დროას ლიდერის, ნინო გოგუაძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ანალიზები გაუკეთეს და მთელი რიგი პარამეტრები გაუარესებულია. მისი თქმით, ხოშტარია ისევ დათანხმდა მედიკამენტების მიღებას, ოღონდ მხოლოდ იმის, რომლებიც კრიტიკული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად არის საჭირო.

"რამდენიმე მათგანი არის კრიტიკული და დღეს ელენემ თანხმობა თქვა მხოლოდ იმ მედიკამენტების მიღებაზე, რომელიც ეხება მისი კრიტიკული მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას. ანუ დღეს მოვა ექიმი და მხოლოდ იმ მედიკამენტებს მიიღებს, რომელთა მაჩვენებლებიც უკვე კრიტიკულია. სხვა მკურნალობაზე ისევ უარს ამბობს, იღებს მხოლოდ წყალს და ყავას", — განაცხადა მან.

ხოშტარია უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. მისი მაჩვენებლები გუშინაც გაუარესდა და ის გადასხმას დათანხმდა. საღამოს მან დაპოსტა, რომ თავს უკეთ გრძნობდა, ამიტომ გადასხმები შეაჩერა.

დღეს მას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შეხვდა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობრები ხედავენ, რომ საზოგადოება უსამართლობას არ ეგუება და იბრძვის.