სილვია პლათის წერილები: უცნობი დეტალები პოეტის ცხოვრებიდან
მართალია, სილვია პლათის მთლიანი შემოქმედება მწერლის ცხოვრების გაუსაძლის ყოფას შთამბეჭდავად აღწერს, მაგრამ კიდევ უფრო გამაოგნებელი და მრავლისმთქმელია მისი პირადი წერილები, რომლებიც მკითხველისთვის ხელმისაწვდომი სულ ცოტა ხნის წინ, პოეტის გარდაცვალებიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ გახდა. სტატიაში ამ კორესპონდენციის იმ ნაწილის შესახებ გიამბობთ, რომელიც პლათმა თავისი ცხოვრების მეორე ნახევარში დაწერა.
სილვია პლათი XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია, რომელმაც ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე წარუშლელი კვალი დატოვა. მას უამრავ ლექსთან და მოთხრობებთან ერთად დაწერილი აქვს რომანი ზარხუფი, რომელიც ნახევრად ავტობიოგრაფიულია. მისი გამოქვეყნებიდან ერთ თვეში მწერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2017 წელს გამოიცა პოეტის პირადი მიმოწერების პირველი ტომი, რომელშიც შესული უკანასკნელი წერილი 1956 წლით თარიღდება, როცა კემბრიჯის სტუდენტი და ფულბრაიტის სტიპენდიანტი, პლათი, ასევე პოეტზე, ტედ ჰიუზზე დაქორწინდა.
მალევე გამოქვეყნდა წერილების მეორე ტომიც, რომელიც პოეტის ოცდამეოთხე დაბადების დღიდან იწყება. ახალდაქორწინებული წყვილი, აწ უკვე მისტერ და მისის ჰიუზები, უგროშოდ და თავზე ჭერის გარეშე იყვნენ, მაგრამ ამ გარემოებას ტედ ჰიუზის როგორც მწერლისა და ადამიანის მიმართ პლათის სრული ნდობა ოდნავადაც არ გაუნელებია. მისთვის ის იყო "გენიოსი", საუკეთესო პოეტი, რომელიც "იეიტსისა და დილან ტომასის შემდეგ" დაბადებულიყო. ამის მიუხედავად, ჰიუზის შემოქმედება ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი იყო და მან ისიც კი არ იცოდა, თავისი ლექსების დასაბეჭდად რა უნდა მოემოქმედებინა. პლათმა ამ საკითხის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო: მას უკვე დაეგროვებინა ბრიტანეთსა თუ თავის მშობლიურ შეერთებულ შტატებში სხვადასხვა პოეტურ ჟურნალთან ურთიერთობის გამოცდილება და გადაწყვიტა, ქმრის პირადი აგენტი თავად გამხდარიყო.
1957 წლის დასაწყისში პლათმა საბეჭდ მანქანაზე ქმრის ლექსები თავად აკრიფა, წიგნად შეკრა და მნიშვნელოვან პოეტურ კონკურსზე წარადგინა, რომელშიც ჰიუზმა გაიმარჯვა კიდეც. უკვე 1961 წლისთვის კი ტედ ჰიუზის პირველ კრებულს ცნობილი გამომცემლობა Heinemann ამზადებდა გამოსაცემად. კიდევ ერთი პოეტური კრებული გამომცემლობა Faber-მა დაბეჭდა. წყვილს კი, ამასობაში, ქალიშვილი ფრიდა შეეძინა და მეორე ბავშვსაც ელოდებოდნენ. რადგან ჰიუზს ყოველთვის სურდა, ქალაქგარეთ ეცხოვრა, მათ ინგლისში, დევონშირის საგრაფოში ჩალით გადახურული ძველი სახლი იყიდეს და შეაკეთეს, რათა საკუთარ მიწაზე - მწერლების პასტორალურ სამოთხეში გაეტარებინათ ცხოვრების დარჩენილი წლები. "როცა ვიქორწინეთ, მე და ტედს არაფერი გაგვაჩნდა და არც მომავალში ჩანდა რაიმე პერსპექტივა. მაგრამ ხუთ წელში ყველა ჩვენი დაუჯერებელი ოცნება ასრულდა", - შვებით წერდა პლათი დედამისს ამერიკაში 1962 წლის იანვარს, მისი ვაჟის, ნიკოლასის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე.
ამ წერილიდან ხუთი თვის შემდეგ, როცა სილვია პლათი ჯერ კიდევ აღფრთოვანებული იყო "ჩალის სახურავიანი სახლით, ჰექტრებზე გაშენებული ვაშლის ხეებით, ნარგიზებისა თუ ოქროწვიმების ყვავილებით, ბუებითა და ფუტკრებით", ეს ყველაფერი კაცმა, რომელსაც ის გენიოსს უწოდებდა, ერთი ხელის მოსმით გაანადგურა. იმ ზაფხულს ტედ ჰიუზმა თავისი მეგობრის ცოლთან, ასია ვევილთან რომანი გააბა. როცა პლათმა ამის შესახებ იეჭვა, ქმარმა უთხრა, რომ მას საერთოდ არ სურდა ოჯახი და ბავშვები. როგორც ამას პლათი მოგვიანებით მოყვება, მან უთხრა, რომ "მოუთმენლად ელოდა გაქცევის შანსს, რადგან იღლებოდა და იხრჩობოდა, როცა მშვენიერი ქალებით სავსე სამყაროში ჩემთან, შეუხედავ ალქაჯთან უხდებოდა ყოფნა". პლათს, რომლის აქტიური ცხოვრების წესი ამ მომენტამდე ფარავდა საშიშ ემოციურ არამდგრადობას (ის ოცი წლის ასაკში თვითმკვლელობის მცდელობას ძლივს გადაურჩა), კვლავ მძიმე ფსიქიკური კრიზისი დაეწყო.
1963 წლის ზამთარს პლათი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და მალევე, თებერვლის ერთ დღეს, თავის ნაქირავებ ბინაში თავი მოიკლა. სიკვდილამდე მან უკანასკნელი ხელნაწერი დატოვა. ლექსების კრებული, არიელი, ქალმა ქმრის ღალატის გაგებიდან თვეების შემდეგ "გაუსაძლის ტანჯვაში მყოფმა და ემოციურად განადგურებულმა" დაწერა. დღეს ეს პოეტური კრებული ინგლისურ ლიტერატურაში მრისხანებისა და შეუგუებლობის ერთ-ერთ ყველაზე მხურვალე გოდებად ითვლება. როგორც მან სიკვდილამდე აღნიშნა, ეს არის "ჩემი ცხოვრების საუკეთესო ლექსები". და მართლაც, მას შემდეგ, რაც ისინი მისმა თავზარდაცემულმა დაქვრივებულმა მეუღლემ 1965 წელს გამოაქვეყნა, ამ ლექსებმა პლათს საბოლოოდ მოუხვეჭა დიდი პოეტის სახელი.
რატომ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ მისი პოეზიით და ვიქექებით პლათის დამცირებებით სავსე იმ ხანმოკლე ცხოვრებაში, რომლის შესახებაც თავის წერილებში მოგვითხრობს? ალბათ იმიტომ, რომ მასსავით სრულყოფილად ვერავინ ახდენს იმის დემონტსრაციას, რასაც ტომას ელიოტი უწოდებს მწერლის უნარს, ქაოსური და დანაწევრებული გამოცდილებებიდან შექმნას რაღაც "ახალი მთლიანობა".
პიტერ სტაინბერგმა და კარენ კუკილმა პლათის დღემდე შემორჩენილი ყველა წერილი წიგნად გააერთიანეს: აქ თავს იყრის ყოველი გარჩევადი სიტყვა, რომელიც თავისი მომთხოვნი დედისთვის, ჰიუზის ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ამერიკასა და ინგლისში მცხოვრები ლიტერატურათმცოდნე მენტორებისთვის მიუწერია - ჯამში 1400 წერილი. და ეს ყველაფერი მართლა საოცარ საკითხავს ქმნის.
როგორც წიგნის შემდგენლები აღნიშნავენ, პლათის ეპისტოლური წერის სტილი "ისეთივე სიცოცხლით სავსე, ძლიერი და კომპლექსურია, როგორც მისი პროზა და პოეზია". უღიმღამო დეტალების აღწერის დროსაც კი ფურცლებიდან მისი უშრეტი ენერგია იფრქვევა. წერილებიდან ვიგებთ, რომ ის ღებავდა იატაკებს, კერავდა ფარდებს, სწავლობდა იტალიურსა და სტენოგრაფიას, მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე, რათა "ტედი გამეთავისუფლებინა ოჯახის შესანახად საჭირო მომაბეზრებელი სამუშაოსგან", პასუხს სცემდა ქმრის შემოქმედების თაყვანისმცემელთა წერილებს, აღრიცხავდა საოჯახო ხარჯებს და კრეჭდა გაზონს.
მას ჰქონდა უჩვეულო უნარი, ყოფითი დეტალები მომაჯადოებლად ექცია: იქნებოდა ეს "დამპალი მსხლისფერით" შეღებილი ოთახის კედლები, "კეთროვანივით" აქერცლილი ჭერი თუ ერთმანეთზე მიჯრილი შენობების რიგში მდგომი სახლი, რომელიც "კოშმარულად ჰგავს ყველა დანარჩენს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მის ღობესთან დაკლაკნილად ჩამომხმარი ხე ამოზრდილა". როგორც ამერიკის - "რძის, თაფლისა და სარეცხის საშრობი მანქანების მიწის" შვილს, სილვია პლათს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პირქუშ ბრიტანეთში თავი ბოლომდე მშვიდად არასდროს უგრძვნია. მას მოსვენებას არ აძლევდა ცივი და ჭუჭყიანი, "ბინძური, დამზაფვრელი, ჩაბნელებული და უაბაზანო" ქირით გაცემული ბინები, ერთი ციდა მაცივრები და ყასბების დახლებიდან გადმოკიდებული გაჩხინკული ქათმები.
თუმცა, რეალურად, მისი პანიკური შიშები უფრო ეგზისტენციალური ხასიათისა იყო. პლათს ზოგადად სიცოცხლის ეშინოდა, რაც მის პოეზიას ჯოჯოხეთურად მტანჯველ ემოციურობას მატებს. აი, მისი წერილები კი ამ ტერორისგან გათავისუფლების გაბედულ მცდელობებს წარმოადგენს. პლათი მატერიალურ სამყაროსა და განსაკუთრებით თავის სხეულზე კონცენტრირებით საკუთარ თავს რეალურობას სძენს: ის საუბრობს ჭამაზე, მზის სხივების კანზე შეხებაზე, სექსსა თუ მშობიარობაზე. თითქმის ყოველ წერილში რუდუნებითა და საკრალური ენითაა აღწერილი საკვები, რომელიც პოეტმა ან თავად მოამზადა, ან მიირთვა: არავინ ასხამს ხოტბას "ფარშირებულ პომიდვრებს, ინდაურის ხორცს, ლიმონის მუსსა და ფრანგულ ღვინოს" ისე მოწიწებით, როგორც პლათი და არავინ გადმოსცემს მასსავით ექსტაზური აღფრთოვანებით შვილების შობისა და ძუძუთი გამოკვების ამბებს. ამასთან, ამ ნაწერებში ტედ ჰიუზი არაა მხოლოდ ქმარი; ის რელიგიაა. როგორც თავად პლათი აღიარებს, "ქორწინება ჩემი არსებობის ცენტრია. მე ამისთვის ყველაფერი თავდაუზოგავად გავიღე".
სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ქმრის ღალატმა პლათი გაანადგურა. მისი წერილების მეორე ტომში ემოციურად ყველაზე მძიმე წასაკითხი ამერიკაში თავის ფსიქიატრთან, დოქტორ რუთ ბიშერთან მიწერილი თოთხმეტი წერილია, რომელთაგან ერთ-ერთში პლათი აღიარებს, რომ მუცლის მოშლამდე სულ ცოტა ხნით ადრე ტედ ჰიუზმა ის სცემა. ეს წერილები 2017 წელს ეტაპობრივად და დანაწევრებულად გავრცელდა პრესაში, მას შემდეგ, რაც კერძო პირმა ისინი გასაყიდად გაიტანა. მასაჩუსეტსის ქალთა კერძო სასწავლებლის, სმით კოლეჯის მიერ მფლობელისგან წერილების გამოსყიდვის შემდეგ ისინი სილვია პლათის ქალიშვილს, ფრიდა ჰიუზსს გადაეცა, რომელიც დედის შემოქმედებითი მემკვიდრეობის განმკარგველია. სწორედ ფრიდას გადასაწყვეტი იყო, ამ წერილებიდან საჯაროდ რომელი გამოქვეყნდებოდა, რითაც ის იმ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა შვილი დაპირისპირებულ მშობლებს მსაჯულად უნდა მოევლინოს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ეს წერილები კრებულში მოხვდა და მკითხველს დამოუკიდებლად შეუძლია დასკვნების გამოტანა.
სილვია პლათის პირად კორესპონდენციაში ყველაზე გულახდილები სწორედ ფსიქიატრ ბიშერთან მიწერილი წერილებია. მათში ყველაზე გასაოცარი ისაა, თუ როგორ გაწონასწორებულად აფასებს ის თავის მდგომარეობას მას შემდეგ, რაც ჰიუზმა განუცხადა, რომ ის მისთვის "წყევლა და ბორკილები" იყო და ამიერიდან სურდა "ყველასა და ყველაფრისთვის გაესინჯა გემო". 1998 წელს გამოქვეყნებულ ლექსების კრებულში, სადაბადებისდღეო წერილები, ტედ ჰიუზის მიერ ისეთი მითია შექმნილი, თითქოს მისი ღალატი როგორღაც თავიდანვე გარდაუვალი იყო. ამის საპირისპიროდ, პლათი ირონიულად აღნიშნავს, რომ ოჯახის შექმნას თან ახლავს "პირობა, რომელიც ისეთ გატაცებებზე უარის თქმას გულისხმობს, რომლებზე აყოლითაც იცი, რომ სხვას ატკენ". პლათი აცნობიერებს, რომ მისმა ქმარმა თავიდანვე ჩაატარა ხარჯ-სარგებლის ანალიზი: გაიაზრა, რომ ღალატი ცოლის ფსიქიკურ სიკვდილად დაუჯდებოდა და გადაწყვიტა, რომ ეს ამად ღირდა.
"არ იფიქრო, რომ შენი მთელი არსებობა ამ ერთ კაცზეა დამოკიდებული", - ურჩევდა პოეტს პირადი ფსიქიატრი, მაგრამ პლათი ზუსტადაც რომ ასე ფიქრობდა. ამ წერილებში ასახული მისი ეტაპობრივი დაშლა, "დაბრუნება ჩემს სიგიჟესთან, ჩემს პარალიზთან" შემზარავი სანახავია. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ტედ ჰიუზი აღნიშნავდა, პლათი გაყრის პერსპექტივაზე სერიოზულად არც დაფიქრებულაო, საწინააღმდეგოზე მეტყველებს ქალის სასოწარკვეთილი სურვილი, გახდეს "ზმნა ზედსართავის ნაცვლად"; როგორმე დაიბრუნოს თავისი დამოუკიდებელი თვითმყოფადობა და აღარავის მისცეს "მისი შეზღუდვის საშუალება". სამწუხაროდ, ამისთვის მეტისმეტად გვიანი აღმოჩნდა. როგორც მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსიდან, Death & Co, ჩანს, საბოლოო ფსიქიკური განადგურების ჟამს პლათმა ნათლად გააცნობიერა, რომ მისმა მზადყოფნამ, თავისი იდენტობა მთლიანად ოჯახთან დაეკავშირებინა, ბოლო მოუღო.
