძე, რომელიც მაშინ ტელეკომპანია იმედის რეპორტიორი იყო, ამბობს, რომ აქციების ის მასშტაბი და სახე, რომელიც 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაწყებულმა პროტესტმა მიიღო, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
"მქონდა განცდა, რომ რაღაც ისტორიული, რევოლუციური პროცესი ხდებოდა. ნელ-ნელა გამიჩნდა ამის მოლოდინი. მაშინ ვიყავი მოქმედი რეპორტიორი და ვიყავი ყველგან: მახსოვს, როდესაც საკრებულოში ბრიფინგს მართავდა მიხეილ სააკაშვილი და კახა ლომაია მივიდა, მიკროფონს ხელი დააჭირა და თქვა, რომ მე მგონი, ქუჩაში უნდა გავიდეთ და რევოლუცია უნდა დაიწყოს; მახსოვს, ზურაბ ჟვანია ფილარმონიაში ამბობდა, რომ ხალხო, თქვენ ხართ გაბრაზებულები და დარჩით ასე გაბრაზებულები, ანუ, ნელ-ნელა, ემოციურად, თითქოს ამ კონკრეტულ დღემდე მიდიოდა პროცესი", — ამბობს ტრაპაიძე.
მაშინ, როცა სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები პარლამენტში შევიდნენ, დიანა ტრაპაიძე პლენარული სხდომის დარბაზში იყო.
"პარლამენტის სხდომას ვაშუქებდი, როდესაც სააკაშვილი შემოვიდა დარბაზში. მახსოვს, რამდენიმე ჟურნალისტი იდგა ჩემ გვერდით, რომლებმაც გააგრძელეს რეპორტაჟის წაყვანა, მე კი — შესაძლოა გამოცდილება არ მქონდა იმდენი, შესაძლოა ჩემით ჩავთვალე, რომ ის, რაც ახლა კადრში ხდებოდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჩემი კომენტარი — მიკროფონი დავდე და მივუშვი კადრი. ამირან მურვანიძე იყო ჩემი ოპერატორი და ამირანის კადრში მოხდა რევოლუცია, შევარდნაძის გაყვანა. ხმა აღარ ამომიღია. შემდეგ, როცა დამთავრდა ეს ყველაფერი, ყურში მითხრეს, რეზიუმე გააკეთეო და მხოლოდ მაშინ, პასუხის შემდეგ დავიბრუნე ჩემი მიკროფონი. ქანდარიდან, სადაც ჟურნალისტები ვიყავით, ვაკვირდებოდი ამ პროცესს და მგონი, ცრემლიც მომერია. ძალიან ვგულშემატკივრობდი მაშინ ამ პროცესს".
სააკაშვილთან და მის მხარდამჭერებთან ერთად შევიდა პარლამენტში რუსა მაჩაიძე, რომელიც მაშინ გაზეთ რეზონანსის ჟურნალისტი იყო. რუსა იხსენებს, რომ მთავრობის კანცელარიის შენობასთან იყვნენ, როცა ზურაბ ჟვანიას მიხეილ მაჭავარიანმა დაურეკა და უთხრა, რომ პარლამენტში ახალი მემარჯვენეები მივიდნენ. ეს ნიშნავდა, რომ კვორუმი შედგებოდა და სხდომაზე ახალი პარლამენტის ლეგიტიმაცია გამოცხადდებოდა.
"ახლოს ვიდექი და მესმოდა საუბარი. ეგენი რომ შევიდნენ, უკვე კვორუმი დგებოდა, სესია დაიწყებოდა და უფლებამოსილებას ცნობდნენ. მიშამ თქვა, სწრაფად უნდა მოვიფიქროთ რაღაცო. წავიდნენ იქვე, კანცელარიასთან, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სათათბიროდ", — გვიყვება რუსა.
პარტიის ოფისი სწორედ კანცელარიასა და პარლამენტს შორის იყო. რუსა იხსენებს, რომ გზაში მათ აღორძინების კავშირის მომხრეები შეხვდნენ და ქვების სროლა დაუწყეს. ამ დროს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი მივიდა. რუსა იხსენებს, რომ სააკაშვილი და ნარჩემაშვილი წაკამათდნენ და "ლამის ფიზიკურად იჩხუბეს".
ჟურნალისტი გვიყვება, რომ სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი პარტიის ოფისში შევიდნენ, საიდანაც ზუსტად 5 წუთში გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ პარლამენტში მიდიოდნენ.
