მის დეკოლტე 2018, Puplic.Enemien და სხვები სააკაშვილის წინააღმდეგ
საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში, და არამხოლოდ იქ, დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. ვრცელდებოდა არაერთი ცრუ ამბავი, ფოტო-ვიდეო მანიპულაცია და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ან გაყალბებული ციტატა.
მითების დეტექტორმა ეს კამპანია შეისწავლა და დისკრედიტაციაში ჩართული 32 ფეისბუკ ანგარიში, 17 გვერდი და 29 საჯარო ჯგუფი გამოავლინა, რომელთა პოსტებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ვრცელდებოდა. მათი ინფორმაციით, სქემაში ჩართული იყვნენ, როგორც აქამდე კარგად ნაცნობი პროსახელისუფლებო, ისევე ახალი გვერდები და ჯგუფები. მაგალითად: მის დეკოლტე 2018, ლიდერი 41, სიმართლე, რეალობა, პოლიტიკურად გიჟები, ნაცი კლავს, სეზონი ტვ, საქართველოს სამეფო, ქართული ყირამალა და ა.შ.
მითების დეტექტორმა გამოავლინა არაერთი შემთხვევა, როცა ოპოზიციური ტელევიზიების ლოგოების გამოსახულებით ყალბი სქრინები ვრცელდებოდა. ანგარიშები, რომლებიც სხდასხვა ჯგუფში აზირებდნენ ამ ფოტოებს, ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს შორის დაპირისპირება არსებობდა, აღსანიშნია, რომ ეს რიტორიკა ჰქონდა პრემიერმინისტრსაც.
ტროლები
მითების დეტექტორის გამოვლენილ ყალბ ანგარიშებს შორის შეხვდებით არაერთ ადამიანს, რომლებიც სხვის იდენტობას იპარავენ. მაგალითად, დავით გელაშვილი უნგრეთის ოპერის საბალეტო დასის წევრის, ვლადისლავ მელნიკის ჰპარავს ფოტოებს; თაზო ტაბიძე კონტაქტის ერთე-ერთ მომხმარებელს, ალექსანდრ ულანოვს; ზაზა სვანიძე Instagram-ის მომხმარებელს, დმიტრი დერევინს და მრავალი სხვა.
როგორც მითების დეტექტორი აღნიშნავს, ამ ყალბ ანგარიშებს მოწონებული აქვთ, ან თავადვე მართავენ ქართული ოცნების მხარდამჭერ და მმართველი პარტიის ოპონენტების მადისკრედიტირებელ გვერდებს.
სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერები
ყოფილი პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული იყვნენ ცრუ მხარდამჭერებიც. მათი მოქმედების ტაქტიკა შემდეგი იყო: ავრცელებდნენ ისეთი შინაარსის პოსტებს, რომლითაც თითქოს ექსპრეზიდენტის ინტერესს იცავდნენ, სინამდვილეში კი ამით ენმ-ს სხვა წევრების მიმართ აგრესიის გამოწვევას ცდილობდნენ.
"ცრუ მხარდამჭერი ყალბი ანგარიში Tabidze Tato ტელეკომპანია მთავარისა და TV პირველის ლოგოების გამოსახულებით სააკაშვილის გაყალბებულ ციტატებს ავრცელებდა. Tabidze Tato-ს მტკიცებით, სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებთან იყო დაპირისპირებული და მხარდამჭერებს არა არჩევნებზე წასვლისკენ, არამედ გლდანის ციხესთან შეკრებისკენ მოუწოდებდა. არჩევნების მეორე დღეს გავრცელებული სქრინების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის მარცხში ნიკა მელიას ბრალს ხედავდა. იდენტური პოსტებს Tabidze Tato-ს გარდა კიდევ სხვა ორი ყალბი ანგარიში (Thomas Christo, David Gelashvili) საკუთარ პროფილზეც აქვეყნებდნენ", — წერს მითების დეტექტორი.
მათივე ინფორმაციით, მომხმარებელი Tabidze Tato, რომლის პროფილის ბმულში სახელი Puplic.Enemien იყო მითითებული და კონტაქტის მომხმარებლის ფოტოებს იპარავდა, სანდოობის შესაძენად მეგობრებში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს ამატებდა და სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. ასევე მართავდა ფეისბუკ ჯგუფს თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili.
კიდევ რამდენიმე ყალბი ანგარიში ფეისბუკ გვერდის ძალა სიმართლეშიას გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო ჯგუფში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ჯგუფში ავრცელებდნენ. ამ დეზინფორმაციის მიხედვით, ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში "პროფესორ ჯონათან სინსის" ხელმძღვანელობით ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმთა გუნდი ჩამოდიოდა. პორნოვარსკვლავ სინსის სახელით მანიპულაციით, აქამდეც არაერთი დეზინფორმაცია გავრცელებულა.
მის დეკოლტე 2018
14 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდმა ლიდერი 41 გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც სარიტუალო მანქანა და მიხეილ სააკაშვილის ფოტო იყო ასახული. 15 ოქტომბერს ეს ფოტო ფეისბუკ გვერდზე მის დეკოლტე 2018, ასევე საინფორმაციო გვერდებზე resonancedaily.com, MPN.GE და გაზეთ რეზონანსთან, მარშალპრესთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდებმა გაავრცელეს.
ყველა გვერდი ამტკიცებდა, რომ ეს ფოტო სააკაშვილის მომხრეების მსვლელობას ასახავდა. რეალურად, ფოტო 2016 წლის 6 ოქტომბერსა არის გადაღებული. ის აშშ-ს საელჩოსთან ტრისტან წითელაშვილის მოქალაქეთა მოძრაობა ჩვენი სამშობლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის იმიტირებულ დაკრძალვას ასახავს.
მითების დერექტორის ინფორმაციით, მის დეკოლტე 2018 Pos TV-ისა და მის წამყვან ნინო ადამაშვილთან არის დაკავშირებული და შალვა რამიშვილის გადაცემებიდან ამონარიდების გარდა ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებსაც ავრცელებს.
სააკაშვილის "დანაშაული"
როგორც მითების დეტექტორი წერს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ბრალდება სააკაშვილის წინააღმდეგ 28 000 თურქისთვის მოქალაქეობის მინიჭებაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, ინფორმაცია 2021-2020 წლებში პერიოდულად ვრცელდებოდა, თუმცა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დეზინფორმაციამ კამპანიური ხასიათი შეიძინა.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გამართვამდე ექსპრეზიდენტის ბრალეულობის შესახებ მტკიცებებს, დისკრედიტაციის მიზნით, მისი სასაზღვრო ჯარში მსახურობის დროს გადაღებული ფოტო ერთვოდა.ერთი და იმავე ფოტოს და ინფორმაციას არაერთი ყალბი ექაუნთი და ფეისბუქმომხმარებელი ავრცელებდა.
"იდენტური პოსტი 13 ოქტომბერის ფეისბუკ მომხმარებლების Ele Na-სა ანასტასია დოლაბერიძე-ის პირად ანგარიშზებზეც გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ანასტასია დოლაბერიძეს სამუშაო ადგილად საქართველოს მთავრობა, წარსულში კი ქართული ოცნება — წყალტუბო აქვს მითითებული", — აცხადებენ მითების დეტექტორში.
იგივე ინფორმაცია სხვა ფოტოთი გადაზიაარდა არაერთ ჰყალბ ანგარიშსა და ჯგუფში.
კომენტარები