საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს განცხადებით, პოლიციის მიერ დილიდან სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი საჯარო პარკინგის ადგილების ამკრძალავი ლენტებით შემოსაზღვრა ცდება მათი ვალდებულებების ფარგლებს. მათივე თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული რესურსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოიყენება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხელი შეუწყოს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, თუმცა საპატრულო პოლიციის მიერ დილიდან განხორციელებული ღონისძიებები ცდება ამ ვალდებულების ფარგლებს და ატარებს ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების ხასიათს", — წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია დასძენს, რომ შსს-ს აქამდე მსგავსი მასშტაბის არაგონივრული შემზღუდველი ზომები არცერთი პარტიის მხარდაჭერების შეკრების დროს არ მიუღია.

"აღნიშნული ტიპის ქმედებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს გამყოფი ხაზი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მმართველ პარტიას შორის, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში არსებულ უარყოფით პრაქტიკად განიხილება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თბილისში ქართული ოცნების ორგანიზებით აქცია იმართება. აქციაზე მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ.

აქციის გამო რამდენიმე ქუჩაზე შეზღუდულია მოძრაობა. გარდა ამისა, დილიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში საპარკინგე ადგილები პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული და პარკირება აკრძალულია.