"იქიდან რომ წამოვედით, პარლამენტთან მისვლამდე მიშას ვიღაცამ მიაწოდა ვარდები. არ მახსოვს ვინ. მერე მიშამ თქვა, რომ ჩვენ მშვიდობიანად შევდივართ ამ ვარდებითო. პარლამენტში რომ შევედით, ჩვენ კი გვქონდა საშვები, მაგრამ პარლამენტის დაცვამ მიშა რომ დაინახა, პირდაპირ გაგვატარა", — იხსენებს რუსა.
კოლეგებისგან განსხვავებით, სააკაშვილის პარლამენტში შესვლის კადრებს ეკრანიდან უყურა ინტერპრესნიუსის ჟურნალისტმა, ნათია ინაურმა. ის იხსენებს, რომ იმ დღეს სააკაშვილმა მომიტინგეებს რამდენიმე სახელმწიფო შენობაში შესვლისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო. ინაური ამბობს, რომ პლენარული სესიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეთა ნაწილთან ერთად სწორედ მაშინდელი სახელმწიფო ტელევიზიისკენ დაიძრა.
"როდესაც ჩვენ მივედით პარლამენტიდან სახელმწიფო ტელევიზიამდე, მომიტინგეები შევიდნენ სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში და ამ დროს შენობის ფოიეში, კედელზე, ეკრანზე პირდაპირ ეთერში ვხედავ კადრს, რომ მიხეილ სააკაშვილი და სხვები ვარდებით არიან შესულები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. მაშინ უკვე ვთქვით, რომ შევარდნაძის ხელისუფლება იყო დასრულებული და მას მოუწევდა გადადგომა".
ნათია ამბობს, რომ ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი მოგონება მისთვის სააკაშვილის სიტყვები იყო, როცა მან, ფაქტობრივად, დააანონსა რევოლუცია:
"კარგად მახსოვს, როდესაც საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს აივანზე გამოვიდა და თქვა, რომ შევარდნაძეს უნდა რევოლუცია და შევარდნაძე მიიღებს რევოლუციას. ეს იყო 3-4 ნოემბერი".
ის იხსენებს, რომ ამის მიუხედავად, აქციების მიმდინარეობისას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ პროცესები საბოლოოდ რევოლუციით დასრულდებოდა. ამის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მისთვის ერთ-ერთ აქციაზე შევარდნაძის მისვლა იყო.
"სრულიად მოულოდნელად, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დილით ადრე, აქციაზე მის წინააღმდეგ გამოსულ ხალხთან მოსალაპარაკებლად გავიდა. ეს სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ჩემი შეფასებით, იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი, იმიტომ, რომ ამის შემდეგ არაერთხელ გვინახავს და გაგვიშუქებია ანტისამთავრობო აქცია, მაგრამ საპროტესტოდ განწყობილ მომიტინგეებთან გასული სახელმწიფო ლიდერი მე არ მახსენდება", — ამბობს ინაური.
დასამახსოვრებელი მომენტები
ჟურნალისტები იხსენებენ მათთვის დასამახსოვრებელ ეპიზოდებს. დიანა ტრაპაიძისთვის ყველაზე შთამბეჭდავი ის კადრია, როცა პარლამენტის ეზოდან უყურებდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც ელოდნენ, როგორ დასრულდებოდა შევარდნაძესა და პროტესტის ლიდერებს შორის შეხვედრა.
"ჩამოვედით პარლამენტის ეზოში და ეზოდან გავხედე აქციას. არავინ გამოდიოდა სიტყვით, ყველა მოლოდინის რეჟიმში იყო, გაჩერებული იყო აქცია და ელოდებოდნენ, რა ამბავს მოიტანდნენ კრწანისის რეზიდენციიდან. ამის მიუხედავად, ეს გაჩერებული აქციაც კი ხმაურიანი იყო. აი, ღელვა, რაღაცნაირი გუგუნი მოჰქონდა ამ ხალხს. სულ მახოვს, ჩემთვის თავში ვიმეორებდი, რომ ეს გუგუნი, ეს ხალხის ხმა ყველა ხელისუფლებას სულ უნდა ესმოდეს, როგორც მისი მაფხიზლებელი", — ამბობს დიანა ტრაპაიძე.
რუსა მაჩაიძე კი გვიყვება იმ შემთხვევაზე, როცა საკრებულოს შენობის წინ ედუარდ შევარდნაძის ფიტული დაწვეს.
"საკრებულოს შენობასთან ვიყავით. გადმოაგდეს ედუარდ შევარდნაძის ფიტული და დაწვეს. მაგ დროს ხალხი საკრებულოსთანაც იყო, პარლამენტთანაც, რესპუბლიკის მოედანზეც. 12:00-13:00 საათზე საკრებულოსთან მიშა გამოვიდა და თქვა, წავედით ახლა კანცელარიასთანო — პარლამენტთან აღორძინების ხალხი იდგა და შეტაკებები რომ არ მომხდარიყო. წავედით კანცელარიასთან ლეონიძის ქუჩიდან. სანამ იქამდე ავედით, რამდენჯერმე გაისროლეს, იყო ცრემლსადენი გაზიც, ოღონდ ვინ გაისროლა, რატომ გაისროლა, ვერავინ გაიგო. ჩათვალეს, რომ პროვოკაცია იყო. სამხედროებს, მილიციას არ გაუსვრია. პირიქით, იმათგანაც გულშემატკივრობა იგრძნობოდა".