სილვია პლათს სასოწარკვეთის ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ დაუკარგავს გონებამახვილობა (ის ტედ ჰიუზის საყვარელს, ასია ვევილს "ჩახუჭუჭებულ ნაძირალას" უწოდებდა; ხოლო როცა მეგობარს დეტექტიური რომანი სთხოვა, გაიხუმრა, "როგორც ჩანს, მხოლოდ მკვლელობის ისტორიებიღა მამხიარულებსო"). არც მისი პოეტური ხედვა გამქრალა. პლათმა ტედ ჰიუზის მიერ ასია ვევილთან მიწერილი ფარული სასიყვარულო წერილები იპოვა, სადაც ის "აღწერდა თავიანთ ორგაზმებს, მის სპილოსძვლისფერ სხეულს, მის სურნელს, მის მშვენიერებას". და, მართალია, პლათი მათი კითხვისას "უბრალოდ, კვდებოდა", მაინც აღიარებს, რომ ეს ტექსტები "ნატიფი პოემებია".
რისი თქმა შეგვიძლია მის მიერ წერილებში მოთხრობილი ამბების სანდოობის შესახებ? ნამდვილად "სცემა" ტედ ჰიუზმა? ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სილვია პლათის წერილებსა თუ დღიურებშია მიმობნეული, საიდანაც ჩანს, რომ მათი კამათი ხშირად ფიზიკური დაპირისპირების სახეს იღებდა და ზოგჯერ პლათი არა უბრალოდ აგრესორი, არამედ ის ადამიანი იყო, რომელიც ძალადობას ძალადობით პასუხობს.
ფსიქიატრ ბიშერთან მიწერილ მეათე წერილში ჩანს, რომ ერთხელ სწორედ ასე 1961 წლის თებერვლის დასაწყისშიც იჩხუბეს. პლათმა ჰიუზს პირადი ჩანაწერები დაუხია, რათა მის გამო სამსახურში დაგვიანებისთვის შური ეძია და ჩხუბიც სწორედ ამას მოჰყოლია. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით ამ ჩანაწერში საყურადღებო ისაა, რომ იმ მომენტში პლათი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო. არავის შეუძლია დანამდვილებით იმის თქმა, რამდენად ძალადობრივი იყო ეს შემთხვევა, უკავშირდება თუ არა ამას შემდგომში პლათის მუცლის მოშლა ან აპენდიქსის გაღიზიანება. ის კი ვიცით, რომ თავად პლათი მოგვიანებით ამ ორივეს მიზეზად სწორედ ქმრის ძალადობას ასახელებდა. და აღნიშვნაც კი არ სჭირდება იმას, რომ ფეხმძიმე ცოლისთვის ხელის კვრას გამართლება არც ერთ კონტექსტში აქვს.
უბედური შემთხვევის შემდეგ მხოლოდ გადარჩენილებს შეუძლიათ იმის მოყოლა, თუ რა მოხდა. თუმცა ამ ისტორიაში ბოლო სიტყვა მაინც პლათს ეკუთვნის, როცა სიკვდილამდე შავბნელ, გაუსაძლის დღეებში მან ეს სიტყვები დაწერა: "უდიდესი ნუგეშია ახლა ჩემთვის ის, რომ შემიძლია ვისაუბრო და ვიცი, რომ მე მომისმენენ".
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები