რა უნდა იცოდე, თუ აქციაზე მიდიხარ
საქართველოში აქციებს თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს და იზრდება დაკავებულთა რიცხვიც, თუმცა სულ უფრო იკლებს სამართლადამცველების მხრიდან პასუხი კითხვაზე — "რატომ მაკავებთ?". საუკეთესო შემთხვევაში, პოლიციელებს დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა მოჰყავთ არგუმენტად, ზოგჯერ აცხადებენ, რომ მოქალაქეს არ აქვს უფლება ბანერი გამოფინოს ან კარავი გაშალოს. იყო შემთხვევაც, როცა შსს-ს წარმომადგენელებმა აქტივისტს აქციის ჩატარებისა და გადაღების ნებართავა მოსთხოვეს. სად გადის ზღვარი ამ განმარტებებსა და ჩვენს რეალურ უფლებებს შორის? რა ხდება პრაქტიკაში და რას გვეუბნება კანონი? — ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.
საქართველოს კანონმდებლობით, უფლება გაქვს — ნებართვის გარეშე გამართო აქცია, მათ შორის, ადმინისტრაციულ შენობასთან, ასევე, დადგა კარავი, გაშალო ბანერი, გადაიღო ვიდეო/ფოტო, ხელში დაიჭირო კოკა-კოლას ბოთლი.
"კოკა-კოლას ბოთლი მეჭირა ხელში", — იხსენებს აქტივისტი, ნიკა ფარულავა ერთ-ერთ დაკავებას. აქციაზე, სადაც საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად მივიდა, სამართალდამცველები უმტკიცებდნენ, რომ ეს საღებავის ბოთლი იყო. საპატრულო მანქანაში ჩასვეს და სხვა დღეების მსგავსად, იმ დღესაც ახსნა-განმარტებების გარეშე დააკავეს. მის წაყვანას რამდენიმე პოლიციელი ცდილობდა, რა დროსაც ფარულავამ ხელზე დაზიანება მიიღო.
"ხელი მქონდა გაბზარული და ნაღრძობი, მარჯვენა ხელი გიფსში ჩამისვეს. ეს მოხდა ხელის ძალიან ზევით აწევის გამო, ოღონდ წინააღმდეგობას არ ვუწევდი, ჩანს კიდეც კადრებში. ისიც ჩანს, რომ კოკა-კოლას ბოთლი იყო", — ამბობს ის.
ყველაზე ხშირად მის ოქმებში წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა იწერება, თუმცა არ ახსენდება დრო, როცა უშუალოდ დაკავების მომენტში განემარტათ, რა ედებოდა ბრალად.
ნიკა ფარულავას ვკითხეთ, გაიხსენოს შემთხვევები, როცა, მისი აზრით, კანონს არ არღვევდა, მაგრამ დააკავეს. აქტივისტის თქმით, "ყველა ასეთი იყო". ის აღნიშნავს, რომ დაუჭერიათ აქციაზე დგომის, ქუჩაზე გადასვლის და ტაშის დაკვრის გამოც კი.
"ყველაზე აბსურდული იყო, როცა რუპორი ჩავრთე და დამაკავეს. ერთი ღამე ვიყავი იზოლატორში", — თქვა მან.
ფარულავას თქმით, იყო სიტუაციებიც, როცა ერთ სამართალდამცველს დაუკავებია და სასამართლო პროცესებზე სხვა წარმდგარა მისი დამკავებლის როლში.
"მაგალითად, ნიკა მელიას დაკავების დროს — დამიჭირეს, ორი მანქანა გამოვიცვალე გზაში და მესამეში რომ გადამსვეს, მითხრეს, ეს არის შენი დამკავებელიო", — თქვა მან.
აქტივისტი იხსენებს 10 ნოემბერსაც — 46 დაკავებულს შორის, ერთ-ერთი ისიც იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან მიმდინარე აქციის დროს მაშინ დაიჭირეს, როცა ქუჩაზე გადადიოდა:
"ერთ-ერთმა პოლიციელმა მოგვიწოდა, რომ სუს-ის მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გადმოვსულიყავით. 11 საათზე მივედი ზუსტად და 11:05-ზე თუ 12:06-ზე უკვე დაკავებული ვიყავი. ოღონდ, ამ პოლიციელმა მოგვიწოდა გზაზე გადმოდითო და როცა გადმოვდიოდი, უკან მყოფმა კრიმინალურმა პოლიციამ დამაკავა. ჟურნალისტთან ერთად გადავდიოდი გზაზე, პირდაპირ ეთერში".
