საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიულ პროცესში მუშაობა ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება.

"მათ დაინახეს ბევრი კარგი გაუმჯობესება. დამკვირვებლებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ბევრ სისუსტეს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. აუცილებელია, ამ სისუსტეებს მიექცეს ყურადღება და ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს. არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიულ პროცესში მუშაობა ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა", — განაცხადა ქნირშმა [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი].

ამასთან, გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე იყო დარღვევისა და ზეწოლის მაგალითებიც, რაც, როგორც ჩანს, "არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოში არსებული კულტურის ნაწილია".

"როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, სისუსტეები მოიცავს ძლიერ პოლარიზაციას, შეუსაბამო მეტყველებას, რომელიც არ შეესაბამება კარგ, დემოკრატიულ სულისკვეთებას. ნახსენები იყო ზოგიერთი მაგალითიც. ასევე, არის რესურსების დისბალანსი საარჩევნო კამპანიის ბრძოლაში. საარჩევნო დღე იყო კარგად ადმინისტრირებული, როგორც აღნიშნეს დამკვირვებლებმა. იყო ინციდენტები დარღვევებზე, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლაზე. როგორც ჩანს, ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოში არსებული კულტურის ნაწილი. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება დაძლეული. მე ვხედავ გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით", — თქვა მან.

ქნირშმა მეორე ტურებში არჩეულ მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა, "რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში".

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მუნიციპალიტეტთან იმუშაოს აქტიურად და ნდობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად", — ამბობს ის.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობითმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე.

მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენდა უბნების გარეთ მობილიზებული პირები და დამკვირვებლები, რომლებიც პარტიული მხარდამჭერების როლში მოქმედებდნენ.

ეუთო/ოდირის შეფასებით, ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. ამასთან, მათი განცხადებით, მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინასე ვაიდერმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დელეგაციის დაკვირვებით, ადგილი ჰქონდა ძალადობას, ძალაუფლების არასათანადო გამოყენებას და დაშინებას ძირითადად ოპოზიციის მისამართით.

გაიგე მეტი:

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: