რთული, მაგრამ შედეგიანი შრომა — აგრონომი გოგოს ამბავი
"მძიმე შრომას და ტალახს არასდროს ვერიდებოდი. თუ ამის გეშინია, აგრონომი ვერ გახდები", — ამბობს მერი ბექაური, 24 წლის გოგო რუსთავიდან, რომელმაც პირველი სამსახური 3 წლის წინ ევროკავშირისა და FAO-ის ახალგაზრდა აგრონომთა პროგრამაში სტაჟიორობით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, იგი FAO-ის აგრონომი გახდა, დღეისთვის კი საქართველოს ოთხ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უკვე 26 ფერმერული მეურნეობა აქვს მოწყობილი, სადაც 100-მდე ფერმერს ბოსტნეულის, ხილის, სალათის ფოთლებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაში ეხმარება.
ქართველ ახალგაზრდებში აგრონომის პროფესია დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. სფეროს პროფესიონალები, ძირითადად, უკვე ხანდაზმულ ასაკს მიღწეულები არიან.
"როდესაც აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფაკულტეტზე მხოლოდ რვა სტუდენტი ვიყავით", — ამბობს მერი და იქვე აღნიშნავს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, სწავლა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა, მეგობრებიც და ოჯახის წევრებიც გააოცა.
"ბევრი პროფესიისგან განსხვავებით, აგრონომიაში შედეგის ძალიან სწრაფად დანახვაა შესაძლებელი — ეს ძალიან სასიამოვნოა", — ამბობს მერი, — "ფერმერს ვურჩევთ და ვასწავლით თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს, შემდეგ სეზონზე კი ვხედავთ, რომ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი მოსავალი მიიღო. ამით ხვდები, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინე, შრომა დაგიფასდა და უკვე შენი ჩარევის გარეშეც გააგრძელებს ფერმერი უკეთესი შედეგის მიღებას".
მერი ბექაური ერთ-ერთი იყო იმ აგრონომი სტუდენტებიდან, ვინც ევროკავშირისა და FAO-ის სტაჟირების პროგრამაში უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჩაერთო. როგორც ის ამბობს, უნივერსიტეტმა სტუდენტებს ღირებული თეორიული ცოდნა მისცა, თუმცა, პრაქტიკული გამოცდილება — არასაკმარისი.
"სტაჟირების პროგრამაში ჩართვისთანავე, საცხოვრებლად გადავედი სოფელში, სადაც რამდენიმე თვე სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე მუშაობაში გავატარე. ბევრი რამ ვისწავლე ფერმერებისგან, ამავდროულად, მათ ჩემი ცოდნაც გავუზიარე", — ამბობს ის.
როგორც FAO-ის გუნდის წევრს, მერი ბექაურს დაევალა ქართველი ფერმერებისთვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მიდგომები გაეცნო: მულჩირება, ბაზოების ფორმირება; კონსერვაციული, გარემოს დამზოგავი სასოფლო-სამეურნეო მეთოდები: წვეთოვანი სარწყავი სისტემა — რაც სიახლეა. ინოვაციების პრაქტიკაში დანერგვა კი, ხშირად, ქართველი ფერმერისთვის დიდი გამოწვევაა.
"ყოველთვის რთულია, ფერმერების ნდობა მოიპოვო, გააცნო თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქიდან ჩასული ახალგაზრდა ხარ. სოფლის მეურნეობის ტრადიციები სოფლად ხომ თაობებიდან თაობას გადაეცემა, ტრადიციების შეცვლა კი ძალიან რთულია. 'რა შეუძლია გვასწავლოს ამ პატარა გოგომ?' — ასეთი რეაქცია იშვიათი არ იყო იმ ფერმერების მხრიდან, რომლებთანაც ვმუშაობდი", — იხსენებს მერი.
მისი თქმით, ფერმერთა ნდობის მოსაპოვებლად, მთავარი თავდაუზოგავი შრომა იყო. როდესაც ფერმერებმა დაინახეს, რომ იგი მიწაზე მუშაობას და სარწყავი სისტემების მოწყობის პროცესში უშუალო ჩართულობასაც არ ერიდებოდა, თანდათან მისდამი პატივისცემა და ნდობა გაუღრმავდათ.
"გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ, თავდაპირველად, მერის ეჭვის თვალით ვუყურებდით. მაგრამ, რაც დრო გადიოდა და ვხედავდი ჩემი მეურნეობის უკეთესობისკენ გარდაქმნას, მის მიმართ ნდობა გამიჩნდა. 2021 წელს ჩემი პომიდვრის წარმოება გაორმაგდა და ამ შედეგს ვერასოდეს მივაღწევდი მერის დახმარების გარეშე", — ამბობს ნინო კაკიჩაშვილი, ფერმერი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან.
მერის თქმით, ქალი-აგრონომობა კიდევ დამატებითი გამოწვევაა: სოფლებში აგრონომების უმეტესობა კაცია და ფერმერებისთვის ქალი სპეციალისტი უცხოა. თუმცა, რადგან დღეს საკუთარ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას უფრო მეტი ქალი იწყებს, მერის გაუადვილდა საერთო ენის გამონახვა, როგორც ქალ, ისე კაც ფერმერებთან.
"სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველო კვლავ განიცდის პროფესიონალების დეფიციტს. გვჭირდება მეტი ახალგაზრდა აგრონომი, რათა ფერმერებისთვის უზრუნველვყოთ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა. გვჭირდება მეტი ქალი ამ სფეროში", — აცხადებს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ის პროგრამის კოორდინატორი, — "მართალია, დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში უფრო მეტი ქალია ჩართული, ვიდრე ადრე, მაგრამ მათ, კაც ფერმერებთან შედარებით, ინფორმაციაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც FAO-ის აგრონომთა სტაჟირების პროგრამა დავიწყეთ".
მერი ბექაურის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, FAO-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო ტრენინგებს უფრო მეტი ქალი ესწრება.
"ქალებს ყოველთვის უზარმაზარი წვლილი შეჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. ისინი ისეთივე მძიმე სამუშაოს ეწევიან, როგორც კაცები. თუმცა, დღეს, სოფლად მცხოვრები ქალები იწყებენ საკუთარ წარმოებას და საჭიროებენ ექსპერტებისა და სპეციალისტების რჩევებს, რისი უზრუნველყოფაც აგრონომებს შეუძლიათ".
ახალგაზრდა აგრონომი ასევე აღნიშნავს, რომ იზრდება ახალგაზრდების ინტერესი სფეროს მიმართ. "2019 წელს, როდესაც მე უნივერსიტეტი დავამთავრე, აგრონომიის ფაკულტეტზე ოთხჯერ მეტჯერ მეტმა სტუდენტმა ჩააბარა. ვიმედოვნებ, რომ პროცესი ასე გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა კაცი და ქალი გააცნობიერებს, თუ რამდენად გამოსადეგი შეიძლება იყოს ეს პროფესია", — ამბობს მერი.
ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ ახალგაზრდა ქართველი აგრონომების სტაჟირების პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა. ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება მიზნად ისახავს, ქართველ ფერმერებს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში ხელი შეუწყოს.
2013 წლიდან ევროკავშირი, ENPARD-ის პროგრამის საშუალებით, მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას, 234,5 მილიონი ევროს საერთო ბიუჯეტით. ENPARD-ის მთავარი მიზანი სოფლად სიღარიბის შემცირებაა.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია FAO და, შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
კომენტარები