ასე დააკავეს 10 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის 46 მონაწილე. ნაწილი ქუჩაზე გადადიოდა, ნაწილი იდგა, ნაწილი სხვის დაკავებას აპროტესტებდა, როცა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
"ყველას ვერ დაგვიჭერთ", — ამ ბანერის გაშლას ცდილობდა აქტივისტი, თამარ კურატიშვილი ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან 13 ნოემბერს. ის On.ge-ს უყვება, რომ სუს-თან სხვა რამდენიმე აქტივისტთან ერთად, გირჩი — მეტი თავისუფლების პერფორმანსის შემდეგ, დაკავებების გასაპროტესტებლად მივიდა. 12 ნოემბერს პარტიამ 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელების მანქანებით ბლოკირება სცადა, რა დროსაც 9 ადამიანი დააკავეს.
5-კაციანი აქცია, რომელიც არც მშვიდობის ფარგლებს სცდებოდა და არც ადმინისტრაციული შენობის ბლოკირების საფრთხეს ქმნიდა, კურატიშვილის დაკავებით დასრულდა. აქტივისტმა ყველაფერი ვიდეოზე აღბეჭდა და სწორედ ეს დაეხმარა, რომ სასამართლო პროცესზე გაამართლეს — ჩვეულებრივ, პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული არ აქვთ.
"რას გვეუბნებით? რისი ნებართვა გვჭირდება?", — ასე დაიწყო ვიდეო გადაღება მოძრაობა სირცხვილიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა და სცადა პოლიციელთან გაერკვია, რატომ უშლიან ხელს იმ უფლებით სარგებლობაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ აქვს.
"აქციის გამართვის. ახლა რომ იღებ, უნდა გვითხრა, რომ გადაღებას აპირებ", — ეუბნება მას ორი სხვადასხვა პოლიციელი.
"თავიდან გაგვაფრთხილეს, გვითხრეს, რომ 20 მეტრის დისტანცია დაგვეცვა და გადავსულიყავით მოწინააღმდეგე მხარეს. გადავედით, საპარკინგე ზოლში ვიდექით, რისი ამსახველი ვიდეოც მაქვს", — ჰყვება ის.
შემდეგ იყო პოლიციელის მოთხოვნა, რომ შეეწყვიტა გადაღება, რადგან, სამართალდამცველების მტკიცებით, როგორც ბანერის გაშლისა და აქციის გამართვის, ასევე, გადაღების ნებართვაც სჭირდებოდა.
დიალოგი, რომელიც კურატიშვილის ჩანაწერში ისმის:
— გამორთე ტელეფონი, ტელეფონი გამორთე.
— რატომ გამოვრთო?
— ჟურნალისტი ხომ არა ხარ?
— ჟურნალისტი ვარ, შეამოწმეთ.
— კაი, დააკავე.
და დააკავეს. ისე, რომ ამის საფუძველიც არ აუხსნეს.
თუმცა სასამართლო პროცესზე, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართა, აქტივისტი გაამართლეს. მოძრაობა სირცხვილიას თქმით, მოსამართლემ ხაზი გაუსვა ვიდეომტკიცებულებას და აღნიშნა, რომ მასში არცერთი კანონდარღვევა არ იკვეთებოდა.
10 ნოემბერს დააკავეს გირჩი — მეტი თავისუფლების წევრი, ბორის ჩელე ყურუა და 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მისი თქმით, აქციაზე ყოფნის დროს იცავდა კანონს და თავდაპირველად, პოლიციელის მოწოდების შესაბამისად, გზის მეორე მხარესაც გადავიდა. ამბობს, რომ ხედავდა, როგორ აკავებდნენ იმ დღეს ადამიანებს უმიზეზოდ.