ნათია ინაური იხსენებს კურიოზულ მომენტს, როცა პარლამენტის შენობიდან მთავრობის კანცელარიამდე მიმავალს კოლეგები დაეკარგა და მათი ძებნისას დემონსტრანტებს, შემთხვევით "უკარნახა" შეძახილი.
"მე და მიშა ფეიქრიშვილი ვმუშაობდით ერთად. გვქონდა შეთანხმება, რომ ერთმანეთი არ უნდა დაგვეკარგა აქციის დროს. პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია და მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გადავინაცვლოთ მთავრობის ადმინისტრაციისკენ და ცოცხალი ჯაჭვი შემოვარტყათო. ბევრი ხალხი იყო იმ საღამოს აქციაზე, ალბათ, დაახლოებით 10-15 ათასი კაცი. ეს ხალხი რომ დაიძრა და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყეს სვლა, მოვიხედე და ვერავის ვხედავ, მიშა დავკარგე, ჩემი კოლეგები ყველანი დავკარგე, მარტო ვარ. ვეძებ მიშა ფეიქრიშვილს და ვყვირი: "მიშა, მიშა". ჩემს ამ შეძახილზე ყველა იწყებს სკანდირებას — "მიშა! მიშა!" 15 ათასი კაცი ყვირის. ასე მოხდა, რომ პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე ეს მთელი აქცია ვატარე სკანდირებით: "მიშა, მიშა", მაგრამ მე ვეძებდი მიშა ფეიქრიშვილს", — გვიყვება ნათია.
როდის გაჩნდა ტერმინი "ვარდების რევოლუცია"
სამივე ჟურნალისტი თანხმდება, რომ ამ ტერმინის გამოყენება შევარდნაძის გადადგომის შემდეგ დაიწყეს, თუმცა დიანა ტრაპაიძე ამბობს, რომ რევოლუციურ სცენარზე საუბარი სააკაშვილის პარლამენტში შეჭრამდეც იყო.
"პარლამენტში შესვლამდე იყო იმაზე საუბარი, რომ რევოლუცია ხდებოდა, მაგრამ ეს ყვავილების, ვარდების რევოლუცია უკვე დასრულებულზე ითქვა.
ტერმინ ვარდების რევოლუციაზე ორი ვერსია არსებობს. ერთის თანახმად, ნათია ზამბახიძემ უწოდა ტელევიზიის ეთერში. მე, ასევე, მახსოვს ზურაბ ჟვანიამ ახსენა აქციაზე, რომ ეს არის ყვავილების, ვარდების რევოლუცია. დავა იყო, რომელმა უფრო ადრე თქვა. შესაძლოა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორივემ", — ამბობს ტრაპაიძე.
მისგან განსხვავებით, რუსა მაჩაიძეს არ ახსენდება სიტყვა რევოლუცია იქამდე ეხსენებინოს ვინმეს:
"რევოლუცია სიტყვა იქამდე არავის უხსენებია. მერე დაერქვა მშვიდობიანი და ვარდების რევოლუცია. იმ დღესაც კი არავინ ამბობდა. სიტუაციის განვითარებას არ ეტყობოდა".
ნათია ინაური ფიქრობს, რომ პარლამენტში ვარდებით შესვლა იყო "სცენარის ნაწილი" იმის საჩვენებლად, რომ რევოლუცია იყო მშვიდობიანი.
"ვარდების რევოლუცია უკვე ეწოდა მას შემდეგ, რაც დასრულდა პროცესები, რაც შეიცვალა პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ იყო ჩაფიქრებული და ის ვარდები შემთხვევით არ გაჩენილა იმ დღეს აქციის მონაწილეების ხელში. მაშინ რამდენიმე აქტივისტი ჩავიდა, იყიდეს ეს ყვავილები, ვარდები და ალბათ, ეს სცენარის ნაწილი იყო, რომ შესულიყვნენ ვარდებით".
ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ, მაშინდელი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა კვლავ ოპოზიციაშია. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ პროცესების შემდეგ ორი ვადით იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ახლა ციხეშია. ჟურნალისტები, რომლებმაც ეს მოვლენები გაიხსენეს, დღესაც სხვადასხვა მედიიდან აშუქებენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
კომენტარები