სილვია პლათი: როგორ განსაზღვრა პოეტის სიკვდილმა მისი შემოქმედება
სილვია პლათი 1963 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ბიოგრაფიებისა, ჩვენ ჯერ კიდევ გვიჭირს მისი ნამდვილი სახის დანახვა — გვიყვება BBC-ის ჟურნალისტი, ლილიან კროფორდი.
როდესაც ქალი მწერალი თვითმკვლელობის მსხვერპლი ხდება, ეს ამბავი აჩრდილივით გასდევს ყველაფერს, რისთვისაც ცხოვრებაში მიუღწევია. იქნება ეს ვირჯინია ვულფი თუ სარა კეინი — მათი ცხოვრებისა და შემოქმედების გააზრების მცდელობებს ტრაგიკული აღსასრულის ნარატივი გასდევს. მეორე მხრივ, როცა კაცი მწერალი ნაადრევად ასრულებს სიცოცხლეს, ეს მისი შემოქმედებითი საქმიანობის ტრაგიკულად შეწყვეტად აღიქმება. მაგალითად, ჩვენ ვგლოვობთ დილან ტომასის ვერმოსწრებულ პოეზიას, რადგან ის 39 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის თვითდესტრუქციულ ცხოვრების წესს კი ამ ნარატივის შიგნით არასოდეს განვიხილავთ. ვულფის რომანებსა და კეინის თეატრალურ წარმოდგენებში მუდმივად ეძებენ ფსიქიკური დაავადების ნიშნებს მაშინ, როდესაც ტომასის პოეზია დიდებული მძიმე ცხოვრებისა და ალკოჰოლიზმის გავლენით კი არა, მათ მიუხედავად არის.
სილვია პლათი ყველაზე ნათელი ნიმუშია იმისა, როცა ქალი მწერლის შემოქმედებას მისი სიკვდილით განსაზღვრავენ. პოეტმა 1963 წლის 11 თებერვალს მოიკლა თავი და მას შემდეგ მისი სახელი ლამის "ქალური შფოთვის" სინონიმად იქცა. პლათის ნამუშევრები სამყაროსადმი აჯანყებულ, თუმცა კი დეპრესიისკენ მიდრეკილ ქალებს წარმოაჩენს. ამის დასტურია ის, რომ ეს წიგნები თანამედროვე პოპკულტურაში სწორედ მსგავსი ტიპის პერსონაჟების ხელში ჩნდებიან. გავიხსენოთ, მაგალითად, 1999 წელს გადაღებული ფილმის, ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი, მთავარი გმირი, კატი, რომელიც ერთ სცენაში პლათის წიგნს, ზარხუფს კითხულობს — ისევე, როგორც მეივი ნეტფლიქსის სერიალიდან, სქესობრივი განათლება. პლათი გახდა სიმბოლო ახალგაზრდა ქალისა, რომელიც ფემინურობის სტანდარტებს არღვევს და თავად განკარგავს საკუთარ სიცოცხლესა და სიკვდილს.
თუმცა მისი შემოქმედების მხოლოდ ამ კუთხით ინტერპრეტაცია აკნინებს იმ მრავალფეროვან კავშირებს, რომელიც ქალებს პლათის ნაწერებთან აქვთ. მაგალითად, ზარხუფი ხშირად აღიქმება როგორც უფრო სერიოზულ ლიტერატურაში შესაბიჯებელი ერთგვარი კარიბჭე მოზარდი გოგოებისთვის. ამგვარი დამოკიდებულება კარგად ჩანს იმ ყდების დიზაინში, რომლებიც ნაწარმოების სხვადასხვა გამოცემას აქვს. მსგავს ყდებს ვერ იხილავთ კაცი ავტორების იმ წიგნებზე, რომლებიც ასევე მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლის პერიოდს აღწერენ — იქნება ეს ჯერომ სელინჯერის თუ დევიდ ფოსტერ უოლესის ნაწარმოებები.
სინამდვილეში კი პლათი ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, რომელმაც ქალების ყოველდღიურობა შეულამაზებლად აღწერა. სანამ ფემინიზმის მეორე ტალღა დაიწყებოდა და ბეტი ფრიდანი ქალურ მისტიკას დაწერდა, პლათი ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას გენდერულ უთანასწორობაზე და მოგვითხრობდა ქალის სექსუალურ სურვილებზე და იმაზე, თუ რა გავლენა აქვს მუდმივ საზოგადოებრივ წნეხს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზარხუფი და პლათის პოეზია მხატვრულ ლიტერატურას განეკუთვნება. მართალია, როგორც ლიტერატურის ყველა ნიმუშს, მათაც საფუძვლად ავტორის ცხოვრებისეული გამოცდილება უდევს, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნაწარმოებები ავტობიოგრაფიად გავიაზროთ. ავტორები, რომლებიც პლათის ცხოვრებაზე გვიყვებიან, ხშირად ციტირებენ ამონარიდებს მისი ნამუშევრებიდან, რათა მათზე დაყრდნობით ისაუბრონ პლათის ცხოვრებაზე.
მსგავსი მაგალითია ან სტივენსონის მწარე დიდება, რომელშიც იგი გარდაცვლილი ავტორის ნამუშევრებს იმის დასტურად იყენებს, რომ მწერალი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დეპრესიული იყო. სტივენსონი წიგნის ერთ-ერთ თავს, რომელიც პლათის ახალგაზრდობაზე გვიყვება, სრულიად უსაფუძვლო მტკიცებით ამთავრებს: "სუიციდის იდეა მის თავში ისე მომწიფდა, როგორც საბოლოო, უჭკნობი ლეღვის ნაყოფი". ბიოგრაფი ამ პასაჟში ზარხუფიდან ცნობილ მეტაფორაზე მიუთითებს, როცა მისი მთავარი გმირი, ესთერ გრინვუდი თავისი მომავლის ყველა პოტენციურ განვითარებას ლეღვის ხეზე გამოსხმულ ნაყოფებად აღიქვამს. მთავარი პრობლემა, რასაც პლათთან ვაწყდებით, არის ის, რომ მის ცხოვრებასა და სიკვდილზე შექმნილმა მითმა გაართულა მისი შემოქმედების დამოუკიდებლად აღქმა და იმის გაგება, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში.
ბიოგრაფების თვალით დანახული პლათი
ამის მიუხედავად, საზოგადოებას პლათის გაცნობის სურვილი დღემდე არ განელებია. ამის მაგალითია თუნდაც მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში დაწერილი სამი ბიოგრაფია, რომლებიც გვპირდებიან, რომ მწერალს იმაზე უკეთ გაგვაცნობენ, ვიდრე აქამდე ვიცნობდით. ერთ-ერთი მათგანია კარლ როლისონის სილვია პლათის ბოლო დღეები, რომელიც 2020 წლის მარტში გამოვიდა და პოეტის სუიციდზე მოგვითხრობს. ამას მოჰყვა გეილ ქროუთერის მიერ აპრილში გამოცემული, რიცში გატარებული სამი შუადღე მარტინით ხელში. იგი ორი ადამიანის — პლათისა და ასევე ბოსტონელი პოეტის, ან სექსტონის ბიოგრაფიებს აერთიანებს. მათ ერთმანეთი 1959 წელს პოეტ რობერტ ლოუელის მიერ მწერლებისათვის გამართულ სემინარზე გაიცნეს. მესამე წიგნი კი ჰეზერ კლარკის სქელტანიანი ბიოგრაფია, წითელი კომეტაა, რომელიც გასულ ოქტომბერს გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. კლარკისა და ქროუთერის ბიოგრაფიები ერთ-ერთი პირველი ნამუშევრებია, სადაც სილვიას წერილების სრულად გაცნობის შესაძლებლობა გვეძლევა. ამასთან, ამ ტექსტებში მიზანმიმართულად არის უარყოფილი წინა ნამუშევრებისთვის ჩვეული უკუქრონოლოგიური თხრობა, რომელშიც პლათის სიცოცხლეზე ამბავს მის სიკვდილზე ფოკუსირებით ჰყვებიან.
მართალია, ეს წიგნები ცდილობენ, პლათი ახლებური პერსპექტივიდან დაგვანახონ, თუმცა ნაცადი ნარატივი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ამ ბიოგრაფთა ხმების ჩახშობით იმუქრება. რაც უნდა გასაკვირი იყოს, სილვია პლათის ბიოგრაფიების ბიოგრაფიაც კი დაწერილა: 1994 წელს The New Yorker-ის არაჩვეულებრივმა ავტორმა, ჯენეტ მალკოლმმა გამოაქვეყნა მდუმარე ქალი, სადაც ის პლათის შესახებ შექმნილ წიგნებს განიხილავს და იმ ძალთა ზეგავლენას იკვლევს, რომლებიც ბიოგრაფიული ჟანრის ბუნებას განსაზღვრავენ.
წიგნის მომზადებისას მალკოლმი სილვიას ქმრის, ტედ ჰიუზის დას, ოლვინ ჰიუზს დაუკავშირდა, რათა მისი შუამავლობით მოეხერხებინა ტედთან ინტერვიუს ჩაწერა. პასუხი, რომელიც მან მიიღო, იყო "სილვია პლათის მითზე" გრძელი კრიტიკა, რომელიც მალკოლმს ნამდვილად არ უთხოვია. ოლვინის მტკიცებით, ეს მითი ნასაზრდოები იყო თავად პლათისა და დედამისის, აურელიას მიერ, რომელსაც თურმე "რცხვენოდა ფსიქიკური დაავადების" და ცდილობდა, რომ მისი შვილის მხოლოდ "კარგი მხარე" დამახსოვრებოდა ხალხს. ოლვინი აღშფოთებას გამოთქვამდა საზოგადოებასა და იმ მწერლებზე, რომლებიც პლათის ოჯახის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდნენ და აღნიშნავდა, რომ ამის შედეგად "ხალხზე წარმოდგენა სრულიად შეეცვალა". მიუხედავად ამისა, მალკოლმმა მდუმარე ქალით შეგვახსენა, რომ სილვია პლათი არ იყო გამოგონილი პერსონაჟი, არამედ იგი გახლდათ ნამდვილი ქალი, რომელიც ისევე არსებობდა და სუნთქავდა, როგორც ჩვენ. იმის ნაცვლად, რომ ცრუ ობიექტურობის პრეტენზია ჰქონოდა, მალკოლმა პოეტის სიკვდილის შემდგომ შექმნილ ნარატივზე რეფლექსიისას საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულებები გვაჩვენა, რითაც სილვიაზე ყველაზე ადამიანური წიგნი დაწერა.
ოლვინის კრიტიკა აურელიას მიმართ მეტწილად განპირობებული იყო იმ შესწორებებით, რომელიც პოეტის დედამ კრებულში, წერილები სახლში, შეიტანა. ეს წიგნი 1975 წელს გამოქვეყნდა და მოიცავდა სილვიას მიერ დედამისისადმი განკუთვნილ იმ საპასუხო წერილებს, რომლებიც პოეტმა ადრეული 50-იანი წლებიდან მოყოლებული, თავის სიკვდილამდე პერიოდში დაწერა. როგორც ჯენეტ მალკოლმი მდუმარე ქალში გვიყვება, ოლვინმა წერილები სახლში აღიქვა როგორც აურელიას პასუხი იმ "მარცხზე", რომელიც მან ზარხუფში დახატული დედის პერსონაჟისგან იწვნია. 1971 წელს აურელიას იმ ამერიკულ გამომცემლობისთვის მიეწერა, რომელიც ზარხუფს ბეჭდავდა და ტედისთვის ეთხოვა, რომ ნაწარმოები არ გამოექვეყნებინა. აურელია ღელავდა, რომ მისი მხატვრული პროტოტიპი რომანში უარყოფითად იყო დახასიათებული და რომ "ეს წიგნი თავისი არსებობით უმადურობის განსახიერებაა". სანაცვლოდ, აურელიას სურდა, რომ ორ ტომად გამოეცა წერილები "სილვისგან", რომელიც დედა-შვილს შორის ღრმა კავშირის არსებობას გამოააშკარავებდა. თუმცა გამომცემლობის შეზღუდვების გამო მას კრებულის ერთ ტომად შეკვეცა მოუწია.
წერილების სრული, დაურედაქტირებელი კრებული მხოლოდ 2017-2018 წლებში გამოქვეყნდა. ეს წერილები აცხადებენ იმ განსხვავებულ საავტორო ხმებს, რომლებითაც პლათი თავის მეგობრებს, ოჯახის წევრებს და შეყვარებულებს ესაუბრებოდა. აქ მას ჩვენ ვხედავთ როგორც კომპლექსურ, ადამიანურ მწერალს და არა როგორც ერთგანზომილებიან შვილს, რომელიც პირველ კრებულში, წერილები სახლში, ჩანს. წინა გამოცემისგან განსხვავებით, აქ სილვიას ნაწერში შესწორებები არაა შეტანილი და მას არც აურელიას შესავალი ან სხვა სახის კომენტარები არ ერთვის. იმ დღიურებთან ერთად, რომლებიც 2000 წელს გამოაქვეყნა, ეს წერილებიც სილვიას ისე წარმოაჩენს, როგორც თავად მას სურდა, რომ წარმოჩენილიყო — იმისდა მიუხედავად, რომ მათ ფართო საზოგადოებისთვის არ წერდა.
მალკოლმის მიხედვით, სწორედ კრებულის, წერილები სახლში, გამოქვეყნების შემდეგ "დაიბადა ლეგენდა და ის იქცა ვრცელ და ყოვლისმომცველ ფილმ-რომანად, რომელიც ყველაზე სრულყოფილი და დეტალური რეალიზმის ნიმუში გახლდათ". ამის შედეგად, 2003 წელს მივიღეთ ბიოგრაფიული ფილმი სილვია, რომელშიც მთავარ როლს გვინეტ პელტროუ ასრულებს. პლათის შვილმა ფრიდა ჰიუზმა ფილმი საკუთარ ლექსში გააკრიტიკა და თქვა, რომ კინოს მიზანი "მიწის თხილის მოკნატუნეთა" გართობა იყო. იგი ამით ეხმაურება დედამისის ერთ-ერთ ლექსს, სადაც სილვია წერს: "ბრბო კი მიწის თხილს აკნატუნებს / კისერს იგრძელებს, რომ დაინახოს / ხელსა და ფეხს როგორ მიხსნიან" [ლელა სამნიაშვილის თარგმანი].
გვაცნობს თუ არა პლათს უკეთ ახალი ბიოგრაფიები?
იმის გათვალისწინებით, თუ რა პრობლემებს წააწყდნენ ბიოგრაფები პლათზე სწორი წარმოდგენის შექმნის მცდელობისას, ღირს ვიკითხოთ, განსხვავებულს რას გვთავაზობენ ახალი წიგნები მის ცხოვრებაზე. იმის გამო, რომ პოეტის გარშემო მრავალი სახის მითი არსებობს, რთულია, ერთმანეთისგან განასხვავო წიგნები, რომლებიც მისი სიკვდილის დეტალების სააშკარაოზე გამოფენით ცდილობენ მკითხველის მიზიდვას და ის ბიოგრაფიები, რომლებსაც სურთ, საზოგადოებას ყურადღება მისი შემოქმედების ღირებულებაზე გადაატანინონ.
როლისონის ნაშრომის, სილვია პლათის ბოლო დღეები, სათაურითვე ვხვდებით, რომ ის პირველ კატეგორიაში გადის და მკითხველს იმ დეტალების გამხელას ჰპირდება, რომლებმაც ავტორი სიკვდილამდე მიიყვანა. ეს სწორედ ისეთი წიგნია, როგორსაც მალკოლმის მსგავსი ფემინისტი მწერლები პლათის ცხოვრებისა და ხასიათის მხოლოდ იმ პერიოდით განსაზღვრის გამო გმობენ, როცა პოეტი დეპრესიაში იყო. და მანამ, სანამ მას ასე ვიწრო ჭრილში განიხილავენ, საჭირო იქნება პლათის ცხოვრებაზე ისე წერა, რომ ის განსხვავებული პერსპექტივებით დავინახოთ.
ქროუთერი, რომელმაც მხოლოდ 2017 წელს ორი წიგნი გამოაქვეყნა სილვიას ცხოვრებაზე, ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ იგებენ პლათს ოცდამეერთე საუკუნეში. მას ავტორთან პირველი შეხება 13 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც სკოლის ბიბლიოთეკაში მისი 1961 წელს დაწერილი ლექსი, სარკე წაიკითხა. კითხვაზე, თუ რატომ დაინტერესდა პლათის ცხოვრებით, უპასუხებს, რომ საკვლევი თემა თავად პოულობს საკუთარ მკვლევარს და არა პირიქით. უფრო ზუსტად, BBC-სთან ინტერვიუში ქროუთერი ამბობს, რომ უსამართლობის განცდა ეუფლებოდა, როდესაც პლათს ბიოგრაფები განწირულ ფიგურად წარმოიდგენდნენ და მრავალგზის გამეორებულ, არაზუსტ სტერეოტიპებს ეყრდნობოდნენ. მან გადაწყვიტა, ამგვარ ხედვას საკუთარი ნაშრომებით დაპირისპირებოდა და ენახებინა, რომ "პლათის, როგორც ქალის, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ არსებითი გავლენა მოახდინა მის ნაწერზე".
ქროუთერის მესამე და ამ ეტაპზე ბოლო წიგნი სილვია პლათზე რიცში გატარებული სამი შუა დღე მარტინით ხელშია, რომელიც პლათისა და პოეტ ან სექსტონის გაცნობაზე და იმაზე მოგვითხრობს, თუ რა გავლენა მოახდინეს მათ ერთმანეთის შემოქმედებაზე. სექსტონმა სილვიას გარდაცვალებით დამწუხრება ლექსით გამოხატა, სადაც პლათს "ქურდს" უწოდებს, რადგან ის "მივიდა სიკვდილთან, რომელიც ასე ძალიან მინდოდა". 1974 წელს, 45 წლის ასაკში მანაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, რის გამოც ამ ორ პოეტს ხშირად ადარებენ ხოლმე ერთმანეთს. თუმცა სექსტონზე წერა კიდევ უფრო რთული და პრობლემურია. 1990-იანი წლების დასაწყისში მისმა ქალიშვილმა, ლინდა გრეი სექსტონმა გაამხილა, რომ დედამისმა მასზე სექსუალურად იძალადა, რაც მკაფიო კონტრასტს ქმნის სილვიასთან, რომელსაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა ფრიდა ჰიუზსთან.
და რადგან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას ამ ორი ქალის ინდივიდუალიზმს, მათზე შექმნილი ორმაგი ბიოგრაფიის ნაკლი ისაა, რომ ძალაუნებურად იკვეთება მცდარი მსგავსებები და პარალელები. მაგალითად, ქროუთერი ხშირად არომანტიზებს სიგარეტის ნამწვავებს მათ ქაღალდებზე, მაგრამ არსად არ ახსენებს, რომ სექსტონი მთელი თავისი ცხოვრება ეწეოდა, ხოლო სილვია სიგარეტს იქამდე არ გაჰკარებია, სანამ ის და ტედ ჰიუზი არ დაშორდნენ 1962 წელს. მეტაფორული ენით პოეტებს შორის იმაზე მეტი მსგავსება იხატება, ვიდრე სინამდვილეში იყო, რასაც ვერ წონის იმის აღნიშვნა, რომ სილვიას მოწესრიგებულობა კონტრასტში მოდიოდა ანის ქაოსურ გარეგნობასთან. მსგავსი არსებითი განსხვავებები მათ პოეზიაშიც აისახება, მაგრამ წიგნი მათი შემოქმედების განხილვას არ მოიცავს. სექსტონი თამამად წერდა მენსტრუაციასა და მასტურბაციაზე, პლათი კი უფიქრდებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა ქალთა იდენტობა და დედობა და მათ ლიტერატურული და მითოლოგიური პრიზმიდან განიხილავდა. ის მეტაფორებსა და ალუზიას არჩევდა — განსხვავებით სექსტონისგან, რომელიც ყველაფერს შელამაზებისა და შეფარვის გარეშე ამბობდა.
ქროუთერი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში პლათს უფრო ახლოს გავიცნობთ და უკეთ დავინახავთ მის ადგილს თანამედროვე კულტურაში. ის ამბობს, რომ "წერილების სრული სახით გამოქვეყნებამ საშუალება მოგვცა, დაგვენახა პლათის მრავალი სახე, რომლებიც მის მიმოწერებში გვხვდება" და არამხოლოდ — "სივი", რომელიც დედას წერილებს უწერდა. ამ ახალ კრებულში "ვისმენთ სილვიას იმ ხმებს, რომლებითაც ის ესაუბრებოდა თავის მეგობრებს, კოლეგებს, საყვარელ ადამიანებს. და ეს ხატავს გაცილებით სრულყოფილ სურათს მის ხასიათზე, იუმორზე, მისწრაფებებზე და სამწერლობო საქმიანობაზე". უფრო მეტიც, ამბობს ქროუთერი, ამ განსხვავებული ხმების წყალობით ჩვენ აღვიქვამთ, თუ "როგორ ბუნებრივად ირგებდა ამ იდენტობებს და პირადულსა და პროფესიულს ჰარმონიულად ანაცვლებდა ერთმანეთს", რაც მისი ემოციური დიაპაზონის სიდიდეზე მიანიშნებს. შესაძლოა, სილვია პლათის "ვერსიათა" სწორედ ეს სიმრავლე იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მისი ნამდვილი სახის დანახვა ასე გვიჭირს.
პლათის ყველაზე ვრცელი ბიოგრაფია, რაც კი აქამდე შექმნილა, კლარკის წითელი კომეტაა. წიგნის დაწერის მიზანზე საუბრისას ის ამბობს, რომ პლათის ცხოვრების განმსაზღვრელი არა დეპრესია, არამედ მწერლად გახდომის გზა გახლდათ. მისი ინტერესი პლათისადმი მაშინ დაიწყო, როდესაც ოქსფორდის უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომისთვის ჩრდილოირლანდიელ პოეტებს იკვლევდა. იქამდე ისიც პლათს "სიბნელისა და განწირულობის" სიმბოლოდ აღიქვამდა, რადგან მედია პოეტს სწორედ ასე წარმოაჩენდა. მაგრამ მისი ნამუშევრების წაკითხვისა და ანალიზის შემდეგ კლარკი მიხვდა, რომ პლათი "საოცრად მახვილგონიერი და დიახ, მხიარულიც კი იყო". სწორედ მის ამგვარად წარმოჩენის სურვილმა გადააწყვეტინა მკვლევარს წითელი კომეტის დაწერა.
აღნიშნული წიგნი აქამდე არსებულ ბიოგრაფიებს შორის ყველაზე სრულყოფილად აღწერს პლათის ცხოვრებასა და შემოქმედებას. კლარკი ასევე განიხილავს მის ურთიერთობას სექსტონთან. ის ნათლად აჩვენებს მათ შორის არსებულ განსხვავებებს და იმას, რომ პლათის გავლენა მეგობარ პოეტზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე პირიქით. წიგნი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე, რომელიც აქამდე ჯერ ვერცერთმა ბიოგრაფიამ შეძლო, რაც მისი კომპლექსურობითა და სიღრმისეული ანალიზითაა განპირობებული. თუმცა დროდადრო კლარკიც ჰყვება ცდუნებას და ტოვებს მინიშნებებს, რომლებიც თითქოს სილვიას ტრაგიკულ ბედს წინასწარმეტყველებს, რაც მის სწრაფვას, დაიცვას ავთენტურობა ბიოგრაფიული თხრობისას, ოდნავ აკნინებს. საინტერესოა, რომ იმ წიგნებშიც კი, რომლის ავტორები კარგად ხვდებიან, თუ რამდენად სავალალოდ იმოქმედა პლათის ჩვენეულ აღქმაზე სპეკულაციებმა და მითოლოგიზებამ, შიგადაშიგ მაინც იჩენს თავს მსგავსი საფრთხილო ნარატივები.
მიუხედავად ამისა, კლარკი ოპტიმისტურად უყურებს, თუ როგორ გარდაიქმნება და მდიდრდება პლათის შესახებ შექმნილი ლიტერატურა. ბოლოდროინდელი ფემინისტური კვლევა მას წარმოაჩენს პოეტად, რომელმაც საკუთარ დროს გაუსწრო, თუმცა საზღვრების ამაზე შორს გაწევაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, კლარკის სტუდენტები პლათის შემოქმედებას ისეთი განსხვავებული პერსპექტივებიდან განიხილავენ, როგორიცაა ტრანსნაციონალიზმი თუ შეზღუდული შესაძლებლობის გავლენა იდენტობაზე. მსგავსი მრავალფეროვანი ხედვები მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ, თუ როგორ იმოქმედა პლათის შემოქმედებაზე მისმა მოგზაურობამ და იდენტობის იმ გაორებამ, რომელსაც ინგლისში მცხოვრები ამერიკელი გრძნობდა. ამასთან, იმ გავლენის შესწავლისას, რაც ფსიქიკურ აშლილობას ჰქონდა სილვიას ცხოვრებასა და კარიერაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის სტიგმა, რომელიც მსგავს მდგომარეობას თან სდევდა 50-60-იან წლებში, როდესაც მენტალური ჯანმრთელობა არ იყო ისე ფართოდ აღიარებული და შესწავლილი, როგორც დღეს.
სილვიას არქივის გაფართოების გზით მსგავსი ტიპის კვლევებს ახალ-ახალი შესასწავლი მასალა ეძლევა. გარდა წერილების გამოცემისა, ქუქილი, რომელიც პლათის არქივის კურატორია სმიტის კოლეჯში, ინგლისურის პროფესორ ამანდა გოლდენთან ერთად მუშაობს ლექსების იმ კრებულის მთლიან და შესწორებულ გამოცემაზე, რომელიც ტედ ჰიუზმა თავის დროზე დაარედაქტირა. ასევე შესაძლებელია, რომ პლათის დაუსრულებელმა რომანმა და ორმა დღიურმაც იხილოს დღის სინათლე.
თუმცა, რაც უნდა ახალ-ახალი საკვლევი მასალა მოგვეცეს, სილვიას ცხოვრება მკითხველისათვის ყოველთვის თავსატეხი იქნება. ნაწილობრივ ეს მისი ნაადრევი სიკვდილის ბრალია, რაც ნიშნავს იმას, რომ პლათს საკუთარი ამბის თავადვე მოყოლის შანსი არ ჰქონია. ნაწილობრივ კი ამის მიზეზი მისი ჩახლართული იდენტობაა; ის სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა გარემოში ისე მარტივად ადაპტირდებოდა და საკუთარი თავის ახალი ვერსია ისე ძალდაუტანებლად ხდებოდა, რომ გულწრფელობისა და მოჩვენებითობის ერთმანეთისაგან გარჩევა რთული ხდება. ჩვენ შეიძლება დავიჯეროთ, რომ მწერლის შინაგანი სამყარო შევიცანით, მაგრამ "ნამდვილი" სილვია პლათი საზოგადოებისთვის ყოველთვის ამოუცნობად დარჩება.
კომენტარები