"როცა გადავედი გზის მეორე მხარეს, ვნახე, რომ პოლიციელები უბრალოდ მოდიოდნენ და ადამიანებს არაფრის გამო იტაცებდნენ — ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ აუშარდა პოლიციელი პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს: "გინდა თუ არა, ხელი დამარტყი", როცა ეს არ მომხდარა, მის გვერდით ვიდექი", — ამბობს ყურუა.
მისი თქმით, მოგვიანებით კვლავ სუს-ის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც 10-მდე ადამიანთან ერთად იდგა. მაშინ დააკავეს, როცა მედიისთვის კომენტარის მიცემას აპირებდა.
"მე ვიდექი საპარკინგე ადგილზე, დაახლოებით ტროტუართან. გოგა მემანიშვილი მოვიდა, ვაჟა სირაძის მოადგილე, გზის მეორე მხარეს გადადიო, მეუბნება მაშინ, როცა ჩემთან ერთად სხვებიც იდგნენ. ვუპასუხე, ტელევიზიას უნდა ჩავერთო და 1 წუთში გადავალ-მეთქი. "შენ რამდენს მელაპარაკებიო", ხელი დაუქნია მანქანას, ჩამსვეს, ვიღაც პატრულს დაუძახა, "მოდი, მოუჯექიო", მომიჯდა და წამიყვანეს", — აღნიშნავს ის.
როგორც ყურუა ჰყვება, მისთვის არც დაკავების დროს და არც გზაში, რამდენჯერმე კითხვის მიუხედავად, მიზეზი არ განუმარტავთ. მეტიც, ამბობს, რომ სრული ბრალი სასამართლო პროცესზე გაიგო, რადგან დაკავების ოქმში მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ხოლო სამართალდარღვევათა ოქმში გინება ეწერა.
"უკვე სასამართლოზე თქვეს, რომ თურმე ორივეს ერთად ვაკეთებდი. არ იყო არანაირი მტკიცებულება, ერთი პოლიციელის ჩვენების გარდა, არც სამხრე კამერის ჩანაწერები და არაფერი. ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, ფოტოსურათი, სადაც მაკავებს მემანიშვილი და ადამიანი, რომელსაც ჩემი დაკავება შეტენეს, სინამდვილეში შორს იდგა", — თქვა მან.
ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს 24-საათიანი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების საფუძველი, არც ეს გაუკეთებიათ.
"როცა არ უნდა დაგაკავონ, არც უფლებებს გაგაცნობენ, არც სამედიცინო დახმარებას შემოგთავაზებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ მოითხოვ, ხელბორკილებს დაგადებენ ისე, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, ეგრე ჯდომისას მყესი არ დაგეჭიმოს ან რაღაც არ იტკინო. და გიყურებენ თევზის თვალებით, იმიტომ, რომ თვითონაც არ იციან, რატომ დაგაკავეს", — აღნიშნავს ის.
იხსენებს, რომ 10 ნოემბერს იმდენი ადამიანი დააკავეს, იზოლატორთან რიგი იდგა და მათ განაწილებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში გზაში მოუწიათ ყოფნა.
"ათი საათის განმავლობაში დავყავდით აქეთ-იქით, ადგილები ვერ მონახეს — ჯერ ახალ წინასწარი დაკავების იზოლატორთან მიგვიყვანეს, იქ ვიღაცები გამოვიდნენ, ცხრა ადგილი გვაქვსო, მერე ნაწილი გურჯაანში წაიყვანეს, ნაწილი მცხეთაში და თელავში.
ჩვენც იქით უნდა წავეყვანეთ, მაგრამ რომ მოსაღამოვდა, სადღაც ტყეში აგვიყვანეს, მგონი, სახალხო დამცველი მოდიოდა და რიგი რომ არ ენახა. იქ ვყავდით ერთი საათი, მერე ძველ წინასწარი დაკავების იზოლატორში წაგვიყვანეს, რომელიც დიღომშია. იქ, დაახლოებით, სამი საათი ვიდექით და უკვე იმდენი ხანი იყო გასული, ვეხვეწებოდით, სადმე შევესახლებინეთ, რომ დაგვეძინა", — აღნიშნა მან.
აქციაზე დაკავებები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა აქტივისტ გიგა მაქარაშვილისთვის. ის On.ge-სთან არაერთ შემთხვევას, მათ შორის 2019 წლის 18 ნოემბერს იხსენებს, როცა ყველაზე დიდ ხანს, 12 დღით მოუწია საპატიმროში ყოფნა. მისი თქმით, კანონი არ დაურღვევია.
"პარლამენტის წინ პიკეტისას დამაკავეს, დაწყებულიც არ იყო რეალურად დარბევა და დაგვიჭირეს. სასამართლოც მახსოვს, მოსამართლე ბრალდებისგან ითხოვდა, რაიმე მასალა ეჩვენებინა, კადრები, სადაც ფიქსირდებოდა ჩემ მიერ კანონდარღვევა და წარმოადგინეს საათობით ჩანაწერი, სადაც მე არ ვჩანდი, არათუ კანონდარღვევა.
არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა ბრალდებას წარედგინოს რაიმე დასაბუთებული ვიდეო ან ფაქტობრივი მასალა, თუმცა აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, ყველა საქმე წავაგე და აბსოლუტურად ყველა საქმე ამ წუთას ან უკვე სტრასბურგშია ან სტრასბურგის გზაზეა", — ამბობს ის.
ნიკა ფარულავას მსგავსად, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გაპროტესტების დროს, პროკურატურასთან ხელი დაუზიანეს გიგა მაქარაშვილსაც. იმ დღეს 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, სადაც მისი ბრალეულობა დამტკიცდებოდა.
"პროცესზე მოსამართლე ითხოვდა, "ერთი კადრი მაინც თუ არსებობს, სადაც მაქარაშვილი ჩანს?" არათუ დარღვევა, ჩანს მაინც? მოსამართლე იმდენად შეურაცხყოფილი იყო, რაღაც მაინც წარმოადგინეთო, რომ ბოლოს იმედი მომეცა, მაგრამ ვერაფერი — "არ ჩანს კადრებში, მაგრამ იქვე იმყოფებოდაო". ორი პოლიციელის სიტყვაზე ნდობის ამბავი იყო და ის ორი საერთოდ არ იყო ჩემი დამკავებელი. საბოლოოდ, ჩაქუჩი დაარტყა მოსამართლემ და მაინც 2 000 ლარი გამომიწერა", — ამბობს ის.
იხსენებს უფრო ადრეულ პერიოდს, 2014 წელსაც, როცა 100-დან 500 ლარამდე იყო ადმინისტრაციული სახდელი. როგორც ის აღნიშნავს, პანორამა თბილისის პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ბანერზე დაწერილი უცენზურო სიტყვის გამო დააკავეს და შემდეგ დააჯარიმეს.
"100 ლარით დამაჯარიმეს, "პანორამა არა *ლე", ასეთი ბანერი მეჭირა ხელში — სიტყვა არ მქონდა ნათქვამი, მდუმარე აქცია იყო და დამიჭირეს. ერთი ღამე ვიყავი საპატიმროში და მერე უკვე ჯარიმა გამომიწერეს", — ჰყვება მაქარაშვილი.
როგორც სხვა რესპონდენტები, მაქარაშვილიც აღნიშნავს, რომ არცერთი დაკავების დროს მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ. ამბობს, რომ სასამართლო პროცესზეც ბრალდების მხარედ არაერთხელ ყოფილან პოლიციელები, რომლებსაც რეალურად ის არ დაუკავებიათ.
აქტივისტი, ასევე, იხსენებს პირობებს, რომელშიც ხშირად საათობით უწევთ ყოფნა — გაწელილი პროცედურები, პოლიციის მანქანაში ჯდომა, განყოფილებაში ლოდინი და სხვა.
რას ამბობს კანონი
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით:
- შეკრება არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;
- მანიფესტაცია არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.
ორივე გამოხატვის თავისუფლების ის ფორმაა, რომელიც კარგად ნაცნობია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანაში შექმნილი უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის გამო, მოქალაქეები ხშირად მიმართავენ მას. მიუხედავად იმისა, რომ ამ უფლებას იცავს კანონი და სახელმწიფო ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს ადამიანების ნების საჯაროდ დაფიქსირებას, ყოველ აქციას მოჰყვება ერთი ადამიანის დაკავება მაინც.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება".
