ფოტორეპორტაჟი განახლებული ვაკის პარკიდან — რა მოსწონთ და რა არა
ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა და თბილისის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა. მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელში განახლებული პარკით უკმაყოფილება გამოთქვა. განსაკუთრებული კრიტიკა ბეტონის საფარის ზრდას მოჰყვა.
ვაკის პარკი ისტორიული ძეგლია. მისი რეკონსტრუქცია 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. თუმცა, ამ სივრცით სარგებლობა მოსახლეობას უკვე შეუძლია.
რიტა ტერელაძეს ვაკის პარკში ბავშვი რეაბილიტაციამდეც დაჰყავდა. მიღებული შედეგით კმაყოფილი არ არის და ამბობს, რომ ამის გამო ტერიტორიის ერთი წლით ჩაკეტვა არ ღირდა.
"რა არის სხვაობა? წითელი წიდა ეყარა, ისევ ის წითელი წიდა აიღეს, დაფქვეს და დაყარეს. რომ გაწვიმდება, ატალახდება ყველაფერი. 2 სასრიალოა და იმდენად არაკომფორტულია, თავს ურტყამენ ბავშვები", — გვითხრა მან.
რეაბილიტირებული პარკი მოსწონს გიორგი ხმალაძეს, თუმცა ამბობს, რომ ქვიშაში სიარულს მწვანე მინდორი ურჩევნია.
"მომწონს, მაგრამ წითელ წიდას მინდორი მირჩევნია. თან წვიმაშიც არ იქნება კომფორტული დიდად", — ამბობს ის.
გიორგის მსგავსად, წითელ წიდაზე სიარული არ მოსწონს ნინო ფეტელავასაც.
"ეს წითელი წიდა დიდად არ მომწონს, დანარჩენი კი", — გვითხრა მან.
თუმცა პარკში შევხვდით მოქალაქეებს, რომლებიც ასე არ ფიქრობენ.
"კარგია, მთავარია რომ მცენარეები დაირგო. ახალი, კარგი ჯიშის ხეები", — გვითხრა თემურ ჩიქავამ.
პარკს ყველა ასაკის დამსვენებელი სტუმრობს. ჩვენი ადგილზე ყოფნის დროს, დილის საათებში, ძირითადად, ხანდაზმული ადამიანები ისვენებდნენ და მშობლები ბავშვებს ატრაქციონებით ართობდნენ.
პარკში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან კასკადისა და ცენტრალური შადრევნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც განახლებული პარკის კრიტიკა დაიწყო, ნატა ფერაძეა. პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელი უხეშ შეცდომებსა და ბიუჯეტიდან თანხის არასწორ ხარჯვაზე საუბრობს.
"მაგალითად, სადაც იყო მსუნთქავი ზედაპირი, ერთ ადგილას დაასხეს ბეტონი და დააგეს ლინონიუმს რომ ჰგავს, ის მასალა. ზევით საერთოდ ქვაფენილია. ძველ ვაკის პარკში ხრეში და მსუნთქავი ზედაპირი იყო", — ამბობს ფერაძე On.ge-სთან.
მისი აზრით, შესაძლებელი იყო, რომ ბილიკები გაყოფილიყო.
"ჩვენთან არ არის ველოსიპედების ის ტრეფიკი, რომ იქ ეტლიანმა ვერ გაიაროს. ცალკე არის ველოსიპედების ტრასა, ცალკე კიდევ გვერდზე ეტლიანების და მოკლედ, უმეტესობა ფართობი დაბეტონდა, რაც არის სრულიად დაუშვებელი ყველა პარამეტრით — როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ასევე, გლობალური დათბობის წინაშე. მოსახლეობის მოთხოვნაც არ არის ეს დაბეტონებული პარკები", — აღნიშნავს აქტივისტი.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს მკვლევარი ერეკლე ურუშაძეც. მისი თქმით, თანამედროვე და გონიერი მიდგომაა, რომ პარკებში რაც შეიძლება ნაკლები იყოს მყარი საფარი, რომელიც წყალს არ ატარებს და ზაფხულში განსაკუთრებით ხურდება. გამოდის, რომ ვაკის პარკის იმ ხეივნებში, სადაც ორივე ტიპის ბილიკია, სიგანის დაახლოებით 4 მეტრი წყალგაუმტარი ბეტონის ზედაპირს უჭირავს, რაც, ურუშაძის აზრით, ძალიან ბევრია.
"მერიის განმარტებით, უფრო ვიწრო (მუქი წითელი) ბეტონ-რეზინის ბილიკი გათვლილია შშმ პირებზე და ბავშვის ეტლებზე. ცხადია, მისი გამოყენება, ასევე, შეუძლია ნებისმიერ სხვა მსურველს. ეს ბილიკები არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და მგონი არც არავინ ეწინააღმდეგება მათ არსებობას. სხვა საკითხია ველობილიკები. კარგია, რომ მერიამ ბოლო პერიოდში ქალაქში ველობილიკების ქსელის შექმნა დაიწყო, მაგრამ ერთია ველობილიკი ქუჩებში (სადაც ველოსიპედით გადაადგილება მოტორიზებული ტრანსპორტის ალტერნატივაა) და მეორე — ველობილიკი პარკში, სადაც ველოსიპედით გადაადგილება ვარჯიშის ან უბრალოდ განტვირთვის ფორმაა", — ამბობს ის.
გარდა ამისა, ის მიუთითებს რამდენიმე ისეთი ადგილის ჩაბეტონებაზე, სადაც არც ეტლებისთვის და არც ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ბილიკი არ გადის. მისი თქმით, არავითარი რაციონალური მიზეზი არ არსებობს, რატომ იყო საჭირო მსუნთქავი და წყალგამტარი ზედაპირის მოპირკეთებული ზედაპირით შეცვლა.
"ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ვაკის პარკს, მისი თავდაპირველი სახით, ერთგვაროვანი იერსახე ჰქონდა, ამ უკანასკნელი ჩარევის შემდეგ პარკი აჭრელებულია ოთხი სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ბილიკებით, რაც ვიზუალურადაც ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს", — ამბობს ერეკლე ურუშაძე.
გარდა ამისა, ურუშაძე ამბობს, რომ საჭიროზე მეტია ახალი ლამპიონების რაოდენობა და ამასთან, მათი თეთრი განათება პარკისთვის შეუფერებელია.
"ზოგადად, არ არის არც საჭირო და არც კარგი, რომ პარკი ღამე გმირთა მოედანივით "გაჩახჩახებული" იყოს, — მიაჩნია მას.
თბილისის მერია ადგილზე დამონტაჟებული ლურჯი განათებების გამოც გააკრიტიკეს. ქართული ოცნების სიმბოლური ფერი ლურჯია.
სპეციალისტები საუბრობენ დადებით მხარეებზეც. მაგალითად, ახალი ხეების დარგვაზე. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაირგო სხვადასხვა სახეობის 12 088 ძირი ბუჩქი და 1 342 ძირი ხე.
უწყებაში ამბობენ, რომ დამატებით იგეგმება 7 435 ძირი მწვანე ნარგავის დარგვა და 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის ჰიდრო თესვის პრინციპით დათესვა.
ვარკის პარკის რეკონსტრუქცია გრძელდება, თუმცა აღსანიშნია, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულებაზე არჩევნებამდე 3 დღით ადრე განაცხადა.
"ვინაიდან, ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკის დაარსებიდან არასდროს გაკეთებულა და მეამაყება, როგორც ამ ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ჩვეულებრივ რიგით ადამიანს", — თქვა კალაძემ.
მეორე ეტაპი, კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, პარკის განახლებაზე 17 მლნ 600 ათასი ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით, 3 მლნ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.
კომენტარები