ამასთან, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
კანონი არაფერს გვეუბნება ნებართვის აუცილებლობაზე. მეტიც, იქ მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ მოქალაქეებს შეკრება "ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ" შეუძლიათ, თუმცა არსებობს წინასწარი გაფრთხილების მექანიზმი.
რა არის გაფრთხილება?
წინასწარი გაფრთხილება სავალდებულო ხდება მაშინ, თუ აქცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. თუმცა, ეს გამორიცხავს იმ შემთხვევებს, როცა ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.
შესაბამისი ქალაქის მერიაში სათანადო გაფრთხილების შეტანა საჭიროა აქციამდე მინიმუმ 5 დღით ადრე და მას ხელს უნდა აწერდნენ მიტინგზე პასუხისმგებელი პირები.
რა დროს ხდება გზის გადაკეტვა?
დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. ანუ თუ აქციას ჰყავს იმდენი მონაწილე, რომ გზის გადაკეტვის გარეშე ჩატარება შეუძლებელია, გადაკეტვა დასაშვებია.
გზის სრულად ან ნაწილობრივ გადაკეტვის შემთხვევაში, მერიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
"როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არ ახორციელებს ან ვერ ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ", — ვკითხულობთ კანონში.
თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა წესი.
მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, მერია ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით კი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სათანადო პირობები და განსაზღვროს ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.
ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ:
- შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას;
- სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.
სად არის აკრძალული აქციის ჩატარება?
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:
- საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობები;
- რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები.
ასევე, აკრძალულია:
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე;
- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.
საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შეუძლია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრისა. ეს ვრცელდება სასამართლოზეც, თუ საფრთხე ექმნება საქმიანობას ან დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და არ გულისხმობს აქციის ჩატარების შეზღუდვას.
ეს მოქმედებს სასამართლოზეც და როცა სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, "შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით" მას შეუძლია დააწესოს შეზღუდვა აქციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრისა.
რა იკრძალება აქციაზე?
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
- იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
- იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
- იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
- იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
- განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის
ამავე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.
როდის შეიძლება შეწყდეს აქცია?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
იმ შემთხვევაში კი, თუ ზედა ქვეთავში წარმოდგენილი მოთხოვნები მასობრივად დაირღვა, შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე.
"შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს", — აღნიშნულია კანონში.
ხოლო ამავე მოთხოვნების არამასობრივად დარღვევის შემთხვევაში, აფრთხილებენ აქციის ორგანიზატორს, რომელიც ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად უახლოესი 15 წუთის განმავლობაში მოუწოდოს აქციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დარღვევა გონივრულ ვადაში ვერაღმოფხვრის შემთხვევაში კი, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
მე-14 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
რას ამბობენ იურისტები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ვასილ ჟიჟიაშვილი On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ნებისმიერი აქტივისტი, რომელიც ქუჩაში გამოდის, შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებს და როგორი მწვავე ფორმითაც არ უნდა იყოს მისი პროტესტი, თუ ის მშვიდობიანია, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს.
ჟიჟიაშვილი გამოყოფს შემთხვევებს, რის გამოც, აქციაზე ყველაზე ხშირად ხდება "შელაპარაკება", რასაც თავის მხრივ, დაკავებები მოჰყვება. იურისტის თქმით, ერთ-ერთია კარვის გაშლა — აქვთ თუ არა აქტივისტებს კარვის განთავსების უფლება ტროტუარზე?
ის იხსენებს საიას 2016 წლის საქმეს — მოქალაქეებს თბილისის მერიის ეზოს წინ კარვის განთავსება სურდათ, თუმცა უწყებამ აუკრძალა.
"იმ შემთხვევაში, როცა კარვის გაშლით რეალურად არანაირი წინააღმდეგობა არ ექმნება ორგანოს ფუნქციონირებას და როგორც წესი, ასეა ხოლმე, მისი განთავსების არანაირ წინააღმდეგობა არ არსებობს. სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ამ ადამიანებისთვის კარვის გაშლის უფლების უზრუნველყოფა დაავალა, ამიტომ, როდესაც მიდის საუბარი, აქვს თუ არა ადამიანს უფლება, განათავსოს კარავი, ამაზე სასამართლოს პრაქტიკა არის, რომ დიახ, აქვს", — ამბობს ის.
რაც შეეხება ნებართვას, იურისტი განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაც, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც და საერთაშორისო აქტებიც, მათ შორის, ევროპული კონვენციაც ამბობს, რომ ადამიანებს შეკრების უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე.
"სწორედ ამას გულისხმობს გამოხატვის თავისუფლება — მოქალაქეებს არ სჭირდებათ არავის ნებართვა, რომ შეიკრიბონ. სამწუხაროდ, პოლიციელები განმარტავენ ხოლმე, რომ თუ არ არიან ინფორმირებულები მოქალაქის გამოხატვასა თუ შეკრებაზე, თითქოს, ამის უფლება არ აქვთ. ეს არასწორია", — აღნიშნავს ის.
ამასთან, იურისტის განცხადებით, პოლიციელების მიერ გადაღების შეწყვეტისკენ მოწოდება, თითქოს მათი ნებართვის გარეშე აქტივისტებს ამის უფლება არ აქვთ, არასწორია.
"საჯარო სივრცეში ჩვენ, მით უმეტეს, პოლიციელებთან ურთიერთობის დროს, ამის სრული უფლება გვაქვს. არსად წერია აკრძალვა, რომ არ შეიძლება ჩვენსა და პოლიციელებს შორის დიალოგის გადაღება. არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა ჟურნალისტი, საჯარო სივრცეში ვართ, მათ შორის, ის ადამიანები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს", — თქვა მან.
იურისტი განმარტავს შემთხვევებს, როცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანის დაკავება შეიძლება. ჟიჟიაშვილის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავების ოთხი საფუძველი არსებობს, კერძოდ:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა — როდესაც სხვანაირი ზომები ამოწურულია. მაგალითად, თუკი ადამიანი სხვაზე ფიზიკურად ძალადობს ან არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციას შეუძლია დააკავოს ან განარიდოს ტერიტორიას და ამით განმუხტოს სიტუაცია;
- როცა პოლიცია ვერ ახერხებს პირის ვინაობის დადგენას — ამ დროს სამართალდამცველებმა, შესაძლოა, ის ადამიანი დააკავონ მისი ვინაობის დადგენის მიზნისთვის. იურისტის განცხადებით, როცა პოლიცია ვინაობას გვთხოვს, უმჯობესი იქნება, თუ გავუმხელთ;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა — თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ ადგილზე ვერ ხდება ტექნიკური მიზეზის გამო;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის დროულად, სწორად განხილვა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა — ეს ის საფუძველია, რა მიზნითაც ხშირ შემთხვევაში აკავებენ, როცა პირი სასამართლოს უნდა წარუდგინონ.
"ოთხივე შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვქონდა საქმე, სადაც სასამართლომ თქვა, რომ როგორც კი ამოიწურება დაკავების ეს საფუძვლები, მაგალითად, როგორც კი მოხდება პიროვნების იდენტიფიცირება, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", — ამბობს ის.
როგორც ის აღნიშნავს, დაკავებული სასამართლოს უნდა წარუდგინონ არაუგვიანეს 24 საათისა, მაგრამ ამ შემთხვევაში, კანონი ამბობს, რომ მისი წარდგენა პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა უზრუნველყონ. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ამ 24-საათიანი ვადის 48 საათამდე გახანგრძლივება შეიძლება, თუმცა პოლიციელებს აქვთ ვალდებულება, მიზეზი წერილობით დაასაბუთონ.
იურისტი აცხადებს, რომ თუკი აქტივისტი ამ დასაბუთებას მოითხოვს და პოლიციელი უარს ეტყვის, ეს შეიძლება პირდაპირ უკანონო დაკავებად ჩაითვალოს, რა დროსაც ადამიანებს აქვთ უფლება, ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.
ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია, სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა მტკიცებულებები წარმოადგინონ, რათა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი მხოლოდ მათი სიტყვა არ გახდეს. ის იხსენებს საიას მიერ სტრასბურგში წაღებულ საქმეებს, რომელზეც სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელის, ანუ იმ ადამიანის ჩვენება, ვინც პირს აკავებს, არ შეიძლება იყოს ობიექტური ან ნეიტრალური — მას აქვს ინტერესი, რომ დაკავება კანონიერად იყოს მიჩნეული.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გიორგი ტაბატაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ძალადობა, ან ძალადობის მყისიერი საფრთხე, ნებისმიერი გამოხატვა დასაშვებია.
"მაგალითად, 5 ივლისს ამგვარი მყისიერი საფრთხე იყო და პოლიციას შეეძლო, დაეკავებინა ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებდნენ ძალადობისკენ, რასაც მოჰყვა კიდეც ძალადობა. ეს იყო კლასიკური შემთხვევა, რა დროსაც სახელმწიფოს შეუძლია, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში. სხვა შემთხვევაში, ასე უბრალოდ აქციაზე დგომისთვის ადამიანის დაკავება კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც და ევროპულ კონვენციასაც", — აღნიშნავს ის.
დიახაც, ზუსტად სახელმწიფო დაწესებულებებთან უნდა გამართო აქცია. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, მათ შორის, საჯარო დაწესებულებებთან გამართოს აქცია. თუ მოქალაქეების რაოდენობა არის იმდენად დიდი, რომ გზის გადაკეტვაც ხდება საჭირო, კანონმდებლობაც ითვალისწინებს, რომ შეიძლება, გზაც დაიკეტოს ან პოლიციამ დაარეგულიროს იმგვარად, რომ არც შეკრებას მიადგეს ზიანი და არც გამვლელებს.
რაც შეეხება იმ ორ მთავარ მუხლს, რომლის საფუძველზეც აკავებენ აქტივისტებს, იურისტის შეფასებით, ორივე იმდენად ზოგადი ხასიათისაა და ყველა ქმედებაზე მორგების შესაძლებლობას იძლევა, რომ ამას იყენებენ, როგორც რეპრესიულ ფუნქციას.
"მაგალითად, პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებად და წვრილმან ხულიგნობად ჩაითვალა სუს-ის შენობის მხარეს "მონას" ძახილი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არანაირი სიტყვა "მონა" სუს-ის შენობის მისამართით, არანაირი დაყვირება არ არის სამართალდარღვევა, მაშინ საერთოდ ლაპარაკისთვისაც შეუძლიათ ადამიანის დაკავება მაგ მუხლებით. რასაკვირველია, მოსამართლეს შეუძლია, ეს მუხლები კონსტიტუციის შესაბამისად განმარტოს და რეპრესიული ფუნქცია მოაშოროს მას, მაგრამ ამას არ აკეთებენ", — განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ გირჩი — მეტი თავისუფლების 12 ნოემბრის პერფორმანსის შემდეგ დაკავებული 2 აქტივისტი გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, მოსამართლემ სამართალდამცველებს სამხრე კამერების ჩანაწერების წარდგენა მოსთხოვა. ჩვენ ორივე იურისტებს ვკითხეთ, თუ ახსენდებოდათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები.
"უნდა გაუმართლოს ადამიანს მოსამართლეში, რომელიც მართლა კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და წინასწარ რეპრესიული გადაწყვეტილებას არ გაავრცელებს აქტივისტზე", — თქვა ჟიჟიავილმა.
ტაბატაძე კი იხსენებს მოძრაობა სირცხვილიას ოპერატორის შემთხვევას, რომელიც მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. იურისტის შეფასებით, სავარაუდოდ, არ არსებობდა მისი დაკავების "პოლიტიკური ნება".
"პოლიციელის ჩვენება იყო დაუსაბუთებელი, შეიცავდა ცრუ ჩვენების ნიშნებს, მოსამართლე არ დაეყრდნო მას და სარწმუნოდ ჩვენ მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა, ასევე, მოწმის ჩვენებები მიიჩნია. მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, არ იყო პოლიტიკური ნება მისი დაკავების, უბრალოდ ერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც იღებდა მიმდინარე პროცესებს", — აღნიშნა მან.
იმ შემთხვევაში, თუ აქციაზე დაკავების დროს თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ, საქართველოში ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს დაუკავშირდეთ:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა — (+995 32) 2 72 80 08;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია — (995 32) 293 61 01 / 295 23 53.
კომენტარები